რატომ არ უყვარს გია გოგიშვილს ძვირად ღირებული ნივთები და როგორ დაუბრუნეს მას ქურდებმა ნაძარცვი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00
როგორი დამოკიდებულება აქვს მსახიობ გია გოგიშვილს ფულთან, რატომ ვერ მეგობრობს ის ფუფუნების საგნებთან და რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე თავად მოგვიყვება.
გია გოგიშვილი: სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ შტატი იყო საჭირო ინსტიტუტში ჩასაბარებლად და მე მშენებლობაზე აღმოვჩნდი. ჩემი პირველი შემოსავალიც ამ სამუშაოს უკავშირდება. პროფესიით პირველი ანაზღაურება რეკლამაში ავიღე. პატარა რაღაცები მანამდეც იყო, მაგრამ პირველი სერიოზული რეკლამა, რომელშიც ვითამაშე, „თელასს“ ეკუთვნოდა. მაშინ ეს რეკლამა ძალიან გახმაურებული იყო. მაგან დამღუპა, მას შემდეგ დაიწყეს ჩემთვის ფულის თხოვნა, თორემ მანამდე არავინ არაფერს მთხოვდა, ფიქრობდნენ, გაჭირვებული მსახიობია და რა ექნებაო. არც მეტი, არც ნაკლები, ამ რეკლამაში 300 დოლარი ავიღე. მაშინ ეს დიდი ფული იყო, 2000 წელიც კი არ იყო. ამ ფულით რომელიმე პატარა ქალაქში მერი გახდებოდი (იცინის). ოჯახშიც გავაგზავნე და ძმაკაცებსაც ვეცი პატივი. მაშინ ცოლი და შვილები არ მყავდა. იმ დროს ვინმეს 10 დოლარს რომ აჩუქებდი, სერიოზული კაცი იყავი და ესეც გავაკეთე. ეს ის პერიოდია, როცა ახალი დამთავრებული მაქვს სწავლა. მაშინ სახლები ღირდა 3 000 დოლარი.
რომ დავქორწინდი, მაშინ უკვე დიდი ბიჭი ვიყავი. იმ პერიოდიდან ფინანსურად სხვა მოთხოვნილებები გაჩნდა. მაინცდამაინც ბევრი ფული არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს, მაგრამ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ასეა და მიხარია ხოლმე, რომ მთხოვენ. ვინმეს მაინც რომ ჰგონიხარ ფულიანი, კარგია (იცინის).
– პირველი ანაზღაურება ძალიან კარგი გქონიათ. მერე ასე აღარ გაგიღიმათ ბედმა?
– ქართულ გადაღებებში ფული არ არის. როცა როლს გთავაზობენ, ყველა ერთსა და იმავეს გეუბნება, ხომ იცი, ფული არ არის... ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც თავიდანვე ვიცოდით, რომ ფული არ გვექნებოდა. ჩვენი პროფესიის ხალხში ასეა. ჩაბარებისას მამაჩემი მეუბნებოდა, შე გაჭირვებულო, უკან გამოხეული შარვლით ივლიო. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. არა, მთლად ასეც არ არის, ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. სიმართლე რომ ვთქვა, ფულის გამო არაფერს ვაკეთებ. ჩემს საქმეს ვაკეთებ იმიტომ, რომ მსიამოვნებს, ფულს თუ მომცემენ, ძალიან კარგია. შეიძლება, ხვდებიან ჩემს დამოკიდებულებას და მაინცდამაინც ბოლოს მეუბნებიან ხოლმე თანხას. რაც არ უნდა იყოს, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, როგორც შემიძლია, კარგად, ღმერთმა როგორი ნიჭიც მომცა, იმის შესაბამისად.
– როგორი მხარჯველი ხართ?
– რომ გითხრათ, მაგარი მხარჯველი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. მით უმეტეს, თუ ფხიზელი ვარ და ძირითადად, ფხიზელი ვარ. როგორც ყველა ქართველი კაცი, სიმთვრალეში მეც ფულიანივით ვიქცევი. თუმცა, მაინცდამაინც რესტორნებსა და ჩასაცმელებში არ ვხარჯავ ფულს. ოჯახი მაქვს და ვცდილობ, შემოსავალი სწორად გადავანაწილო. იმასაც გააჩნია, რა არის შენთვის ფასეული. მე პირადად, ტანსაცმელი ან მანქანა არასდროს მიმაჩნდა ფასეულად. თუ არ მჭირდება, მანქანა რატომ უნდა მყავდეს, თორემ ერთ დანგრეულ მანქანას მეც ვიყიდი. არ მინდა, ზედმეტი საფიქრალი, არაფერში მჭირდება. სულ მიკვირს იმ ხალხის, ძალიან დიდ ფულს რომ იხდიან მანქანაში. რა ფასეულობაა ასეთი?! თუ გჭირდება, შეიძლება, ხუთიათასიანითაც იარო, 50-ათასიანი რა საჭიროა?! თუნდაც, სახლი ავიღოთ, ეს ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ სითბო გქონდეს, შინ მისვლა გიხაროდეს, სტუმრის მიღება შეგეძლოს და ჭერიდან წყალი არ ჩამოგდიოდეს. მეტი რა საჭიროა?!
– ესე იგი, ფუფუნების საგნები არ გიტაცებთ.
– ძველი ნივთები უფრო მხიბლავს, მათ თავისი ისტორია აქვთ. ჩემთან სახლში რომ შემოხვიდეთ, ნახავთ, რომ ჭაღის ნაცვლად პიანინოს კლავიატურა მაქვს ჩამოკიდებული. ის ნივთი ჩემთვის რაღაცას წარმოადგენდა და ძვირფასია. მყავს ახლობლები, რომლებიც ჩემთან უფრო ხშირად მოდიან, ვიდრე მათთან, ვისაც დიდი სახლი აქვს. ჩემს სახლში მე ძლივს ვეტევი, მაგრამ მაინც სულ აქ ეტენებიან (იცინის). ფუფუნების საგნები რა საჭიროა. საათი თუ გინდა, რა საჭიროა მასში დიდი თანხის გადახდა, მთავარია, დროს გიჩვენებდეს. ვერც ძვირად ღირებული ტელეფონების მნიშვნელობას ვხვდები. კარგ ფოტოებს იღებსო და ამისთვის ფოტოაპარატი ხომ არსებობს?! ჩემთვის ასეთი რამეები ნაკლებად ფასეულია. ფულიც იმდენია საჭირო, რამდენიც გყოფნის. ჩემებიც შეეჩვივნენ ჩემს ხასიათს. აქვთ იმდენი, რაც ადამიანს უნდა ჰყოფნიდეს. ხანდახან შეიძლება, არც გეყოს, თუმცა, ცხოვრებაა და ასე უფრო საინტერესოა. თან, არ დაგიმალავთ, მე მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ახლაც რომ დავურეკო და 10 000 ვთხოვო, მაშინვე დამირიცხავენ. ჩემს შვილს მოტოციკლეტი უნდოდა, ჩემმა მეგობარმა ყური მოჰკრა და აჩუქა. მამაშენი არაფერს მართმევს და შენ გაჩუქებო.
– პროფესიის მიღმა თუ გქონიათ მცდელობები?
– ვცდილობ, თეატრიდან არ გავიდე. თეატრში ვაკეთებ, რაც შემიძლია. ძალიან მიყვარს ეს სფერო, თავისი ინტრიგებით, მაიმუნობებით, ჯუჯღუნით, ჩემი სახლივითაა. ყველა თეატრი მიყვარს. ისრაელშიც რომ ვიყავი, იქაც თეატრში ვმუშაობდი. სხვაგან დიდი ხელფასი მქონდა, მაგრამ ნაკლებ ხელფასზე თეატრში გამოვძვერი, რადგან იქ ვგრძნობ თავს კარგად. სხვადასხვა თეატრში ვყოფილვარ სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს თავს კარგად მაგრძნობინებს.
– ოდესმე რამე თუ მოგიგიათ ან გიპოვიათ?
– ზოგადად, ლატარია სისულელე მგონია და არც ვყიდულობ. ერთხელ დროის გაყვანა მინდოდა და ვიყიდე „გადაფხიკე და მოიგეს“ ბილეთი და თმის ფენი მოვიგე. თავზე თმა არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა, სახლში საჩუქარი რომ მოვიტანე. ხუთი ლარი ვიპოვე ერთი თვის წინ და აქეთ-იქით დავრბოდი, სულელივით. ყველა გამვლელმა უარი მითხრა, მე არ ამომვარდნიაო, პატიოსანი ხალხი შემხვდა, შევედი და ყავა დავლიე.
– დაგიკარგავთ ან მოუპარავთ?
– ერთხელ სახლში შემოვიდნენ მოსაპარად. ახალი ნაყიდი მქონდა სახლი და რაც წაიღეს, მერე უკან შემომიყარეს. ვიღაცებთან დავრეკე და ამიტომ დააბრუნეს. ეს ბევრი წლის წინ იყო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ამიტომ დავრეკე.
დაკარგვით, ერთხელ მე და ჩემმა მეუღლემ ორი ოქროს სამაჯური და ფეხსაცმელები გადავყარეთ, ახალი გადმოსულები ვიყავით ამ სახლში და შემთხვევით ნაგავს გავაყოლეთ. დილით მოვიკითხეთ, მაგრამ ვინ შეგინახავდა. წაიღო ჩვენი ჭირი. არაფერია, ვიღაც ნახავდა.
– რაში დაგიბანდებიათ ფული წარმატებით და რაში „გადაგიყრიათ“?
– იმდენი ფული არასდროს მქონია, რომ რამეში დამებანდებინა. სახლი აუცილებელია და ვიყიდე. შვილების განათლებაში ჩავდე – ამაზე დიდი დაბანდება არაფერია, მარტო შენ კი არა, ის ქვეყანას უნდა გამოადგეს. ამაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ მოკვდები, რას წაიღებ?! მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ერთი ოქროს ბეჭედი ჩავაყოლე და ამით დამთავრდა ყველაფერი. მერე ვმაიმუნობდი, რომ გამიჭირდეს, შეიძლება, ამოვთხარო და მოვაძრო-მეთქი. ადამიანებმა, სიკეთის გარდა, რაში უნდა დავაბანდოთ ფული?! ერთი ახლობელი მყავს – ბიჭი დავარდნილ დედას პატრონობს და ასეთ კაცს სულ მცირედითაც რომ გაუმართო ხელი, ამაზე მნიშვნელოვანი რა არის?!
ხანდახან სისულელედ მიმაჩნია, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რამეს რომ არ ვყიდულობ და გადავწყვეტ ხოლმე, მე თვითონ გავაკეთო. ახლაც რაღაცის ყიდვა მინდა, მე თვითონ რომ გავაკეთო, ჰა, ჰა ასი ლარით იაფი დამიჯდეს და ჩემი ცოლი მეჩხუბება, გიღირს ას ლარად, დროშიც გაგეწელება, უნდა იწვალოო, მაგრამ მე დავიჟინებ და ჩემი ხასიათი რომ ვიცი, უფრო ძვირი დამიჯდება, რადგან ფანტაზია გამეხსნება და ხან რის დამატებას მოვინდომებ, ხან - რისას. ასე მუშაობა მიყვარს. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. სახლი, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემი აშენებულია. მიყვარს ჩხირკედელაობა. ამით ვისვენებ. თეატრებსაც ვაშენებ. უფრო სწორად, თეატრს იდეა აშენებს, მე მხოლოდ ვეხმარები. ვინმე რომ იტყვის, აქ თეატრი ავაშენოთო, მე მეორე დღეს უკვე დანგრეული მაქვს, თუ ძველი შენობა იდგა იმ ადგილას და ნიჩბით ვგდგავარ ახლის დასაწყებად. არაფერი მეზარება, არაფერი მღლის, პირიქით, მიხარია, რომ ამას ვაკეთებ და არაერთი თეატრის შენებაში მიმიღია მონაწილეობა. ამას სხვისთვის არა, საკუთარი თავისა და თეატრისთვის ვაკეთებ. თეატრში შეიძლება, რაღაც არ მომეწონოს და სანამ მაყურებელი შემოვა დალაგება დავიწყო. იმიტომ კი არა, რომ დამლაგებელს ვაყენებ შეურაცხყოფას, შეიძლება, მან რამე ვერ დაინახოს და მე თუ დავინახე სადმე ობობის ქსელი, რატომ არ უნდა ჩამოვწმინდო და ბევრჯერ ჩამომიწმენდია კიდეც, იმიტომ, რომ ეს თეატრია და მე ის მიყვარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





