შოუბიზნესი

რატომ არ მიიჩნევს ანი ქურდაძე თავს წარმატებულ ადამიანად და როგორ მართავს ის საკუთარ თავს

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 10.07

ანა ქურდაძე
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რომელმა განსაზღვრა „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებულის, ანა ქურდაძის ცხოვრება, რა ეხმარება მას რთული პერიოდების დაძლევაში და როგორ ახერხებს საკუთარი თავის მოტივირებას, ამ ყველაფერს მისგან შევიტყობთ.

ანა ქურდაძე: მე საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ. ჯანმრთელობა, გარეგნობა, დედის ჯანმრთელობა, მეგობრები და ახლობლები ჩემ გვერდით – ეს ყველაფერი თავს ნამდვილად იღბლიანად მაგრძნობინებს. იღბლიანთან ერთად, შრომისმოყვარეც ვარ. ხანდახან ჩემი მეგობრები ფუტკარს მეძახიან (იცინის). ძალიან მიყვარს შრომა, მაგრამ მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი შემიძლია. სხვისი თვალით ბევრი ჩანს, მაგრამ ჩემი შეფასებით, სულ დანაკლისის შეგრძნება მაქვს და მინდა, კიდევ უფრო მეტად დავიხარჯო.

– ის, რაც დღეს გაქვთ, იღბლის დამსახურება უფროა თუ შრომისმოყვარეობის?

– იღბალი უფრო გამართლებაა, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრა. მე მაინც შრომისმოყვარეობას ვაყენებ პირველ ადგილას. ცხოვრებაში რისთვისაც მიმიღწევია, ყველაფერი არაერთი მცდელობის შედეგია. პირველ ცდაზე არასდროს არაფერი გამომსვლია. რაღაც მინდა, ვიწყებ მისკენ სწრაფვას და დაუღალავი მცდელობების შედეგად მოდის წარმატება. შეიძლება, სცადო, არ გაგიმართლოს და წყალში ჩაიყაროს შენი შრომა, მაგრამ მეორედ რომ ცდი, მესამედ და იცი, რომ არა უშავს, თუ დღეს არ გაგიმართლა, თუ დღევანდელი დღე შენთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა, კიდევ იშრომებ, კიდევ არ გაგიმართლებს, მაგრამ თუ შრომას და მცდელობებს არ შეწყვეტ, ის იღბლიანი დღეც აუცილებლად დაგიდგება, როცა სასურველ შედეგს მიაღწევ. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე ხდება.

– თუმცა, რამდენჯერმე რომ არ გაგიმართლდება მოლოდინი, კიდევ ცდა საკმაოდ რთულია.

– ასეთ დროს ჩემი თავდაჯერებულობა მეხმარება. ვიცი, რომ შემიძლია, ვგრძნობ, რომ გამომივა, ჩემი თავის რწმენა მაქვს. არ გამოვიდა იმიტომ, რომ ალბათ, რაღაც დავაკელი, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული, საკმარისად არ დავიხარჯე. როცა რაღაც გამოდის და ანალიზს ვაკეთებ, მერე ვხედავ მიზეზებს. შეიძლება, ბოლომდე დაიხარჯო, მაგრამ არ გამოვიდეს, იქნებ, უბრალოდ, სხვისი დღეა, სხვა უფროა მოწადინებული და მას გამოსდის, მერე რა... თუ საკუთარი თავის გჯერა და მე საკუთარი თავის ძალიან მჯერა, ძალას არ დაკარგავ და შედეგს აუცილებლად მიიღებ.

– ყველაზე მეტი რისთვის გიშრომიათ, ყველანაირი ძალისხმევა რისთვის გაგიღიათ?

– მხოლოდ ურთიერთობისთვის. საქმისთვის ყოველთვის დამიკლია, მაქსიმალურად არასდროს დავხარჯულვარ. მგონია, რომ ყოველთვის უფრო მეტი შემიძლია. ვიცი, რომ მაინც გამომივა და შეიძლება, ბოლომდე ამიტომაც აღარ ვიხარჯები. ბოლომდე რომ დავიხარჯო, შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნება და ამიტომაც მაქვს მუდმივად უკმაყოფილების განცდა.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– ისევ საკუთარი თავი. ანა, შენ არ გაქვს უფლება, ცუდად იყო, უნდა ადგე და გააგრძელო! ამ სიტყვებს საკუთარ თავს ვუმეორებ. ილიას ცნობილ სიტყვებს ვთარგმნი ხოლმე ჩემი თავისთვის „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ანა შენთვის ძალისხმევის მომცემი“. როდესაც ცუდად ვარ, ვიცი, რომ უნდა ავდგე და რაღაცის გაკეთება ვცადო. მჯერა, რომ ეს შედეგს გამოიღებს. როგორც რძეში ჩავარდნილი თაგვი, ბევრი ფართხალის შედეგად ჭიქას თავს დააღწევს, ასეთი წარმოდგენა მაქვს ცხოვრებაზე. თუ ადამიანი ენერგიას დახარჯავს, ის აუცილებლად კომპენსირდება. მჯერა, რომ გამორიცხულია შენი ძალისხმევა უკვალოდ გაქრეს.

– შორიდან საკმაოდ შეუპოვარი და ნაკლებად დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. როგორია თქვენი ცუდად ყოფნა?

– დეპრესიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ მქონია ისეთი პერიოდები, რომ ცუდად ყოფნისგან საკუთარი ხელისთვის მიკბენია. იმდენად დიდი იმედგაცრუება მქონია, რომ ცუდად გავმხდარვარ. ცუდად ყოფნის მიზეზი ნამდვილად მქონია, სული მტკიოდა, ვფიქრობდი, რომ ამაზე ცუდად ყოფნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ასეთ მომენტშიც სარკეში ჩამიხედავს, თვალი გამისწორებია საკუთარი თავისთვის და მითქვამს: ანა, შენ ძალიან კარგი ხარ, ძალიან კარგად უნდა იყო. ადექი, გადი და მოქმედება დაიწყე. თუ რამე არ გამოდის, თუ რაღაც გულმს მტკენს, სიტუაციის აღქმას ვცვლი, არა უშავს, ეს გამოცდილება იყო, ხვალ აუცილებლად კარგად ვიქნები. საკუთარ თავს ძალიან დიდ მოტივაციას ვაძლევ. მე მყარად ვდგავარ ფეხზე, მაგრამ შეიძლება, რთულმა მოვლენებმა შემარყიოს, ამიტომ ჩემს მეორე მეს უჭირავს ხელში სადავეები და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. როგორც კი გადავიხრები, მაშინვე ხელს ვკიდებ საკუთარ თავს და სწორ მდგომარეობაში ვაბრუნებ. გამოცდილების მატებასთან ერთად, უფრო მეტად ვცდილობ საკუთარი თავის დაჭერას და მართვას. თუ მივხვდი, რომ რამე ცუდად მოქმედებს ჩემზე, მაშინვე ვცვლი მოვლენის აღქმას, ჩემი თავი ხელში ამყავს და მერე ყველაფერი ლაგდება. რთული პერიოდები ყველას აქვს და მათ შორის მეც, მაგრამ ვიცი, როგორ ვუმკურნალო საკუთარ თავს.

– საკუთარ მენტალურ ჯანმრელობას რამდენად უფრთხილდები?

– ძალიან ვუფრთხილდები. რისიც მეშინია და რასაც ღმერთს შევთხოვ, ისაა, რომ არ წამერთვას საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარი, ეს ჩემთვის ლოცვასავითაა. ამის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან ცუდ სიტუაციებში ვყოფილვარ, ბევრი ადამიანი დაეცემოდა იმ მდგომარეობაში და მე სწორედ ეს უნარი დამეხმარა. ამიტომ, მას ძალიან ვუფრთხილდები.

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და დღევანდელი რეალობა რამდენად ასახავს იმ ოცნებებს?

– ოჯახიდან გამომდინარე, პირველი კლასიდან მოყოლებული, ყველას პროკურორად ან მოსამართლედ წარმოვედგინე. ეს აზრი იმდენად იყო ჩემში გამჯდარი, მომავალი თვითონაც სულ ამ კუთხით მესახებოდა, თუმცა ეს გაუთვითცნობიერებელი აზრი იყო. ახლა მაგ სფეროში არ ვარ, მაგრამ ჩემი თავის კმაყოფილი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა