რატომ ჩამოენგრა თავზე ცხოვრება გიორგი ჭუმბურიძეს ჩინეთში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 16.08, 2021 წელი

მსახიობი გიორგი ჭუმბურიძე ქართველმა მაყურებელმა ცოტა ხნის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. საკუთარ ქვეყანაში ეს მისთვის პირველი გამოცდილებაა, რადგან უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩინეთში გაემგზავრა და პანდემიამდე იქ იყო.
გიორგი ჭუმბურიძე: ბოლო წლები საქართველოში არ ვცხოვრობ, ჩინეთში ვსწავლობდი. აქ ძალიან ცოტა ხნით ჩამოვედი, მაგრამ კოვიდის გამო ჩავრჩი და ერთი წელია, ფაქტობრივად, არაფერი მიკეთებია. ვზარმაცობდი და თავში ხელებს ვირტყამდი (იცინის). თუმცა, ახლა „ჩემი ცოლის დაქალები“ დაიწყო და საბოლოო ჯამში, ჩემი აქ ყოფნა ნაყოფიერი გამოვიდა. თავიდან მეგონა, რომ ძალიან პატარა როლი იქნებოდა, მაგრამ ნელ-ნელა განვითარდა და მეც „მუღამში“ შევედი. როგორც ჩანს, ხალხსაც მოეწონა ან პირიქით, სძულთ ჩემი პერსონაჟი (იცინის). რომ არ მოვიტყუო, მე ძალიან მაღიზიანებს – ძალიან მშიშარა ტიპია, ყველას ჭკუაზე დადის. თუმცა, არსებობენ ასეთი ადამიანები და ამიტომ, მათ რომ არ ეწყინოთ, არ გავლანძღავ (იცინის).
– თუმცა, თავიდან თითქოს არ იყო მთლად ასეთი...
– თავიდან – კი, სიყვარული უფრო მნიშვნელოვანი ჩანდა მისთვის, მაგრამ ბოლო სერიებში სხვა რამ გამოჩნდა. ვეცადე, ისე მეთამაშა, რომ მაყურებელს ძალიან არ შევზიზღებოდი. თავიდან ძალიან ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მერე მაინც რომ გაბედა რაღაცები, აღარც მე და მგონი, აღარც არავის აღარ გვეცოდება (იცინის).
– სოციალურ ქსელში თუ ადევნებ თვალს კომენტარებს?
– კი და მაგრად მლანძღავენ (იცინის). ზოგჯერ ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს, ეს ხომ სერიალია. თუ ცუდს მეუბნებიან, ვფიქრობ, რომ ესე იგი, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ჩემმა პარტნიორმა, ქალბატონმა ნანა ბუთხუზმა მითხრა, არ წაიკითხო კომენტარებიო. მეც დავპირდი, რომ არ წავიკითხავდი, მაგრამ მეორე დღეს მაინც გამექცა თვალი.
– ნანა ბუთხუზი სინამდვილეში როგორია?
– ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი გახდა. საქართველოში არ მქონდა მსახიობებთან ურთიერთობის გამოცდილება. როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე ჩინეთში წავედი. იქ იყო გადაღებები, მაგრამ ბუნებრივია, არა ქართველ მსახიობებთან. თან, ბოლო ერთი წელი რომ არაფერი გამიკეთებია, ვნერვიულობდი, მაგრამ ის ისეთი პროფესიონალი და მაგარი ადამიანია, გამიმართლა, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომეცა. ქალბატონი ნანას სახით, ძალიან მაგარი მეგობარი შევიძინე.
– გიორგის რეაქცია როგორი იქნებოდა, რეალურ ცხოვრებაში რომ ასეთი რამ შეემთხვეს?
– რეალურ ცხოვრებაში ცოტა ჯიუტი ვარ და ჩემი პრინციპები მაქვს. მე ასეთ რამეს არ დავუშვებდი. შესაძლოა, ძალიან ცუდი რამეებიც გამეკეთებინა, რომ ამ არჩევანის წინაშე არ დავმდგარიყავი.
– დარწმუნებული ვარ, უკვე პოპულარობასაც გრძნობ.
– კი და მართლა არ ველოდი. ადამიანები მეკითხებიან, შენ ის არ ხარ?.. ცოტა უხერხული მომენტია, მერიდება ხოლმე. სოციალური ქსელისგან განსხვავებით, ქუჩაში ყველა კარგად მხვდება და სითბოს გამოხატავენ. ლანძღვის ნაცვლად, მეუბნებიან, უი, რა კარგი ხარო. ყველაზე ცუდი, რაც მითხრეს, იყო: გაკვირდებოდი და სინამდვილეშიც დებილი ტიპი მეგონე, ამიტომ ვერ გადავწყვიტე, ნამდვილად შენ იყავი თუ არაო. მადლობა-მეთქი (იცინის). საერთო ჯამში, ჩემზე ლაპარაკს რომ იწყებენ, ვცდილობ, იქაურობას გავერიდო ხოლმე, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ.
– მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?
– პატარა ვიყავი, 12-13 წლის, როცა ძალიან მომეწონა რაღაც ფილმი და საოცრად მომინდა, ჩემი თავი ეკრანზე მენახა. იმის შემდეგ ავიჩემე, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. ჩემები წინააღმდეგი იყვნენ, საქართველოში ეს ხომ დაუფასებელი პროფესიაა, მაგრამ მაინც არ მითქვამს უარი ჩემს ოცნებაზე. თუმცა, ყოველთვის კინოში მინდოდა. თეატრზე ვგიჟდები, მაგრამ იქ ისე ვერ ვხედავ საკუთარ თავს, როგორც კამერასთან. საკმაოდ მორცხვი, მაგრამ აქტიური ბავშვი ვიყავი. ჩინეთმა ძალიან შემცვალა. მანამდე უფრო მრცხვენოდა ხმის ამოღება და საკუთარი თავის წარმოჩენა.
– საქართველოდან რატომ წახვედი?
– მთელი ბავშვობა ამერიკაში წასვლაზე ვოცნებობდი. მეოთხე კურსზე შანსი მოგვეცა, გაცვლითი პროგრამით ჩინეთში წავსულიყავით. ამაზე სერიოზულად არც მიფიქრია. ჯგუფელებს ვეუბნებოდი, ამერიკაში უნდა წავიდეთ, ჩინეთში რა გვინდა-მეთქი. წარმოდგენა არ მქონდა იქაურობაზე, ჩინეთი მხოლოდ „პატენტების ქვეყანა“ მეგონა. სახლშიც ვთქვი ამ შესაძლებლობის შესახებ. მამამ დამარწმუნა, სცადეო და მეც გადავწყვიტე, ერთი წლით წავსულიყავი. ძალიან სწორად მოვიქეცი. იქ ბევრი რამ მოხდა და მთლიანად შემცვალა ამ ქვეყანამ.
– ალბათ, სრულიად სხვა სამყარო დაგხვდა.
– სრულიად სხვა. სულ სხვაგან არიან, თავიანთი დედამიწა აქვთ და არ აინტერესებთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება. ყველა პროფესიას პატივს სცემენ. ჩემში ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. უცებ ყველაფერი თავზე ჩამომენგრა და მერე იმ ადამიანად ვიქეცი, ვინც ვარ. საკუთარ თავთან მქონდა ბრძოლები, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. მერე ფილმებიც გამოჩნდა და გადაღებებში ჩავერთე.
– როგორ? არავის იცნობდი.
– აქედან ჯგუფი გაცვლითი პროგრამით წავედით. რაღაც დრო რომ გავიდა, შემთხვევით მოვხვდი კასთინგზე. შემდეგ იყო კიდევ ერთი კასთინგი და ასე შემდეგ. ჩინურ სერიალშიც გადამიღეს, რომელიც ახლა უნდა გამოვიდეს. კარგად ეწყობოდა ჩვენი კარიერა, მაგრამ კოვიდმა ყველაფერი დააპაუზა. ყველაფერთან ერთად, ჩვენს ჯგუფზე უნდა გადაეღოთ სერიალი, საქართველოში აპირებდნენ ჩამოსვლას გადაღებებისთვის. ეს პროექტი ჩემი ძალიან ახლო მეგობრის, თემო ძოწენიძის იდეაა. მიზანი ჩინეთისთვის საქართველოს კარგად გაცნობაა. პანდემიური მდგომარეობა რომ დალაგდება, იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მგონია, რომ ეს პროექტი, მარტო ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის იქნება საინტერესო, განსაკუთრებით პიარის კუთხით.
– როგორ მიგიღეს უცხოელი?
– თუ დაინახეს, რომ მშრომელი ადამიანი ხარ და შენს საქმეს პატიოსნად აკეთებ, თან გადაგყვებიან და მგონია, რომ ცხოვრებას აგაწყობინებენ. მაგრამ, თუ დააფიქსირეს, რომ მატყუარა ხარ, „დაგანგრევენ“. მათნაირი შრომისმოყვარე ხალხი არ შეხვედრია. ბევრი რამ მასწავლეს. ძალიან კარგად მიმიღეს და იქ ბევრი მეგობარი მელოდება.
ზოგადად, სრულიად უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ, პირველი პერიოდი, იქ მართლა გადარჩენისთვის ცხოვრობ. ჩინეთში ძალიან განსხვავებული ტემპია. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მერე ისე ავუღე ალღო, აქ რომ ჩამოვედი, უკვე აქ გამიჭირდა. ბევრჯერ საჭმლის ფულიც არ გვქონია, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით – დღეს ვშიმშილობთ, ძმებო, მაგრამ ხვალ კარგი რამ მოხდებაო. მართლაც ასე გამოვიდა.
– იქ როგორი „მე“ აღმოაჩინე?
– აქედან სხვანაირი შემართებით წავედი. ხომ იცით, ქართველებს როგორც გვზრდიან – დამრტყმელი, პურისმჭამელი და აგრესიული უნდა იყო. ყველგან პირველობა გვინდა, ვიძახით – მე ვარ და ჩემი ნაბადიო. იქ აღმოვაჩინე, რომ აგრესია სულ არ არის საჭირო თავის დასამკვიდრებლად და ამ მხრივ, საკუთარ თავზე მომიწია მუშაობა. მივხვდი, რომ მსოფლიოში ჰუმანურობით უფრო დაიმკვიდრებ თავს, ვიდრე აგრესიულობით. საქართველოდან რომ წავედი 21 წლის ვიყავი და იქ მთლიანად ამოტრიალდა ჩემი ცხოვრება. ძალიან მიხარია ასე რომ მოხდა, პროფესიულადაც ძალიან გამზარდა და პიროვნულადაც.
– საქართველოში ნაკლებად მიესალმებიან ქართველი გოგოს ურთიერთობას უცხოელთან, მით უმეტეს, ქორწინებას. იქ რა ხდება, ამ მხრივ?
– ეგ პრობლემა იქ არ არის. ძალიან ტრადიციული ხალხია, განსაკუთრებით უფროსები, მაგრამ მეც მყავდა ჩინელი შეყვარებული. თითქმის ერთი წელი ვიყავით ერთად და სხვადასხვა ეროვნების გამო პრობლემა არ შეგვქმნია.
– რთული არ იყო სრულიად სხვა მენტალობის ადამიანთან ურთიერთობა?
– ძალიან, მაგრამ არა მისი, არამედ ჩემი მენტალობის გამო. ამ ურთიერთობიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. ისინი უფრო თავისუფლები არიან, ზედმეტი კომპლექსებით თავს არ იზღუდავენ. ურთიერთობისგანაც არ ითხოვენ ზედმეტს. ჩვენთან ხომ არის დამოკიდებულება – რადგან ბიჭი ვარ, მე გადავიხდი ყველაფერს, იქ გავაანალიზე, რომ ეს სხვისი თავისუფლების შეზღუდვა არის. თუმცა, ბოლო პერიოდში, ამ მხრივ, საქართველოშიც არის ცვლილებები და მივესალმები. ურთიერთობაში ჩემმა ხედვებმა შემიშალა ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც გამოვიდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ფიზიკურად ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთთან, ეს ურთიერთობა დასრულდა.
– აქ ყოფნას სერიალის მხრივ პოზიტიური, თუმცა ნეგატიური შედეგებიც მოუტანია.
– პოზიტიურიც. ახლა სხვა ადამიანი მომწონს. ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან