შოუბიზნესი

რატომ არ ეშინია ქეთა ბაღაშვილს სირთულეების და როგორ პოულობს „ბიუთი ლაბის“ დამაარსებელი გამოსავალს ყველა სიტუაციიდან

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 04.01, 2022 წელი

ქეთა ბაღაშვილი
დაკოპირებულია

პროფესიით ჟურნალისტი ქეთა ბაღაშვილი „ფეისბუქჯგუფის“, „ბიუთი ლაბის“, დამაარსებელია. ყველაფერი თავის მოვლის საშუალებებზე ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლის იდეით დაიწყო და სილამაზის ინდუსტრიისადმი მზარდი ინტერესის ფარგლებში საოცარი განვითარება ჰპოვა. შედეგად „ბიუთი ლაბი“ წარმატებულ ბიზნესად იქცა და დღეს, გაგიჭირდებათ იპოვოთ გოგო, რომელმაც მის შესახებ არ იცის.

ქეთა ბაღაშვილი: დღევანდელი გადასახედიდან ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს. შეგიძლია, გააკეთო „ფეისბუქჯგუფი“ – ერთი იდეის გარშემო გააერთიანო ბევრი ადამიანი და ეს ჯგუფი ბიზნესად აქციო. თუმცა, ხუთი წლის წინ, როცა „ბიუთი ლაბი“ შეიქმნა, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობდა და მაგალითსაც ვერავისგან ავიღებდი. ასე რომ, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ჩვენი მაგალითის შემდეგ ბევრს აქვს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული ქეისების შექმნის მცდელობა, მაგრამ ჩვენ წინამორბედი არ გვყოლია და არც ბიზნესის გასაკეთებლად დაგვიწყია ეს საქმე. ყველაფერი დაიწყო 2017 წელს, როცა მე და ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა და მეგობარმა „ბიუთი ლაბის“ „ფეისბუქჯგუფი“ შევქმენით. ჩვენ ამას არ ვუყურებდით, როგორც სარგებელს, მხოლოდ საინტერესო კონტენტის განთავსება და საჭირო ინფორმაციის დადება გვინდოდა იმაზე, რაზეც ქართულ ენაზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.

– თვითონ რამდენად ჩახედული იყავით ჯგუფისთვის საინტერესო თემაში, თავის მოვლას ვგულისხმობ.

– მე და ჩემს ყოფილ პარტნიორს ყველაფერი კარგად გვქონდა გადანაწილებული. ის ძალიან დადებითად იყო განმსჭვალული ბიუთი ინდუსტრიის მიმართ, უყვარდა ეს თემა. მე კი არასდროს ვყოფილვარ ბიუთი გურუ, არც ცოდნითა და არც ინტერესით. შეიძლება, გასაკვირია, მაგრამ არ არის ეს ჩემი ინტერესის სფერო. ჩემთვის ეს საქმე ახლებურ და თანამედროვე მედიაზე საკუთარი უნარების მორგების მცდელობა იყო. მე უფრო ეს ნაწილი მქონდა ჩაბარებული, მაგრამ, როცა გავიყავით, ორივე ნაწილის გადმობარება მე მომიწია.

– არ ხარ გაპრანჭული გოგო მრავალეტაპიანი თავის მოვლის რუტინებით?

– არა, მაგრამ ყველას ეგეთი ვგონივარ. ადრე ყველა პროდუქტს ვტესტავდი, რომ ინფორმაცია გადმომეცა, მაგრამ მივხვდი, რომ ამან კანი დამიზიანა. მე მაქვს აკნე და არ შეიძლება ამდენი პროცედურის ჩატარება. ძალიან მარტივი რუტინა მაქვს სამკურნალო მიმართულებით, რომელიც დერმატოლოგმა დამინიშნა. ის 7-8 ეტაპისგან არ შედგება და შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემით მაკიაჟის გაკეთებაც არ ვიცი.

– როგორც ბიზნესმა რამდენად გაამართლა, რამდენად შემოსავლიანია ეს საქმე?

– საკმაოდ გაამართლა. შედარებითია ყველაფერი და როცა არანაირი მოლოდინი არ მქონია და ამ ბიზნესში ჩართვა არასდროს წარმომედგინა, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულია. ახლა, რეალურად, „ბიუთი ლაბის“ გარდა, მე სხვა საქმე არ მაქვს. თუმცა, „ბიუთი ლაბის“ ფარგლებშივე გავაკეთე ცალკე ბიზნესი, ონლაინ აპლიკაციას ვგულისხმობ.

– რომლისთვისაც საკმაოდ დიდი დაფინანსებაც მოიპოვე.

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ბიუთი ლაბი“ მხოლოდ „ფეისბუქჯგუფად“ არ დარჩენილიყო. ჯგუფს ბევრი მიმდევარი ჰყავდა, მაგრამ ბრენდის უკან რაღაც ღირებულიც უნდა იყოს და ამისთვის „ფეისბუქჯგუფი“ ცოტა მეპატარავებოდა. ამიტომ „GITA“ (საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო) თანადაფინანსების გრანტის კონკურსში შევიტანე აპლიკაცია და ასიათასლარიანი დაფინანსება მოვიპოვე, შედეგად დავამზადეთ ონლაინ აპლიკაცია სილამაზის სალონებში ონლაინ ჯავშნისთვის. ასევე, სალონების სამენეჯმენტო პლატფორმა, რომლითაც იმართება აქამდე ხელით მართული პროცესები.

– არის გოგო, რომელმაც ამ ჯგუფის შესახებ არ იცის?

– უცხოეთში რომ ვუხსნი ხოლმე ადამიანებს ამ ჯგუფის მნიშვნელობას, ვეუბნები, რომ საქართველოს მასშტაბით ქუჩაში შეხვედრილი ათი გოგოდან, რვამ აუცილებლად იცის „ბიუთი ლაბის“ შესახებ. ეს ძალიან რეალური სტატისტიკაა და არ არის ფანტაზიის ნაყოფი.

– ბიზნესთან ერთად გაქვს ჰობი – მოგზაურობა და მას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში.

– მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წესია. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი და საინტერესო ნაწილია. ჩემ გარშემო ყველაფერი იმ მიზნით ხდება, რომ მე მოგზაურობა შევძლო. 18 წლის ვიყავი, როცა დამოუკიდებლად, მარტო მოგზაურობა დავიწყე და იმის შემდეგ დაახლოებით 20 ქვეყანაში ვარ მარტო ნამყოფი. უბრალოდ მოგზაურობა არა, მარტო მოგზაურობა მიყვარს. რამის მიმართ თუ ფინანსური ინტერესი მაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფინანსები მოგზაურობას მოვახმარო. გარკვეული პერიოდით ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ჟურნალისტიკას ვსწავლობდი და ამ ქალაქში ყველაზე ბევრი დრო მაქვს გატარებული.

– თავგადასავლები...

– ნიუ-იორკი ჩემთვის სამყაროში პირველი ადგილია, სადაც დაბრუნება არასდროს მომბეზრდება და ალბათ, ყოველღამე მესიზმრება. წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე და იქ ცხოვრებამ სრულიად ამოაყირავა ჩემი სამყარო. ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს სლოვენია. იქ ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, არაჩვეულებრივი, ძალიან შთამაგონებელი ბუნებაა და საკუთარ თავში კრეატიული მხარის გახსნის საშუალებას გაძლევს. ამასთან, ცხოვრობს ფანტასტიკური ხალხი, რომელთანაც უკვე დიდხნიანი მეგობრობა მაკავშირებს. თავგადასავლების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან ადამიანები, რომლებიც გზადაგზა გხვდებიან, ამიტომაც არის განსაკუთრებული მარტო მოგზაურობა.

– საკმაოდ სახიფათო ისტორიებიც გაქვს.

– როცა ნიუ-იორკში მივფრინავდი, შტორმში მოვყევი. პირველად მივდიოდი მაშინ ამერიკაში. ეს არ იყო მოგზაურობა, საცხოვრებლად გადავდიოდი. დავკარგე 50 კილოგრამი ბარგი, მოვყევი შტორმში, 14-ის ნაცვლად 16 საათი ვიყავი ჰაერში. ნიუ-იორკის ნაცვლად ვაშინგტონის თავზე ვიტრიალეთ ნახევარი საათი, როგორც იქნა, დაჯდა თვითმფრინავი და ერთი საათი არ გვიშვებდნენ გარეთ. ნიუ-იორკში ავტობუსით წავიდეთო, გვეუბნებიან, მაგრამ ვერ წახვალ, იმიტომ, რომ გზა მოყინულია და შესაძლოა ავტობუსი ამოტრიალდეს. სრული კოშმარი იყო. ბოლოს მოვახერხე და ავიაკომპანიას დავაჯავშნინე სასტუმრო ერთი ღამით. აეროპორტიდან რომ გამოვედი, მძღოლი უნდა დამხვედროდა და სასტუმროში წავეყვანე, მაგრამ არსად ჩანდა. გარეთ -15 გრადუსი იყო, ყინავდა, რაც ასეთი მგზავრობის შემდეგ აუტანელი, საშინელი სტრესი იყო და თან ტელეფონიც არ მქონდა, დედასთვის რომ მეთქვა, ცოცხალი ვიყავი. უცბად სხვა მძღოლი მეუბნება, წაგიყვანო, მაშინვე დავთანხმდი და დავიძარით. უცებ გავიაზრე, რომ სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც არ ევალებოდა ჩემი სასტუმროში წაყვანა, მივყავარ და ვარ ქვეყანაში, სადაც ხშირია გაუპატიურებები და სხვა დანაშაულები. გამოვედით აეროპორტიდან და არ ჩანს არანაირი სასტუმრო. მაშინ პირველად შემეშინდა ამდენსაათიანი მოგზაურობის შემდეგ. ცრემლებიც რომ მომადგა თვალზე, მიმიყვანა კიდეც სასტუმროში და დამაბინავა. კარგი ადამიანი აღმოჩნდა. რეალური საფრთხის წინაშე არასდროს აღმოვჩენილვარ. თითქმის ყველა სიატუაცია თავიდან საშიში ჩანდა და მერე მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა რისკებს არ ვუფრთხი, პირიქით. არა იმ დონეზე, რომ თავს რამე დავუშავო, მაგრამ პატარა რისკი და ადრენალინი კიდევ უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის მოგზაურობას. ამიტომ რაღაცებს სპეციალურად ვრისკავ.

– მაგალითად?

– ერთხელ ბუდაპეშტში ვიყავი. ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ სლოვენიაში ძალიან კარგი ფესტივალი იმართებოდა ტყეში. იქ არავის ვიცნობდი. ონლაინ დავუკავშირდი ვიღაცებს, იმათმა კიდევ ვიღაცებთან დამაკავშირეს და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს უნდა შევხვდე, ჩავუჯდე მანქანაში და დაახლოებით საათ-ნახევარი უნდა ვიმგზავროთ, რომ მივიდეთ ტყეში, სადაც არანაირი შენობა არ არის და ამ ადამიანებთან ერთად ორი დღის განმავლობაში დავრჩე. წარმოდგენა არ მაქვს, მომინდება თუ არა ორი დღე დარჩენა, ან ეს ადამიანები ვინ არიან, ან წამოსვლა რომ მომინდეს, რა უნდა ვქნა. ამ ადამიანებზე ნულის ტოლი ინფორმაცია მქონდა, არაფერი ვიცოდი. სრულიად უცხო ტერიტორიაზე, სრულიად უცხო გარემოში გავატარე ორი არაჩვეულებრივი დღე და ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ზუსტად იქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი არიან. ნებისმიერ სიტუაციაში ვიპოვი გამოსავალს. ვინმეს თუ ჩემთვის რამის დაშავება მოუნდება, კარგ ვარიანტში შეიძლება, მშვიდად გავუშვა უკან და ცუდ ვარიანტში – იქით დავმართო რამე. ვინც მიცნობს, მიცნობს ერთი მთავარი თვისები – ნებისმიერ სტრესულ თუ არასტრესულ სიტუაციაში შემიძლია, გამოსავალი ვიპოვო, არასდროს არსად დავიკარგები. მით უმეტეს ამდენხნიანი გამოცდილების შემდეგ რისი უნდა შემეშინდეს?!

– ფლირტი თვალებით – მოგზაურობის კიდევ ერთი ხიბლი...

– არ ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გრძელვადიან ურთიერთობაში იყოს, ჩემთვის ბევრად საინტერესოა, როცა სამოგზაუროდ მივდივარ და ვიცი, რომ ორი დღე მაქვს ადამიანთან გასატარებელი და შემიძლია, საინტერესო თავგადასავლები დავაგროვო. შეიძლება, გავიცნო ადამიანი და ნახევარი დღის განმავლობაში გავცვალოთ საინტერესო ისტორიები და ერთად შევქმნათ ახალი. ფლირტს ვერა, ამას უფრო თავგადასავალს დავარქმევდი. ჩემი ადამიანი ვიპოვე – ეს განცდა არ მაქვს, მთავარია, მომენტი დაიჭირო და ბედნიერება შეიგრძნო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა