შოუბიზნესი

რატომ არ უნდოდა ჯემალ ღაღანიძეს შვილიშვილის მსახიობობა და რის გამო გადაწყვიტა სანდრო მიკუჩაძემ ბაბუის გვარის დამატება

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 06.03, 2023 წელი

სანდრო მიკუჩაძე
დაკოპირებულია

3 თებერვალს გამორჩეული არტისტი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. არ მეგულება ადამიანი, ვისაც მასთან განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა არ აკავშირებდა. ბატონმა ჯემალმა საკუთარი პროფესიის დიდი სიყვარულისა და საქმისადმი უზომო ერთგულების წყალობით ნამდვილად შექმნა დიდი ეპოქა.

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე (შვილიშვილი): ჯემალისგან სიყვარული არასდროს მაკლდა, პირიქით, ზედმეტადაც კი მეჩვენებოდა, როდესაც პატარა და ცოტა სულელი ვიყავი. ისე ვერ გამოვიყენე ის პერიოდი, როგორც შეიძლებოდა, გამომეყენებინა. ამას მერე, რაღაც ასაკში ხვდები. ხოლო, როცა კარგავ, როცა უკვე აღარ გყავს, ძალიან კარგად გრძნობ, რაც „გამაზე“. შეგეძლო, ბევრჯერ ჩახუტებოდი, მოფერებოდი და კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყავი მასთან. ამის გამო დღეს ძალიან მწყდება გული.

– რა რჩევებს გაძლევდა, როგორც მსახიობს ან რას გასწავლიდა ცხოვრებაზე?

– საერთოდ, ჯემალი სიტყვაძუნწი არ იყო, მაგრამ თუ რამე იყო სათქმელი, მან ზუსტად იცოდა ზომა და წონა. რჩევით თუ ქმედებით ყოველთვის ყველას ეხმარებოდა და პირველ რიგში, მე. მაგრამ რაც შეეხებოდა პროფესიას, აზრს ყოველთვის თვითონ ვეკითხებოდი. შეთანხმებულები ვიყავით, რომ ორწამიანი შექებით შემოვიფარგლებოდით და მერე კარგად განვიხილავდით იმას, რაც გამოსასწორებელი იყო. ყოველთვის ვცდილობდი, მისი რჩევები გამეთვალისწინებინა. როცა ამხელა არტისტი გელაპარაკება, მისი არმოსმენა და არგათვალისწინება ცოტა დაუჯერებელი მგონია. შეიძლება, ვიღაცამ მოგილოცოს, ყველაფერი ფეხქვეშ გაგიფინოს, მაგრამ ეს გულწრფელი არ იყოს. ჯემალი შეფასებებში ყოველთვის გულწრფელი იყო, მან ტყუილი საერთოდ არ იცოდა. მისი რჩევებიდან შეიძლება, ყველაფრის გათვალისწინება არ გამომდიოდა, მაგრამ ვცდილობდი. საერთოდ, ძალიან ხიფათიანი ბავშვი ვიყავი და ცხოვრებაში ბევრი ვანერვიულე, რაზედაც ძალიან მწყდება გული.

– როგორი იყო მისი რეაქცია, როცა ცუდად მოიქცეოდი, როცა სწორი გზიდან გადაუხვევდი?

– ძალიან უკონფლიქტო ადამიანი იყო. არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო, რომ ეჩხუბა. შეიძლება, გეგონოთ, ვიტყუები, რადგან საქმე გარდაცვლილს ეხება, მაგრამ გეფიცებით, გახსენება რომ მოვინდომო, მის ჩხუბს ვერ გავიხსენებ. შეიძლება, ოჯახში რაღაცაზე წაეჯუჯღუნა, მაგრამ სერიოზული ჩხუბი გამორიცხული იყო. ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი-ორი შემთხვევა და მაშინ, რომ არა ჯემალი, არ ვიცი, დღეს სად ვიქნებოდი, მაგრამ მაგ ამბავზეც მისი რეაქცია იყო: მთავარია, ცოცხალი ხარ, დანარჩენი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ისეთი ბიჭი ხარ, მალე ყველაფერს თვითონ მიხვდებიო – ასე მარიგებდა. რაღაც პერიოდის შემდეგ მისი ეს სიტყვები ძალიან მაფიქრებდა და ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, რაღაცები გამოვასწორო.

– თავიდან არ უნდოდა, რომ მსახიობი გამხდარიყავი...

– როცა მისი თეატრის მეგობრებთან ერთად ვიყავი, ყველა აღნიშნავდა, ეს ჩვენი ბიჭია და ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ჩვენთან სცენაზეო, სულ ეს მესმოდა, მაგრამ ჯემალს ყოველთვის ნეიტრალური პასუხი ჰქონდა – ვნახოთ, ვნახოთო. თეატრალურამდე, მე 13 წლის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე ვცეკვავდი. ათი წელი გოგი ჩაჩავასთან ვიცეკვე, რომელსაც დიდი სიყვარულით მოვიკითხავ და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, შემდეგი ოთხი წელი კი სუხიშვილების ძირითად ანსამბლში ვიყავი. როდესაც თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, ნუკრი ქანთარიამ მკითხა, რომ ჩააბარო, რას აპირებ, ამდენი წლის შემდეგ ცეკვისთვის თავის დანებება ადვილი არ იქნებაო. ჩემი პასუხი ცალსახა იყო, მე თეატრალურში ჩაბარება მინდოდა. გული მწყდებოდა, რომ ცეკვას თავს ვანებებდი, მაგრამ ახალი ცხოვრების დაწყება ძალიან მახარებდა, მსახიობობა მინდოდა. ჩემს ოჯახში ყველას სურვილი იყო, ამ გზას გავყოლოდი, გარდა ჯემალისა. მას არ უნდოდა, რადგან ძალიან ნერვიულობდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჰქონდა. თან, იმ პერიოდში მაინცდამაინც ჭკიანი და დამჯერი ბავშვი არ ვიყავი და ცოტა თავს იკავებდა. მერე ერთ-ერთ რეპეტიციაზე, თურმე, კულისებიდან ჩუმად მადევნებდა თვალს. დამიძახა და მითხრა, შენ დღეს ისე იმუშავე, მე დავრწმუნდი, რომ ამ საქმეში შენს პატარა სიტყვას იტყვიო.

– თუ გახსოვს, როცა პატარა იყავი, როგორ ხვდებოდა ქუჩაში ხალხი, როგორ გამოხატავდნენ მის მიმართ სიყვარულს?

– ყოველთვის მიკვირდა და სულ ვეკითხებოდი: ბაბუ, რატომ მოდის ეს ხალხი შენთან, რატომ გეფერებიან-მეთქი?! მიხსნიდა, ბაბუ, მთავარია, კაცურად იცხოვროო. სულ სადღაც დავყავდი. დილით უცებ გამაღვიძებდა, ორივეს ბარგი ჩალაგებული ჰქონდა და მეტყოდა, ადექი, მატარებელი გვასწრებსო. ხან სან მივყვადი, ხან – სად. ერთხელ ბათუმში წავედით, ანკესი გავაკეთეთ და ვთევზაობდით. იქვე რესტორანი იყო, დაინახეს ჯემალი, მთელი რესტორანი აიშალა და ყველა მას შემოეხვია. შიგნით შეგვიპატიჟეს, აბა, რა გნებავთო, ცალკე მე დამესივნენ, ნაყინებითა და ტკბილეულით, აბა, რა გინდაო. იქიდან რომ გამოვედით, გავაჩერე და ძალიან სერიოზულად ვუთხარი, ბაბუ, გადავწყვიტე, მეც ღაღანიძეობა მინდა-მეთქი (იცინის). მეგონა, გვართან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული.

– შემდეგ შეასრულე კიდეც მაშინ ნათქვამი.

– ძალიან გაუხარდა, როცა მართლა ასე მოვიქეცი. ამას თავისი ისტორია აქვს. ჯემალს უფროსი ძმა ჰყავდა, რომელსაც ორი ბიჭი ჰყავს, მათ კი – გოგოები. ჯემალს ერთი შვილი ჰყავდა, მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემი და შესაბამისად, გვარი წყდებოდა. ძალიან მინდოდა, ოდნავ მაინც გამეხარებინა ჯემალი. ამიტომ მისი გვარი დავიმატე და გავხდი მიკუჩაძე-ღაღანიძე.

– კლუბშიც მიგიყვანია ერთხელ სხვა დიდ მსახიობებთან ერთად.

– ქობულეთის სასტუმროში რუსთაველის თეატრის მსახიობებთან, დიდ სამეგობროსთან ერთად ვიყავით. იქ აგვისტოში ბატონ გურამ საღარაძის მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნად ვიკრიბებოდით ხოლმე. მე ისედაც სულ ამათთან ერთად ვიყავი ყველა დღეს და ყველა სუფრაზე. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო და თან, უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, რომ გართობა მინდოდა და გული კლუბისკენ მიმიწევდა (იცინის). გამოვიპარე და კლუბში შევედი. სუფრაზე ერთი ამბავი ამტყდარა, ბავშვი დაიკარგაო და დაუწყიათ ჩემი ძებნა.

ბოლოს ამ კლუბში რომ მომაკითხეს, ერთ გოგოს ვეცეკვებოდი. რა არის, ბაბუ, გეძებს მთელი ქობულეთიო, – მეუბნება ჯემალი და აი, ბაბუ, შენთვის გამოვედი, ნახე, რა გოგო გიპოვე-მეთქი, ვუპასუხე (იცინის). ამაზე ყველა ხარხარებდა და მერეც არაერთხელ მოუყოლია, როგორ ვეძებდი გოგოს ჯემალისთვის (იცინის).

– როგორი იყო თეატრისადმი მისი დამოკიდებულება?

– ძალიან ერთგული იყო თავისი პროფესიის და მასზე უზომოდ შეყვარებული. ახალგაზრდები ხშირად ვამბობთ, თეატრი ჩემი ტაძარიაო, მაგრამ სამწუხაროდ, იმავეს არ ვამტკიცებთ ქმედებებით. ჯემალისა და მისი თაობისთვის თეატრი მართლა ტაძარი იყო. მათ არც ხელშეკრულებები სჭირდებოდათ და არც მითითებები, სიტყვა ჰქონდათ დადებული ამ პროფესიის წინაშე. ჯემალი, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩეული იყო. მაშინაც კი, როდესაც მამა გარდაეცვალა, სცენაზე იდგა.

– თვითონაც ასე მოიქეცი. ბაბუის გარდაცვალების მეორე დღეს სცენაზე დადექი.

– ისტორია განმეორდა და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ასეც უნდა მომხდარიყო. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, ვინც იმ დღეს სცენაზე ჩემ გვერდით იდგა. დიდი მადლობა რობერტ სტურუას, გია თევზაძეს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს ამისთვის და გვერდში ამოუდგნენ ჩემს ოჯახს აბსოლურუტად ყველა თვალსაზრისით. ბატონ რობიკოსა და ჯემალს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ჯემალს რუსთაველის თეატრის თილისმას ეძახდნენ და მას ეს სახელი ბატონმა რობერტმა შეარქვა. ამის მიზეზი ჯემალის უსაზღვრო სიყვარული იყო თავისი პროფესიისადმი. რეპეტიციაზე ორი საათით ადრე მიდიოდა. ბოლოს მუხლები აწუხებდა, ნემსებს იკეთებდა და რამდენჯერ სპექტაკლი დასიებული მუხლებით უთამაშია. ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთებია და ისე გასულა სცენაზე. ბოლო პერიოდში, „მოხუც ჯამბაზებს“ რომ თამაშობდნენ, ჯემალმა და ბატონმა გურამმა კულისებში დასაჯდომი მოითხოვეს, იქნებ პატარა სავარძელი დაგვიდგათო. ამოუტანეს ერთი გრძელი დივანი, რომელზედაც რიგრიგობით წამოწვებოდნენ ხოლმე, როგორც კი სცენიდან გამოვიდოდნენ. ჩვენი ტექნიკური რეჟისორი მივარდებოდა, ბატონო ჯემალ, თქვენი შესვლააო, ეტყოდა და ჰო, ჰო, გრიშა, ამაყენე, ამაყენეო, – უპასუხებდა ჯემალი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაყურებელი ვერ ხედავდა. ესაა ამ პროფესიაში გმირობა, სცენაზე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ კულისებში ბევრი ტკივილია. თუმცა, ჯემალს არასდროს დაუჩივლია. ბოლოს, უკვე ვეღარ დადიოდა და მარტო იმიტომ უნდოდა ფეხზე წამოდგომა, რომ თეატრში დაბრუნებულიყო. ყველაფერი ვცადეთ, ცოტა წამოდგა, სახლში სიარული დაიწყო, მაგრამ მერე ისევ ჩაწვა. ჩემი ბოლო სპექტაკლი – „ძუნწი“, რომელიც გოჩა კაპანაძემ დადგა, ერთადერთი სპექტაკლია, რომელიც ჯემალმა ვერ ნახა. მსახიობებმა გადავწყვიტეთ, სპეციალურად მოგვეყვანა და მისთვის გვეთამაშა. როცა ეს სიტყვები ითქვა, ჩემთან ავედით, ხასიათზეც მოვიდა და ვუთხარით, რომ მხოლოდ მისთვის ვაპირებდით ამ სპექტაკლის თამაშს. ძალიან გახარებული იყო. თან, 90 წლის იუბილეს ელოდებოდა. ამბობდა, 90 წლამდე მიმიყვანა და მერე ჩემი ფეხით წავყვებიო... ძალიან ცოტა დააკლდა. ახლა ამ დღისთვის გეგმები გვაქვს და იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც მას უნდოდა და ეკადრებოდა.

– ბოლოს როგორ გრძნობდა თავს?

– ვერ მიიღო სიბერე, რადგან მან გამოაცალა ყველაფერი, რაც ასე ძალიან უყვარდა. მეხსიერება და აზროვნება ბოლომდე შეინარჩუნა, მხოლოდ ფიზიკურად დაუძლურდა და ვერანაირად ვერ შეეგუა ამ მდგომარეობას. ბოლო ორი წელი საერთოდ ვეღარ დადიოდა, მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ისეთ ასაკში იყო, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა, რესურსი ამოწურული იყო. სულ ამბობდა, იქნებ თვალიდან დავინახო, იქნებ ფეხზე დავდგე და თეატრში მოვიდეო. ძალიან უნდოდა დაბრუნება. ვუთხარით, იქნებ ეტლით მიგიყვანო-მეთქი და არა, მე თეატრს ამას ვერ ვკადრებო, გვიპასუხა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი