რატომ გააცნობიერა ანი ტყებუჩავამ გვიან, რომ ქალია და როდის დაიწყო მან საკუთარი თავის განებივრება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.11, 2022 წელი
ახლახან მსახიობი ანი ტყებუჩავა „დილა ფორმულაზეს“ გუნდის წევრი გახდა. ყოველ ოთხშაბათს რუბრიკაში – „რამდენიმე წუთი სილამაზისთვის“ – ანი მაყურებელს აძლევს რჩევებს, რომლებიც თავის მოვლისა და სილამაზის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ანი ტყებუჩავა: ცოტა დრო დამჭირდა ამ სიახლისთვის მოსამზადებლად. არ მიყვარს, როცა იმაზე ვლაპარაკობ, რაც არ ვიცი. მე მაქვს ჩემი რუტინა თავის მოსავლელად – ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მძიმე მაკიაჟის გამოყენება და ძალიანაც რომ გეზარებოდეს, გამორიცხულია მისი მოშორების გარეშე დაიძინო, ან მერე კანის სიჯანსაღეზე არ იზრუნო, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გარკვეული გამოცდილება და ცოდნა მქონდა, მაგრამ როდესაც რუბრიკა მიგყავს ამ თემაზე, ეს უფრო მეტს მოითხოვს და ვეცადე, მეტი გამეგო. ამ პროცესშიც ვსწავლობ, იმედია, ნელ-ნელა უფრო დავიხვეწები. იმის იმედიც მაქვს, რომ ეს მხოლოდ ინფორმაციად არ დარჩება და ვინმესთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდება. ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის მაყურებლისგან, ბევრ კითხვას მისვამენ და ძალიან მიხარია, ალბათ, ნდობა აქვთ და ეს ძალიან მაბედნიერებს.
– სერიალის და ნინას შემდეგ ამ ამპლუაში როგორ მიგიღოთ მაყურებელმა?
– მართლა ძალიან დიდი გამართლებაა ადამიანების ასეთი თბილი დამოკიდებულება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ცხოვრებაში. მეუბნებიან, იმდენად მოგვენატრე ეკრანზე, რომ გვიხარია, ახლა რომ ამ ამპლუაში გხედავთო. კარგ რამესთან ვასოცირდები და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თავიდან, სოციალურ ქსელში სიახლე რომ დავაანონსე, ყველა მეკითხებოდა, სერიალი ხომ არ იწყებაო? თქვი, რომ ასეაო (იცინის). როცა გაიგეს, რეალურად რაში იყო საქმე, ესეც ძალიან გაუხარდათ, თუმცა, სერიალსაც აქტიურად ითხოვენ. სერიალთან დაკავშირებით კი ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახალ წლამდე ასე იქნება და მერე ვნახოთ.
– სილამაზის შესანარჩუნებლად და თავის მოსავლელად სახლურ – „ბებიების მეთოდებს“ თუ იყენებთ?
– ძალიან ვიკავებ თავს მსგავსი რამეებისგან. მიცდია და თავის დროზე შვრიის ფაფის ნიღაბიც გამიკეთებია და თაფლისაც, მაგრამ მგონია, უფრო სწორი კოსმეტოლოგის რჩევების გათვალისწინებაა. ჩვენი ბებიები სხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ, ბალახეულში ჩვენზე უკეთ ერკვეოდნენ და რასაც ისინი მოიხმარდნენ, მართლა ნატურალური იყო. მე რომ ახლა, სიტყვაზე, კიტრის ნიღაბი გავიკეთო, შეიძლება, ნატურალური სულაც არ იყოს, გენმოდიფიცირებული პროდუქციით ვართ სავსე და რა გასაკვირია. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯობს, ის პროდუქცია გამოიყენო, რომელიც ქარხნულად, შესაბამის პირობებში დაამზადეს. ვფიქრობ, რომ ასე უფრო დაცულები ვართ. თუმცა, გამონაკლისებიცაა. თაფლზე თუ ალერგია არ გაქვს, შეიძლება, წაისვა სახეზე. მე მაინც არ ვარ მომხრე და როგორც ვთქვი, სულ მხოლოდ ორჯერ, ერთხელ „ჰერკულესის“ და მეორედ თაფლის ნიღაბი ვცადე და ერთ ცდით შედეგზეც ვერ ვისაუბრებ.
– ეკრანს მიღმა, ქალების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, სახლიდან გაუპრანჭავი რომ არ გადის თუ ბუნებრიობის მომხრე ხართ?
– სადმე რომ მივდივარ, გასაპრანჭ ადგილას, მაშინაც კი მინიმალურ მაკიაჟს ვიყენებ (იცინის). არ მიყვარს, როცა სახეზე ბევრი რამ მისვია. ძალიან იშვიათად, თავს უფლება მივცე, ამ მხრივ დავიტვირთო. არც კანზე მსიამოვნებს. უკვე დიდი ხანია, ტონალურს არ ვიყენებ, ბბ ან სს კრემით შემოვიფარგლები, თვალზე ტუშს წავისვამ, თმას დავივარცხნი და ეგ არის. ჩვეულებრივად, დიასახლისურად (იცინის). ბევრჯერ მინანია, მიფიქრია, ნეტავ უფრო მოწესრიგებული გამოვსულიყავი სახლიდან-მეთქი, თუნდაც, იქვე, მაღაზიაში ან ბავშვების გასასეირნებლად, მაგრამ დიდად პრანჭია არ ვარ.
– რა არის ის ჩვევები, რასაც ცდილობთ, არ უღალატოთ?
– წყალი საკმარისი ოდენობით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ლიტრი მოვიყუდოთ და მთლიანად დავლიოთ. დღის განმავლობაში ნელ-ნელა უნდა მივიღოთ საჭირო რაოდენობით და ამას უკვე დიდი ხანია, ვაკეთებ. თუმცა, ისეც ხდება, როცა წყლის არსებობა საერთოდ მავიწყდება, მგონია, რომ ესეც ბუნებრივია. მეორე – არასდროს ვიძინებ მაკიაჟით და მესამე – არასდროს ვიყენებ სახის მოვლის საშუალებებს, რომელიც არ ვიცი, რისთვისაა, როგორი ზემოქმედებისაა და ასე შემდეგ.
– რამდენად „არაპრანჭიაც“ უნდა იყოს ქალი, ალბათ, მაინც დგება მომენტი, როცა თავის განებივრება უნდება. რას აკეთებთ ამ დროს?
– როგორც ქალმა, საკუთარი თავის განებივრება საკმაოდ გვიან დავიწყე და საერთოდ, გვიან მივხვდი, რომ ქალი ვარ (იცინის). ცოტა რომ აღარ მოგწონს საკუთარი კანი და ხვდები, რომ უკვე აღარ გპატიობს ძალიან ბევრ მუშაობას, ღამეების თენებას და ასე შემდეგ, თან მე ძილი თუ დამაკლდა, ძალიან უუნარო ვხდები, ცუდად ვგრძნობ თავს, მერე გიწევს დაფიქრება და რაღაც ღონისძიებების გატარება (იცინის). კოსმეტოლოგთან ძალიან იშვიათად დავდიოდი, მაგრამ ამ მხრივ, ცოტა შევცვალე მიდგომები. აი, ახლაც ჩემს კოსმეტოლოგთან მივდივარ, მინდა, პილინგი და სახის მასაჟი გავიკეთო და ძალიან მიხარია. პირველად გაზაფხულზე ვაიძულე თავი, პილინგის კურსი და მასაჟები ჩამეტარებინა. ისეთი კარგი შედეგი მქონდა, ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომელბმაც იციან, რომ ბოტოქსი არასდროს გამიკეთებია, მეკითხებოდნენ, რა ხდება, ბოტოქსის კეთება დაიწყეო? (იცინის) ძალიან მომეწონა შედეგი და გადავწყვიტე, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე გავიკეთო. არ გეგონოთ, სხვა საქართველოდან ვლაპარაკობდე, უბრალოდ, ჩემი ბავშვები გაიზარდნენ და გამომიჩნდა ამის საშუალება და დრო. ახლა სერიალიც რომ გაჩერებულია და გრაფიკის მხრივაც, საგიჟეთი არ მაქვს, გადავწყვიტე, გავაკეთო ის, რაც ყოველთვის მინდოდა, იქნება ეს მასაჟი, ცურვა თუ რამის სწავლა. ცხოვრებაში თუ რამე გამოვტოვე, მინდა, ახლა ავინაზღაურო. რაღაც მიმართულებით ვსწავლობ კიდეც. ემოციური ინტელექტით დავინტერესდი. ფსიქოლოგებთან გავდივარ კონსულტაციებს და ვნახოთ, რა გამოვა. არის ხოლმე შემოთავაზება, სხვებს გავუზიარო საკუთარი პროფესიული გამოცდილება და სულ მერიდება, ამას ლექციების სახე მივცე. არ ვიცი, ვეძებ საინტერესო და მნიშვნელოვან ფორმას და ვნახოთ, რა გამოვა. ჯერ მეც ჩამოყალიბების პროცესში ვარ. გარდა ამისა, ჯანმრთელობას მივხედე. დროის თვალსაზრისით, ესეც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და აქამდე არ მქონდა ამის საშუალება. ორივე ორსულობა ცხრავე თვე ჩვეულებრივად ვმუშაობდი, ამიტომ ჩემს ხერხემალს რაღაცები გაუჭირდა და დახმარება სჭირდებოდა, რისთვისაც ახლა მოვიცალე. ასე რომ, ახლა ჯანმრთელობაზეც ვზრუნავ და სილამაზეზეც (იცინის).
– ძალიან გვინ მივხვდი, რომ გოგო ვარო. რატომ ან რაში გამოიხატებოდა ეს?
– არ ვიცი. ალბათ, ისევ იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვმუშაობ და ეგოისტური პროფესია მაქვს, დიდ დროს მოითხოვს, ამასთან ერთად, კიდევ სალონში მანიკურის გასაკეთებლად დავჯდე, ამის ფუფუნებას ვერ ვაძლევდი თავს, სულ დანაშაულის გრძნობა მქონდა. მიჭირდა და ახლაც მიჭირს, მაგრამ ახლა, რადგან დრო შედარებით გამომითავისუფლდა, უფრო გავთამამდი (იცინის).
– გახსოვთ, პირველად როდის გაიპრანჭეთ სერიოზულად? როგორც წესი, ეს მომენტი ბანკეტთან ასოცირდება ხოლმე, ასე იყო თქვენს შემთხვევაშიც?
– ვაიმე, საერთოდ არა! (იცინის) არც მე გავპრანჭულვარ ბანკეტისთვის და არც ჩემი კლასელები, ყველა ავაბუნტე (იცინის). საერთოდ არ მინდოდა გაურკვეველი შიფონის კაბების ჩაცმა, თან, ჩემს დროს, საშინელი მოდა იყო (იცინის). თან ვიცოდი, რომ იმ კაბას ცხოვრებაში მეორედ აღარ გავეკარებოდი და ძალიან არაგონივრულად მივიჩნევდი ამაში დროისა და თანხის დახარჯვას. ჩვენი ბანკეტი იყო ბოტასებით ორდღიანი ლაშქრობა ბუნებაში.
– მერე, ხომ დგება ასაკი, როცა სხვანაირად იწყებ გაპრანჭვას, თუნდაც საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დროს. აი, მომავალ მეუღლეს რომ ხვდებოდით, მაშინ როგორ იყო ეს მომენტები?
– კი, ლევანთან პაემნების დროს ნამდვილად მინდოდა, განსაკუთრებულ ფორმაში ვყოფილიყავი, უფრო ქალური, მომხიბლელი და სექსუალური. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა (იცინის). მაგრამ, საერთოდ, ჩემი ქმრისგან ან ბიჭი მეგობრებისგან გამიგია, რომ სულაც არ მოსწონთ ზედმეტი მაკიაჟი. ლევანს ძალიან მოსწონს, როდესაც სახეზე არაფერი მისვია. თუ მისვია, სულ მეხვეწება, დაიბანე, შენს კანს არ სჭირდება არაფერი, როგორიც ხარ, ისეთი ხარ ლამაზი და ინდივიდუალურიო. სატელევიზიო მაკიაჟი რომ მიკეთია, სულ მეუბნება, რომ სხვანაირი ვარ. მეც არ მომწონს, სულ ვთხოვ, რომ რაც შეიძლება, ნაკლები მაკიაჟი გამიკეთონ. მგონია, რომ ასაკს მმატებს და სასაცილოდ გამოვიყურები. თუმცა, პანდემიის მერე, ძალიან მინდოდა, ქუსლებით, ძალიან კლასიკურ ფორმაში ჩაცმულს მევლო (იცინის). ალბათ, ყელში ამომივიდა, სულ ჰუდები, პრაქტიკული ტანსაცმელი და მენატრებოდა ქუსლების კაკუნით, მაღალწელიანი შარვლებითა და ლამაზი ქამრებით სიარული. ამიტომ, პანდემიის შემდეგ ამ თვალსაზრისითაც ბევრი რამ შეიცვალა. მივხვდი, რომ სანამ ახალგაზრდა ვარ, ამის ნერვები და რესურსი მაქვს, უნდა ვაიძულო ჩემი თავი. რამდენჯერმე მართლა ვაიძულე თავი, რაღაც პროცედურები გამეკეთებინა და ისეთი კარგი შედეგი მოიტანა, დანაშაულის გრძნობა მომეხსნა და მივხვდი, რომ აუცილებელიცაა. აბა, მაშინ როდის უნდა ვიგრძნოთ ქალად თავი?! გასაგებია, დედაც ვართ, დიასახლისიც, ეს არავის დაუძალებია, ჩვენი არჩევანია, კერძებსაც ჩემი არჩევნით და სიამოვნებით ვაკეთებ ოჯახისთვის, ასევე სიამოვნებით, დიასახლისიც ვარ და დამლაგებელიც, მაგრამ ქალს სჭირდება, რომ იყოს ქალი, თუნდაც 15-წუთიანი რუტინის დროს, რომელსაც საკუთარ ვიზუალზე ზრუნვაში ატარებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან