რატომ ეშინია საკუთარი ინტუიციის ვერკა ჯაჯანიძეს და რა ფიქრების გაჟღერებას უკრძალავს ის თავის თავს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 04.06

ვინ არის ვერკა ჯაჯანიძე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებებია მასში დომინანტური – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვერკა ჯაჯანიძე: 12 მაისს დავიბადე, შესაბამისად, ზოდიაქოთი კურო ვარ. ვიტყოდი, რომ ასტროლოგიაზე დამოკიდებული არ ვარ, მაგრამ გარკვეულწილად მისი მჯერა. მყავს მეგობრები, ვინც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ასტროლოგიურ პროგნოზებს. ჩემს შემთხვევაში ამან არ გაამართლა და ამიტომ დიდად არ ვინტერესდები ყოველდღიური თუ კვირეული პროგნოზებით, თუმცა, ზოგადად, ხასიათის თვისებებში დამთხვევებს ვხედავ.
– კუროები ძალიან სტუმართმოყვარე ნიშნებად მიიჩნევიან. ასეთი ხარ?
– ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სახლში ძალიან იშვიათად ვარ, მაგრამ როცა ვარ, სტუმრის მიღება მართლა ძალიან მიყვარს და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე. ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, არ არის საჭირო ასე განიცდიდე სტუმრის მოსვლასო. მე მინდა, განსაკუთრებული პატივი ვცე მას, თან გადაყოლა ვიცი. ეს მე თვითონ მსიამოვნებს. ხშირად მენატრება ასეთი სიტუაციები და როცა დრო მაქვს, ინიციატორიც ხშირად ვარ – ვეპატიჟები ხოლმე სტუმრებს, რადგან მათი გამასპინძლებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს პროცესი ძალიან მომწონს, მაგრამ მერე სულ განვიცდი, ხომ ყველაფერი კარგად გავაკეთე, რამე ხომ არ დავაკელი-მეთქი (იცინის).
– კუროები, ასევე, გამოირჩევიან გამძლეობის უნარით.
– ვაიმე, ზუსტად ასეა. იშვიათად, რამე ჩემი სურვილით გავაკეთო. შემიძლია, ყველანაირ სტრესს, დაღლილობასა და რეჟიმს გავუძლო. იმ დონეზე ვუძლებ, რომ არავის ვაგრძნობინებ. შეიძლება, სახეზე შემატყო გადაღლილობა, მაგრამ ამის გამო საქმეში ხელს არ შევიშლი. სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებია, სულ ასე ვარ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ხანდახან გამიფიქრებია: ხომ შეიძლება, ადამიანი კომფორტის ზონიდან არ გამოვიდეს, მე – არა. ჩემთვის მთავარია, გავაკეთო ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა, სხვა იყოს კმაყოფილი და ამისთვის შეიძლება, ჩემს თავს უკანასკნელი ენერგია წავართვა. ისეთი პროფესია მაქვს, რომელიც უფლებას არ გაძლევს იწუწუნო, ცუდად გახდე და არაფერი გააკეთო. ვამბობ ხოლმე, ტრაქტორივით ვმუშაობ-მეთქი. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის კარგი. ეს განა არ ვიცი, მაგრამ მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ამიტომ მირჩევნია, „თავი დავიჩაგრო“ და ძალიან გადავიწვა. თუმცა, არავის ვაგრძნობინებ, თუ გადავიღლე და ძალიან მიჭირს.
– კურო ძალიან წინდახედულია...
– კი, ასეა. ჩემთან ადვილად არაფერი მოდის, ყველაფერი – მხოლოდ შრომის ხარჯზე. ასე იყო ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. არ გადავდგამ ნაბიჯს, თუ მასში პერსპექტივას არ ვხედავ. სარისკო ექსპერიმენტზე არ წავალ, ყველაფერს წინასწარ გავთვლი და მერე ვიწყებ. არ მახსენდება, რომ რამე არასწორი გამეკეთებინოს. როცა რამეს ვამბობ, ვიცი, რომ მართალი ვარ, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვიცი, რომ თუ რამეს ვიტყვი, გავაკეთებ კიდეც. შევძლებ, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანო. იმის იქით რამის გარისკვა არ შემიძლია. ვიცი, რომ ყიდვითაც არაფერს ვიყიდი ზედმეტს, რაც დამჭირდება იმას – კი, ბატონო. არც გადაჭარბებულ მოლოდინებს ვქმნი, ანუ, ისეთ რამეზე არასდროს ვიტყვი, გავაკეთებ-მეთქი, რაც ჩემს ძალებს აღემატება.
– კურო ძალიან მზრუნველ ნიშნად მიიჩნევა.
– მზრუნველი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს დროს ყველაზე ვერ ვანაწილებ (იცინის). ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს, რვა წლის შვილი და მეუღლე. ბოლო პერიოდში ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, ჩვენთვის არასდროს გცალიაო. ჩემი შვილიც სულ მსაყვედურობს: დედა, სახლში არასდროს ხარო. მე უფრო დღის საათებში ვარ სახლში, როცა ის სწავლობს და საღამოს ვმუშაობ – ასეთია ჩემი პროფესია. უყურადღებო მართლა არ ვარ, მაგრამ ოჯახი მსაყვედურობს და გული მწყდება ძალიან. ეს ძალიან ცუდი მოსასმენია და ამას ძალიან განვიცდი. თუმცა ბევრს უთქვამს, როგორ ახერხებ ამდენი ყურადღების გამოჩენასო. და საკუთარი თავისთვის არასდროს მცალია. სულ ვცდილობ, გამოვასწორო მდგომარეობა, დრო სწორად გადავანაწილო, მაგრამ რთულია.
– კუროები ძალიან ჯიუტები არიან.
– მე ვფიქრობ, რომ ჯიუტი არ ვარ, მაგრამ ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ვარ (იცინის). ვერ ვხვდები, რაში გამოიხატება ეს, ამიტომ სულ ვეწინააღმდეგები. მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო, სხვის აზრსაც ვითვალისწინებ. ჩემს აზრს შეიძლება, მხოლოდ პროფესიაში დავეყრდნო, ეს არ არის სიჯიუტე.
– მომთხოვნებიც არიან...
– მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს ვთხოვ, გამორჩეულები და იდეალურები იყვნენ. სხვა მოთხოვნები არ მაქვს. არც ოჯახში ვარ მომთხოვნი. თუ რამე მინდა, თვითონ გავუკეთებ საკუთარ თავს, სხვას არაფერს მოვთხოვ. საქმეში სხვაა, პროფესიაში მომთხოვნი ვარ.
– კურო საკმაოდ მატერიალისტ ნიშნად მიიჩნევა...
– მატერიალური მხარე ჩემთვის მნიშვნელოვანია. დღეს, სამწუხაროდ, ვერაფერს გააკეთებ, თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ გიწყობს. თუმცა, ჩემი მიდგომა ასეთია: „საბანი სადამდეც გადაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო“.
რაც არსებობისთვის არის საჭირო, რა თქმა უნდა, მინდა. ელემენტარული კომფორტის შექმნა მნიშვნელოვანია, ზედმეტი არასდროს მომინდომებია. ვიცი ჩემი შესაძლებლობა და საკუთარი თავის გაკონტროლებაც შემიძლია. საერთოდ კი, მნიშვნელოვანია მატერიალური მხარე დალაგებული გქონდეს, რომ მშვიდად იცხოვრო და აკეთო შენი საქმე. ამას, რა თქმა უნდა, ვაქცევ ყურადღებას.
– ერთდროულად არის შრომისმოყვარეც და ზარმაციც.
– ზარმაცი არ ვარ და ვერც ვერასდროს ვიქნები. ვინმემ ეს რომ მითხრას, შეიძლება, ვცემო (იცინის). თუ ამას დავარქმევთ სიზარმაცეს, შესაძლოა, რაღაცის გაკეთება არ მინდოდეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, დავაძალებ საკუთარ თავს, დისკომფორტს შევუქმნი და გასაკეთებელი რაც არის, მაინც შევასრულებ. მე არ შემიძლია, საქმე არ ვაკეთო. რომც ვთქვა, ზარმაცი ვარ-მეთქი, ალბათ, ვინც მიცნობს, ყველა შემეწინააღმდეგება, რადგან ძალიან ხშირად მეუბნებიან, ამდენი როგორ შეგიძლია, მე იმავეს ვერ შევძლებდიო.
– კუროებს კარგი ინტუიცია აქვთ.
– სასწაული ინტუიცია მაქვს. ბავშვებსაც ვეუბნები ხოლმე, ასე მოხდება-მეთქი, თვითონაც გაკვირვებული რჩებიან, ისეთი სიზუსტით ხდება ჩემი სიტყვები. რამეს რომ გავიფიქრებ, მეორე წამში ზუსტად ხდება. ზოგჯერ ისე მეშინია, ის არ მოხდეს, რაც ვთქვი ან გავიფიქრე, რომ ძალიან დაძაბული ვარ. მაგალითად, კონკურსია და ვამბობ, რომ ესა და ეს ბავშვი მოიგებს, თან ამ დროს თავდაჯერებული ვარ და მართლა ასე ხდება. ოჯახშიც ხშირია მსგავსი შემთხვევები. ძალიან ვარ დამოკიდებული ინტუიციაზე და ვგრძნობ, რომ ბევრი მენდობა. ხედავენ, რომ სწორი ხედვა მაქვს და გული სწორად მკარნახობს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სამწუხაროდ, ცუდი ფიქრებიც ამსრულებია და ამიტომ ჩემს თავს ვუკრძალავ არასასიამოვნო ფიქრებს და მით უმეტეს, მათ ხმამაღლა გამოთქმას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან