შოუბიზნესი

რატომ არ აღნიშნავს ნანიკო ხაზარაძე ახალ წელს და რის გამო არ დგამს ის ნაძვის ხეს

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 18.01, 2022 წელი

ნანიკო ხაზარაძე
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ტრადიცია სამედიცინო სფეროსკენ უბიძგებდა და სურვილიც ჰქონდა, ამ გზას გაჰყოლოდა, მშობლებმა უარი უთხრეს და შემდეგ არჩევანი ტელევიზიაზე შეაჩერა.

ნანიკო ხაზარაძე: მამა დამსახურებული ქირურგი, პროფესორი, ემირიტუსი, პრაქტიკოსი ექიმი და ლექტორი გახლდათ. ეს არის მისი მოღვაწეობის სფეროების მოკლე ჩამონათვალი. უზომოდ შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე. ერთ-ერთია იმ ექიმთაგან, რომელიც არასდროს ფიქრობდა მატერიალურ კეთილდღეობაზე, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზე. ის ნამდვილი ექიმია.

– თქვენ არ გიზიდავდათ მედიცინა?

– სულ მინდოდა, ეს გზა ამერჩია, მაგრამ ოჯახმა უარი მითხრა. არ უნდოდათ სამედიცინო სფეროს გავყოლოდი, მითხრეს – არაო და მეც დავემორჩილე.

– მამა აკადემიურ წრეს წარმოადგენდა, მკაცრი და მომთხოვნი იყო?

– მე და მამა ერთად არ ვცხოვრობდით. დედაჩემი და მამაჩემი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, გაშორებულები იყვნენ და მასთან პარასკევს, შაბათს და კვირას ვატარებდი. კვირაში სულ სამი დღე ვიყავით ერთად და მკაცრი, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა. მთლიანად ჩემს სიამოვნებაზე იყო გადართული. სიმკაცრე არანაირად არ გამოსდიოდა.

– სოციალურ ქსელში წერდით, მამის მეურვეობის მოსაპოვებლად სასამართლო მეწყებაო. ეს ხუმრობა იყო?

– არანაირი ხუმრობა. ნებისმიერ პენსიონერს, ადამიანს, რომელსაც მენტალური პრობლემა აქვს და გარემოს ადეკვატურად ვერ აღიქვამს, აუცილებლად სჭირდება მეურვე. მეურვეობის მოსაპოვებლად ოჯახის წევრისთვის აუცილებელია გარკვეული საფეხურების გავლა: ადვოკატი, ფორმა ასი და ასე შემდეგ, რუტინული საქმეა, რომელიც კარგად იცის ადამიანმა, ვისაც ოჯახის წევრი მენტალური პრობლემით ჰყავს. სასამართლომ ჩაიარა, სულ რამდენიმე დღის წინ მომანიჭეს მამაჩემის მეურვეობა.

– დედა რა პროფესიისაა?

– დედა ბიოლოგია. ისიც მედიცინას ემსახურა მთელი ცხოვრება, ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა. შეიძლება, მეც სადღაც იქ უნდა ვიყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ტელევიზიაში ვარ. თუმცა, სამედიცინო საკითხებში საკმაოდ კარგად ვერკვევი. საბედნიეროდ, ჯანმრთელები ვართ და სახლში ჩემი უნარების გამომჟღავნების საჭიროება არ არსებობს, მაგრამ ბევრი რამ კარგად მესმის.

– მამისგან განსხვავებით, დედა მკაცრი იყო?

– დედა იყო ადამიანი, რომელიც უფრო მეტად მაკონტროლებდა. სკოლა იქნებოდა, ბაღი, გაკვეთილი, ყველაფერს ის მეთვალყურეობდა და მამაჩემისგან განსხვავებით, ის მკაცრი იყო.

– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბაბუათქვენის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნეთ, თუმცა გოგოს ჰგავდა.

– ბაბუა იყო მეთორმეტე ვაჟი ოჯახში, რომელშიც ძალიან უნდოდათ ქალი. ქალი კიდევ არა და არ გაჩნდა. ბაბუა იყო ბოლო შვილი. იმ დროს ამის პრაქტიკა იყო, ვაჟებს კაბებს აცმევდნენ ბავშვობაში. ბაბუაჩემი, ამ მხრივ; გამონაკლისი არ ყოფილა. მაგრამ მარტო კაბაც არ ყოფილა, ბაბუაჩემი 16 წლამდე ისე იზრდებოდა, როგორც გოგო: გრძელი თმით, კაბებით და ასე შემდეგ. წვერის გაპარსვის რეალური საჭიროება რომ გაჩნდა, ბაბუა ისევ კაცად გადაკეთდა და ჩაიცვა, როგორც მამაკაცმა (იცინის). დღეს რომ არის ისეთი დამოკიდებულებები მაშინ რომ ყოფილიყო, ბაბუას, ალბათ, სასწაულს დამართებდნენ.

– მამათქვენის მამაზე ვსაუბრობთ?

– კი, მამის მხრიდან ბაბუაზე. მამა იხსენებდა ხოლმე, რომ მამამისი გენიალური უროლოგი იყო, რომელმაც გერმანიაში მიიღო უმაღლესი განათლება და ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავდა. მათ შორის იყო კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. არაჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა, თავის საქმის პროფესიონალი. მის ადამიანობაზე და პროფესიონალიზმზე დღემდე ლეგენდები დადის და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ეს დამოკიდებულება მერე მამაჩემსაც გადმოჰყვა. ახლა მამას დემენცია აქვს და მისი ახლო მეხსიერება აღარ არსებობს. ნელ-ნელა ეს ახლო მეხსიერება იზრდება და მისი ბავშვობის მოგონებებში გადადის. ახლა მას შესაბამისი სპეციალისტები უვლიან, თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი შენარჩუნებული აქვს ადამიანობა და ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით, მისი კარგი ადამიანობისა და ცხოვრების წესის შესახებ ყოველთვის ვიცოდი გარშემო მყოფებისგან და თვითონაც იმავეს ვხედავდი.

– ასეთ მშობლებს სწავლის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონდათ?

– ჰქონდათ, მაგრამ მე არ ვიყავი კარგი მოსწავლე. მაგალითად, არ ვმეცადინეობდი საბუნებისმეტყველო საგნებს, მაგრამ დაფასთან რომ გამიძახებდნენ, არ ვიცი, საიდან, თუმცა მაინც ვართმევდი თავს.

– თავის დაძვრენა გამოგდიოდათ?

– არა, ფიზიკის ამოცანის ამოსახსნელად თავის დაძვრენა არ გიშველის. უბრალოდ, უნდა ამოხსნა. როგორღაც გამომდიოდა. როგორც ჩანს, რაღაცას მაინც ვსწავლობდი, ჩემებურად, მაგრამ მაინც.

– ოჯახურ დღესასწაულზე, ახალ წელზეც ვისაუბროთ. როგორია თქვენი ახალი წელი?

– ახალ წელს ჩემს სახლში ვერ ნახავთ დიდ ნაძვისხეს, არც სახლი მაქვს მორთული ბრჭყვიალა სათამაშოებით. ჩვეულებრივად ვართ, ისე, როგორც სხვა დროს. მხოლოდ ჩემი კატის ახალი, ლამაზი ტანსაცმელი კიდია ოთახში. საახალწლო განწყობა და გარემო ნამდვილად არ არის.

– ნაძვისხე საერთოდ არ გაქვთ?

– არა, არ მაქვს.

– რატომ – ასეთი დამოკიდებულება?

– მეზარება, არაფრის მომტანი არ არის. ჯერ წადი და ნაძვისხეში ფული ხარჯე, მერე მის დადგმა-მორთვაზე ხარჯე ენერგია, მერე დაშალე და შეინახე. მე ვერ ვხვდები მის აუცილებლობას. რომ ვიცოდე, მომარჩენს ან გადამარჩენს, მოვიტან და სიამოვნებით დავდგამ. არანაირი დანიშნულება მას არ აქვს და განწყობის შესაქმნელად დამხმარე საშუალებები არ მჭირდება.

– ნაძვის ხე არ გაქვთ, ამ დღესთან სამზარეულოში ფუსფუსიც არ ასოცირდება?

– არა, საერთოდ არ ვიყავი სახლში. 31-ში რომ გავედი შუადღისას, პირველში შუადღისას დავბრუნდი. სახლში თუ ვარ, არც მაშინ ვაკეთებ რამე განსაკუთრებულს. ჩვეულებრივად ვხვდებით 12 საათზე და თუ არ ვმუშაობ, ვიძინებ. ადრე უფრო გარეთ ვხვდებოდი, მერე, ასაკთან ერთად, ჩემზე მოთხოვნა მცირდებოდა, თუმცა, წელს რატომღაც ისევ მოთხოვნადი აღმოვჩნდი და მთავარი გალაკონცერტი მიმყავდა. ქართული ხასიათია, ბოლო კაპიკები დახარჯო და ოთხსართულიანი სუფრა გაშალო. მე უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ, მირჩევნია, საბანი იქამდე გადავიფარო, სადამდეც მწვდება. ერთადერთი, რაც მე ძალიან მიყვარს, სახლში ყოფნაა და როგორც კი მუშაობას ვამთავრებ, მაშინვე სახლში გამოვრბივარ. ისე მიყვარს შინ ყოფნა, ხელფასი რომ ისე მერიცხებოდეს, შეიძლება, სახლიდან არ გავიდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი