შოუბიზნესი

რატომ გადადო ანნა ბირთველიშვილმა პირადი ცხოვრება გვერდზე და რის გამო ეძახდნენ მას აუღებელ ციხესიმაგრეს

№51

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 27.12, 2022 წელი

ანნა ბირთველიშვილი
დაკოპირებულია

მოცეკვავე ანნა ბირთველიშვილი მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მიმდინარე სეზონიდან გაიცნო. ცეკვასთან ერთად, მას საკმაოდ ბევრი ინტერესი და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს, რომლის შესახებაც თავად მოგვიყვება.

ანნა ბირთველიშვილი: „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთგვარი პრესტიჟია. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა, როგორ გავართმევდი თავს ამ გამოწვევას და ამიტომ, როდესაც ტელეკომპანია „იმედისგან“ შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი. აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ეკრანი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას თან დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს და ცოტას ვნერვიულობდი კიდეც.

- იტალიელ მეწყვილეს როგორ შეეწყვე?

- ჩემი მეწყვილე „ტიკ-ტოკ“ ვარსკვლავია და ცეკვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, ამიტომ რთული აღმოჩნდა მისთვის ეს სიახლე. თუმცა ძალიან მონდომებული იყო, მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი კარგად გაეკეთებინა და ამისთვის ყოველდღე საათობით ვვარჯიშობდით.

- ენის ბარიერი საქმეს არ ართულებდა?

- კი, ეს დიდი პრობლემა იყო. თავიდან მეგონა, რომ ინგლისური ესმოდა, მაგრამ პირველი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ არ ესმოდა, უბრალოდ, ერიდებოდა და არ უთქვამს. ამიტომ, დავიწყე ელემენტარული იტალიურის სწავლა, რომ ცეკვისთვის საჭირო ტერმინოლოგია მაინც მცოდნოდა. ხელში სულ ტელეფონი მეჭირა და ვცდილობდი, იტალიურად მეთარგმნა რისი თქმაც მინდოდა. ეს მარტივი არ იყო, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან პოზიტიური, თავმდაბალი და აბსოლუტურად უპრეტენზიო მეწყვილე მყავდა. არც დასვენებას ითხოვდა, არც დაღლილობის გამო დაიწუწუნებდა, დღეში რომ ერთხელ ეჭამა, ამასაც კი არ გააპროტესტებდა და ძალიან ბევრს შრომობდა.

- უკვე ცნობილი გოგო ხარ, როგორ გრძნობ ამას ყოველდღიურად?

- რაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დავტოვე, ცეკვებში საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადები. დარბაზიდან ვერ გამოვდივარ და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მცნობენ თუ არა (იცინის). ცეკვების დასრულების მეორე დღესვე დავიწყე ინტენსიურად ვარჯიში ტურნირისთვის. მართლა 24/7 -ზე დარბაზში ვარ. თუმცა, უნივერსიტეტში ვსწავლობ და იქ კი, ბევრი მეუბნება, რომ პროექტში მგულშემატკივრობდა და თბილ სიტყვებს არ იშურებენ. სხვაგან ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება ჯერ არ მაქვს (იცინის).

- რა ასაკიდან ცეკვავ და მშობლების ინიციატივით გახდი მოცეკვავე თუ საკუთარი სურვილით?

- დედას მოსწონდა ძალიან სამეჯლისო ცეკვები. 6-7 წლის ვიყავი, როდესაც „თელაში“ დავიწყე ცეკვის სწავლა ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეებთან. ახლა 21 წლის ვარ. 14 წელია „თელას“ მოცეკვავე ვარ. აქტიურად ვმონაწილეობ ტურნირებში საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ. ახლა, როგორც გითხარით, საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადები სრული დატვირთვით.

- როგორი გოგოა ანნა, რა ინტერესები გაქვს, რას ამბობენ შენზე ახლობლები?

- ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ და ყველა, ვინც მიცნობს, ალბათ იტყვის, რომ ძალიან შრომისმოყვარე და აქტიური ვარ. ვცეკვავ, ვსწავლობ, ვარ მოდელი და ყველაფერს ერთად ვასწრებ. ღამეში 2-3 საათი მძინავს და მერე, დღის განმავლობაში, სადმე ადგილს და თავისუფალ დროს ვიპოვი, ყველგან ვიძინებ. ეს არის ჩემი პრობლემა (იცინის). ყველამ იცის, რომ სულ მეძინება და სულ დაღლილი ვარ, თუმცა, მსიამოვნებს იმ ყველაფრის კეთება, რითაც ვარ დაკავებული. ვვარჯიშობ, სააგენტოდან ქასთინგებზეც დავდივარ, უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე ვარ, ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ამასაც ვერ დავტოვებ უყურადღებოდ.

- მოდელი როგორ გახდი?

- დიდი ხანი არ არის, რაც ეს ნაბიჯი გადავდგი. შემოთავაზებებს ხშირად ვიღებდი, მაგრამ რატომღაც სერიოზულად არ აღვიქვამდი. ვფიქრობდი, რომ ცეკვასთან და სწავლასთან ერთად, ამის დროს ვერ გამოვნახავდი. თან, ეს მოცეკვავე და ეკონომისტი ქალი, მოდელობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი (იცინის). შემდეგ ია კიწმარიშვილის სააგენტოდან დამიკავშირდნენ და გასაუბრება მთხოვეს. დავთანხმდი და მოახერხეს ჩემი დარწმუნება. ჯერ ერთ ჩვენებაზე მოვასწარი გამოსვლა, ფოტოსესიები მქონდა, შემოთავაზებები მივიღე. ბოლოს დუბაის ერთ-ერთი ცნობილი მაღაზიის გარეკანისთვის გადამიღეს. სასიამოვნო, მაგრამ ძალიან დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. მანამდე ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ფოტოების გადაღებით შეიძლებოდა დაღლა (იცინის).

- ძლიერი გოგო ხარ, არა?

- კი, ძლიერი და გამტანი. რასაც ვიტყვი, ყველაფერს ვაკეთებ. რაც მინდა, ყველაფერი გამომდის. თუმცა ჩემთვის პირველ ადგილას ცეკვაა. პატარა რომ ვიყავი, მაშინაც, კვირაში რამდენჯერმე კი არ მივდიოდი ცეკვაზე, სულ სტუდიაში ვიყავი. ცუდად რომ ვყოფილვარ, მაშინაც კი არ მითქვამს უარი ვარჯიშზე. პირიქით, ჩემები მეხვეწებოდნენ: არ წახვიდე დღეს ცეკვაზე, დაისვენეო, მაგრამ გამორიცხული იყო, მეთქვა, არ შემიძლია და არ წავალ-მეთქი. თუმცა არასდროს მისარგებლია იმით, რომ ცეკვას ეკავა დიდი ადგილი ჩემს ცხოვრებაში, სწავლითაც კარგად ვსწავლობდი. ახლაც, ორშაბათს ცეკვების ლაივში გამოვდიოდი და სამშაბათს შუალედური გამოცდა მქონდა უნივერსიტეტში.

- ცნობადობასთან ერთად თაყვანისმცემლების რაოდენობაც გაიზრდებოდა, მაგრამ მჯერა, რომ არც მანამდე განიცდიდი მათ ნაკლებობას. როგორ გამოხატავენ შენ მიმართ ყურადღებას?

- პატარაობიდანვე ძალიან უკარება ვიყავი, ახლოს არავის ვუშვებდი. ახლაც ვცდილობ, ყველასთან დისტანცია დავიჭირო. არ მაქვს დრო მსგავსი ურთიერთობებისთვის. მართლა ისეთი ტემპით ვცხოვრობ, რომ დრო სხვა არაფრისთვის მრჩება, გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრე. ფლირტიც არავისთან მქონია და ტელეფონითაც კი არავისთან გამიბამს ურთიერთობა (იცინის). ვერ მოვიტყუები, რომ არავის მოვწონებივარ, ბევრს, სიყვარულიც აუხსნიათ, მაგრამ უარი მითქვამს, სკოლის პერიოდიდანვე ყველასთან დისტანციას ვიჭერდი. მაქსიმუმ, დავმეგობრებულიყავი ბიჭთან, რომელსაც მოვწონდი, მეტის შანსი არ მიმიცია. სიმართლე რომ ვთქვა, როცა ვხვდები, რომ ვიღაცას მოვწონვარ, ახლაც ასე ვიქცევი - დისტანცია და მეგობრობა.

- არასდროს მოგწონებია თვითონაც?

- ახლა არის ერთი ადამიანი, ვის მიმართაც რაღაც გრძნობა მაქვს, ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა.

- გამოდის, კარიერის გამო პირადი ცხოვრება აუკრძალე საკუთარ თავს?

- მგონი კი, ცოტა გვერდზე გადავდე (იცინის). ამჯერად ვცდილობ, ამ ადამიანს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო. არ ვიცი მას რამდენად მოსწონს ჩემი დროის უკმარისობა, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ, ამ მხრივ კარგი გოგო ვიყო (იცინის).

- შენი ასეთი ხასიათი სამეგობროში სახუმარო თემა არ არის?

- სკოლაში ჩემი გვარიდან გამომდინარე ბირთვისის აუღებელ ციხესიმაგრეს მეძადნენ, ვერასდროს ვერავინ მეკარებოდა (იცინის). თუ გავიგებდი, რომ ვიღაცას მოვწონდი, ისე ძალიან მრცხვენოდა, ვერ წარმოიდგენთ (იცინის).

- ცეკვის, ტექნიკური საგნებისა და ახლა უკვე მოდელობის გარდა, კიდევ სხვა ინტერესიც გაქვს ან გქონია?

- ძიუდოთი ვიყავი დაკავებული ცეკვის პარალელურად. თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ უნდა მეცეკვა და 11-12 წლის ასაკში ჭიდაობას თავი დავანებე. მანამდე ქალთა ნაკრებში ვჭიდაობდი და ოლიმპიადისთვისაც კი ვემზადებოდი (იცინის).

- ეს ძალიან შორს არის ნაზი და სიფრიფანა გოგოსგან, როგორიც ცეკვის დროს ჩანხარ...

- ყველა შოკშია, როცა იგებენ, რომ ვჭიდაობდი. ამიტომაც ვიყავი ბირთვისის აუღებელი ციხესიმაგრე (იცინის). ხშირად მიწევდა ბიჭებთან ჩხუბი. ახლა კი მრცხვენია, იმ ბიჭებს რომ ვხედავ, ვინც ნაცემი მყავს. მაგრამ მახსოვს, როცა ბიჭები სერიოზულად არ აღმიქვამდნენ და ამბობდნენ, ამან რა უნდა გვიქნასო, ძალიან ვბრაზდებოდი და ჩხუბს ვიწყებდი. ქალთა ნაკრებში ვჭიდაობდი და როგორი მოსასმენი იქნებოდა ეს ჩემთვის (იცინის). ჩემი კლასელი ბიჭები იქნებოდნენ თუ სკოლელი, მოვიდოდნენ და წამეჭიდავებოდნენ ვითომ, ამან რა წინააღმდეგობა უნდა გაგვიწიოსო და მეც დავაგდებდი დაბლა (იცინის).

ახლა, სულ რომ ვცეკვავ, მუდმივად ცეკვის სურვილი მაქვს და მაშინ, რომ ვჭიდაობდი, სულ მინდოდა, ვინმესთან მეჩხუბა (იცინის). ვინმე თუ დაიწყებდა, ავყვებოდი, არ იყო პრობლემა. ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით პატარაა და მას თუ რამეს ეტყოდნენ უფროსი ბიჭები ეზოში, ყველას ვცემდი. არ ვამეტებ, ბიჭი რომ ბიჭს დაუნდობლად სცემს, მეც ისე ვიქცეოდი. მაქსიმალურად ვიჩენდი თავს ამ კუთხით (იცინის). თავდაპირველად, ჩემი ძმა შეიყვანეს ძიუდოზე და რომ დავინახე, რაც იყო, მეც მოვინდომე. მერე ის გამოიყვანეს და მე დავრჩი.

- როდის გამოხვედი ამ ასაკიდან, ასეთ ანნას როგორ დაემშვიდობე?

- 11-12 წლის ვიყავი და საკითხი ასე იდგა - ეს გოგო ან ჭიდაობს ან ცეკვავს, ორივე ერთად შეუძლებელიაო. ბოლოს ძიუდოდან გამომიყვანეს. თუმცა, ცეკვის შემდეგ, ყველაზე მეტად დღემდე ეს სპორტი მომწონს და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩვენების ასპარეზობას. გამხდარი, სწრაფი და სხარტი გოგო ვიყავი და ძიუდოზეც ძალიან მოვწონდი მწვრთნელებს, მაგრამ სულ ეს სიტყვები მესმოდა: რა უნდა აქ, ლამაზია, წავიდეს ბალეტი იცეკვოს ან მოდელი გახდესო, იცინოდნენ ხოლმე. ახლაც მაქვს ურთიერთობა იმ გოგონებთან, ძალიან მაგრები არიან, ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები. ერთ ჯგუფში ვიყავით და ყველას ვიცნობ. მე მოცეკვავის პროფესია ავირჩიე, თუმცა აქტიური და მებრძოლი ხასიათი ბავშვობიდან დღემდე მომყვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა