შოუბიზნესი

რატომ აღმოჩნდა ანანო სამხარაძისთვის რთული პოპულარობის დასაწყისი და რა შემთხვევითობამ შეცვალა მისი ცხოვრება

№29

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 24.07

ანანო სამხარაძე
დაკოპირებულია

19 წლის ანანო სამხარაძე „ნიკოს შოუს“ ბენდის ახალი წევრია, რომელმაც მანუ მურღულია ჩაანაცვლა. ანანო ქართული ტელესივრცისთვის ახალი სახეა, თუმცა „ტიკ-ტოკ პლატფორმაზე“ უკვე კარგად იცნობენ.

ანანო სამხარაძე: ჩემი „ნიკოს შოუს“ ბენდში მოხვედრის საფუძველი „ქართული ლიგა“ გახდა. მე საჩხერიდან ვარ და საჩხერის გუნდი გამოვედით „ქართულ ლიგაში“, რის შემდეგაც ზვიად ბლიაძემ შემომთავაზა, რომ ერთად „ტიკ–ტოკ კონტენტი“ შეგვექმნა. აქედან დავიწყე საქმიანობა და უკვე 70 000 – ზე მეტი გამომწერი მყავს. მერე ისევ ბატონმა ზვიადმა შემომთავაზა, რომ ბენდის წევრი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ეს ჩემი ოცნება იყო.

– კონკრეტულად რაზე ოცნებობდი?

– ტელევიზია, ეკრანი და გადაღებები ბავშვობიდანვე მიზიდავდა და მინდოდა, ეს საქმე მეკეთებინა. თან, რადგან ვმღერი, ბენდის წევრობა და მათთან ერთად სიმღერა, მით უმეტეს, კამერების წინ, ჩემთვის ძალიან სასურველი იყო.

– როგორია ახდენილი ოცნების გემო?

– ძნელია და სირთულეებს ნელ-ნელა ვეჭიდები. ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია, რადგან მხვდება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარებიც. არა უშავს, ყველაფერი წინ არის. ვეცდები, უარყოფითი კომენტარებიც გავითვალისწინო და ვეცადო, რომ მაყურებლისთვის კარგი და დადებითი აურა შევქმნა.

– რას უკავშირდება უარყოფითი შეფასებები? სასიამოვნო კომენტარებიც გავიხსენოთ...

– სასიამოვნოზე საუბარი ცოტა მეუხერხულება, საკუთარი თავის ქება გამომივა, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი ბევრი მხვდება. რაც შეეხება უარყოფითს, შედარებით ნაკლებია, მაგრამ რადგან ამ ბენდსა და შოუში მანუ მურღულიას იყვნენ შეჩვეულები, ჩემი გამოჩენის შემდეგ შედარებები დაიწყეს. წერენ, ეს გოგო ცოტა ჩამორჩება მანუსო და ასე შემდეგ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მანუს. ძალიან კარგი გოგოა, ნიჭიერი, ულამაზესი, ძალიან კარგი ხმის ტემბრით. ამ ტიპის კომენტარებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, უფრო ჩემი ოჯახია ჩართული და აქტიურად კითხულობენ, მაგრამ ვცდილობ, ისინიც ჩამოვაშორო ამ ნეგატივს.

– თავიდან ნერვიულობდი იმის გამო, რომ მანუს ჩანაცვლება მოგიწევდა?

– რა თქმა უნდა და ასეთ კომენტარებსაც ველოდი. სიმართლე გითხრათ, უარესსაც ველოდი და გამიკვირდა კიდეც, რომ მსუბუქად გადაიარა. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, როგორ მიმიღებდნენ ბენდში, როგორი დამოკიდებულება მექნებოდა მათ წევრებთან, მაგრამ საბედნიეროდ, ყველა ძალიან კარგი და საყვარელი აღმოჩნდა. ნიკოს ვიცნობდი, რადგან მასთან დილის გადაცემაში ვიყავი მიწვეული. ამიკო ჩემი ბავშვობის კუმირია, ისევე, როგორც დავით ფორჩხიძე, მის სიმღერებზე გავიზარდე. ნანოს არ ვიცნობდი, მაგრამ უსაყვარლესი აღმოჩნდა. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და ეს უზომოდ მახარებს. რეპეტიციებზე თუ ჩაწერებზე ყოველთვის სიხარულით მივდივარ.

– როგორ გახსენდება პოპულარობის დასაწყისი?

– ეს ჩემს „ტიკ-ტოკზე“ გამოჩენას მოჰყვა და ცოტა მძიმედ მახსენდება. ხალხის დამოკიდებულება არ იყო ცალსახად სასიამოვნო. ჩემ მიმართ უარყოფითი განწყობაც წამოვიდა. ასეთ კომენტარებს ვაქცევდი ყურადღებას, ფსიქოლოგიური იმუნიტეტი ჯერ არ მქონდა გამომუშავებული. არ ვიცოდი, რომ ნეგატივისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია. ამან ფსიქოლოგიურად იმდენად იმოქმედა, ერთი პერიოდი „ტიკ-ტოკს“ შევეშვი კიდეც, მაგრამ ძალა მოვიკრიბე, ფსიქოლოგიურად გავძლიერდი და დავბრუნდი.

– იუმორისტულ სიმღერებს ასრულებ „ტიკ-ტოკ“ კონტენტისთვის და ამ შემთხვევაში რა იყო უარყოფითი კომენტარების მიზეზი?

– კი, მაგრამ ხალხის გარკვეულმა ნაწილმა ჩემი ნამუშევრები კომედიურ სიმღერებად ვერ მიიღო და მხოლოდ „ცანცარობად“ აღიქვეს. კარგი კომენტარიც ძალიან ბევრი იყო და მადლობას ვეტყვი თითოეული მათგანის ავტორს, თუმცა, ცუდსაც ბევრი წერდა და როცა უკვე ოჯახის ლანძღვაზეც გადავიდნენ, თავი ვეღარ შევიკავე, ძალიან რთული მომენტი იყო. მაგრამ, ახლა გაცილებით ძლიერი ვარ. მიხარია, რომ საბოლოოდ არ დავნებდი. ამაში ოჯახმაც შემიწყო ხელი, ბატონმა ზვიადმაც და მათი დამსახურებაა, რომ დღეს მე აქ ვარ.

– სიმღერა სამი წლიდან დაიწყე?

– დიახ. ოთხი წლის მარტში გავხდი და ზაფხულში კონცერტი მქონდა. ძალიან ბევრ სიმღერას ვმღეროდი, მსახიობობაც მიწევდა, სხვადასხვა ფორმა მეცვა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. დედამ დაინახა ჩემი მონაცემები და არ მიმატოვებინა ეს საქმე. სიმღერაში ძალიან მიწყობდა ხელს და დღემდე ასეა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინ წავიდე და წარმატებას მივაღწიო.

– რაც შეეხება იუმორს?

– შემიძლია, ვთქვა, რომ იუმორი არასდროს გამაჩნდა (იცინის). სრულიად უცნობი სამყარო იყო ჩემთვის, არ გამოვირჩეოდი ამ მხრივ, უფრო სერიოზული ადამიანი ვარ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ასე გამოვიდა, არ იყო ჩემს ცხოვრებაში იუმორის ადგილი. ყველაფერი შემთხვევითობამ განსაზღვრა: სკოლის ბოლო ზარისთვის ღონისძიების მოსამზადებლად რეჟისორი დავიქირავეთ. მან აგვაწყობინა პროგრამა და ერთხელაც გვითხრა, რომ „ქართული ლიგა“ იწყებოდა. ეს გადაცემა „პოსტ ტვ-ზე“ გადიოდა, თუმცა მე მის შესახებ არ ვიცოდი. ერთი მომღერალი გვჭირდება გუნდში და წამოდიო, მითხრა. დავთანხმდი, მოვსინჯავ– მეთქი და წამოვედი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, სად მოვდიოდი. ასე აღმოვჩნდი „ქართულ ლიგაში“ და აქედან დაიწყო ჩემი წარმატების გზა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი რამ განსაზღვრა. დედაჩემს უნდოდა, სხვა მიმართულებით ვყოფილიყავი წარმატებული და „ქართული ლიგის“ იდეას ეწინააღმდეგებოდა, მეუბნებოდა, აბიტურიენტი ხარ და დროს ნუ კარგავო. მაგრამ ახლა ძალიან ნანობს თავის სიტყვებს და ყველაფერში გვერდით მიდგას (იცინის). საერთოდ, მგონია, რომ როცა ადამიანს განსაკუთრებული მოლოდინები არ გაქვს, სწორედ მაშინ ხდება განსაკუთრებული ამბები.

– რა გეგმები გქონდა?

– სულ სწავლა-განათლების პროცესში ვიყავი. ამასთან ერთად კლასიკური სიმღერა, ფორტეპიანო. ჩემი ოჯახისთვის სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვა რამისთვის დრო არ მრჩებოდა. პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია ავირჩიე, რადგან ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. არ მიჭირს ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და მგონია, რომ ეს თვისება გამომადგება. ახლახან დავამთავრე პირველი კურსი.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებულიც ხომ არ ხარ?

– არა, პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. სწავლასა და წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. ჩემთვის უპირველესი ეს არის, წარმატებას უნდა მივაღწიო და ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდე, როგორიც ნამდვილ ქართველ ქალს შეეფერება. შემდეგ ყველაფერი იქნება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბავშვური გატაცებები ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანი – არაფერი.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– სერიოზული, შემდგარი. პირველ რიგში, კარგი ადამიანობით უნდა გამოირჩეოდეს, სიყვარული შეეძლოს, მხოლოდ ჩემი არა, ზოგადად, ადამიანების. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა და სამშობლოს სიყვარული. დანარჩენი ყველაფერი იქნება.

– რას გწერენ თაყვანისმცემლები და შენ როგორ პასუხობ?

– სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მწერს, მაგრამ ჩემი მხრიდან პასუხი არ არის. იმიტომ არა, რომ რამე ცუდს მწერენ, მათგან სულ დადებითი შეფასებები და კომპლიმენტებია და მადლობელი ვარ ამისთვის, უბრალოდ, ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხებ. სწორად გამიგეთ, იმიტომ, არა, რომ თავში ამივარდა ან რამე მსგავსი, უბრალოდ, ეს არ მგონია საჭირო და ყველას შორიდან გადავუხდი მადლობას.

– კიდევ რა ინტერესები გაქვს?

– ჩემი დიდი ჰობია ცეკვა, ვცეკვავდი კიდეც. ძალიან მინდა, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოვხვდე და ჩემი ნიჭი გამოვავლინო. ასევე, ძალიან მაინტერესებს არქიტექტურა და მეგობრების დახმარებით ვსწავლობ კიდეც. ზოგადად, ვცდილობ, გარკვეული ცოდნა ბევრ სფეროში დავაგროვო. ეს ჩემი მშობლების და ოჯახის დიდი დამსახურებაა და მათი დიდად მადლობელი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა