შოუბიზნესი

რატომ დახატა ზალიკო სულაკაურმა აბაზანაში საკუთარი და მეუღლის ინტიმური კარიკატურა და როგორი რეაქცია ჰქონდათ „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს მისი კარიკატურების ხილვისას

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 14.06, 2022 წელი

ზალიკო სულაკაური
დაკოპირებულია

კანის კინოფესტივალი რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ყურადღებით სარგებლობს, ეს ყველამ ვიცით, თუმცა, წელს ამ ფესტივალმა ქართველების ყურადღება კიდევ ერთი მიზეზით მიიპყრო და ეს მხატვარ-კარიკატურისტის, ზალიკო სულაკაურის დამსახურებაა.

ზალიკო სულაკაური: ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის ჩამიხუტებია ჩემი ნახატი. რაც შეეხება კანის ფესტივალს, როგორც იცით, მას „იმედის“ მაყურებლისთვის ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე აშუქებს. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ. წელს, ეს ფესტივალი რომ მოახლოვდა, ერთი აზრი მომივიდა და მარიკას მივწერე, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებთან ინტერვიუს წერ, სელფს იღებ და ასე შემდეგ, იუმორიც შეაშველე საქმეს და ჩემი კარიკატურები აჩუქე-მეთქი. ეს იდეა ძალიან მოეწონა და დაახლოებით, ორ კვირაში ათი ვარსკვლავი დავხატე. აქედან ოთხი აღმოჩნდა კანის ფესტივალზე. ამ ოთხიდან ერთ-ერთი ტომ კრუზი იყო, მაგრამ მასთან ჩემი კარიკატურის ჩახუტება არ გამოვიდა. მარიკამ მითხრა, დაცვამ მარტო ტელეფონი შეგვატანინაო. ასე რომ, კარიკატურა ვერ გადასცა და თურმე, ტომ კრუზს ღამე აღარ სძინავს ნერვიულობისგან (იცინის). თუმცა, ორ დიდ ვარსკვლავს ენ ჰეტევეის და ტილდა სვინტონს გადასცა და ვიდეოში ჩანს, როგორი ბედნიერები არიან ორივე. ენ ჰეტევეის განსაკუთრებულად გაუხარდა. ტვილდა „სვინტონაშვილს“ მენეჯერმა დასცინა, ნახე, როგორ დაგხატაო (იცინის). ჰეტევეის რეაქცია მართლა ძალიან სასიამოვნო იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმომედგინა, ძალიან საყვარელი გოგოა. იმ მესამეს – მარიონ კოტიარსაც გაუხარდებოდა, დაცვას რომ არ შეეშალა ხელი – მკაცრად გაწერილ რეგლამენტს გვიშლითო და არ მისცეს გადაცემის უფლება. საერთოდ, ასეთი დონის ფესტივალზე, ვარსკვლავებს რომ ვიღაცები რაღაცებს ჩუქნიან, მერე ამ ნივთებს, როგორც წესი, დაცვა იღებს და შეიძლება, სულაც აგდებს, ყოველ შემთხვევაში, ნამუშევარი ვარსკვლავის საწოლთან ნამდვილად არ ეკიდება. არასერიოზულად უდგებიან მსგავს რამეებს. ვარსკვლავები აქ რომ ჩამოდიან და საკუთარ კარიკატურას აქ ჩუქნი, პირიქით, სულ სხვა მდგომარეობაა, ძალიანაც უხარიათ. მაგალითად, ჯაზ-ვუმენი ტანია-მარია აქ რომ იყო, ისე გაუხარდა კარიკატურა რომ ვაჩუქე და ისე ჩაიხუტა, ლამის „ვიზასავეთ“ (იცინის). იგივე ბეთ ჰარტი და სხვები, ყველას ძალიან გაუხარდა ეს საჩუქარი, მაგრამ კანის კინოფესტივალზე სხვა რამეზე ფიქრობენ, სხვა დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ, მარიკამ მშვენიერი გამოსავალი იპოვა და შემდეგ კანის ფესტივალებზეც ასე ვაპირებთ გაგრძელებას. მე აუცილებლად დავხატავ სხვა ვარსკვლავებსაც, რომლებიც კანში იქნებიან სტუმრად და მარიკა მათ ჩაახუტებს ჩემს ნახატებს. საქმე ისაა, რომ მარიკამ მათ ამ ნახატებზე ხელის მოწერა სთხოვა და მერე ავტოგრაფებიანად უკან წამოიღო. ასე, რომ ჩემი ნახატები კვლავ მე დამიბრუნდა, თან „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების ავტოგრაფებით. ახლა რომ მოინდომო რომელიმე ვარსკვლავის ავტოგრაფის ყიდვა, იყიდი, მაგრამ ამისთვის რამდენიმე ათასი დოლარი დაგჭირდება. ფასები სხვადასხვაა – გააჩნია ვარსკვლავის ვარსკვლავობას. მაგრამ წარმოიდგინეთ, ვარსკვლავის კარიკატურა და ზედ მისივე ავტოგრაფი...

– მოკლედ, კარგი კაპიტალია სამომავლოდ.

– კი, ძალიან მაგარია. ამ ნახატებს კონიაკის ეფექტი ექნება, რაც დრო გავა, უფრო მეტი ფასი დაედება.

– თქვენი ნახატი აქამდეც ბევრ ვარსკვლავს ხვდა წილად...

– „ჰარი პოტერში“ მასწავლებლის როლის შემსრულებელი, უმაგრესი ბრიტანელი მსახიობი, ალან რიკმანი იყო ჩამოსული თბილისში. გადავწყვიტე, კარიკატურა მეჩუქებინა და მანაც გახარებულმა წაიღო და საწოლის თავთან ჩამოკიდა... (იცინის) არ ვიცი, სად ჩამოკიდა, მაგრამ ხომ გაუხარდა, როგორც ბეთ ჰარტს და ტანია-მარიას? რაც შეეხება ქართველ ვარსკვლავებს, ვინც გინდა, იყოს, ნებისმიერს აქვს ჩემი კარიკატურა. ვინც არიან და ვინც აღარ არიან, აბსოლუტურად ყველას. ისინი უფრო მეტად აფასებენ ამ კარიკატურებს, ვიდრე „ჰოლივუდელი“ ვარსკვლავები, იციან, რამდენად რთულია მისი შესრულება და მე მიხარია, რომ ჩემმა საქმიანობამ მთელ ვარსკვლავების ცვენასთან დამამეგობრა. ბურჭულაძე, ანანიაშვილი, ბერიკაშვილი, ვინც გინდა აიღეთ, ყველასთვის მიჩუქებია. ოტია იოსელიანი ავიღოთ, ჩვენ მეგობრები ვიყავით, ჩემს გამოფენებზე თუ სახლში, ხშირად ვხვდებოდით. დოჩანაშვილი კი მეუბნებოდა, ჩემი პატარა ძმა ხარო. ამას რომ გეტყვის ამხელა გენიოსი, დიდი ბედნიერებაა. აი, ახლაც რომ მახსენდება, ჩემს ჩაკეცილ ფრთებს ვშლი (იცინის). ამხელა ვარსკვლავებს ჩემი ხელოვნებით ოდნავ მაინც თუ გავაღიმებ და გავახარებ, ამით ძალიან ბედნიერი ვხდები.

– ამ ვარსკვლავებს შორის არ არის ისეთი, ვინც იუმორის ნაკლებობის გამო, პირიქით, გაბრაზებულა?

– ეგეთი არ მახსენდება. ქართველებიდან, მით უმეტეს – არა. უცხოელებსაც, მე ვისაც ვაჩუქე, ყველა იღიმის და ბედნიერია. ვაიმე, ხანდახან ისე გავიჯეჯილებ კარიკატურებში, არავის ვინდობ ხოლმე, მაგრამ პირიქით, ესეც მოსწონთ. სრულიად უცნობ ადამიანს კი – ჩემ თვალწინ დაუხევია და გაქცეულა, მაგრამ ვარსკვლავობა თვითირონიასაც მოიცავს. მათ ესმით, რა არის ხელოვნება და პირიქით, რაც მეტად დაჯღანავ, ეს უფრო სახასიათოა.

– საკუთარ აბაზანაშიც გქონიათ გამორჩეული კარიკატურა, თქვენი და მეუღლის ინტიმური ფოტო.

– ეს მაშინ დავხატე, როცა ძალიან იყო მოდაში აბაზანაში სელფების გადაღება. კარზე დავხატე სელფის გადაღების პროცესი. სხვას თუ არ ინდობ, საკუთარი თავი, მით უმეტეს, არ უნდა დაინდო. ჩელენჯი გამოვაცხადე, ყველა სტუმარმა ამ კარიკატურის ფონზე უნდა გადაიღოს ფოტო-მეთქი და გგონია, არ იღებდნენ?! ყველა მაგრად ხალისობს ჩემს იუმორზე.

– უკრაინიდან კადრებს ვუყურებდი სოციალურ ქსელში და კედელზე თქვენი ნახატი ჩანდა. იქ როგორღა აღმოჩნდა.

– სად აღარ არის ჩემი ნახატი. ეტყობა, ვიღაც უკრაინელმა შეიძინა აქ ყოფნისას. იმ ბინაში ერთი სვანი იყო, ერთი ალეკო ელისაშვილი და კიდევ სხვები. ის ნახატი სვანის იყო. სახლში ჩასაფრებულებმა რომ დაინახეს, მაგათ გარდა, ჩემი ნახატის სახით, იქ კიდევ ერთი ქართველი იყო, დარწმუნებული ვარ, ამან სტიმული მისცა. ჩავთვალე, რომ ჩემი ნახატით მეც დავდე ჩემი აგური ამ ბრძოლაში. მე ხომ ფანქრით ვიბრძვი და წუთიერი სტიმული მაინც მივეცი ომში მყოფ ქართველ მებრძოლებს.

– პოლიტიკოსები როგორ ხვდებიან საკუთარ კარიკატურებს?

– ყველა „კაიფობს“. ქართული პოლიტიკიდან, ვინ გინდა, სულო და გულო, რომ დახატული არ მყავდეს. თუმცა მარტო ქართველები – რატომ? ბუში რომ იყო ჩამოსული, მას აჩუქეს ჩემი კარიკატურა. ქართველ პოლიტიკოსებს ყველას პირადად ვიცნობ, გარდა ასლან აბაშიძისა და ბიძინასი. ამას წინათ, თეა წულუკიანს შევხვდი და კარიკატურაც ვაჩუქე, ძალიან გაუხარდა. ბიძინასთვისაც უჩუქებიათ ჩემი დახატული კარიკატურები. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მყავს დახატული და ამას წინათ რომ ვნახე, ღიმილით შემხვდა. სანამ დიდი პოლიტიკოსი გახდებოდა, ჟვანია ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ მე კარიკატურისტი არ ვიყავი, მერე გავხდი და თვითონაც რომ პოლიტიკოსი გახდა, ჩემს კარიკატურებს ჩარჩოებში სვამდა და კედლებზე ჰკიდებდა. მაგარი იუმორი ჰქონდა. ნორმალური პოლიტიკოსი ასეთიც უნდა იყოს. მიშას იმდენი კარიკატურა მაქვს დახატული, იმდენი ლარი რომ მომცე, ერთ კარგ მანქანას ვიყიდი. შევარდნაძეც ბევრჯერ მყავს დახატული, მისი პირადად გაცნობის ბედნიერებაც მქონდა. პოლიტიკოსებიდან მაგაზე მაგარი იუმორი არავის ჰქონია. ერთი ვიცი, რომ ასლან აბაშიძეს არ მოსწონდა კარიკატურები, თუმცა მე ბევრი მაქვს გაკეთებული და ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ ამის გამო განრისხდა. კახა კალაძეს აქვს ძალიან დადებითი დამოკიდებულება კარიკატურებთან. ფეხბურთელობის დროს კარიკატურების შეჯიბრებაც ჩაატარა. ვინც მის საუკეთესო კარიკატურას დახატავდა, საჩუქარს უკეთებდა. უცებ ყველას კალაძის დახატვა მოუნდა. მოდიან და მთხოვენ კალაძე დამიხატეო. გადავირიე, ყველას ერთ დღეს რატომ მოგინდათ კალაძის დახატვა-მეთქი?! თურმე კონკურსია. სხვა ქვეყნებიდანაც მიიღეს ამ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ პირველ სამ საპრიზო ადგილას ჩემი ნახატები გავიდა (იცინის). თუ აცრილი არ არის იუმორზე, ეს ყველას სიამოვნებს და თუ ადამიანს იუმორის გრძნობა არ აქვს, ცხვირიც არ უნდა გამოყოს გარეთ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი