შოუბიზნესი

რატომ გადაიშლება დათო ოქიტაშვილის ცხოვრებაში ახალი ფურცელი და რა გეგმები აქვთ მასა და ია ნინიძეს

№8

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 03.03

დათო ოქიტაშვილი
დაკოპირებულია

როცა დათო ოქიტაშვილმა „კულტურის არხის“ გახსნა დააანონსა, საზოგადოებაში ამ სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც თავად ამბობს, ეს იდეა დიდი ხანია, ჰქონდა და ბედნიერია, რომ სისრულეში მოიყვანა. მისივე თქმით, „კულტურის არხი“ საინტერესო გადაცემებით, წამყვანებითა და სტუმრებით სულ მალე, ჯერ „იუთუბ არხზე“ და შემდეგ სატელევიზიო სივრცეში, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი არხი გახდება.

– საიდან გაჩნდა იდეა, გაგეკეთებინათ „კულტურული არხი“ და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ახალი არხის ტელესივრცეში გამოჩენა?

– დიდი ხანია, ამ სფეროში ვტრიალებ და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ არ იყო არხი, რომელზეც გავიდოდა გადაცემები კულტურაზე, რითიც ჩვენი ქვეყანა ასე მდიდარია. ბევრი ფიქრის შემდგომ, ჩემს მეგობართან, საბა ხვიჩიასთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად გადავწყვიტეთ ამ არხის შექმნა. ჯერჯერობით ეს არის საცდელი არხი, რომელიც ჯერ „იუთუბზე“ გავა, შემდგომ კი სატელევიზიო სივრცეშიც იხილავთ. და ახლა, როცა „კულტურის არხი“ დავაანონსე, დიდი აჟიოტაჟი და ინტერსესი გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობთ, რადგან შეეხო ქართულ კულტურას, ძალიან რთულია, ადვილი საქმე არ არის. ჩვენ, ქართველებმა, თუ რამით შეგვიძლია, ვიამაყოთ, ესაა ის კულტურა და წარსული, რაც გვაქვს. მინდა, ამ კულტურას მოვეფერო, გავუფრთხილდე და ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანმა და იმ ახალგაზრდამ, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროში მუშაობას, იცოდნენ, ვის გზას აგრძელებენ. ამ არხს შემეცნებითი ხასიათიც ექნება და ჩვენი მიზანია, ახალმა თაობამ კარგად გაიცნოს და გაიგოს, ვინ იყო სესილია თაყაიშვილი, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე, სოფიკო ჭიაურელი, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინო რამიშვილი და ასე შემდეგ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ამ არხის მიზანიც ზუსტად ესაა, ის კორიფე ადამიანები გავიხსენოთ და სხვა კუთხით დავანახვოთ საზოგადოებას. ბევრთან მქონია შეხება და ვამბობ: სულ რომ არაფერი გავაკეთო, სოფიკო ჭიაურელთან, მედეა ჩახავასთან, ლეილა აბაშიძესთან და ასე შემდეგ, მეგობრობაც მეყოფა-მეთქი. წარმოიდგინეთ, ასეთ ლეგენდა ადამიანებთან ოჯახური ურთიერთობები, მეგობრობა მაკავშირებდა. არ დამავიწყდება, ქალბატონი მედეა ჩახავა როგორ მასწავლიდა თევზის მარინადში ჩადებას, სოფიკო ჭიაურელთან ერთად ბაზარში დავდიოდი და მასწავლიდა, რა იყო პირველი ანტრიკოტი. აი, ასეთი უშუალო ურთიერთობები მაკავშირებდა ამ ადამიანებთან, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს ცოცხლები აღარ არიან და მე მათთან გატარებული ყოველი წუთით ბედნიერი ვარ. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ კი აუცილებლად უნდა იცოდეს მათ შესახებ, როგორი ნიჭიერები, ლამაზები, პროფესიონალები და იმავდროულად, უშუალოები იყვნენ. სამწუხაროდ, დღეს ისინი ცოცხლები არ რიან, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ იმ ურთიერთობებს. სხვათა შორის, სოფიკო ჭიაურელი სულ მეუბნებოდა: დათო, როდესაც თავში რაღაც აგივარდება და იფიქრებ, რომ ვარსკვლავი ხარ, ჩათვალე, რომ იქვე დაამთავრებ შენს მოღვაწეობას, ნუ ბრაზდები, როცა ვინმე შენზე ცუდს იტყვის ან შეგაგინებს, ესე იგი, შენ საინტერესო ადამიანი ხარო და ეს სიტყვები ხშირად მახსენედება. ასევე, მეუბნებოდა: როცა აღარაფერს დაწერენ და არც იტყვიან შენზე, ესე იგი, არასწორად ცხოვრობ. რამეზე რომ გავბრაზდები, სულ სოფიკოს ეს სიტყვები მახსენდება. ნამდვილად არ გამომივლია მარტივი გზა, იყო პრობლემები, წარუმატებლობები, გულის ტკენები, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ ყველაზე დიდი თანამდებობა ადამიანისთვის ადამიანობაა და ადამიანობისთვის მე ყოველთვის მცალია.

– სამწუხაროდ, ის უშუალო, ლაღი და მეგობრული ურთიერთობები აღარ არსებობს. თუმცა, ჰაერივით გვჭირდება და ვფიქრობ, კულტურის არხის გადაცემებით ახალი თაობა ზუსტად იმ ურთიერთობების საჭიროებას აღიქვამს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია.

– გეთანხმებით, ის ურთიერთობები, უშაუალო, ლაღი და თბილი, სამწუხაროდ, დაიკარგა, აღარ არსებობს. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, რომ ეს ურთიერთობები წამოვწიოთ წინ და მის მნიშვნელობაზე გავაკეთოთ აქცენტი. აქვე ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ მე და ია ნინიძე წავიყვანთ, ერთ-ერთ გადაცემას და გვეყოლება საინტერესო სტუმრები, საინტერესო ადამიანები. შესაძლოა, ახალ თაობას ფილმში ნანახი ჰყავს ჩვენი გენიალური მსახიობები, მომღერლები თუ მოცეკვავეები, მაგრამ მათი ადამიანური მხარე, ანუ იმ ნიჭიერების მიღმა როგორები იყვნენ, ეს ხომ არ იციან? ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი საინტერესო გადაცემებით, სწორედ, ამ კუთხით წარმოვაჩინოთ. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო გადაცემები გელოდებათ. ჩვენი მიზანია, მოვეფეროთ ახალგაზრდებს და სწორედ ასეთი გადაცემები გვექნება. ასე რომ, პირველი მარტიდან, ფაქტობრივად, ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება და მიხარია, რომ ეს გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩაუჯდება ჩვენს გადაცემებს და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებენ. მთავარია, ეს ტელევიზია არ იქნება მხარე, ჩვენი სტუდია ყველასთვის იქნება ღია.

– ქალბატონი ია ნინიძე ბოლო პერიოდში ერიდებოდა ინტერვიუს მიცემას, ტელევიზიით გამოსვლას და ზოგადად, ფართო საზოგადოებაში აქტიურად გამოჩენას. როგორ შეძელით მისი დათანხმება, დამჯდარიყო კამერების წინ, მოერგო წამყვანის ამპლუა და ტელევიზიით კვლავ გამოჩენილიყო?

– ია ჩემი მეგობარია და რომ გავანდე ჩემი გეგმები, დაფიქრდა, მოეწონა და სიამოვნებით დამთანხმდა. ია ბავშვობიდან კულტურის სფეროში ტრიალებს, მას ჰქონდა შეხება ვერიკო ანჯაფარიძესთან, მიხეილ ჭიაურელთან, სოფიკო ჭიაურელთან, გიორგი შენგელაიასთან, პრაქტიკულად, ამ ოჯახში გაიზარდა და ამათ გარდა, უამრავ მსახიობთან და რეჟისორთან აკავშირებს გენიალური ისტორიები, რომელიც არავინ იცის და ია ამ ამბებს გაიხსენებს და მოგვიყვება. ვფიქრობ, ის, რაც ჩვენს არხზე გაჟღერდება, არა მარტო ახალი თაობისა და სტუდენტებისთვის იქნება საინტერესო, რომლებიც საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს წერენ, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. შეიძლება, ჩვენი ახალი თაობა რაღაც-რაღაცებში შეცდომას უშვებს, მაგრამ ეს ის თაობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხიდლეთ და მე მათ ვუფრთხილდები. ასევე, მე და იას გვინდა, გავხსნათ ია ნინიძის სახელობის სტუდია, სადაც ბავშვებს ია ასწავლის ხელოვნებას და გაუზიარებს თავის გამოცდილებას. წინ დიდი გეგმები გვაქვს და მიხარია, რომ ჯერ არშექმნილმა არხმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა