რატომ დაარქვა გიორგი შოშიტაშვილმა შვილს საკუთარი სახელი და როგორ გადაწყვიტა მან წამებში, შვილის დაბადებას დასწრებოდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 01.09

ქსოვრელების ისტორიის გამგრძელებელი, მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. როგორია ის მამის ამპლუაში, როგორი მეორე ნახევარი და მეოჯახეა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი შოშიტაშვილი: ჯერ კიდევ მიჭირს ჩემს ემოციებზე საუბარი. ეს საოცარი სიხარულია. ოჯახში ახალშობილი დიდი ბედნიერებაა, ამაში ყველა დამეთანხმდება. მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, როგორც ჩემს პატარას, ისე, ყველა ბავშვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
– დაესწარით შვილის დაბადებას?
– კი, დავესწარი და გულზეც დამაწვინეს. ეს კიდევ ზღვა ემოციები იყო. სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება წამებში მივიღე. წინასწარ არ დაგვიგეგმავს, მაგრამ, როცა უკვე სამშობიაროში ვიყავით, მეუღლე შეყვანილი ჰყავდათ და ამზადებდნენ, უცებ გადავწყვიტე, რომ უნდა დავსწრებოდი ჩემი შვილის დაბადების პროცესს. ჩემი იქ ყოფნა მეუღლისთვისაც დიდი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. პირველად რომ გავიგონე პატარას ხმა და შევეხე, ამით გამოწვეული ემოცია, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. 15 წუთი ძალიან მშვიდად მაწვა გულზე. ეს წუთები ისეთი საოცარი იყო, თავი სულ სხვა სამყაროში ვიგრძენი.
– არ ნერვიულობდით?
– დავძლიე შიში. ამ დროს ბევრ რამეზე ფიქრობ, მათ შორის იმაზეც, რომ შენ არ გახდე მისახედი, მაგრამ ეს საკეისრო კვეთა იყო და ყველაფერი მშვიდად და წყნარად მოხდა. ექიმებმაც ძალიან თბილად მიმიღეს. ერთად ყველაფერს მშვენივრად გავუმკლავდით და მადლობა უფალს იმისთვის, რომ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.
– პატარას თქვენი სახელი დაარქვით. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი არა, მეუღლის გადაწყვეტილებაა. მეც მომეწონა ეს აზრი. რატომაც არა, თუ ოჯახში კიდევ ერთი გიო იქნება. მეტსაც გეტყვით, ჩემი შვილი ჩვენს ოჯახში მეორე არა, მესამე გიოა. საბუთებით მამაჩემსაც გიორგი ჰქვია.
– როგორი ბიჭია?
– ძალიან მშვიდი და დაკვირვებული ბავშვია. არ ტირის. თავისი განრიგი აქვს და ერთ წამს არ გადააცილებს. თავის დროზე უნდა მიიღოს საკვები და დაიძინოს. ძალიან პუნქტუალურია, რაშიც სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მგავს, (იცინის). მე ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მიჭირს, პუნქტუალური ვიყო.
– მეუღლესთან ურთიერთობაში რა შეცვალა მისმა დაბადებამ?
– სამი დღე, რომელიც ჩემმა მეუღლემ სამშობიაროში გაატარა, ბოლო პერიოდში ჩვენთვის პირველი სამდღიანი დაშორება იყო. ყველგან და ყოველთვის ერთად ვართ და სიმართლე რომ ვთქვა, ეს რამდენიმე დღე რომ სახლში არ იყო და გვერდით არ მყავდა, ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ პატარასთან ერთად სახლში დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა, ჩვენი სიყვარული გააათმაგა. სახლში ჩვენი სიყვარულის ნაყოფი გვყავს, რომელსაც ერთად მოვუვლით და ერთად გავზრდით, იმედია, კიდევ ერთ პატარა ხელოვანს.
– უფროსებმა როგორ მიიღეს პატარა ძმა?
– უფროსები 11 და 5 წლისები არიან. ჯერ პირადად არ უნახავთ, ტელეფონით ვაჩვენებ, რადგან დასასვენებლად არიან და როგორც კი ჩამოვლენ, მოინახულებენ. უმცროსს რა რეაქციები ექნება ჯერ არ ვიცი, როგორც მოგეხსენებათ, პატარები ცოტას ეგოისტობენ ხოლმე, მაგრამ უფროსი დიდი გოგოა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სიხარულით შეხვდება.
– როგორი ხართ მამის ამპლუაში?
– რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება, დიდხანს ხელში ვერ დავიჭირო, მაგრამ საჭმელი მოვუმზადო, ჩემს მეუღლეს გამოცვლაში მივეხმარო და ასე შემდეგ. უფროსებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. შეიძლება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ისეთი სიხშირით ვერ ვნახულობ, როგორც საჭიროა, მაგრამ როცა ვახერხებ, ასე ვიქცევი. შეიძლება, იყოს დღეები ერთი კვირა გავატარო გასტროლზე ან გამთენიისას გავიდე სახლიდან და მეორე დღეს შემოვიდე. ჩვენს პროფესიაში ეს ბუნებრივია, მაგრამ როგორც კი დროს გამოვნახავ ხოლმე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ.
– შვილებს რამდენად მოსწონთ მამის პროფესია?
– უფროსი უკვე დიდია და კარგად აღიქვამს ჩემს საქმიანობას. სკოლაშიც ძალიან ამაყობს. იქ იშვიათად მიწევს მისვლა, მაგრამ როცა ვახერხებ და გავუვლი, ვგრძნობ, რომ ეამაყება. ეს მეც ძალიან მიხარია. თვითონაც უყვარს ის სიმღერები, რომელიც ხალხმა შეიყვარა და ყველა სიმღერა კარგად იცის. პატარაც ძალიან ნიჭიერია. მან კიდევ უფრო ბევრი ჩემი სიმღერა იცის და სულ ღიღინებს, თუმცა ჩემს საქმიანობას ჯერ ვერ აღიქვამს. მიხარია, რომ ჩემს შვილებს სიმღერა უყვართ და ნიჭიც აქვთ.
– გამოდის, მეუღლე დიდი დოზით არის ჩართული თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში.
– კი, იმ დოზით, რა დოზითაც მე ვარ და შეიძლება, უფრო მეტადაც. ყველაფერი, რაც „ქსოვრელებში“ ხდება, ჩემი მეუღლის ძალიან დიდი დამსახურებაა. მან თავის თავზე აიღო ყველაფერი – ჩვენი ანსამბლის პროდიუსერია. პროფესიონალურად მიუდგა საქმეს და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. ამას დაემატა ისიც, რომ პაატა გულიაშვილის შოუში მივიღეთ მონაწილეობა, რის შემდეგაც თითქმის ყველამ გაგვიცნო, მაგრამ სალო ანსამბლის საქმიანობას დღემდე არ ტოვებს და ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ აქტიურები ვიყოთ. ყველაფერი მისი გავლით ხდება.
– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ძალიან ლამაზ ადგილას გავიცანით ერთმანეთი. თურმე, წლების წინ, სადაც მე მქონდა სამსახური, ძალიან ხშირად იქ მოდიოდა ჩემს სანახავად, მალულად.
– ესე იგი, პირველს მას გაუჩნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება?
– კი, მაგრამ შემდეგ ჩემგანაც ძალიან დიდი დაინტერესება გაჩნდა. შეიძლება, ბანალურია, მაგრამ თითქმის ყველა წყვილს მსგავსი ისტორია აქვს – შეხვედრა, გაცნობა, მოწონება, სიყვარული. დღეს ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებს. მით უმეტეს, როცა ასეთი მატება გვაქვს, სულ სხვა აურა ტრიალებს ჩვენს ოჯახში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან