რატომ არ უყურებს თავის შოუს დათი ხიმშიაშვილი და როგორ გახდა მისი ოთახი პატარა სპორტული მუზეუმი
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 10.03

ერთი წლის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი შოუს დაანონსებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მართალია, ქართულ ტელესივრცეში უამრავი შოუა, მაგრამ ამ ახალი შოუს წამყვანი უნდა ყოფილიყო ბავშვი, რომელიც მიწვეულ სტუმრებთან თამამად და საინტერესოდ შეძლებდა კომუნიკაციას, კითხვის დასმას, სტუდიაში ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომ ინტერესის გარდა მაყურებლისთვის, დამსწრე საზოგადოებისთვის და რესპონდენტისთვის შოუ საინტერესო და საყვარელი გამხდარიყო. ასეთი აღმოჩნდა დათი ხიმშიაშვილი, რომელიც მაშინ 9 წლის იყო. ქასთინგიც წარმატებით გაიარა, წამყვანობაც კარგად მოირგო და მაყურებელს პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა თავი.
– დათი, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ეკრანზე გამოჩნდი და „რუსთავი 2-ზე“ „დათის შოუს“ წამყვანი ხარ. როგორ მოხვდი ამ შოუში და ზოგადად, რა შეცვალა შენს ცხოვრებაში ამ ერთმა წელმა?
– დიახ, ერთი წელი შესრულდა, რაც „რუსთავი 2-ზე“ „დათის შოუს“ წამყვანი ვარ. ამ ერთ წელში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. რომ გავიგე, „რუსთავი 2-ზე“ ახალი გადაცემა იწყებოდა და ბავშვ წამყვანს ეძებდნენ, დავინტერესდი. მხოლოდ ოჯახის წევრებს ვუთხარი, სხვებისთვის არ გამიმხელია, თავს ვიკავებდი. დავუკავშირდი ტელევიზიას, გადმომიგზავნეს ტექსტი, ვისწავლე, ჩავწერე ვიდეო და გადავუგზავნე. დამიბარეს სტუდიაში და როცა ტექსტი იქ მოვყევი, მოეწონათ. დიდად არ ვნერვიულობდი. სხვათა შორის, ჩემ გარდა, ბევრი ბავშვი იყო და გვითხრეს, დაგირეკავთ და პასუხს გაგაგებინებთო. არ უთქვამთ, რა კრიტერიუმით არჩევდნენ წამყვანს, მაგრამ მივხვდი, რომ მთავარი მეტყველება და ვიზუალი იყო. დიდი იმედი არ მქონდა, რომ ამდენ ბავშვში მე ამარჩევდნენ. ზოგადად, არ მიყვარს ტექსტის დაზეპირება, უფრო მიადვილდება, როცა ჩემით, წაკითხულის შინაარსს გადმოვცემ და ალბათ, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ მე ამარჩიეს. გადაცემის პილოტი რომ ჩავწერეთ და „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, ვაკო ავალიანმა ნახა, მოეწონა. ძალიან ემოციური ვარ და როცა ჩემმა პროდიუსერმა, სოფო ბანძავამ დამირეკა და მითხრა, ვაკოს მოეწონა და გადაცემა დამტკიცებულიაო, სიხარულით ვიტირე.
– ალბათ, არასოდეს დაგავიწყდება პირველი გადაცემის ჩაწერა და პირველი სტუმარი. დარწმუნებული ვარ, იყო შიში და ნერვიულობა.
– დიახ, არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი გადაცემა და ეკრანზე გამოჩენა. ჩემი პირველი სტუმრები საქართველოს რაგბის ნაკრების სპორტსმენები იყვნენ. რასაკვირველია, ვნერვიულობდი და რამდენიმე დუბლის ჩაწერაც გახდა საჭირო. მერე, ეკრანზე რომ ვნახე ჩემი თავი, დავმშვიდდი. სხვათა შორის, მხოლოდ ჩემს პირველ გადაცემას ვუყურე ტელევიზორში და მას მერე აღარ მიყურებია, რაღაცნაირად, არ შემიძლია (იცინის). არ დამავიწყდება, პირველად რომ დავჯექი სავარძელში და სტუმარი უნდა შემოსულიყო, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, ემოცია მომაწვა და ვიტირე. მერე, დავწყნარდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ორი ბებო მყავს, ძალიან მოსწონთ ჩემი გადაცემა, ყველა საქმეს გადადებენ, მოკალათდებიან სავარძლებში და მიყურებენ. პირველი გადაცემა რომ გავიდა, სიხარულისგან ორივეს წნევა აეწია (იცინის). ორი ძმა მყავს – 26 და 20 წლის. მართალია უფროსები არიან, მაგრამ მათგან განებივრებული არ ვარ, უფრო დედა, მამა, ბებიები და ბაბუა მანებივრებენ. ჩემი ძმებიც უყურებენ ჩემს გადაცემას და შენიშვნებს მეუბნებიან, ეს ასე შეცვალე, ის ისეო, მაგრამ კრიტიკულები არ არიან. ჩემი თანაკლასელები და მეგობრებიც მგულშემატკივრობენ, ჩაწერაზეც იყვნენ სტუმრად და ბევრი ფოტოც გადავიღეთ.
– ეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე, 9 წლის ასაკში, ცნობადი ბიჭი გახდი. უცხო ადამიანები თუ გცნობენ ქუჩაში და რას გეუბნებიან? შენი აზრით, როგორია ერთ დღეში მოპოვებული პოპულარობა?
– გულწრფელად რომ გითხრათ, კი მცნობენ ქუჩაში, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანები, მაგრამ ჩემი თავი პოპულარული არ მგონია (იცინის). ბევრჯერ გავუჩერებივარ და უთქვამთ: შენ ხომ „დათის შოუს“ წამყვანი ხარ, გიყურებთ და კარგი ბიჭი ხარო. ერთხელ, მაღაზიაში შევედი, გამყიდველმა მიცნო და მთხოვა: ფოტო გადავიღოთ ერთად, მინდა, დედაჩემს ვაჩვენო, სულ შენ გიყურებსო. ასე რომ, ამ ერთ წელში პოპულარული – არა, უფრო ცნობადი გავხდი. ამ შოუმ ძალიან ბევრი რამ მომცა – დავხვეწე მეტყველება, გავიწაფე იუმორში, მეგობრებიც შევიძინე ტელევიზიაში, მათ შორის „რეზო და ბავშვები“, მაქვს პირადი „ფეისბუკგვერდი“, რომელსაც მარიამ ჟღენტი მართავს, უფრო თავისუფალი გავხდი. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს წლები ყველაზე კარგად გამახსენდება. ასაკით პატარა კი ვარ, მაგრამ გამიმართლა. მადლობა ვაკო ავალიანს, რომ მომცა საშუალება, ჩემი ბავშვობის წლები საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
– რომ გავიგე, გადაცემის ჩაწერის დროს სუფლიორი არ გიდგას წინ, სადაც ტექსტი გადის და არც „ყური“ გიკეთია, რისი საშუალებითაც პროდიუსერი გეკონტაქტება, ცოტა გამიკვირდა. ასე მუშაობა და შოუს წაყვანა გამოცდილ წამყვანებს უჭირთ. როდესაც პროდიუსერები სცენარს გაწვდიან, მას იზეპირებ და სიტყვასიტყვით იმეორებ და მას მიჰყვები, თუ შენს იმპროვიზაციასაც იყენებ?
– რომ ვამბობ, გადაცემის ჩაწერის დროს არც „ყური“ მაქვს და არც სუფლიორი-მეთქი, ყველას უკვირს (იცინის). ჩემი სცენარისტები – თორნიკე რევია, გიორგი ჭანტურიძე და ზურა ყანჩაველი რომ წერენ სცენარს და მაწვდიან, გულდასმით ვკითხულობ და ვიზეპირებ, მაგრამ გადაცემის ჩაწერის დროს ჩემი იმპროვიზაციაც არის. მონოლოგს თუ ნიუსს, ვსწავლობ, თუმცა დაზეპირებულ ტექსტს არ ვიმეორებ, უბრალოდ, ვითავისებ და ჩემი სიტყვებით ვყვები. ამაში შეზღუდული არ ვარ. სცენარს მიღმაც თუ გამიჩნდა რესპოდენტთან კითხვა, ვეკითხები. თავიდან კი ვიყავი დაძაბული, მაგრამ მერე კარგად მოვერგე შოუს ფორმატს და ახლა აღარ მიჭირს და არც მიძნელდება.
– გადაცემაში საკმაოდ საინტერესო, ცნობადი, წარმატებული, საზოგადოებისთვის საყვარელი სტუმრები გყავს. არის მათგან ისეთი, ვის სტუმრობასაც განსაკუთრებით გამოარჩევდი?
– გამიჭირდება რომელიმე სტუმრის გამორჩევა, მაგრამ რასაკვირველია, იყვნენ სტუმრები, ვინც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, მაგალითად, იუმორისტები – ნიკა არაბიძე, პაატა გულიაშვილი, ასევე, ჯაბა კილაძე, რომელიც სერიალ „შუა ქალაქიდან“ შემიყვარდა. მანამდე ცნობად ადამიანებთან არ მქონია შეხება, მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი და დღეს რომ ჩემი სტუმარია, კითხვას ვუსვამ და ვესაუბრები, ვერც კი გადმოვცემთ, რა განცდაა.
უდიდესი ბედნიერებაა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მე თუ შოუს წამყვანი ვიქნებოდი და ამდენ ცნობილ ადამიანს გავიცნობდი. მათი ნაჩუქარი ნივთები ჩემს ოთახში საპატიო ადგილს იკავებს. მაგალითად, რაგბისტებმა მაჩუქეს რაგბის ბურთი და მაისური წარწერით – „დათის შოუ“, ძიუდოისტებმა – ძიუდოს ფორმა, ზუკა რურუამ – წყალბურთის ბურთი, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა – ჭადრაკის დაფა ავტოგრაფით და ვხუმრობ ხოლმე: სახლში პატარა სპორტული მუზეუმი მაქვს-მეთქი (იცინის). ჩემთვის ყველა ნაჩუქარი ნივთი მართლა შეუფასებელია და მას მთელი ცხოვრება გავუფრთხილდები და შევინახავ.
– გასაგებია, რომ სცენარის მიხედვით გარკვეულ ინფორმაციას იღებ იმ ადამიანზე, ვის პირისპირაც უნდა დაჯდე, ესაუბრო და კითხვები დაუსვა. სცენარს რომ თავი დავანებოთ, სანამ ჩაწერაზე მიხვალ, თუ ინტერესდები და იძიებ დამატებით ინფორმაციას სტუმრების შესახებ?
– დიახ, თუ ნაკლები ინფორმაცია მაქვს სტუმრის შესახებ, ან მშობლებს ვეკითხები ან ინტერნეტში ვიძიებ. ყოველი გადაცემის ჩაწერის წინ, ჩემებურად ვემზადები. სცენარის გარდა, ყველა სტუმარზე ვიცი, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა გზა გაიარა, რა წარმატებას მიაღწია და ასე შემდეგ.
– თქვი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ შოუს წამყვანი ვიქნებოდიო. სულ პატარაობაში, რა გინდოდა გამოსულიყავი, რაზე ოცნებობდი?
– სულ პატარაობაში მინდოდა, პოლიციელი გამოვსულიყავი. მამა ყოფილი პოლიციელია და მეც მინდოდა პოლიციელობა. ცოტა რომ წამოვიზარდე, ფეხბურთელობა მინდოდა. ფეხბურთზე დავდიოდი და ახლაც დავდივარ. იურისტობაზეც ვფიქრობ. გოგა პიპინაშვილის სტუდიაში დავდიოდი, არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა, შემაყვარეს სცენა და მსახიობობაც მინდოდა. ახლა რომ დავფიქრდი, იმდენი რამე მინდოდა, გამოვსულიყავი და ისე მეცვლებოდა გეგმები, უკვე აღარ ვიცი, მომავალში რა მინდა, გამოვიდე (იცინის). მთელი კვირა გადანაწილებული მაქვს. ვცდილობ, სკოლაში სულ მომზადებულმა ვიარო. მიუხედავად იმისა, რომ კარატეზეც დავდივარ, თეატრალურ სტუდიაშიც, ფეხბურთზეც, ცურვაზეც, ტელევიზიის სტუდიაშიც, გადაცემის ჩაწერებზე, სულ მომზადებული მივდივარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან