რატომ არ აღნიშნავს ცუცა კაპანაძე საკუთარ დაბადების დღეს ბოლო 25 წლის განმავლობაში და ვინ გაუკეთა მან ამერიკაში განსაკუთრებული სიურპრიზი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00
![ცუცა კაპანაძე ცუცა კაპანაძე](/files/2025/02/06/12426/tsutsa-kapanadze_w_h.jpeg)
დაბადების დღე ალბათ, ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს და მის აღნიშვნასაც ვცდილობთ, თუმცა ამ დღესთან ყველას ჩვენ-ჩვენი ისტორიები და ემოციები გვაკავშირებს.
ცუცა კაპანაძე: მე ასაკს არ ვმალავ. 65 წლის გავხდი, მაგრამ თავი ისევ 15 წლის, მერვეკლასელი მგონია. „პასიანსის“ ბრალია, ყველა ისევ „მერვეკლასელს“ მეძახის და ჩავრჩი ასე მერვე კლასში ოროსანი ბავშვივით (იცინის).
2 იანვარს, ბედობა დღეს მაქვს დაბადების დღე. დავიბადე და მამაჩემმა თოფი გაისროლა. მართალია, როცა ბიჭი იბადება, მაშინ ისვრიან თოფს, მაგრამ მე პირველი შვილი ვიყავი და მაინც გაისროლა (იცინის). ორი უმცროსი ძმა მყავს, მაგრამ მამა მეც მესამე ბიჭივით მზრდიდა, ბიჭი-გოგო – რაღაც ასე (იცინის).
– თქვენი დაბადება ასე რომ აღნიშნა, ალბათ, მერე თქვენს დაბადების დღეებსაც განსაკუთრებულად ხვდებოდა.
– დიახ, მე ყველა დაბადების დღეს ვიხდიდი და ჩემი ყველა თანაკლასელი ჩემთან მოდიოდა. მანამდე ბაღში აღმინიშნავდნენ ხოლმე. მაშინ, მოგეხსენებათ, რუსული ფული იყო ხმარებაში, მამას საჩუქარიც მოჰქონდა და პლუს, მანეთიანებსაც მჩუქნიდა. თანხას ნელ-ნელა, ასაკთან ერთად ზრდიდა, (იცინის).
ყველა დაბადების დღე ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ 2000 წელს, როცა 40 წლის გავხდი, მამა სამოცი წლის იყო, ჩემმა მეგობრებმა გადამიხადეს ძალიან დიდი დაბადების დღე რესტორანში, სიურპრიზი გამიკეთეს. 2 იანვარს ჩემი დაბადების დღე იყო და 12 თებერვალს მამაჩემი გარდაიცვალა. ძალიან ვინერვიულე, ისეთი შოკი მქონდა, ვერ აღვწერ. 60 წლის ადამიანი, წარმოგიდგენიათ?! ერთი წლის შემდეგ კი დედაც გარდამეცვალა, დედა 61 წლის იყო.
ამბობენ ხოლმე, 40 წლის რომ გახდები, დაბადების დღე არ უნდა გადაიხადო, ძალიან ცუდის ნიშანიაო. რატომღაც ეს აზრი ყოველთვის თავში მქონდა ჩაბეჭდილი და იმ წელიწადს არც ვაპირებდი გადახდას, მაგრამ სიურპრიზი გამიკეთეს და რესტორანში გადამიხადეს. მერე რაც მოხდა, ეს საკუთარ თავს დავაბრალე და ამის შემდეგ დაბადების დღე არ გადამიხდია. 25 წელია, ამ დღეს აღარ აღვნიშნავ. თუ მაინცდამაინც, მეგობარი დამპატიჟებდა, 2-3 მეგობარი დავსხდებოდით, თითო ჭიქას დავლევდით, ნამცხვარი, ყავა – სულ ესაა, თორემ ისეთი პომპეზური დაბადების დღე, როგორსაც მანამდე ვიხდიდი ხოლმე, მას შემდეგ აღარ მქონია.
60 წლის რომ გავხდი, აქ ჩემმა მეგობარმა, ჩვენი ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მთელ ჩვენს სტუდიასთან ერთად სიურპრიზი გამიკეთა – ბავშვებიანად, 160 კაცი იყო ჩემს დაბადების დღეზე. წელსაც იხსენებდნენ, საუკეთესო დრო გავატარეთ შენს დაბადების დღეზეო. ყველა ასაკის ხალხი ვიყავით (იცინის). მე არაფერი ვიცოდი, სახლში ვიყავი, ჩემმა მეგობარმა, რომლის დაბადების დღეცაა იმ დღეს, მითხრა, მოდი, რესტორანში წავიდეთ, უბრალოდ, ერთად ვივახშმოთ, ღვინო დავლიოთ და საკუთარ თავებს მივულოცოთ ეს დღეო. კარგი-მეთქი დავთანხმდი და წავედით. რომ მივედი, კარი გაიღო და ატყდა წივილ-კივილი, შოკში ჩავვარდი. ისეთი კარგი დაბადების დღე იყო, ისეთი ემოციები, ნამდვილი საოცრება. იმის შემდეგაც ისევ ისე, ორ-სამ ადამიანთან ერთად აღვნიშნავ ამ დღეს. წელსაც ასე იყო, მე და ჩემი მეგობარი წავედით მანჰეტენზე, „ლუი ვიტონის“ კაფე გაიხსნა, ძალიან მინდოდა მისი მონახულება და ბარემ ესეც გავაკეთე (იცინის). თითო ჭიქა კოქტეილი, პატარა ნამცხვარი, სანთელი და მომსახურე პერსონალმა მიმღერა.
– 2-ში ბედობას აღვნიშნავთ. ამერიკაში ამ დღეს არ აღნიშნავენ, მაგრამ თქვენ მაინც როგორი რიტუალი გაქვთ სახლში?
– კი, ამერიკაში ყველაზე დიდი დღესასწაული 25 დეკემბერია – შობის დღესასწაული, მანამდე – მადლიერების დღე, მაგრამ მე ახალი წელიც მიყვარს, შობა და აღდგომა, საერთოდ, ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია, ვგიჟდები ამ დღეებზე. ყოველთვის ძალიან ლამაზად ვაწყობ სუფრას და საოცარი განწყობა მაქვს. გარემოც ისეთი ლამაზია, სახლიც, რომ სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. არიქა და ძალიან დიდ წრეში უნდა აღვნიშნო-მეთქი, ასე არ ვფიქრობ. არ მიყვარს სახლში შეხვედრა და სუფრასთან ტრადიციულად აღნიშვნა. აუცილებლად მივდივარ ტაძარში, უფალს მადლობას ვწირავ თითოეული დღისთვის, ჩემი სიცოცხლისთვის, ოჯახისთვის. წელსაც, ჩემს დაბადების დღეზე სანთელი რომ ჩავაქრე, უფალს; პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანება ვთხოვე. ვთხოვე, ქართველები სხვადასხვა მხარეს არ დაგვტოვო-მეთქი.
– განსაკუთრებული საჩუქარი გავიხსენოთ, რომელიც დაბადების დღეზე მიგიღიათ...
– მე ძალიან მიყვარს პატარა, ანტიკვარული ნივთები, იქნება ეს თოჯინა, კედლის თეფში, ნახატი თუ მსგავსი რამ. ეს ჩემ გარშემო ძალიან ბევრმა იცის და დასამახსოვრებელ ნივთებს მჩუქნიან ხოლმე. ფულს დახარჯავ, ეს კი დაგრჩება მოგონებებთან ერთად. კარგი ნახატი და ანტკივარული ნივთი კი ძვირი ჯდება, მაგრამ, როცა შეხედავ, ყოველთვის ის ლამაზი წლები გაგახსენდება წარსულიდან, როცა გაჩუქეს და ის ადამიანები, ვინც გაგახარ.
– ასაკის მატებას ლაღად ხვდებით?
– ვაიმე, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ 65 წლის გავხდი. ყველა მეუბნება, რაც თავი მახსოვს, სულ ასეთი გვახსოვხარო. ნუ მეუბნებით, თვალი არ მეცეს-მეთქი, ვამბობ ხოლმე (იცინის). საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკს, პირიქით, რაც ასაკი მემატება, მგონი, უფრო და უფრო ვახალგაზრდავდები (იცინის). თან რომანტიზმში ვვარდები. რა ვქნა ასეთი განწყობა მაქვს. ველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს. სულ ასე ვიძახი და აღარ დაადგა საშველი ამ პრინცის მოსვლას. ადრე ერთი ადამიანი მეტრფოდა, ნათქვამიც მაქვს. დღემდე ვერ გავიგე, ვინ არის. ჩემს სიგრძე ვარდებს მიგზავნიდა არ გაამხილა ვინაობა, არ ვიცი, ვინ არის, ღმერთმა კარგად ამყოფოს და თუ აღარ არის ნათელი დაადგეს. ოთხი წლის განმავლობაში მიგზავნიდა ვარდებს მეზობლის ბავშვის ხელით, რომელსაც ფულს ჩუქნიდა და ეს ბავშვი სულ არ დაეძებდა ვინ იყო ის ადამიანი. მეც ბედნიერი ვიყავი და ის ბავშვიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან