რატომ არ აქვს ანა ხაჩიძეს ოცნებები და რაში აზარალებს მას სიზარმაცე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის იუმორისტ ანა ხაჩიძის წარმატებაში, ამაზე თავად მოგვიყვება.
ანა ხაჩიძე: იღბალს ყველა თავისებურად აღიქვამს, მე, ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, თავს ნამდვილად იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. იმდენად კარგი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები მყავს, რომ მათ გარემოცვაში უიღბლობაზე როგორ უნდა ვიფიქრო?!
პროფესიულადაც საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი. ჩემი საყვარელი ჰობის დამსახურებით, უცებ „შაბათის შოუში“ მოვხვდი – ამდენი კარგი ადამიანის გარემოცვაში და ამ გადაცემის დამსახურებით, ხალხისგან ძალიან დიდი სიყვარული მივიღე.
– რისთვის გიშრომია ყველაზე მეტი?
– განათლების მისაღებად – თითქმის ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. ცოდნა, რომელიც ახლა მაქვს, წლების შრომის შედეგია. ალბათ, პირველი კლასიდან მოყოლებული, დღემდე, ყველაზე მეტ დროს ამას ვუთმობდი სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. წარსულთან შედარებით, დღეს, სამწუხაროდ, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, მაგრამ რაც აქამდე დავაგროვე, მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომის ფასად.
– საერთოდ, რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?
– შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს – იმას ვგულისხმობ, რომ საქმეების ბოლო წამს გაკეთება მიყვარს. თითქოს, ასე უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. ამას სტრესი და ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მოკლე დროის მიუხედავად, მაინც რომ ვასწრებ და ვადაში ვეტევი, თითქოს, ეს ერთგვარი გამარჯვებაა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მგონი, საქმეს ბოლო მომენტისთვის იმიტომ ვიტოვებ, რომ ადრენალინის შეგრძნება მომწონს (იცინის).
– როდის ზარმაცობ?
– არც სიზარმაცის ნაკლებობას ვუჩივი (იცინის). არის დღეები, როცა უბრალოდ, სახლში ყოფნა მინდა, გარეთ გასვლა მეზარება. ძირითადად, უფრო საღამოობით ვზარმაცობ ხოლმე და შეიძლება, უბრალოდ, სოციალური ქსელების „სქროლვას“ დავუთმო დრო, როცა შემიძლია, ის ნაყოფიერად გამოვიყენო. ეს გაცნობიერებული მაქვს და დღის ბოლოს ვაძლევ თავს ამის უფლებას. ისე, ჩემს დას რომ ჰკითხოთ, ყოველთვის ზარმაცი ვარ, როცა სახლის საქმეებია გასაკეთებელი, მაგრამ პროფესიასთან მიმართებით ნამდვილად არ მივცემ სიზარმაცეს უფლებას, საქმე გამიფუჭოს. საოჯახო საქმეებში კი, ვაღიარებ, რომ მართლა ზარმაცი ვარ. კიდევ კერძების მომზადებას გამოვყოფდი, არც ეს მეზარება, პირიქით, ძალიან მიყვარს.
– როცა ისვენებ, შეგიძლია, ბოლომდე ისიამოვნო თუ დანაშაულის შეგრძნება გაქვს იმის გამო, რომ დროს კარგავ?
– მუდმივად დანაშაულის შეგრძნება მაქვს. საქმე სულ რომ არ მქონდეს, აი, ღამე რომ იყოს და არაფრის გაკეთება არ შემეძლოს, მაშინაც კი ვუსაყვედურებ ჩემს თავს, ახლა უნდა გეძინოს, რა დროს სიფხიზლე და დროის კარგვაა?! ეს შენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა-მეთქი. თუ ვისვენებ და რაღაც საქმე მაქვს გასაკეთებელი, ხომ საერთოდ, მუდმივად საყვედურების რეჟიმში ვარ ჩემს თავთან. ჩემი აზრით, დღეს სიზარმაცე ძალიან დიდი ფუფუნებაა. ამიტომ, როცა ვზარმაცობ, თან განვიცდი (იცინის). ზაფხულში კუთვნილ შვებულებასაც ვერ ვირგებ ამ მიზეზით, ბოლომდე ვერ ვდუნდები.
– სიზარმაცის გამო მნიშვნელოვანი რამ დაგიკარგავს?
– ალბათ, ბევრი რამ დამიკარგავს. პირველი, რაც გამახსენდა, ჩემი სამაგისტრო ნაშრომია. გარკვეული მიზეზების გამო გადავდე ნაშრომის დაცვა. შემეძლო, არ მიმეცა თავისთვის ამის საშუალება, მაგრამ მაინც გადავდე, რადგან პირადი პრობლემები მქონდა. ამასობაში სიზარმაცემაც იჩინა თავი და ძალიან გამეწელა დასრულება. იმ პერიოდში ერთი დღე არ გამიტარებია ამაზე დარდის გარეშე. ვცდილობდი, თავი მეიძულებინა, რომ პროცესი დამეჩქარებინა და მთელი ეს დრო ტანჯვით გავიარე. ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებდა, რადგან პასუხისმგებლობაც დიდი იყო. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც დავასრულე. სასურველ შედეგამდე მივედი, უბრალოდ, აქაც დროის მომენტი იყო – ბოლოსკენ გავაქტიურდი. არავის ვურჩევ ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების სიზარმაცის გამო გადადებას. თუმცა, ალბათ, მთლად ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. თავი ასე ადვილად სამართავი რომ იყოს, არავინ ვიზარმაცებდით (იცინის).
– რა გეხმარება რთულ პერიოდებში?
– ასეთ დროს ოჯახის წევრები და მეგობრები მეხმარებიან, მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. უშუალოდ პროცესში შეიძლება, ცოტა დამღლელი იყოს მათგან მუდმივი შეხსენება, რომ რაღაც მაქვს გასაკეთებელი, თუნდაც, მათი გულშემატკივრობა, კითხვები და მოლოდინები... რაღაც მომენტში, შესაძლოა, გვერდში დგომამაც გაგაღიზიანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ზუსტად საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა და შეძახილები გაძლევს მოტივაციას საიმისოდ, რომ თავს დანებების უფლება არ მისცე. ასე რომ, მათი დამსახურება დიდია. ჩემს შემთხვევაში ასეა. მაგალითად, თუნდაც, სადიპლომოზე მუშაობისას, დედა მუდმივად მეკითხებოდა – აბა, როგორ მიდის საქმე, აბა, რას შვრებიო, რაც მაშინ არ მსიამოვნებდა, მაგრამ, რეალურად, ეს ერთგვარი სტიმული იყო, რომ არ დავნებებულიყავი და დამემტკიცებინა, რომ მე ნამდვილად შემეძლო ამის გაკეთება. საერთოდ, ვიტყვი, რომ ჩემი მშობლები და საკუთარი თავი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. პირველ რიგში, მინდა, საკუთარ თავს დავუმტკიცო ბევრი რამ და შემდეგ – ჩემმა მშობლებმა იამაყონ იმით, რასაც ვაკეთებ.
– ხარ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?
– კი. როცა ვიზრდებით, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მერე უფრო იჩენს ხოლმე თავს. შესაბამისად, მასზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ძალიან პატარა ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. სამწუხაროდ, მე მეგონა, რომ დიდად არ მაწუხებდა ეს პრობლემა და არანაირი ზრუნვა არ მჭირდებოდა, რადგან ძალიან მტკიცე და ძლიერი ვიყავი. მერე და მერე მივხვდი, რომ შეიძლება, მართლა ძლიერი იყო, მაგრამ ამ მხრივ, გარკვეულ პრობლემებს მაინც წააწყდე. ახლაც ვარ გარკვეული გამოწვევების წინაშე და ვცდილობ, სტრესულ გარემოს თუ სხვა ფაქტორებს, რაც ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის, მაქსიმალურად გავერიდო და თავს ხელი შევუწყო.
ხელშეწყობა გამოიხატება ფიზიკურ აქტივობებში, იქნება ეს სეირნობა თუ ცურვა, რადგან როგორც ვიცით, ეს ძალიან სასარგებლოა როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ვფიქრობ, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართაც საკმაოდ ყურადღებიანი ვარ. ხანდახან შეიძლება, რაღაცებს „წავუყრუო“ და ყველა ჩივილის გამო ექიმთან კონტროლზე არ წავიდე, მაგრამ მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენელია, არ მქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. ისე მოხდა, რომ ერთი წელი არ მქონდა და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. რომ გავაკეთე, ამოვისუნთქე და მაშინვე კვლევების ჩასატარებლად წავედი (იცინის). ამ ეტაპზე ყველაზე დიდ ყურადღებას კანისა და პირის ღრუს მოვლას ვუთმობ. თუ რამე გამომეპარა, ძალიან ვნერვიულობ.
– როგორ წარმოგედგინა ბავშვობაში საოცნებო მომავალი და დღევანდელი რეალობა თუ ჰგავს მაშინდელ ოცნებას?
– არ ვიცი, ეს ცუდი თვისებაა თუ არა, მაგრამ ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მქონია წარმოდგენები და ოცნებები მომავალთან დაკავშირებით. ოცნებაზე ახლაც რომ მკითხო, ვერ გიპასუხებ. სურვილები მაქვს, მაგრამ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, როცა ოცნების ფუფუნება არ გვაქვს და ამიტომ რეალობა მირჩევნია. ერთადერთი, რაც ბავშვობიდან მახსენდება, ისაა, რომ ვამბობდი, მინდა, პირველი პრეზიდენტი ქალი ვიყო-მეთქი. პირველი ვეღარ ვიქნები, ასე რომ, ესეც აღარ მინდა (იცინის). ბავშვობიდან ზედმეტად რეალისტი ვარ და რომ არ მოვიტყუო, ეს ცოტა ხელს მიშლის. ოცნებები ადამიანს გეხმარება, ის ძლიერი მამოძრავებელია და ამიტომ უამისობა, ალბათ, ჩემი უარყოფითი მხარეა, მაგრამ ამას უკვე ვეღარ შევცვლი და დაე, იყოს ისე, როგორც არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





