რატომ ჩამოხსნა საპატიო დაფიდან თავისი სურათი დიტო ქისიშვილმა და რის გამო ეძახდნენ მას ქურთების ალენ დელონს
ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 13.06, 2023 წელი

დიტო ქისიშვილი წლების წინ გამოჩნდა სცენაზე გარმონით ხელში და მისი გამოხედვა და საოცარი შესრულება დღემდე ყველას ახსოვს. ის ისეთ უბანში გაიზარდა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და მისი უნიკალური სმენის წყალობით, დღეს არაერთი ენა იცის და მათ ენაზე სიმღერებსაც ასრულებს.
დიტო ქისიშვილი: სვანეთის უბანში გავიზარდე. განსაკუთრებულად კარგი მოწაფე ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, ხუთოსნების დაფაზეც ვეკიდე. მაგრამ, თავად ჩამოვხსენი ჩემი სურათი, „მიტყდებოდა“ (იცინის). დედა საკმაოდ მკაცრად მზრდიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰიპერაქტიური, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ქუჩაშიც ვიდექი და ძველბიჭობასაც „ვაწვებოდი“ (იცინის). ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, „ქუჩის აკადემიაც“ გავლილი მაქვს.
– გარდა ურთიერთობებისა, ქუჩას, ცუდი რაღაცებიც ახლავს...
– თუ ნარკოტიკს და მოსაწევს გულისხმობთ, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა. ერთადერთი, რაც მიყვარს, არის ქეიფი, დალევა და დროსტარება. ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, მაშინაც და ახლაც. ჩემი თვალით მინახავს რაღაცები და დამიჯერეთ, სულ ვცდილობდი, ნარკოტიკის საშინელებისგან გამომეძვრინა ბევრი.
– ესე იგი, „ქუჩის აკადემიამ“ გზას ვერ აგაცდინა?
– ვერც ამაცდენდა. იმიტომ რომ ბავშვობიდან პრინციპული ვიყავი და მქონდა ჩემი მიზანი, ზუსტად ვიცოდი, მსახიობი გამოვიდოდი და ჩემი ცხოვრება სიმღერას დაუკავშირდებოდა. შინაგანად, თავიდან ბოლომდე, ხელოვნება იყო ჩემი თანამდევი. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ ვიყავი მწყემსი. დედაჩემს ჰყავს ოთხი ძმა, აქედან ორი დიდი ფარის მფლობელი იყო. ექვსი წლიდან ქსნის ხეობის სათავეში, სოფელ მახიარეთში, მთაში რომ მივდიოდი, ის ორი თვე აუცილებლად ვიცვლიდი ტანსაცმელს და მივდიოდი ცხვარში. რასაც მოიცავს ცხვარ-მეცხვარეობისა და მწყემსის ცხოვრება, თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული. ყველიც ამომყავდა და გუდაშიც ვდებდი, ცხენსაც კი ვხედნიდი. 4 წლიდან ცხენზე დამოუკიდებლად ვიჯექი. სხვათა შორის, სკოლაში თემებს კარგად ვწერდი და ჩემი მთაში გატარებული საზაფხულო არდადეგები, ყოველთვის განხილვის თემა იყო. რვა წლის კი მოტოზე ვიჯექი. მამამ მიყიდა და მაშინ, ტაქსისტობაზე ვოცნებობდი (იცინის). დავდგებოდი კუკიაზე წრეზე და ჩემი მოტოთი ერთი საათით სეირნობა ერთი ლარი ღირდა. ვხუმრობ ხოლმე, რვა წლის ასაკში ბიზნესი მქონდა-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, იმ მოტოციკლით იმდენ ფულს ვშოულობდი, მერე უბანში „მემაროჟნე“ ჟორა ტრანგალეტკით რომ ამოვიდოდა, მთელი უბნის ბავშვებისთვის მისგან ნაყინს ვყიდულობდი და ვპატიჟებდი.
– როგორც შენი ბავშვობის მეგობრები ამბობენ, ხელიც გქონდა ამოვარდნილი, მაჯა მოტეხილი, დაბეჟილი დადიოდი...
– (იცინის).კი, ასე იყო. ერთხელ აისორების უბანში გადავდიოდი და დაღმართზე მაქსიმალური სიჩქარით წავედი, ველოსიპედს „ტორმუზი“ არ ჰქონდა და ორმოში რომ ჩავარტყი, საბურავი გაძვრა და ჰაერში ავფრინდი. 9-10 წლის ვიქნებოდი. სხვათა შორის, ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს, იყო ავარიებიც, ცხენიდან გადმოვარდნებიც და სულ ვამბობ, ქუდბედიანი ვარ-მეთქი. ფაქტია, ცოცხალი ვარ. ახლა გამახსენდა – 11 წლის რომ ვიყავი, უბნელებმა სპილენძი მოვაგროვეთ, ჩავაბარეთ, 50 ლარი ავიღეთ და საზიარო ყვითელი „ჟაპოროზეცი“ვიყიდეთ. ხან ვინ იჯდა ამ მანქანაზე და ხან ვინ.
– თქვი, ქუდბედიანი ვარო. ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– ყველაფერში მიმართლებს და ყოველი ჩემი ნაბიჯი და წარმატება ღმერთთან მადლიერებით მთავრდება. თუ ვინმეს რაღაცისთვის დიდი წვალება სჭირდება, მე უფრო ადვილად გამომდის. სადაც შევაბიჯებ, იქ ყოველთვის რაღაცას ვახდენ, ან თავისით ხდება. გამოცდებამდე ერთი თვით ადრე გადავწყვიტე, თეატრალურში ჩაბარება და მოვხვდი. სამწუხაროდ, ახლა თეატრში არ ვარ, მუსიკალურად წავიდა ჩემი ცხოვრება. თუმცა, იმ სასიმღეროშიც, ბევრი რამ თეატრალიზებულია. წლების განმავლობაში მქონდა ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია, ვიყავი, მუსიკალური წამყვანი რადიოში, ვიმუშავე სარეკლამო კომპანიაში და ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მერე მე თავად ვაორგანიზებ კორპორაციულ ღონისძიებებს, ვმღერი და თან, საღამოები მიმყავს. ესაა ჩემი დღევანდელობა.
– დიტო, შენს ცხოვრებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც საერთოდ შეცვალა შენი ცხოვრება. პატრიარქთან შეხვედრაზე, ოსურ ენაზე შესრულებულ სიმღერას ვგულისხმობ. საიდან გაგიჩნდა ეს იდეა?
– პატრიარქს ძალიან უყვარდა ჩემი თუშურად ნამღერი. წელიწადში რამდენჯერმე მივდიოდი საპატრიარქოში და ვინაიდან პატრიარქი მთის კაცია, გარმონზე თუშურ სიმღერებს ვმღეროდი. პატრიარქი ვლადიკავკაზშია გაზრდილი და გიორგობა დღეს, უცებ გადავწყვიტე, ოსურ ენაზე მემღერა მისთვის და მისი სტუმრებისთვის. პირველი ფრაზა ვთქვი თუ არა, პატრიარქს საოცარი ემოცია ჰქონდა, გაიღიმა, სახეზე ბედნერება ეწერა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. ამ სიმღერას ახლაც უსმენენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ოსები და რასაკვირველია, ვლადიკავკაზშიც. ოთხი დღის წინ ნიუ-იორკიდან, ოსური დიასპორიდან დამირეკეს და იქ მიმიწვიეს. არა მარტო ოსური, ბევრი ენა მასწავლა უბანმა. ქურთი მეგობარი მყავს, სახელად ომო და ის რომ მირეკავს, ქურთულად ველაპარაკები, სომხურიც ვიცი, აზერბაიჯანულიც მესმის. ამის გარდა, ვსწავლობდი იტალიურს, ინგლისურს, რუსულს. სხვათა შორის, ქურთებმა მისაყვედურეს: ოსურად რომ მღერი და ვლადიკავკაზში მაიკლ ჯექსონი ხარ, ხომ არ გავიწყდება, ჩვენი ალენ დელონი რომ ხარო? (იცინის). ძმაკაცის, რომას ქორწილში ვიყავი, კურთხევა ვთხოვე თამადას, ავედი სცენაზე და მაგრად ვიმღერე ქურთული სიმღერა. ერთ გოგოს მოვეწონე, პატარძლის მხრიდან. გამომკითხა, ვისი შვილი ხარო და თამადის, ფირის შვილი ვარ-მეთქი. „გაუსწორდა“, ვა, რა მაგარია, კარგად მღერის, კარგი ოჯახის შვილიაო. ხელი მიარტყა დაქალს: ნახე, ნამდვილი ალენ დელონიაო. და, იმ დღიდან უბანში ქურთების ალენ დელონს მეძახდნენ (იცინის). ჰოდა, ქართულ-ქურთულადაც ჩავწერე სიმღერა, ქურთების ნოვრუზზე ვიმღერე და ქურთების სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს. ოსებისთვის მაიკლ ჯექსონი ვარ, ქურთებისთვის – ალენ დელონი, ახლა აზერბაიჯანული სიმღერა გავაკეთე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან