რატომ არ სარგებლობს ნია წივწივაძე ორსულობით და რა სიურპრიზი გაუკეთა მან მეუღლეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 31.07, 2023 წელი

მის საქართველო ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან.
ნია წივწივაძე: ეს ამბავი ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ყველაფერი დაგეგმილად მოხდა. მე და ნიკუშა ორი წელი ვცხოვრობდით ერთად და ეს პერიოდი ვფიქრობდით, რომ ჯერ მხოლოდ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, გვეცხოვრა, გვემოგზაურა და თავგადასავლები შეგვეგროვებინა. როცა მივხვდით, რომ შვილისთვის მზად ვიყავით, დავგეგმეთ კიდეც და ძალიან მალე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ამიტომ ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა.
– მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ემზადებოდი, რომ გაიგე, ალბათ, მაინც ძალიან დიდი ემოცია იქნებოდა.
– იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მალე გავიგებდი დადებით პასუხს, ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ძალიან მარტივად და ჩვეულებრივად გავაგრძელე ყველაფრის კეთება. ჩავიცვი, სამსახურში წავედი. სამსახურის შემდეგ ვარჯიშზე და ასე შემდეგ. განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია. მინდოდა, ჯერ ანალიზებიც შემემოწმებინა, რომ ყველასთვის თამამად მეთქვა ამის შესახებ. ანალიზების პასუხიც დადებითი იყო და ორი დღის შემდეგ ვუთხარი ჩემს მეუღლეს. მანამდე მაინც ვუმალავდი, არ მინდოდა, რამე შეცდომა მომხდარიყო.
– მეუღლეს როგორ უთხარი?
– ნიკუშას არ უყვარს გრანდიოზული სიურპრიზები და მსგავსი რამეების ბევრ ხალხთან ერთად აღნიშვნა თუ აფიშირება. მეც ასეთი ვარ და ამიტომ რამე განსაკუთრებული არ მომიწყვია. ისეთი ამბავია, რომ მგონია, მხოლოდ ორ ადამიანს შორის უნდა იყოს გაზიარებული. ამიტომ გადავწყვიტე, სიმბოლური საჩუქარი მეყიდა და მისი გადაცემის დროს მეთქვა, რომ შვილი გვეყოლებოდა. ბავშვის ტანსაცმელი ვიყიდე და ასე გავაგებინე, რომ მამა გახდებოდა.
– ის თუ შეხვდა ემოციურად ამ ამბავს?
– ზოგადად, მე უფრო ემოციური ვარ, მაგრამ ნიკუშა ძალიან ემოციურად შეხვდა, თითქოს არ ელოდა. ისიც დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე თვეში დადებითი პასუხი იქნებოდა, მაგრამ იმ მომენტში, რატომღაც, არ უფიქრია, რომ ამ საჩუქარს გადავცემდი. ვალენტინობის პერიოდი იყო, სპეციალურად დავამთხვიე ამ თარიღს, რომ საერთოდ ვერ მიმხვდარიყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი საჩუქარი.
– ხასიათი თუ შეგეცვალა, ემოციური გახდი?
– პერიოდები მაქვს ხოლმე. პირველი სამი თვის განმავლობაში თითქოს იყო რაღაც მსგავსი და მერე გადამიარა. ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურია. ზოგი ძალიან იფერებს ორსულობას ხასიათით თუ კვებით. მე არაფერზე მქონია გართულება. არც ხასიათი შემცვლია დიდად და არც საკვების მხრივ მქონია პრობლემები, არც ტოქსიკოზი. კი, მქონდა რაღაც შეგრძნებები, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. მსგავს რამეებზე რომ არ მეფიქრა, გარეთ გავდიოდი სასეირნოდ. ისეთი დოზითაც არ შევუწუხებივარ, რომ ხელი შეეშალა. საერთო ჯამში, რთული ორსულობა არ მაქვს და ალბათ, ამიტომ. თუმცა ბოლო ერთი თვეა, ექიმმა მირჩია, შედარებით მოსვენებულ მდგომარეობაში ვიყო. უკვე მეშვიდე თვეში ვარ, თან, ცხელა. ახლა უმეტესად ონლაინ ვმუშაობ და მალე დეკრეტშიც გავალ. დასვენება არ მინდა, მაგრამ მომიწევს (იცინის).
– არც ვიზუალურად შეცვლილხარ. მუცელი, რა თქმა უნდა, გეტყობა, მაგრამ სხვა არაფერი.
– არცერთი წამი არ მიფიქრია წონის კონტროლზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ ბევრი არ მოვიმატო. ისედაც არ არის კარგი, არც ორსულისთვის და არც ბავშვისთვის, მაგრამ კილოგრამების მატების გამო სტრესი არ მქონია. ყოველდღე რომ იწონებიან, ასეთი რამ არ მჭირს. გეგმურ ვიზიტებზე რომ მივდივარ, იქ მეუბნება ხოლმე ექიმი აიწონეო და ამით ვკმაყოფილდები (იცინის). როცა თავს მსუბუქად გრძნობ, შენ სხეულს უსმენ და ხვდები, რომ არ გაწუხებს, არ არის საჭირო ყოველდღე აწონვა.
ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ორსულობა ზაფხულს დაემთხვა. მსუბუქი საკვებითა და ხილით მარტივად გადამაქვს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული მინდება და ვჭამ.
– როგორც ვხვდები, განსაკუთრებული სურვილებიც არ გაქვს, ისეთი, ქმრებს რომ ცოტა ეშინიათ ხოლმე.
– არა, საერთოდ არაფერი არ მომითხოვია და ჩემი მეუღლე მეხვეწება ხოლმე, მითხარი, რა გინდა, რა მოგიტანო, სად წავიდეო (იცინის). მართლა არაფერი მინდება და ძალით ხომ არ მოვიგონებ. ძალიან უკვირს. მერე თვითონაც თქვა, ალბათ, მართლა ფსიქოლოგიური და ცოტა შეფერების მომენტიაო. ალუჩა მხოლოდ ორსულობისას კი არა, ნებისმიერ დროს შეიძლება, მომინდეს, დეკემბერში ალუჩის მონატრება ხომ ძალიან ნორმალურია და ასეა ორსულობის დროსაც. უბრალოდ, რადგან ორსულად ხარ, ეს ნატვრა აუცილებლად უნდა აისრულო, ეს არის განსხვავება, მე ასე მგონია. თუმცა, მე მართლა არც ერთხელ არ მომითხოვია რამე.
– როგორც ვხვდები, არაფერს არ აპრობლემებ.
– არა, ხომ ვამბობ, სულ მეკითხებიან, რა გინდა, რა მოგიტანოთო და მე საერთოდ არაფერი მინდა (იცინის). არ ვსარგებლობ ამ მდგომარეობით. თან, მგონია, ეს მდგომარეობა რომ შევიფერო, წამოვწვე და რაღაცები მოვითხოვო, მერე ჩვეულ რიტმში დაბრუნება გამიჭირდება. ამიტომ არ ვნებდები, მინდა, ისე ვიყო, როგორც აქამდე.
– როგორ ემზადები დედობისთვის?
– როდესაც გადავწყვიტე, რომ უკვე მზად ვიყავი, შვილი მყოლოდა, ექიმთან მივედით, ანალიზები ავიღეთ, გავიგეთ, რომ ყველაფერი კარგად იყო და მერე დავგეგმეთ ორსულობა.
დაახლოებით, ორ თვეში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ანუ, ყველაფერს ნორმის მიხედვით მივყვებოდი. ორსულობის პერიოდშიც ვიცავ წესებს და მომწონს ეს პროცესი. ვცდილობ, გათვითცნობიერებული ვიყო, ვიცოდე, როდის რა არის საჭირო. მგონია, რომ უხერხულიცაა, ამ ასაკში ექიმთან რომ მიდიხარ, ის რაღაცებს გეუბნება და შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რაზე საუბრობს. ვცდილობ, მომზადებული ვიყო. რაც შეეხება ბავშვის მოვლას, ვფიქრობ, რომ ამას უფრო პროცესში ვისწავლი, ვიდრე წინასწარ. ჯერ ორსულობაზე ვარ კონცენტრირებული.
– როგორ აპირებ მშობიარობას და მეუღლეს თუ სურს დასწრება?
– არაფერზე არ მაქვს პრობლემა, როგორც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ჩემი ორგანიზმიდან გამომდინარე, ისე მოვიქცევი. რაც შეეხება მეუღლის დასწრებას, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბავშვს დავგეგმავდით, უკვე ვიცოდი, რომ ნიკუშა აუცილებლად დაესწრებოდა ჩვენი შვილის დაბადებას. მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ იქ იყოს და ეს მეც ძალიან მინდა. ჩემი აზრით, ამ მომენტს ორივე მშობელი უნდა იზიარებდეს.
– როგორ დედად წარმოგიდგენია თავი?
– 29 წლის ვარ, ანუ, იმდენად გააზრებულ ასაკში დავორსულდი, ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტად ვარ მზად მშობლობისთვის, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ ვიქნებოდი. მაშინ ძალიან ბავშვური ვიყავი. ბავშვის გაჩენა არ არის იმდენად რთული, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მისი გაზრდაა და ვფიქრობ, რომ ამ ასაკში ეს არ გამიჭირდება.
– რას ფიქრობ სამსახურთან დაკავშირებით პატარას დაბადების შემდეგ?
– ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ, მთლიანად სპორტსა და ფეხბურთში ვარ ჩართული. უკვე გადათვლილი მაქვს დრო, ბავშვის დაბადების შემდეგ როდის შევძლებ დაბრუნებას. ისინიც მელოდებიან და მეც მინდა, მალე განვაგრძო ჩემი საქმიანობა და ჩემს კარიერაში კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი დავაგროვო. ვნახოთ, როგორ გამომივა. გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც მპირდება, რომ დამეხმარებიან. ბებიები, ჩემი ქმარი და ასე შემდეგ. ამიტომ, დიდი ხნით არ ვაპირებ პაუზის აღებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან