რატომ არ აკითხებს დათო ტურაშვილს ქალიშვილი საკუთარ ნაწერებს და რის გამო უწევს ხშირად ნერვიულობა მის ოჯახს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 28.06, 2021 წელი

ანაკო ტურაშვილს მრავალფეროვანი სატელევიზიო გამოცდილება აქვს, ამჯერად კი მამასთან – ყველასთვის საყვარელ მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად „ფორმულაზე“ გადაცემა „მე-17 სართული“ მიჰყავს.
ანაკო ტურაშვილი: ძალიან მომწონს აქაური სიტუაცია. ამ ადამიანებს კარგად ვიცნობ, მათთან ვმეგობრობ და გამიხარდა ასეთ ადამიანებთან ერთად მუშაობის შანსი რომ მომეცა.
– მამაც ამ გუნდის ნაწილია, პირველი შემთხვევაა, როცა ერთად მუშაობთ?
– ჩვენ წამყვანები ვართ, დათო კი ჩვენი ყოველკვირეული სტუმარია. პირველი შემთხვევაა, როცა ერთ გადაცემაზე ვმუშაობთ. მე და დათოს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ეკრანზეც ასეთივე ფორმით გადმოვიდა. ასე რომ, არანაირი უხერხულობა არ გვქონია და არც ვარჯიში დაგვჭირვებია.
– სატელევიზიო სივრცეში ეს არ არის თქვენი პირველი გამოცდილება.
– თეატრალურში ვსწავლობდი, კინომცოდნეობაზე, როცა შემთხვევით GDS-ზე მოვხვდი და ეს იყო ჩემი პირველი შეხება ტელევიზიასთან. რამდენიმე თვეში წამოვედი და მუშაობა „იმედზე“ განვაგრძე. პარალელურად კი, ეკა ხოფერიასთან, ჟურნალ „სითიში“ ვწერდი და შემდეგ მის გადაცემაში გადავედი პროდიუსერად. მალე გადავწყვიტე, რაღაც ახალი მესწავლა და მაგისტრატურაზე ჩავაბარე, პიარის განხრით. პარალელურად, ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. თუმცა, როცა კვლავ ტელევიზიაში მიმიწვიეს, უარი ვერ ვთქვი და ამჯერად „იმედის დილაში“ კულტურის ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. მერე, რაღაც პერიოდი, დედას ვეხმარებოდი ლექციების კურსის ორგანიზებაში, პლუს სწავლა და ტელევიზიისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
– თუმცა ახლა ისევ ტელევიზიაში ხართ და გამოდის, რომ ეს ის სამყაროა, რომელსაც საბოლოოდ, მაინც ვერ შორდებით.
– ტელევიზია ძალიან მიყვარს. თუმცა, შვილი მყავს და რადგან ტელევიზიაში დატვირთული რეჟიმით მიწევს მუშაობა, მოვდივარ, მაგრამ ძალიან მენატრება ხოლმე და ისევ უკან ვბრუნდები (იცინის). ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. საქართველოში რთულია, რამე გააკეთო ამ მიმართულებით, თუმცა, ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ეს ავირჩიე.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის არჩევა?
– არ ვიყავი ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვერ გადამეწყვიტა, სად ჩამებარებინა. დღემდე ასე ვარ, ერთ კონკრეტულ საქმეზე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მისი კეთება მინდა. ხან რა მაინტერესებს, ხან – რა. რადგან ძალიან მიყვარს ფილმები და წერა, დათომ მითხრა, კინომცოდნეობა არის შენთვის ზედგამოჭრილიო და ასე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც დღემდე ძალიან მიხარია.
– კინოს არა, მაგრამ მამას ლიტერატურისა და კონკრეტულად, დოჩანაშვილის შემოქმედების განსაკუთრებულმა სიყვარულმა აარჩევინა, თურმე, თქვენთვის სახელი.
– ჩემს სახელთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს, მაგრამ უფრო რეალურია ის, რომ ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ და ეს სახელი მისი პერსონაჟის, ანა-მარიას გამო დამარქვეს. მეორე ვერსიით, ანაც და მარიამიც, ორივე სახელი ძალიან მოსწონდათ, ამათგან ერთ-ერთზე ვერ ჩამოყალიბდნენ და ორივე დამარქვეს, რაც მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა. თუმცა, უფრო პირველი ვერსია ჰგავს სიმართლეს (იცინის). მეც ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და საერთოდ, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება. ბავშვობაში ამ ისტორიას რომ ყვებოდნენ, დიდად ვერ ვაცნობიერებდი, რაზე იყო საუბარი, მაგრამ რომ გავიზარდე და „სამოსელი პირველი“ თვითონაც წავიკითხე, მივხვდი მათი სიყვარულის მიზეზს ამ სახელისადმი და ძალიან მიხარია, რომ ამ წიგნთან ასეთი ისტორიით ვარ დაკავშირებული.
– მამა ის ადამიანია, რომელიც ძალიან უყვართ და აფასებენ. რას ნიშნავს, იყო დათო ტურაშვილის შვილი?
– ბავშვობაში დათოს ყველგან თან დავყავდი. ძალიან მიხაროდა, როცა ქუჩაში სცნობდნენ, ინტერვიუებს ართმევდნენ, უბედნიერესი ვიყავი ამ ყველაფრის გამო. მაგრამ, რაც გავიზარდე, ჩემთვის ეს ამბავი უფრო სანერვიულო თემა გახდა. იცით, რომ დათო ძალიან ემოციური ადამიანია და მისი ყველა გამოსვლა და ინტერვიუ განცდებთანაა დაკავშირებული. მისი გულის პრობლემებისგან გამომდინარე, მე და ჩემი ოჯახის წევრები სულ ვნერვიულობთ და ყველაფერს ისე განვიცდით, როგორც თვითონ. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა მეუბნებიან, ძალიან დიდ პატივს ვცემთ დათოს და გვიყვარს მისი შემოქმედებაო. ძალიან მეამაყება მისი შვილობა, არა მხოლოდ მისი შემოქმედების ან პატრიოტიზმის, არამედ მისი ადამიანობისა და იმის გამოც, როგორც გამზარდა.
– რა რჩევებს გაძლევთ, რა ღირებულებებს გინერგავდათ?
– დათო ის ადამიანია, რომელსაც არც ჩემთვის და არც ჩემი დებისთვის, არასდროს უთქვამს, ეს არის სწორი და ეს არასწორიო. ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ძალიან ზოგადი რჩევა შეიძლებოდა მოეცა მუსიკის, თუ წიგნის შესახებ. სულ გვეუბნებოდა, მე ვერ გეტყვით, თავის დროზე თვითონ მიხვალთ სწორ აზრამდეო. ერთადერთი, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებდით ისაა, რომ დათო სულ აქციაზე იყო, მეც სულ თან დავყვებოდი და ეს განწყობა ბუნებრივად გადმოვიდა ჩემს ხასიათშიც. სამშობლოს სიყვარულის შესახებ კი არ გვიყვებოდა, რომ ვუყურებდით, ვხედავდით და მისგან ვსწავლობდით. ვისწავლეთ, რომ პროტესტი ყოველთვის უნდა გამოვხატოთ და ვიღაცის მონა არ უნდა გავხდეთ. სხვა მხრივ, როგორც მთელ საქართველოს, ჩვენც გვეუბნებოდა, რომ წიგნი არის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი საშუალება და მეტს არაფერს, მაგრამ როცა ხედავ, რომ მშობელი მუდმივად კითხულობს, შენც იგივეს გაკეთება გინდება და მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს უთქვამს, ახლა ეს უნდა წაიკითხოო, ისე გამოვიდა, რომ ჩვენც მისნაირი მანიაკები ვართ წიგნის სიყვარულში (იცინის).
– და თავადაც წერთ...
– რაც თავი მახსოვს ვწერ, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, მაქსიმუმ, მეგობრებმა წაიკითხონ. არ ვიცი, ოდესმე შეიძლება, რამეზე ვიფიქრო, მაგრამ ჯერ არა. მამას არ ვაკითხებ, მგონია, რომ ობიექტური არ იქნება, ამიტომ მირჩევნია, საერთოდ არ წაიკითხოს (იცინის).
– გეხმარებათ ამ ადამიანის შვილობა თუ იმდენად დიდი პასუხისმგემლობაა, რომ დისკომფორტსაც ქმნის?
– ამ თემასთან ერთი კონკრეტული დამოკიდებულება არ მაქვს. გააჩნია გარემოებებს, ყოფილა შემთხვევა, დისკომფორტი შეუქმნია, ზოგჯერ დამხმარებია. ეს ფაქტი გამიზნულად რომ გამომეყენებინა, ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ბუნებრივად დამხმარებია.
– როგორია თქვენი ოჯახის ისტორია?
– ჩემი მეუღლე ჩემი კლასელია. სკოლაში ერთად ვსწავლობდით და დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში დავქორწინდით და გაგვიჩნდა თამარი – თამარ მერლანი, რომელსაც დათო ძალიან ხშირად ახსენებს. ჩემი ქმარი და შვილი სვანები არიან. დათოს ძალიან უყვარს სვანეთი და ამ კუთხესთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ყოველ ზაფხულს ერთად მივდივართ იქ. თუმცა, დათო დღესაც სვანეთში წავიდა, რადგან იქაურობის გარეშე ვეღარ ძლებს. ამაყობს, რომ სვანი შვილიშვილი ჰყავს. ოჯახში ყველა კუთხის წარმომადგენლები ვართ, ერთადერთი, სვანები გვაკლდნენ და ახლა ისინიც გვყავსო, ამბობს (იცინის).
– ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობა როგორია?
– თამარი ცალკე მე დამყვება ყველგან, ცალკე – დათოს. დათო როგორც ბაბუა, კიდევ სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ძალიან სასაცილოები არიან. თამარისთვის წიგნები მოაქვს, ერთად კითხულობენ, მერე ერთმანეთს რაღაცებს უყვებიან და ასე... ყოველდღე მირეკავს, სად არის, უნდა ვნახო, მომენატრაო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან