რატომ არჩია ნინო გაწერილიამ სპორტი მედიცინას და რა სირთულეებთან უწევს მას შეჭიდება სქესის გამო
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 01.07

ნინო გაწერელია წარმატებული ბოდიბილდერია, რომელიც თავისი აქტიური ცხოვრებით სტერეოტიპებს ამსხვრევს.
ნინო გაწერელია: სპორტი ბავშვობიდან იყო ჩემს ცხოვრებაში. ვცეკვავდი და ტანვარჯიშზე დავდიოდი. დაახლოებით, 12 წელი პროფესიონალურ დონეზე ვცეკვავდი, მაგრამ როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, სამწუხაროდ, ცეკვისთვის თავის დანებება მომიწია. სწავლას დიდი დრო სჭირდებოდა და ცეკვა, უბრალოდ, ფიზიკურმა აქტივობამ ჩაანაცვლა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში თბილისში დარბაზების ნაკლებობა იყო, იქაც თითქმის სულ მამაკაცები ვარჯიშობდნენ, რაც ჩემთვის არაკომფორტული იყო, ამიტომ უმეტესწილად ფეხით სიარულს, სირბილსა და ველოსპორტზე გადავერთე, თუმცა, სამოყვარულო დონეზე.
შემდეგ, რაღაც პერიოდი, გერმანიაში ვიყავი სასწავლებლად, სამედიცინო კუთხით, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო საქართველოში მომიწია დაბრუნება. ამ პერიოდში საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. ვფიქრობდი, მედიცინის სფეროში გამეგრძელებინა სწავლა თუ არა. მედიცინა ძალიან საპასუხისმგებლო სფეროა, ექიმები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის, რატომღაც, სპორტი უფრო საინტერესო იყო, ვიდრე სამედიცინო მიმართულება. დაბრუნების შემდეგ, დარბაზში დავიწყე აქტიურად ვარჯიში. რადგან სამედიცინო განათლება მქონდა და ვარჯიშის ტექნიკაც ვიცოდი, ერთ-ერთმა დარბაზმა შემომთავაზა, მათთან მემუშავა, რასაც დავთანხმდი. სრულიად შემთხვევით, მეტროში საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის უფროსი გავიცანი. მან მითხრა, რადგან კარგი აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები გაქვს, იქნებ, გეცადა და ჩვენთან მოსულიყავიო. იმ პერიოდში ბოდიბილდინგის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი-მეთქი, ვერ გეტყვით, დიდად ვერ ვერკვეოდი, აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, მეცადა. აღმოჩნდა, რომ ეს სპორტი განსაკუთრებულ დისციპლინას მოითხოვდა. ძალიან გამიჭირდა პარალელურ რეჟიმში მუშაობა და ვარჯიში, ამასთან ერთად კი – კვების რაციონის ზედმიწევნით დაცვა. კვების მხრივ, ბოდიბილდინგში მკაცრი შეზღუდვებია. სამი თვე ვემზადებოდი, მაგრამ შემდეგ უარი ვთქვი, იქედან გამომდინარე, რომ დავრწმუნდი, ჩემი არც ფიზიკური და არც მენტალური ჯანმრთელობა არ იყო ამისთვის მზად.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა უკვე ძალიან ბევრი მოსწავლე მყავდა, როგორც პერსონალურ მწვრთნელს, პარალელურად კი სამედიცინო მიმართულებით ვსწავლობდი, რადგან რეზიდენტურაზე ვაპირებდი ჩაბარებას, მოუწესრიგებელი კვების გამო ცოტა წონის პრობლემა შემექმნა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ბოდიბილდინგს დავბრუნებოდი, მინდოდა, ისევ ფორმაში ჩავდგარიყავი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვცადე ბოდიბილდინგის მიმართულებით კარიერის გარგძელება. კვლავ დავუკავშირდი ფედერაციის უფროსს და მასთან ერთად დავიწყე მომზადება. ყველაფერი კარგად წავიდა. ამჯერად გამომიმუშავდა დისციპლინა, რომელიც ამ სპორტს სჭირდება.
პირველად 2018 წელს გამოვედი საქართველოს ჩემპიონატზე. მაშინ ჩემს კატეგორიაში ჩემ გარდა არავინ იყო, ამიტომ საქართველოს ჩემპიონატის საჩვენებელ გამოსვლაზე მარტო ვიყავი. ამის შემდეგ იყო საერთაშორისო შეჯიბრება – საქართველოს გრანპრი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, იქ შედგა ჩემი დებიუტი, სადაც გავიმარჯვე და ეს იყო ჩემთვის პირველი დასამახსოვრებელი შეჯიბრება. ამის შემდეგ, კოვიდის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, წელიწადში 3-4 შეჯიბრება მაქვს.
– შედეგები როგორია?
– ძირითადად, საპრიზო კატეგორიაში ან ხუთეულში ვარ. საქართველოს ჩემპიონატებზე – ძირითადად, პირველი ადგილები. საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ასევე, თბილისის ვიცე-ჩემპიონი ვარ და ასე შემდეგ...
– რა შეცვალა ბოდიბილდინგმა თქვენს ცხოვრებაში?
– ჩემთვის სპორტი, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა, რასაც ბონუსად მოჰყვება ვიზუალი. ჩათვალეთ, ბოდიბილდინგი იგივე კუნთის შენება და ვიზუალის კორექციაა. მას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. მან, პირველ რიგში, დისციპლინა გამომამუშავებინა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მეხმარება. მიუხედავად ენერგიის ქონა-არქონისა, დისციპლინა მეხმარება, გავაკეთო ყველაფერი, რაც მიზნამდე მისასვლელად მჭირდება. ვდგები დილის ხუთ საათზე, ვვარჯიშობ, ვავარჯიშებ და ასე ძალიან აქტიურად გადის დღე. ბოდიბილდინგი იმდენად დიცსიპლინირებული სპორტია, რომ გართობის საშუალებას არ გიტოვებს. როცა ამ სპორტში ხარ, ცოტა ეგოისტური დამოკიდებულებები უნდა გქონდეს საკუთარი თავის მიმართ. მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყო საკუთარ თავზე, ეს სპორტი ბევრ რამეზე მოითხოვს უარის თქმას.
– იყო საქართველოში ბოდიბილდერი ქალი, ეს კიდევ ცალკე თემაა, ამ მხრივაც დიდი გამოცდილება გაქვთ, კარგიც და არასასიამოვნოც.
– საქართველოში ბოდიბილდინგის მიმართულებით ცნობიერება დღემდე საკმაოდ დაბალია. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, კაცებსაც კი არ აპატიონ ზედმეტი კუნთი, ქალებზე, საერთოდ, ზედმეტია საუბარი. რაც შემეხება მე, ჩემ მიმართ საზოგადოებაში ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. თავდაპირველად ცოტა მწყინდა. განვიცდიდი იმის გამო, რასაც სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოებისა და მიღწევების ქვემოთ, კომენტარებში ვკითხულობდი. ძალიან ცუდი კომენტარები იყო, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ამაზე არ უნდა ვნერვიულობდე, რადგან საქმე ეხება იმ ადამიანების აზრებს, რომლებსაც მე საერთოდ არ ვიცნობ და რომლებიც ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ. ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახის მხარდაჭერაა. მე მყავს დედა და და, ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და ყველაფერში ხელს მიწყობენ. სამწუხაროდ, მამა გარდაცვლილი მყავს, მაგრამ ცოცხალი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, ჩემ გვერდით იქნებოდა ყველა წამოწყებაში. მე მაქვს მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა. ამის იქით ჩემთვის მეორეხარისხოვანია და ამიტომ გულთან ახლოს აღარ მიმაქვს. უფრო მეტიც, ეს ჩემთვის უკვე გასართობივითაა, როცა მინდა, რომ კარგ ხასიათზე დავდგე, ამ კომენტარებს ვკითხულობ და ძალიან ვერთობი. იცით, არ მწყინს, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს, ვიღაცას ცოტა ჭარბწონიანი ადამიანი მოსწონს, ვიღაცას – გამხდარი. მე არავის ვთხოვ, რომ მოვეწონო. შეიძლება, მეც არ მომწონდეს ვიღაც, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, გავაკრიტიკო ვიზუალის ან შეხედულების გამო. არსებობენ ადამიანები, ვინც თავს ამის უფლებას აძლევენ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. მე არავის ვთხოვ ისე გამოიყურებოდეს, როგორც მე გამოვიყურები. ყველას ისეთი უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, როგორიც არის. ადამიანი თუ ფიტნესშია, საკუთარ გარეგნობაზე უნდა ზრუნავდეს, ეს ჩვეულებრივი მარკეტინგია, რადგან შენ შენს თავს ყიდი ვიზუალით. სპორტსმენი უნდა გამოიყურებოეს ისე, როგორც საჭიროა.
კრიტიკის მიზეზი შემდეგია: ქალი ხარ და რად გინდა ამდენი კუნთი, ძირითადად, გენდერთან დაკავშირებული კითხვებია – აინტერესებთ, კაცი ვარ თუ ქალი. შეიძლება, პირადად არავინ მითხრას, ასეთ რამეს უფრო კომენტარებში წერენ. რეალურ ცხოვრებაში ვერ გაგიბედავენ ამის თქმას. არ არის პრობლემა, მთავარია, ბედნიერები იყვნენ და თავად ჰქონდეთ ისეთი ვიზუალი, როგორიც თვითონ უნდათ.
– კაცებს უფრო მკვეთრი რეაქციები აქვთ თუ ქალბატონებს?
– ქალბატონებს, კაცებს – ნაკლებად. დარბაზში რომ მოდიან ქალბატონები ჩემთან სავარჯიშოდ, ძირითადად, შიშის მომენტი აქვთ, მეც ასე ხომ არ დავიკუნთებიო და ხშირად უარს ამბობენ ჩემთან ვარჯიშზე. ამიტომაცაა, რომ ძირითადად, კაცებს ვავარჯიშებ. მათ მოსწონთ, როგორც გამოვიყურები, იციან, რა შრომა არის ამაში ჩადებული და აფასებენ ამას. სამწუხაროდ, ქალბატონები ცოტა შიშით აღიქვამენ ზედმეტ კუნთებს. ბოდიბილდინგშიც ბოლო დროს უფრო მომრავლდნენ ქალბატონები, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც შედარებით მცირეა, რადგან პირველ რიგში, კუნთები აშინებთ და შემდეგ ეს აზრი – „რას იტყვის ხალხი“. მენტალურად ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ეს ბარიერი გადალახო.
ყველას შეუძლია, საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ეს არ არის პრობლემა, უბრალოდ, ხშირად გინებაც შემხვედრია და ეს არ არის სწორი, თორემ, სხვა მხრივ, ნორმის ფარგლებში აზრის გამოხატვა, რა თქმა უნდა, მისაღებია ჩემთვის.
– ამ კუნთებთან ერთად, ქალურობაც ჩანს, მე ვფიქრობ, მაკიაჟიც გიყვართ და შესაბამისი სამოსიც.
– ვიზუალი შეიძლება, ძალიან ქალური არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ქალური და ზედმეტად ნაზი ადამიანი ვარ. შეიძლება, ვიზუალი არ არის ჩემს პერსონასთან შესაბამისი, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.
– პირად ცხოვრებაზე როგორ მოქმედებს ასეთი გარეგნობა, აქაც თუ იგრძნობა მამაკაცების მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულება და თუნდაც შიში?
– როცა ასე არ გამოვიყურებოდი, როგორც ახლა, ამ კუნთის მასით, ბევრად უფრო მეტი თაყვანისცემელი მყავდა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან იკლო მათმა რაოდენობამ-მეთქი, არ იქნება მართალი. არიან მამაკაცები, ვინც სიმპათიას გამოხატავენ და ისეთებიც, ვისაც შიში აქვთ. პირადი ცხოვრება მაქვს და საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. სპორტი ნეგატიურად ნამდვილად არ მოქმედებს ჩემს პირად ცხოვრებაზე. მთავარია, გვერდით გყავდეს მამაკაცი, რომელიც შენზე უფრო ძლიერია, რომ მის გვერდით თავი დაცულ ქალად ვიგრძნო და ჩემი დასაცავი არ იყოს, ეს ბუნებრივი მგონია და ამ მხრივ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან