შოუბიზნესი

რატომ დასჭირდა თათა ჯაშს ცხოვრების თავიდან დაწყება და ვინ დაუწუნა მას ფეხები

№13

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 06.04, 2022 წელი

თათა ჯაში
დაკოპირებულია

მოცეკვავე თათა ჯაში, გარდა იმისა, რომ ბალეტით არის დაკავებული და საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ულამაზესი ფოტოებითა და სახალისო ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.

თათა ჯაში: პანდემიის პერიოდში, როგორც ყველა, ჩვენც გაჩერებულები ვიყავით და შესვენება თითქმის წელიწად-ნახევარი გამოგვივიდა, რაც საბალეტო დასისთვის ძალიან დიდი დროა. გარკვეულ მომენტებში ღია ცის ქვეშ ვახერხებდით სპექტაკლების გამართვას, მაგრამ სისტემატური სახე ვერც ამან მიიღო. ამიტომ, მთელი ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ვყოფილვარ. დღესაც ძალიან სტრესული მდგომარეობაა – ამჯერად უკვე ომის გამო, რისი ხილვაც ძალიან მძიმეა. თუმცა ამას ჯერჯერობით ჩვენს საქმიანობაზე, პრაქტიკული თვალსაზრისით, გავლენა არ ჰქონია. ომის პირველ კვირას, როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო საერთოდ რამეზე კონცენტრირება, მაგრამ ახლა უკვე ვცდილობთ, რეალობას შევეგუოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. დაგეგმილი სპექტაკლები იდგმება და ვაგრძელებთ გასტროლებსაც. სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედით ომანიდან, სადაც სამი სპექტაკლი გვქონდა.

– ის, რომ ბალერინობასთან ერთად, კარგი მზარეულიც ხართ, სატელევიზიო პროექტიდან შევიტყვეთ. სოციალური ქსელიდან კი გავიგე, რომ კარგი მსროლელიც ყოფილხართ.

– ძალიან დიდი ხანია, სროლა ჩემი ჰობია, ძალიან ვარ გატაცებული. ამ დროს ემოციურად ვიცლები, ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ტირში მივდივარ და ვცდილობ, ამით დაგროვებული ემოციებისა და ნეგატივისგან გავთავისუფლდე.

– სულაც არ ხართ ისეთი ნაზი და სიფრიფანა, როგორიც ბალერინები წარმოგვიდგენია ხოლმე, არა?

– ზოგადად, ბალერინას ყოველთვის სუსტ და სიფრიფანა არსებად აღიქვამენ. რეალურად ეს ასე არ არის. ჩვენ იმხელა დატვირთვა გვაქვს, იმდენს ვშრომობთ, შეუძლებელია, ფიზიკურად სუსტები და უმწეოები ვიყოთ. სროლას რაც შეეხება, ჩემი სურვილი იყო, კიდევ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი და სპორტის ამ სახეობის გარდა, ბრძოლის სხვადასხვა სახეობებზეც დავდიოდი. მინდოდა, ყველაფერში გათვითცნობიერებული ვყოფილიყავი. ბალერინობა ამაში ხელს საერთოდ არ მიშლის. სხვათა შორის, მიზანში ძალიან კარგად ვურტყამ. თუმცა, ამას რომ ვამბობ ხოლმე, ყველას ძალიან უკვირს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სროლა ბავშვობიდან მიტაცებდა და ინტერესი დავიკმაყოფილე.

– ამასობაში კიდევ ერთი პროფესია შეითავსეთ – ვგულისხმობ „ინფლუენსერობას“. სოციალურ ქსელებში პანდემიის დროს გააქტიურდით?

– პანდემიამდე ცოტა ადრე ჯერ სატელევიზიო პროექტში მივიღე მონაწილეობა და ნელ-ნელა გამომწერებიც დამიგროვდა. შემდეგ, გადავწყვიტე, მეაქტიურა და მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიმეწოდებინა. გადაწყვეტილი არ მქონია, „ინფლუენსერი“ გავმხდარიყავი, მაგრამ ყველაფერი თავისთავად მოხდა. პანდემიაში ბევრად მეტი დრო მრჩებოდა, რამაც ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

– სოციალურ ქსელებს უარყოფითი მხარეც აქვს – ძალიან დიდი და ხშირ შემთხვევაში, დაუნდობელი კრიტიკა. ერთი რამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა, მახინჯი ფეხები გაქვსო, გწერდნენ. რა დაუწუნეს ფეხებს?

– ბევრი მინი სკანდალი მქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გემოვნების ამბავია, პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი აღნაგობით, ფეხის თითებიც კი მაკმაყოფილებს (იცინის). შეიძლება, ვიღაცას ზედმეტად ნავარჯიშები სხეული არ მოსწონდეს, სხვას – სიმაღლე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ამიტომ მსგავს კომენტარებს სერიოზულად არ ვიღებ და არც მაღიზიანებს. კიდევ ერთი სკანდალი მახსენდება: ერთი ვიდეო დავდე, რომელშიც ვცეკვავ და ცეკვის პროცესში ყურძენს ვიღებ ფეხით. ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. შავი დღე გამომატარეს (იცინის). ჩათვალეს, რომ ცეკვისმიერი მოპყრობა ვაზთან შეურაცხმყოფელი იყო. მე ასე ვერ აღვიქვამ. ჩემი სხეულის ენა არის ცეკვა, ეს ჩემთვის ხელოვნებაა და ესეც ხელოვნების გამომხატველი ერთ-ერთი ჟესტი იყო. ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას – არა. აქტიურობას ყოველთვის ახლავს აზრთა სხვადასხვაობა. ხშირად ცდილობენ, გამოგიწვიონ, ისეთი რამ დაგიწერონ, რაც „აგაგდებს“, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. თან, ვერც ვიტყვი, რომ ჩემი მისამართით ნეგატივისა და ბოღმის დიდი ნაკადი მოდის. ძირითადად, სულ პოზიტივია და ამიტომაც ვაქტიურობ, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე ჩემთვის დიდი შემოსავლის წყაროა.

– ცოტა ხნის წინ, ოჯახური ურთიერთობა დასრულდა, რა ხდება პირად ცხოვრებაში მას შემდეგ?

– კი, თითქმის ორი წელია, ცოტა მეტიც, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მაგრამ მას შემდეგ პირად ცხოვრებაზე აღარ ვსაუბრობ, დადუმებული ვარ. მყავს შვილი, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრი და ბედნიერებაა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

– რატომ უნდა დადუმდე, როცა საქმე სიყვარულს ეხება?

– გადავწყვიტე, რომ ამ კუთხით აქტიურობა არც მაშინ ღირდა და არც ახლა ღირს. იქნება თუ არა სიახლე, ამას ჩემთვის შევინახავ. მაშინ, შეიძლება ითქვას, ზედმეტად საჯარო იყო ყველაფერი და გარკვეული როლი ამანაც ითამაშა. ძალიან ბევრი მეკითხებოდა, რა ხდებაო, რაც ცოტა დამღლელი და დამთრგუნველი იყო. ამან უარყოფითად იმოქმედა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ არ ღირს პირადი ცხოვრების ამ დონეზე აფიშირება.

– ზოგადად, როგორია ამ გამოცდილებით სიყვარულისადმი განწყობა? ვგულისხმობ დანგრეულ ურთიერთობას...

– მე ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ სიყვარული მეწვია. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემი შვილი სიყვარულით გაჩნდა. ის ჩემი სიყვარულის ნაყოფია და ამიტომ, ერთი წუთითაც ვერ ვინანებ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვერ იქნები იმით, რომ რაღაც იყო და აღარ არის. მაგრამ მე მაკმაყოფილებს ის, რომ ეს ყველაფერი იყო. ვფიქრობ, სავსებით საკმარისია, რომ ცხოვრებაში ერთხელ სიყვარული განვიცადე. მომავალში რა მოხდება, ვინ იცის. თავიდან, როცა განშორება ახალი ეტაპია, ყველაფერი ძალიან მტკივნეულია და შეიძლება, ახალ ურთიერთობაზე აღარც იფიქრო, მაგრამ ახლა – რატომაც არა. ცხოვრება მშვენიერია და სიყვარული თუ მეწვევა, მასზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. თუმცა, ამჯერად ცოტა უფრო გონიერ გადაწყვეტილებას მივიღებ.

– დღევანდელი გამოცდილებით, როგორი უნდა იყოს მამაკაცი?

– კონკრეტული კრიტერიუმები არც არასდროს მქონია და ახლაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ მაქვს. შეიძლება, სოციალურ ქსელში რაღაც ვიხუმრო ამ თუ სხვა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რეალურად რაღაც კონკრეტული თვისება არის ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

– თაყვანისმცემლების შესახებ ვიკითხავ – ვინ როგორ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას?

– თაყვანისმცემლები ადრეც იყვნენ, ახლაც არიან და იმედია, სულ იქნებიან (იცინის). ალბათ, ყველა გოგონასთვის სასიამოვნო ფაქტია, როცა შენ მიმართ ყურადღებას გამოხატავენ: თაიგულებით, საჩუქრებით, სიურპრიზებით... ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ყველაფრის მიმართ გულგრილი ვარ. ვაღიარებ, ძალიან მსიამოვნებს, ამას ვერ დავმალავ (იცინის). ძალიან აქტიურობენ, თუმცა, ვცდილობ, უცხო ადამიანებთან კომუნიკაციაში ზედმეტად არ შევიდე. თაიგულს სპექტაკლის შემდეგაც ძალიან ხშირად ვიღებ და ეს ხელოვანისთვის არის უფრო სასიამოვნო, ვიდრე ჩემთვის, როგორც ქალისთვის. სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ კომპლიმენტებს და სულ ვცდილობ, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც დრო დამითმო, მაგრამ მერე თუ თავს ვარიდებ კომუნიკაციის გაგრძელებას, მწერენ, როგორი ცუდი გოგო ვყოფილვარ (იცინის).

– ყოველთვის კარგ ფორმაში უნდა იყოთ, ეს პროფესიული ვალდებულებაცაა. როგორ ახერხებთ?

– იმხელა ფიზიკური დატვირთვა გვაქვს, რომ შეიძლება, ითქვას, ჩემი სხეული მუდმივად ტონუსშია. სახის მოვლას რაც შეეხება, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ვცდილობ, ყოველთვის დატენიანებული მქონდეს და პერიოდულად ბიორევიტალიზაცია ან მეზოთერაპიის პროცედურა ჩავიტარო, რაც ვიტამინების კანქვეშ შეყვანას მოითხოვს. პროფესიიდან გამომდინარე, მაკიაჟს ხშირად ვიყენებ, თან, საკმაოდ მძიმეს და ამიტომ ვცდილობ, ყოველდღიურად მხოლოდ ტუშით შემოვიფარგლო. მე ვარ ადამიანი, ვინც მუდმივად აკონტროლებს წონას. შესაბამისად ვაკონტროლებ კვების რეჟიმს. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვამბობ უარს გემრიელობებზე, მაგრამ ალბათ, ესეც საჭიროა (იცინის). ერთადერთი, რასაც ყველას სიამოვნებით ვურჩევდი, კვირის განმავლობაში ერთდღიანი განტვირთვაა, იმ დღეს შეიძლება, მხოლოდ კიტრი ან ვაშლი ვჭამო – ეს ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და წონისთვისაც.

– დაბოლოს – რჩევა საკუთარი გამოცდილებიდან...

– მე ოთხი წელი არ ვცეკვავდი ტრავმის გამო, საერთოდ თავი მქონდა დანებებული. ოთხი წელი ბალეტისთვის კოლოსალურად დიდი დროა და უკან დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა, მთავარი მონდომებაა. მე დავბრუნდი სცენაზე და თან, კარგად. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. არადა, ოთხი წლის შემდეგ აღარც კი ვფიქრობდი ცეკვის გაგრძელებაზე, ვეღარც დავუშვებდი ამას და ამის გამო, წელიწად-ნახევარი ძალიან რთული და დეპრესიული პერიოდი მქონდა. როცა კარიერა აწყობილი გაქვს და უცებ ცარიელი რჩები, ძალიან რთულია. გამიჭირდა ახალი ცხოვრების დაწყება, ახალ პროფესიაზე მორგება. როცა დავლაგდი და თითქოს ბალეტის გარეშე ცხოვრებას ვეგუებოდი, ზუსტად მაშინ გადავწყვიტე, არ დავნებებულიყავი და ჩემი ბავშვობის ოცნების პროფესიას დავბრუნებოდი. დღეს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, ყველას ვურჩიო – არ დანებდეთ და თუ ასე მოიქცევით, მჯერა, რომ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ მიზანს.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნით ფოტოგრაფებს: ირაკლი კიკვიძეს და ნათია სიჭინავას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა