შოუბიზნესი

რატომ არ დადის არასდროს ნანიკო ხაზარაძე წვეულებებზე და რამდენჯერ დაიწყო მან ყველაფერი თავიდან

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 27.04, 2022 წელი

ნანიკო ხაზარაზე
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა - რომელს რა წვლილი მიუძღვის ადამიანის წარმატებაში, ამის შესახებ საკუთარ აზრს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გვიზიარებს.

ნანიკო ხაზარაძე: შეიძლება, ადამიანი ძალიან ნიჭიერი იყო, ბევრსაც შრომობდე, მაგრამ სწორ დროს სწორ ადგილას ვერ მოხვდე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩემი პირადი აზრია. ჩემი კარიერა ტელევიზიაში სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრით დაიწყო და მერე უკვე შრომამ განსაზღვრა.

– შრომისმოყვარეობას წინ ხომ ბევრი დაბრკოლება ხვდება?

– ძალიან ბევრჯერ შემიცვლია სამუშაო ადგილი. ბევრჯერ დახურულა ტელევიზია, რომელშიც ვმუშაობდი, დახურულა გადაცემა, რომელზედაც ვმუშაობდი და გარეთ დავრჩენილვარ. ეს მართლა, ძალიან ბევრჯერ მომხდარა. ამ დროს მთავარია, სასოწარკვეთას არ მიეცე, მოცემულობას მიჰყვე და საკუთარი ადგილი იპოვო. როდესაც მშვიდად ხარ, ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.

– კომფორტის ზონის დატოვება რთული არ არის?

– მე მუდმივად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან – ყოველდღე ეთერი აბა რა არის?! ამხელა აუდიტორია და პირდაპირი ეთერი, არა მგონია, ვინმესთვის კომფორტის ზონა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ, მაინც ყოველდღე ვნერვიულობ. უამრავჯერ თავიდან დაწყებაც ძალიან დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული. არ იფიქროთ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად და აუღელვებლად ხდება, მაგრამ სტრესს არ უნდა მისცე უფლება, რომ დაგაბრკოლოს და ისე დაგრთგუნოს, რომ წინ ვეღარ წახვიდე. პირიქით, სტრესიც მამოტივირებელი უნდა გახდეს და ყველა გამოწვევა ახლის დაწყების მოტივაციად უნდა მიიღო. ყველა მინუსი პლუსად უნდა გადააქციო და საშენოდ მოირგო. ლექსიკონიდან საერთოდ უნდა ამოიღო სიტყვა „ვერ“!

– ამას, ალბათ, გამოცდილებაც განსაზღვრავს.

– არა, ეს თვისებები მე ბავშვობიდან მაქვს. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს. თუკი რამეს მთავაზობდნენ, რაც მე არ ვიცოდი, ვამბობდი, კი, მე ეს შემიძლია და მერე ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემს ლექსიკონში სიტყვა „ვერ“ არ არსებობს.

– შრომა წყალში არ ჩაგყრიათ?

– ბევრი რამ დასრულებულა ისე, რომ განვითარების პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ეს გამოცდილებაა. მე ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვსწავლობ, ეს ჩემში ილექება და ოდესმე აუცილებლად მადგება ახალ წამოწყებაში. უკვალოდ არაფერი ქრება, ამიტომ მე ყველაფრის გამო ძალიან მადლიერი ვარ. შეიძლება, თავის დროზე ეს დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ როცა ვნებათაღელვა ქრება, ყველა სტრესი გამოცდილებად იქცევა. დიდი ხანი არ ვდარდობ და ვნერვიულობ. ძალიან მალე ვდგები ფეხზე და ვაგრძელებ გზას. სასოწარკვეთა ხასიათში არ მაქვს.

– კარგი ოჯახური ურთიერთობები გამართლებაა თუ ამასაც მუშაობა სჭირდება?

– ოჯახს მუდმივად მუშაობა სჭირდება. ყვავილს თუ წყალს არ დაუსხამ, ის აუცილებლად დაჭკნება და პირველ რიგში, ურთიერთობებს სჭირდება კვება, ეს ჩვენი გასაკეთებელია.

– პროფესიულ განვითარებასაც დღემდე ცდილობთ თუ ამხელა გამოცდილება დამატებით მცდელობებს აღარ საჭიროებს?

– დავითვალე და ტელევიზიაში მუშაობის ზუსტად 35-წლიანი სტაჟი მაქვს. ამის მიუხედავად, ყველა ეთერის წინ, მართლა, ძალიან ვნერვიულობ და ამიტომ ყოველდღე სათანადოდ ვემზადები. თუ არ ვარ კარგად მომზადებული, მერე უფრო ვნერვიულობ და ეს განცდები ძალიან დიდხანს მიმყვება. ადამიანები ვართ და ხანდახან ისე ხდება, რომ ვერ ასწრებ, ვერ ახერხებ, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. ამ იშვიათ გამონაკლისს იმხელა დარდი და თვითგვემა მოჰყვება, რომ მირჩევნია, მოუმზადებელი არასდროს მივიდე.

– ძალიან მშრომელი ადამიანებისგან გვსმენია, ცხოვრებამ გვერდზე ჩამიარაო. ცდილობთ, რომ ეს არ დაგემართოთ და გართობასაც დაუთმოთ დრო?

– მიუხედავად არც თუ ისე თავისუფალი გრაფიკისა, ჩემი თავისთვის არასდროს არაფერი მომიკლია. არც შვილს მოჰკლებია ჩემი ყურადღება და არც მე შემშლია ხელი თუ სამსახურს მიღმა რამის გაკეთება მნდომებია. უნდა გამიჯნო, არ შეიძლება, მხოლოდ ერთს გადაჰყვე, თორემ მატარებელი ნამდვილად ჩაგივლის გვერდით. მე დიდი ენერგია მაქვს. ძილი არ მიყვარს, ადრე ვიღვიძებ და აბსოლუტურად ყველაფერს ვასწრებ. სახლსაც ვალაგებ, საჭმელსაც ვაკეთებ, სამსახურშიც ვასრულებ ჩემს საქმეს, შვილისთვისაც მაქვს დრო და მეუღლისთვისაც. ვერც სამსახურში იტყვის ვინმე, რომ მე მუდმივად გადარბენაზე ვარ. იმ დღეს გადაცემაში მოვყევი, რომ წიკები მაქვს, სახლში ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა უნდა მქონდეს. იმდენი ნახვა ჰქონდა, რომ გამიკვირდა. ალბათ, ვერ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელია, მე თვითონ ვალაგებდე სახლს. კი, მე არ მყავს დამხმარე. არავინ ალაგებს ჩემს ნაცვლად და არავინ მიმზადებს საჭმელს. ეთერი როცა მაქვს, სახლიდან ათის ნახევარზე გავდივარ. მანამდე სახლი უკვე დალაგებული მაქვს. მტვერი – აღებული, „ვანა-ტუალეტი“ – გაპიწკინებული, სადილის ნაწილი გამზადებული და ისე მივდივარ სამსახურში. იქიდან რომ ვბრუნდები, რაც დამრჩა გასაკეთებელი, იმასაც მშვენივრად ვასწრებ და დასვენებისთვის და მეგობრებისთვისაც მყოფნის დროს.

– არც მეგობრები გსაყვედურობენ უყურადღებობას და მოუცლელობას?

– დიდად სოციალური არსება არასდროს ვყოფილვარ. კლუბი, კაფე და სხვა თავშეყრის ადგილები ჩემთვის კომფორტის ზონა არ არის. ამდენი წელია, სამსახურში მოსაწვევებს მიგზავნიან, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სადმე ვუნახავვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სახლია. ეს ჩემმა მეგობრებმაც იციან და ჩემთან მოდიან. იციან, რომ არასდროს დავდივარ ვიღაცის დიდ დაბადების დღეზე, რამის გახსნაზე, კინოს პრემიერაზე და ასე შემდეგ. ასე რომ, არავის აქვს პრეტენზია და არც მეკითხებიან, რატომ არ იყავიო. სულ ველოდები, როდის მობეზრდებათ და მოსაწვევებს აღარ გამომიგზავნიან.

– ადამიანებში გიმართლებთ?

– კი და ამის გამო მადლიერი ვარ. ადამიანების მიმართ მე ძალიან კეთილგანწყობილი ვარ. ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, გამარჯობის თქმა რომ არ იციან – მყავს ასეთი კოლეგები. მე არ შემიძლია ასეთ ადამიანებთან კონტაქტი, ვიძაბები. მგონია, ვაწუხებ, ჩემი დანახვა არ სიამოვნებთ. მე ყველას მიმართ ღია ვარ და კეთილგანწყობილი. მგონია, რომ ეს გადამდებია და მსიამოვნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი