რატომ დაემშვიდობა თეონა ცხომელიძე ჟურნალისტიკას 18-წლიანი მუშაობის შემდეგ და რისი „დამსახურებით“ ექცეოდნენ მას დარბევის დროს სპეცრაზმელები მოწიწებით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 12.10, 2021 წელი
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.
თეონა ცხომელიძე: „რუსთავი 2-ში“ ჩემი ადგილი ვეღარ დავინახე. მგონი, მაყურებლისთვისაც საგრძნობია ის, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ისე, როგორც ჩემთვის იყო მისაღები. განსაკუთრებული მოთხოვნები მე ჩემს ხელმძღვანელობასთან არ მქონია. მხოლოდ თავისუფლება მჭირდებოდა, არა მხოლოდ ჩემი, ჩემი კოლეგებისაც და მომეჩვენა, რომ ეს ასე აღარ იყო. შესაბამისად, გადავწყვიტე, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ წამოვსულიყავი ამ არხიდან. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. არჩევანი არც მქონია, ეს იყო ლოგიკური გაგრძელება ამ სიტუაციაში და ასეც უნდა მომხდარიყო.
– ეს არის „რუსთავი 2-იდან“ წამოსვლის თუ ჟურნალისტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება?
– 36 წლის ვარ, აქედან 18 წელი ბავშვი ვიყავი და მეორე თვრამეტი წელი ქართულ ჟურნალისტიკაში გავატარე. ძალიან კარგად ვიცი, რა და როგორ ხდება და როგორ გრძელდება. ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ახლა კი არა, მგონია, რომ ამ სფეროში აღარასდროს დავბრუნდები. ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საერთოდ წავიდე პროფესიიდან. იმიტომ, რომ დღეს ქართულ მედიაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. ჩემდა სამწუხაროდ, ის, რისი კეთებაც მე მინდა, დღეს არცერთ ტელეკომპანიას არ სჭირდება და პირიქით, რაც ამ კომპანიებს სჭირდებათ, იმის კეთება მე არ მინდა. ეს არ არის ჩემი ნებაყოფლობითი არჩევანი, უბრალოდ, ჩემი აზრით, ფიზიკურად არ არის ადგილი, სადაც მუშაობას შევძლებ. გვინდა თუ არა, ყველა მედიასაშუალება გარკვეული გავლენების ქვეშ არის. მე ჩემი პოლიტიკური სიმპათიები ჩემს საქმეში არ ჩამირევია. არჩევანს არჩევნებზე ვაკეთებ და სიმპათიებს თუ ანტიპათიებს იქ ვტოვებ.
– ეს ორი წელი, რაც „რუსთავი 2-ში“ იმუშავეთ, მაყურებლის ნაწილისთვის გავლენის ქვეშ მყოფ პერიოდად აღიქმება. მანამდელი „რუსთავი-2“ კი საპირისპირო ძალის გავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიად აღიქმებოდა. ლოგიკურად დასვამენ კითხვას, აქამდე რატომ არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ბოლო ორ წელთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით. მე ორი წლის წინ, „რუსთავი 2-ში“ რომ დავბრუნდი, მაშინ მივიღე გარანტიები, რომ ჩვენ ვიქნებოდით თანაბრად კრიტიკული ყველას მიმართ და ეს გარანტია სრულდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. რაც შეეხება მანამდელ პერიოდს, საიდუმლო არ არის, რომ მედია გარკვეული გავლენების ქვეშ იყო, მაგრამ ახლა მე საერთოდ სხვა პასუხისმგებლობები მქონდა. მაშინ ვიყავი მეორეხარისხოვანი ჟურნალისტი ან სტაჟიორი, ახლა პოლიტიკური გადაცემის, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, პროდიუსერი და გაცილებით დიდი პასუხისმგებლობები მქონდა. ამიტომ ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მთელ სატელევიზიო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მიმაჩნდა, რომ კრიტიკა, რომელიც ტელევიზიის მისამართით იყო, მეც მეკუთვნოდა, რასაც ვერ ვიტყვი 2012 წლამდე პერიოდზეც, როცა ტოპჟურნალისტი არ ვიყავი.
– ემოციურად რთული იქნებოდა...
– პირველი ორი კვირის განმავლობაში, მანქანას რომ დავქოქავდი, მექანიკურად „რუსთავი 2-ისკენ“ მივდიოდი და შუა გზაში მახსენდებოდა, რომ იქ აღარ უნდა წავსულიყავი. იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს, მაგრამ სასწორზე ისეთი რამ იყო, რომ სხვანაირად აღარ შეიძლებოდა. ვერ გავაგრძელებდი, ძალიან დამანგრევდა ეს ყველაფერი და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის ასე ჯობდა და ეს არ იყო ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით ჩემი თავი და ემოციები დავიცავი. ახლა ბევრად მშვიდად ვარ, ვიდრე მაშინ, როცა იქ ვმუშაობდი.
– როგორია ცხოვრება ჟურნალისტიკის გარეშე?
– სხვა სამყარო აღმოვაჩინე. ჩემს შვილებთან ერთად დროს მაშინაც ვატარებდი, მაგრამ ამდენი დრო, რა თქმა უნდა, არ მქონდა. საერთოდ გავთიშე ტელევიზორი, საინფორმაციო საშუალებებთან ყველანაირი წვდომა შევიზღუდე და არ ვიცი, რა ხდება ქვეყანაში, არც პოლიტიკაში. არც კრიმინალურ მდგომარეობაზე მაქვს ცნობები. წარმოდგენაც კი მიჭირს, რასაც ვამბობ, მაგრამ მერობის კანდიდატები „დავგუგლე“. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ სამყაროს თავი ავარიდო. ამ ყველაფრის კითხვა და მოსმენა რომ დავიწყო, ავტომატურად დავუბრუნდები ჩემს ძველ თავს, რაც არ მინდა. მირჩევნია, დრო იმ ადამიანებთან გავატარო, ვინც ამდენი ხანი მენატრებოდა, ბევრი რეგიონი მოვიარე, ბევრი დავისვენე, წინ კიდევ საშემოდგომო გეგმები მაქვს.
დღემდე ყველა დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ვიცოდი, ყველას ბიოგრაფია. შესწავლილი მქონდა დეკლარაციები. ყველა მინისტრის ან მათი მოადგილეების ისტორიები ვიცოდი. ბევრი მოწვევის პარლამენტი ვნახე, ცხრა პრემიერ-მინისტრი გამოვიცვალე, ძალიან ბევრი ინფორმაცია ტრიალებდა ჩემს თავში. ახლა ნელ-ნელა გავთავისუფლდები და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია.
– რა შეიძლება იყოს მომავალში?
– წარმოდგენა არ მაქვს. მეკითხებიან, რისი კეთება მინდა, მაგრამ არ მაქვს პასუხი. რამდენიმე თვე დავისვენებ. მაგისტრატურაში ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და თავისუფლად შემიძლია, პროფესია შევიცვალო, მაგრამ გარკვეულწილად ისიც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და უკვე ჩემს ამ გადაწყვეტილებაშიც ეჭვი მეპარება.
– როცა საინფორმაციოს ეხება საქმე, კლასიკური ჩაცმულობა გასაგებია, მაგრამ ჩართვებიდან თითქმის ყოველთვის მაღალი ქუსლებით მუშაობას როგორ ახერხებდით? არადა, ამით ნამდვილად გამოირჩეოდით.
– ჟურნალისტები, როგორც წესი, ქუსლებით არ მუშაობენ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელები და როცა მივხვდი, რომ მე სულ ვმუშაობდი და ეს ქუსლიანი ფეხსაცმელები სახლში ტყუილად იდო, მივხვდი, რომ სამსახურში უნდა ჩამეცვა. სამსახურში, გადაღებაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, 20 ივნისის დარბევაზეც ქუსლიანი ფეხსაცმელებით ვიყავი და ტყვიების წვიმაში 12-სანტიმეტრიანი ქუსლებით დავრბოდი. რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს ქუსლებით ხვდებოდი და სპეცრაზმელები ცოტა მოწიწებით მეპყრობოდნენ, ამოვარდნილი ვიყავი სიტუაციიდან. მანქანაში ყოველთვის მაქვს მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მაგრამ ვეღარ მივაღწიე იქამდე. ქუსლები ძალიან მიყვარს, მიჩვეულიც ვარ და დისკომფორტიც არასდროს შემქმნია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან