შოუბიზნესი

რაში უხდიდნენ 11 წლის ციაკო ფიფიას ხელფასს და ვის გამო არ შეუშინდება ის ტყვიას

№8

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 07.03

ციაკო ფიფია
დაკოპირებულია

არ მეგულება ადამიანი, ვინც ციაკო ფიფიას მორგებულ და შესრულებულ სახალისო როლებზე არ ხალისობს. ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრს შრომობს, ცდილობს, ყველა საქმე მაღალ დონეზე გააკეთოს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს სითბო და სიყვარული არ მოაკლოს და ქუჩაში უცხო ადამიანების ღიმილს გულწრფელი ღიმილითვე უპასუხოს. როგორც თავად ამბობს, ეს წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა მოახერხა და საყვარელი ადამიანის გვერდით დასვენება მოასწრო.

ციაკო ფიფია: ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად დაიწყო და იმედია, ასე გაგრძელდება. ზოგადად, არ მიყვარს ზამთარი და სიცივე, ვგიჟდები ზაფხულზე და სითბოზე. ჰოდა, წინა წლის ზაფხულშივე დავგეგმე, იანვრის თვეში ისეთ ადგილას წასვლა, სადაც მზე და ცხელი ამინდები დამხვდებოდა. შარშან დუბაიში ვიყავი და წელს ეგვიპტეზე, კერძოდ, შარმ ელ შეიხზე გავაკეთე არჩევანი.

– ვისთან ერთად დაგეგმე ცივ დღეებში ცხელი არდადეგები?

– სხვათა შორის, თურმე, იქ იანვრის თვე ყველაზე ცივი და ქარიანია და რომ ჩავედი, ცივი ქარი დამხვდა. საერთო ჯამში, მაინც კარგი დრო გავატარე, მაგრამ ვთქვი, იანვარში აქ აღარასოდეს ჩამოვალ-მეთქი. თუმცა, მეუღლესთან ერთად ვიყავი და ძალიან კარგი მოგონებებიც დავაგროვეთ და განმარტოებულებს, კარგი დასვენებაც გამოგვივიდა. რომ ჩამოვედი, ყველა მეკითხებოდა, თუ ქარი იყო, ასე როგორ გაშავდიო. მციოდა, ვიყინებოდი, მაგრამ რუჯისთვის მზად ვიყავი და მზეს დავინახავდი თუ არა, ეგრევე ვეფიცხებოდი. ასე რომ, კარგად გავირუჯე, დავისვენე, ჩამოვედი და დაიწყო ჩემი საგიჟეთი – ტელევიზია, დაბადების დღის ცენტრი, ამას პლუს დავამატე ბოლო ზარები – სკოლის დამამთავრებელ კლასში მოსწავლეებს ვუწერ სცენარებს, ბოლო ზარს ვუდგამ და ამას ემატება ბანკეტები, ივენთები, კორპორატიულები. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს და ალბათ, არავის უკვირს, როცა ვამბობ, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა დროის უქონლობაა, არასოდეს მყოფნის-მეთქი. თუმცა, ვცდილობ, ყველაფერი ისე დავგეგმო და დროში გადავანაწილო, რომ მოვასწრო. ასე რომ, ეს წელი ენერგიულად დავიწყე.

– დამოუკიდებელი ცხოვრება როდის დაიწყე?

– რეალურად, დღესაც მთლად დამოუკიდებელი ვარ-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუები. სიტყვა დამოუკიდებელი მე სხვანაირად მესმის და სხვანაირად აღვიქვამ. კერძოდ, როცა დამოუკიდებელი ხარ, არ უნდა გჭირდებოდეს დახმარება, მე კი მეხმარება ორი ყველაზე დიდი ძალა – დედაჩემი, რომელიც ფინანსურადაც მეხმარება და მორალურადაც და ჩემი დედამთილი, რომელიც სულ გვერდით მიდგას და ჩემს შვილს ზრდის. ხანდახან, სახლში ღამის 2 საათზე მიწევს მისვლა და რომ არა ჩემი დედამთილი, ჩემს შვილთან ამ დრომდე ვერცერთი ძიძა ვერ იქნებოდა. რომ არა ჩემი დედამთილი, მუშაობის გრაფიკის შეკვეცა მომიწევდა და ეს ფინანსებზე იმოქმედებდა. მართალია, ბევრს ვშრომობ და მაქვს შემოსავალი, რომელიც ჩემი ასაკის გოგოსთვის საკმაოდ ნორმალურია, თუმცა, მე თავად ისეთი ტიპაჟი ვარ, მინდა, უფრო მეტს მივაღწიო, უფრო მეტი ვიშრომო და ღმერთს სულ ვეხვეწები, ენერგია და საქმე არ მომაკლო-მეთქი. სულ ველოდები სიახლეებს, მაგრამ თან სულ ვნერვიულობ, რომ არ გამომივიდეს-მეთქი. ჩემი თავის ბოლომდე არასდროს მჯერა. რისკი და მე ვერ ვმეგობრობთ, ძალიან მშიშარა ვარ, თუმცა, ჩემი პლუსი ისაა, რომ ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი და თუ რამეს მოვკიდე ხელი, სულსა და გულს ვდებ მასში, გააზრებული და გათვითცნობიერებული მაქვს, რომ საუკეთესოდ უნდა გავაკეთო. სტიმულსა და მოტივაციას, რაც აუცილებლად მჭირდება, მაძლევენ ჩემ გვერდით მდგომი ადამიანები, მეუბნებიან: მიდი, ციაკო, აუცილებლად გამოგივაო.

– ციაკო, როგორ ფიქრობ, ცნობადობამ რა შეცვალა შენში?

– საკუთარი თავი იმაზე მეტად შემაყვარა, ვიდრე მიყვარდა. სანამ ეკრანზე გამოვჩნდებოდი ჩემი გარეგნობის გამო კომპლექსები მქონდა, რომელიც ხალხის სიყვარულითა და დახმარებით მომეხსნა. დიდი მადლობა მათ ამისთვის. არ დამავიწყდება, რომ წერდნენ: ამ გოგოს როგორ უხდება ეს ცხვირი, ასეთი სახე და ასე შემდეგ. მაყურებელმა ჩემი თავი და ვიზუალი უფრო მეტად შემაყვარა. თავიდან, ქუჩაში რომ გავდიოდი და გამვლელები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, მიყვარხარო, მრცხვენოდა, ვფიქრობდი, სად დავიმალო-მეთქი. მაგრამ, დამიჯერეთ, ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს, როცა უცხო ადამიანს უყვარხარ. ასე მგონია, ადამიანებს გვაქვს ელემენტები, რომელიც გვიჯდება და ადამიანების სიყვარულით, პირადად მე, „ვიტენები“. მხოლოდ ერთადერთი ცუდი და ბოროტული კომენტარი მახსოვს, რომელიც ერთმა ქალმა დადო ჩემს ფოტოზე, გარეგნობას გაუსვა ხაზი. ძალიან მეტკინა გული, მივწერე, მომიბოდიშა და თავი იმართლა: ეს არ მიგულისხმიაო.

– რა იყო შენი პირველი სამსახური და თუ გახსოვს პირველი ხელფასი რამდენი გქონდა?

– ჩემი პირველი ხელფასი საკმაოდ პატარა ასაკში ავიღე, 11 წლის ვიყავი. მეზობლის შვიდი წლის ორ ბავშვს ვამზადებდი და ვეხმარებოდი ინგლისური ენის სწავლაში. ჩემი პირველი ხელფასი იყო 30 ლარი და თავი მილიონერი მეგონა, თან, არ მიყვარდა ამ ფულის დახარჯვა (იცინის). თუმცა, ვცდილობდი, ოჯახის წევრებისთვის პატარ-პატარა საჩუქრები გამეკეთებინა. ძალიან კარგად მახსოვს, პირველი ხელფასით მამას და ბაბუას ვუყიდე წინდები, დედაჩემსა და ბებიაჩემს – სარკეები, ჩემს დას კი – შოკოლადები.

– თვისება, რომელიც შენს ხასიათში მოგწონს და პირიქით, არ მოგწონს?

– არ მომწონს, რომ ძალიან ფეთქებადი ვარ. სკეტჩებში ხომ ვირგებ როლს და ვთამაშობ, რეალურ ცხოვრებაში, ვერა, არ შემიძლია მსახიობობა. თუ გავბრაზდი, სახეზე მაწერია ბრაზი, არ შემიძლია დამალვა. ძალიან ემოციური და პირდაპირი ვარ და სულ მეუბნება დედაჩემი: როცა ხვდები, რაღაც ისე ვერაა, სამამდე დაითვალე, ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, დაფიქრდი კარგად და მერე თქვიო. მე ეს არ შემიძლია და ეს არის ჩემი მინუსი. რომ ავფეთქდები და რამეს ვამბობ, მერე დავფიქრდები ხოლმე, ვაიმე, ეს ასე არ უნდა მეთქვა-მეთქი (იცინის). თუ გავიაზრე და მივხვდი, დამნაშავე ვარ, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. ხოლო, ის, რაც ჩემში მომწონს, არის, რომ ძალიან მშრომელი და პასუხისმგებლიანი ვარ. ახლა რომ ვფიქრობ, არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, ის გზა, რომელიც დღემდე გამოვიარე, უნდა გამომევლო, იმ თავისი დაცემა-წამოდგომებით, რადგან რომ არა ეს ყველაფერი, დღეს ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა