შოუბიზნესი

რატომ არ ისურვებდა გურამ შეროზია მილიონერი მამის შვილობას და საიდან აქვს მას ბევრი ფული

№17

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:27 02.05

გურამ შეროზია
დაკოპირებულია

თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, მოგზაურობა მსოფლიოს ულამაზეს და ძვირად ღირებულ კურორტებზე, კარგი მანქანა და ასე შემდეგ – ამ მიზეზების გამო ბლოგერ გურამ შეროზიას მიმართ, სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით კითხვას – გურამ საიდან გაქვს ამდენი ფული?

გურამ შეროზია: პირველ რიგში, ოთხ უნივერსიტეტში ვასწავლი და საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე ლექტორის პროფესია არც ისე დაბალშემოსავლიანია. ზოგადად, ჩემი ძირითადი მიმართულება მარკეტინგია და რამდენიმე კომპანიას შემოსავლების გაზრდაში, პროდუქტისა და სერვისის რეკლამირებაში ვეხმარები. მანამდე ბევრი წელი ვიყავი მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი სხვადასხვა კომპანიაში და არასრულ განაკვეთიან სამსახურებზე გადასვლა განაპირობა სურვილმა, რომ თან მეცხოვრა. მარტო ფულის შოვნა არ არის მნიშვნელოვანი, უნდა დამეხარჯა კიდეც, შემეგრძნო და ბედნიერად მომეხმარა. და მესამე – მაქვს ჩემი ტურისტული სააგენტო და ხშირად ვაკეთებ ტურებს, რომელსაც კომერციული დანიშნულება აქვს. ამასთან ერთად, როგორც ბლოგერს და ინფლუენსერს, საკმაოდ ბევრი სარეკლამო დაკვეთა მაქვს სხვადასხვა კომპანიებისგან.

– რა ასაკიდან გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი?

– დამოუკიდებელი ცხოვრება 18 წლის ასაკიდან დავიწყე. ძალიან ნეგატიურად ვარ განწყობილი, პირობითად, 25 წლის ბიჭის მიმართ, რომელიც დედიკოს და მამიკოს ურეკავს, როცა რაღაცისთვის ფული სჭირდება. 16 წლის ვიყავი, როცა ფიზიკურად, მუშად ვმუშაობდი მამაჩემის მშენებლობაზე და ტელეფონით, სიამოვნებისთვის საჭირო საგნებით თუ საშუალებებით, მინდოდა, საკუთარი თავი თვითონ უზრუნველმეყო. 18-19 წლიდან უკვე ბანკში ვმუშაობდი და ვთვლი, რომ ნორმალური შემოსავალი მქონდა იმისთვის, რომ ლილოში მეყიდა ტანსაცმელი, სახინკლეში გადამეხადა ფული, რაც იმ ასაკისთვის საამაყო და პრესტიჟულ შემოსავალს ნიშნავდა. ადრეული ასაკიდან ვაგროვებდი ფულს ბინის საყიდლად. 21-22 წლის ვიყავი, წინასწარი შენატანით და სესხით პირველი სახლი რომ ვიყიდე პლეხანოვზე, ხუთ წელიწადში კი წერეთელზე, ახალაშენებულ ბინაში გადმოვედი, სადაც ახლა ვცხოვრობ. ახლა მინდა აგარაკიც ვიყიდო, რომ ცოტა მოვწყდე ქალაქის ნეგატივს. რაც შეეხება მანქანას, მოგზაურობას, როცა და სადაც მინდა იქ ჭამა-სმას და როგორც მინდა ისე ჩაცმის საშუალებას, ეს 23-24 წლიდან მაქვს. შეიძლება, 7 წლის წინ ძალიან ბედნიერი ვყოფილიყავი ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ორი წლის შემდეგ კი მალდივები და სეიშელები მომინდა (იცინის). ადამიანების მოთხოვნილებები მზარდია და კარგია, როცა მას შემოსავლის ზრდაც ფეხდაფეხ მიჰყვება.

– შვილის ფეხზე მყარად დასადგომად ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას თუ აქვს მნიშვნელობა?

– მე მგონია, რომ რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი და რაც უფრო შეკვეცილია შენი სურვილები, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს შენი ამბიცია. მე არ დავბადებულვარ მდიდარ ოჯახში. საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ოჯახი გვქონდა. არ გვშიოდა და დახეული ფეხსაცმლით არ დავდიოდით, მაგრამ მეტი არაფერი. არანაირი ფუფუნების საგნები, დასასვენებლად მხოლოდ ბებია-ბაბუასთან დავდიოდით. ჩვეულებრივი, ხელმოკლე, ქართული ოჯახი გვქონდა. როცა ვუყურებდი, ხალხი კარგად ცხოვრობდა, დიდი სურვილი მქონდა, მეც ასე ვყოფილიყავი. როცა სურვილი გაქვს, მერე პოულობ გზას მის შესასრულებლად, ავარჯიშებ ტვინს, შრომობ ფიზიკურად და აკეთებ ყველაფერს მიზნის მისაღწევად. თუ იმას ელოდები, რომ იდეალური ხელისუფლება მოვა და ყველა გამდიდრდება, ეს არასდროს მოხდება. ხელს თუ არ გავანძრევთ, არაფერი გვეშველება. ზოგს მართლა გაუმართლა და დაიბადა მილიონერის ოჯახში. ჩემთვის ეს ძალიან უინტერესო იქნებოდა. აუცილებლად წავიდოდი სახლიდან და დავტესტავდი საკუთარ შესაძლებლობებს. მგონია, რომ ცხოვრება არ უნდა გავატაროთ მშობლების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ფულით გემრიელად ჭამა-სმაში. ამიტომ არ ვისურვებდი მილიონერის ოჯახში დაბადებას ან თუ დავიბადებოდი, აუცილებლად დავამტკიცებდი, რომ მე თვითონ შემიძლია ბევრი რამ და „მკიდია“ რამდენი ფული აქვს მამაჩემს.

– მატერიალური მდგომარეობა განსაზღვრავს ადამიანებთან ურთიერთობას?

– რაღაც ეტაპზე მიგრძნია სნობური აღქმა. ვიღაცებს უთქვამთ, რომ უჭირთ დაბალშემოსავლიან ადამიანებთან ურთიერთობა და თავის მსგავსი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უმეგობრდებოდნენ. ამაში დევს ლოგიკა. შენ რომ გინდა, სადღაც დაისვენო, გიწევს იქ მარტო წახვიდე, რადგან მეგობარს არ აქვს შესაბამისი ფული და არც შენ შეგიძლია მისი დაფინანსება. მეორე მხრივ, გააჩნია რა პირობებში იყო ადამიანი და რამდენი წლის არის. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს 20-21 წლის ასაკში შეძენილი. ბევრს შრომობენ, მაგრამ კაპიკი ფული არ აქვთ, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ექნებათ, რადგან შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

– გიგრძნია, რომ ვინმეს იმიტომ უნდა შენთან ურთიერთობა, რომ ნორმალურად ცხოვრობ, არ იკლებ იმას, რაც სხვისთვისაც მიმზიდველია?

– საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მე არ ვარ უაზროდ ხელგაშლილი ადამიანი. მე არ ვიხდი სხვა ადამიანების მოგზაურობების თუ ფუფუნებაში ცხოვრების ფულს. არც ჩემთვის გადაუხდია არასდროს არავის და ვთვლი, რომ ყველა იქამდე ვიფარებთ საბანს, სადამდეც გვწვდება. იციან, რომ ჩემს კმაყოფაზე ვერავინ იცხოვრებს. ამიტომ არ მგონია, რომ ვიღაც უკეთესი მატერიალური მდგომარეობის გამო მემეგობრება. სარგებლის მიღების მიზნით – კი, იმიტომ, რომ ვასოცირდები იაფ მოგზაურობასთან, საინტერესო ცხოვრებასთან, პოპულარობასთან და ასე შემდეგ. ადამიანი ყოველთვის მიილტვის რაღაც კარგისკენ, ამიტომ მესმის და ამისთვის არავის ვაკრიტიკებ.

– გოგოებისთვის მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა არის განმსაზღვრელი ურთიერთობებში?

– ამასწინათ ვუყურე „სიცრუის დეტექტორს“ და ერთი ძალიან ლამაზი გოგონა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ამბობდა, რომ აქვს მნიშვნელობა შეყვარებულის ფინანსურ მდგომარეობას. მისი ლოგიკაც მესმის. ეს არ ნიშნავს, რომ მას მხარ-თეძოზე წამოწოლა და ვიღაცის კმაყოფაზე ცხოვრება უნდა. პირობითად, თუ ადამიანი 30 წლის ასაკში ფინანსურად შედგა, ეს დიდწილად ნიშნავს იმას, რომ ის ან განათლებულია, ან შრომისმოყვარეა, ან მოხეხებული. ადამიანის ზოგადი გაქანება პირდაპირ კავშირშია ფინანსურ მდგომარეობასთან. ამას ვერ გაექცევი და ამიტომაც მესმის. თუმცა, მე არ ვცემ პატივს ისეთ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ფული არის ერთადერთი კრიტერიუმი ადამიანის შესაფასებლად. თუმცა ერთ-ერთი კრიტერიუმი რომ არის, ამას ვერ დააიგნორებ.

– ფულს არ ფანტავ?

– არა. ფულს ყოველთვის გააზრებულად ვხარჯავ. მისი ფასი ვიცი, იმიტომ, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მაქვს. ყველაფერთან ერთად, ვდილობ, ანგარიშზე ყოველთვის მქონდეს გარკვეული რაოდენობის თანხა, ეგრეთ წოდებული, „შავი დღისთვის“. შესაბამისად, როგორი კრიზისის მოლოდინიც არ უნდა იყოს, მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ანგარიშზე მიდევს თანხა, რომელიც ორი წელი მე და ჩემს ოჯახს ნორმალურად გვაცხოვრებს და პანიკაში არასდროს ვარ. მგონია, რომ ზურგის გამაგრება ძალიან კარგია სიმშვიდისთვის.

– საჩუქრებში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. ანებივრებ ხოლმე პარტნიორებს ძვირად ღირებული საჩუქრებით?

– პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მსგავსი რამ არ მახასიათებს (იცინის). საკმარისი თავდაჯერებულობა მაქვს და ვთვლი, რომ მე თვითონაც კარგი საჩუქარი ვარ ჩემი პარტნიორისთვის და დამატებით, ფულით მოპოვებული საჩუქრების საჭიროებას ვერ ვხედავ. სიურპრიზი, სასიამოვნო თავგადასავალი და მსგავსი რამ – შეიძლება და ეს იქნება აუცილებლად საინტერესო, მაგრამ თუ ჩემი სიყვარულის ხარისხი საჩუქრის ფასით იზომება, ასეთ ურთიერთობას თავიდანვე ჩავკლავ.

– მიგაჩნია, რომ ძვირად ღირებული საჩუქრები დაბალი თვითშეფასების კომპენსაციაა?

– მე ასე ვფიქრობ. ვიღაცის რჩენა, წინ და უკან ტარება და საჩუქრებით განებივრება რომ მიწევდეს, მას კი სანაცვლოდ – არაფერი, ჩავთვლიდი, რომ ვარ ბანძი ტიპი, რომელიც სიყვარულს ძვირად ღირებული საჩუქრებით ყიდულობს. ვიღაც თვითონ არის ბედნიერი, საყვარელ ადამიანს რომ ძვირად ღირებულ საჩუქრებს ჩუქნის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია, მაინცდამაინც ფულადი ღირებეულებით განვსაზღვრო საჩუქრები, როცა მილიონი კრეატიული იდეა მაქვს და შემიძლია, ძალიან მაგარი სიურპრიზი გავუკეთო ადამიანს, რომელიც საერთოდ არ ეღირება ძვირი.

– ანუ, ვიღაც თუ ფიქრობს, შენთან ურთიერთობით არც კარგი ამბები მოაკლდება და არც საჩუქრები, ცდება.

– კარგი ამბები არ მოაკლდება, მაგრამ „შანელის“ ჩანთები და „ნორკის“ ქურქი ჩემგან ნადვილად არ ექნება (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...