შოუბიზნესი

რატომ არის ნუცა თოფურია მარინა ბერიძის მიმართ სუბიექტური და რის გამო სტკენია მას ხშირად გული

№20

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 30.05

ნუცა თოფურია
დაკოპირებულია

როგორც მომღერალი ნუცა თოფურია ამბობს, მაისი მისთვის პარიზის თვეა. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის დედაქალაქში ერთი კვირით დასასვენებლად და დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა და მეგობრებთან ერთად საოცარი დრო გაატარა, ახლა კი საქმეზე უწევს გამგზავრება. გარდა იმისა, რომ ნუცა ბევრის საყვარელი მომღერალია, ახმეტელის თეატრის სცენაზე საკმაოდ საპასუხისმგებლო და სახასიათო მთავარი როლების შესრულებითაც აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თეატრში შესრულებული მისი ყველა როლი უყვარს და ამ ჯადოსნური სივრცით „მოიწამლა“, მისი მთავარი პროფესია, მაინც მომღერლობაა.

ნუცა თოფურია: არც პრანჭია ბავშვი ვიყავი და არც მორიდებული. სადაც მივდიოდი, ხალისი და კარგი განწყობა შემქონდა. სასწაულად ენერგიული ვიყავი, არასდროს ვიღლებოდი. არ ვიცი, ასეთი რა ენერგია მქონდა, არაფერი მეზარებოდა. თუ ვინმე რამეს მთხოვდა, მუდამ მზად ვიყავი დასახმარებლად. ყველაფერს მე ვაორგანიზებდი, ჩვენს ქუჩაზე კონცერტებს ვატარებდით, წარმოდგენებს ვდგამდით და ინიციატორი, სულ მე ვიყავი. მოკლედ, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. სხვათა შორის, ბავშვობაში მზეს მეძახდნენ (იცინის). სადმე რომ წამიყვანდა დედა, ამბობდნენ, მზე მოვიდაო.

– მუსიკალური ნიჭი ვისგან დაგყვა?

– ჩემს დიდ ოჯახში მხოლოდ ბებო მღერის, თან, ყველა ხმაში, ოღონდ არასოდეს ყოფილა პროფესიონალი მომღერალი. გენეტიკურად, ალბათ, მისგან დამყვა მუსიკალური ნიჭი. დედასაც საოცარი სმენა აქვს, თუმცა, არ მღერის. ჩემსავით, ვოკალის პედაგოგთან რომ ევლო და ემეცადინა, ვფიქრობ, კარგი მომღერალი დადგებოდა.

– რა ასაკიდან დგახარ სცენაზე და რომელი იყო შენი პირველი კონკურსი?

– სხვათა შორის, არანაირი შეხება არ მქონია სცენასთან და მიკროფონთან ისე დავდექი „ანაბანას“ სცენაზე, „რუსთავი 2-ში“. ეს იყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი, რომელსაც მარინა ბერიძე აკეთებდა და იყო ურეიტინგულესი. დღემდე მწერენ: „ანაბანადან“ გვახსოვხარო. ცხრა სეზონი მიმდინარეობდა და ყველა უყურებდა. რომელ ახალგაზრდა მომღერალსაც უყურებთ, გიყვართ და მოგწონთ, უმეტესობა „ანაბანელია“. მარინა ბერიძის მიმართ ძალიან სუბიექტური ვარ, ძალიან მიყვარს. ყველა ჩემი გამოსვლა, რომელ მუსიკალურ სატელევიზიო პროექტებშიც მიმღერია, მას უკავშირდება. „ანაბანაში“ რომ გამოვდიოდი, პარალელურად, „ბასტი ბუბუში“ დავდიოდი. ჩემი სასიმღერო კარიერა, პრაქტიკულად, კონკურსებიდან დაიწყო. „ანაბანაში“ ქუჩიდან მივედი და გავიმარჯვე. არასოდეს დამავიწყდება დედ-მამის სიტყვები: სად მიდიხარ, შვილო, იქ ვინც მიდის, ყველას პედაგოგი ჰყავს. მომზადებულები არიან, რეპერტუარიც აქვთ და სერიოზულ და სანერვიულო პროექტში თამამად მიდიანო. მე კი ვპასუხობდი: „მე მინდა, ძალიან მინდა!“ მაშინ 9 წლის ვიყავი. მე და ბებომ დავრეკეთ, დავრეგისტრირდი და დედა რომ სახლში მოვიდა, ვახარე: დარეგისტრირებული ვარ, უნდა წამიყვანო-მეთქი. წამიყვანა და იქიდან რომ მოვდიოდით, დედა მეუბნებოდა: მშობლები საუბრობდნენ, ჩემი შვილი ოთხი წლიდან თამრიკო ჭოხონელიძესთან დადის, ჩემი სამი წლიდან – ნატო მეტონიძესთან, მე კიდევ გაგიჟებული ვიდექი და ვფიქრობდი: სად მოვიყვანე ეს ჩემი შვილი, რომ ვერ გადავიდეს, ტყუილად უნდა ვანერვიულოო.. .და, საბოლოო ჯამში, „ანაბანა“ მე მოვიგე (იცინის). 13 წლის შემდეგ კი იყო „მხოლოდ ქართული“. თუმცა, „ანაბანასა“ და „მხოლოდ ქართულს“ შორის იყო უამრავი ფესტივალი და დავდიოდი ქვეყნიდან ქვეყანაში, სადაც არაერთი წარმატება მქონდა. შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „მიმღერე რამე“.

– გარდა იმისა, რომ გადასარევად მღერი, არაჩვეულებრივად თამაშობ სპექტაკლებში. თეატრის სცენაზე როგორ აღმოჩნდი?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მოწამლული ვარ თეატრით და ვთამაშობ სპექტაკლებში, პირველ რიგში, ვარ მომღერალი. „ახმეტელის თეატრმა“ გამათამამა, მაგრამ ჩემი მთავარი პროფესია მაინც მომღერლობაა. სხვათა შორის, იმიტომ ვამბობ „ახმეტელის თეატრმა“ გამათამამა-მეთქი, რომ სრულიად გამოუცდელი, არამსახიობი მიმიყვანეს და სერიოზულ და კლასიკა სპექტაკლში – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, მთავარი როლი მათამაშეს. ამ სპექტაკლს მოჰყვა „ქეთო და კოტეში“, იგივე „ხანუმაში“, სონას როლი, შემდეგ, „მერი პოპინსში“ – მერი პოპინსის როლი. გიორგი ცხადაძე, ამ თეატრის მსახიობი, ჩემი მეგობარია და მისგან ძალიან კარგად ვიცნობდი სამხატვრო ხელმძღვანელს, ირაკლი გოგიას, ასევე გიორგი ყავლაშვილს, რომელიც ადმინისტრაციას წარმოადგენს. ერთ დღეს, გიორგიმ და ირაკლიმ დამიბარეს თეატრში. რომ მივედი, რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემთვის ყველაზე საყვარელ სპექტაკლში – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომლის ძველ დადგმასაც ხშირად იუთუბარხზე ვუყურებდი, ნინოს როლს მე შემომთავაზებდნენ. სანამ თეატრში შეხვედრაზე მივიდოდი, წამითაც არ გამივლია გულში, რომ მე ნინიკოს როლზე მოვიაზრებოდი. ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა იმწუთს ჩემს გულსა და ტანში. დავიწყეთ საოცრად სასიამოვნო პროცესი – რეპეტიციები, მოვიდა პრემიერის დღეც და მას სხვა როლებიც მოჰყვა.

– როგორ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ და წარმატებისთვის ბევრს შრომობ, იღბალიც გეხმარება?

– ძალიან იღბლიანი ვარ, ძალიან. სხვათა შორის, ხშირად ვამბობ: როგორი იღბლიანი ვარ და მადლობელი ვარ ამისთვის ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების-მეთქი. ამის გამო მადლობას ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე. ერთხელ კი, ერთმა მითხრა: რატომ მადლობა? ეს შენი ნიჭითა და შრომით დაიმსახურეო. არა, ძალიან ბევრი რამაა იღბალზე დამოკიდებული. ბევრი ნიჭიერი მსახიობია და შესაძლოა, მას ეთამაშა ის მთავარი როლი, რომელსაც დღეს მე, არამსახიობი ვთამაშობ. ეს იყო ჩემი ბედი, გამიმართლა, იღბლიანი ვარ და აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი. საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ აღმოჩნდები, ესეც იღბალია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერად აეწყო და ვფიქრობ, სამყაროში, უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება. ამიტომ, ვუხდი უფალს მადლობას ხშირად, რაც დღეს მაქვს, სხვა მე არაფერი შემიძლია. და, გარდა იმისა, რომ გამიმართლა შემოქმედებითი კუთხით, მთავარი და მნიშვნელოვანი – ყველაზე მეტად ოჯახში გამიმართლა. რომ არა დედა, მამა და ჩემი ოჯახი, არც კი ვიცი, ვინ ვიქნებოდი. ჩემმა მშობლებმა ჩემი და ჩემი ძმის გამო ბევრი სირთულე გამოიარეს, მაგრამ მაინც შეძლეს და ყველაფერი გაგვიკეთეს. შეიძლება, ბევრჯერ არ იყო ამის შესაძლებლობა, მაგრამ ბევრი გაიღეს იმისთვის, რომ მე ვეტარებინე ყველგან. რაც ცნობიერება მაქვს, არ მახსოვს, ჩემს მშობლებს რამეზე უარი ეთქვათ. არასდროს უარი არ მიმიღია, შეიძლება, არ ჰქონდათ, მაგრამ ახერხებდნენ, რომ ჩემთვის მოეცათ ის, რაც მჭირდებოდა. ძალიან მათამამებდნენ, კარგი გაგებით, ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა, მქონოდა.

– ნუცა, ახლახან ჩამოხვედი პარიზიდან, თუმცა, რამდენიმე დღეში ისევ გაქვს საქმიანი ვიზიტი. თუ საიდუმლო არ არის, ვისი მიწვევით მიემგზავრები?

– მაისი პარიზის თვედ გამოვაცხადე (იცინის). სხვათა შორის, პირველად ვიყავი პარიზში და მივხვდი, ეს ჩემი ქვეყანაა. ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეა და იქ აღვნიშნავთ გოგონები. გავიღვიძე და მივხვდი, მე პარიზი მიყვარს და მინდა იქ (იცინის). ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და რომ მითხრათ: ნუცა, ხუთ წუთში გავდივართო, ჩავალაგებ და ხუთ წუთში მზად ვიქნები. ბევრ უცხო ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ოცზე მეტში, მაგრამ საფრანგეთმა სხვა ემოცია დამიტოვა. იტალია მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით ქალაქი რომი, ბევრი ჩემი მნიშვნელოვანი მომენტი უკავშირდება ამ ქვეყანას და ვამბობდი, ალბათ, პარიზმა უნდა შემშალოს, რომ ეს სიყვარული გადაწონოს-მეთქი და, მგონი, შევიშალე (იცინის). მეორე წასვლა კი საქმიან ვიზიტს უკავშირდება. „ავერსმა“ მე ამარჩია და მიშვებს თავის ღონისძიებაზე – მნიშვნელოვანი ბრენდის პრეზენტაციასა და ვახშამზე.

– წარმოშობით მეგრელი ხარ და ამ კუთხის შენს ხასიათში რა ზის?

– აბაშაში საოცარი სოფელი გვაქვს. ვგიჟდები სამეგრელოზე, ისე მიყვარს, თავისი ბუნებით, სამზარეულოთი, სიმღერებით, ადამიანებით. ასე რომ, მეგრელები ძალიან მიყვარს და ენერგეტიკით ვხვდები, ადამიანი რომ მეგრელია (იცინის). როგორც ყველა მეგრელ ქალს, მეც კარგი მეგრული ხელი მაქვს და გემრიელი საჭმელების მომზადება ვიცი. თუმცა, ბევრს უთქვამს, როგორი დამთმობი და რბილი ბუნება გაქვს, შენ რანაირი მეგრელი ხარო (იცინის). ზედმეტად მიმნდობი ვარ, ვენდობი ადამიანებს და ვუშლი გულს. მგონია, ყველა ისე ფიქრობს, როგორც მე და მერე, ხშირად გამცრუებია იმედები და მტკენია გული. აი, ამ სახასიათო შტრიხს შევცვლიდი ჩემს ხასიათში. მაგრამ, სხარტი და სწრაფი ვარ, რაც მეგრელებს ახასიათებს. ფიქრი მიყვარს. რისკი არ მიყვარდა და ბოლო ერთი წელია, უფრო რისკიანი გავხდი.

– არასოდეს გიფიქრია, გაგერისკა და შენი კარიერა უცხოეთში გაგეგრძელებინა?

– იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, იმდენად ამაყი ვარ, აქ რომ დავიბადე, იმდენად პატრიოტი ვარ, სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. სადმე რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, დავბრუნდე ჩემს თბილისში, ჩემს ქუჩებში, გარემოცვაში. ამიტომ, არასოდეს მიფიქრია, უცხო ქვეყანაში კარიერის გაგრძელება. დიდი იმედი მაქვს, ჩემი ქვეყნის გარდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრება არასდროს მომინდება. თუ კონცერტი იქნება, დიდი სიამოვნებით გავემგზავრები, მაგრამ იქ საცხოვრებლად ვერ დავრჩები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა