შოუბიზნესი

რას სთხოვენ შორენა იმნაძეს უცხო ადამიანები და რატომ ეშინია მას ესემესების გახსნის

№29

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 22.07

შორენა იმნაძე
დაკოპირებულია

მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, ბარიერისა და წარუმატებლობისა, შორენა იმნაძე ცხოვრებამ ვერ შეაშინა. ყოველთვის იცოდა, რომ წინ ბედნიერი მომავალი ელოდა და ამისთვის, გამუდმებით იბრძოდა. დღეს ბედნიერი ქალია და მიიჩნევს, რომ ყველა მისი წარმატება მისივე პოზიტიური, მხიარული და ლაღი ხასიათის დამსახურებაა. ამ ზაფხულს, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა, დასვენებას სამშობლოში, საყვარელი ოჯახის წევრების გარემოცვაში მაინც მოახერხებს.

შორენა იმნაძე: ზოგადად, ყველა სეზონი მიყვარს და ჩემია, მაგრამ ჩემთვის, ყველა ზაფხული უფრო კარგად იწყება, რადგან ამ პერიოდში საქართველოს ვსტუმრობ, ჩემს შვილებს ვეხუტები, ვეფერები და ჩემს ქვეყანაში პოზიტიურ განწყობაზე ვდგები. ასევე, აქ ბევრი იხდის ქორწილს და სამღერლად მიწვევენ. ასე რომ, ზაფხული ჩემთვის ყველაფერ კარგთან ასოცირდება. ახლა ცოტა ხნით საქმეზე მომიწია ჩამოსვლა და უკან, რუსეთში მიწევს დაბრუნება. ჯერ ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება, უცხოეთში დავისვენო. თუმცა ამას არ განვიცდი. ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ საქართველოში რომ დაეშვება თვითმფრინავი, თვალებში ცრემლი მადგება. ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე, ძალიან მიყვარს. გული მწყდება, რომ ახლა ვერ მოვახერხე, თუმცა, მალე დავბრუნდები და ზღვაზე, ბათუმში ერთი თვე დავისვენებ, ძალებს აღვიდგენ. სხვათა შორის, სიურპრიზსაც ვუმზადებ ჩემს ერთგულ მსმენელს, ვგეგმავ ლამაზი საღამოს ჩატარებას და ზღვაზე კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. სხვათა შორის, თბილისში მაქვს ბინა და ოცნებად მქონდა ბათუმშიც მქონოდა პატარა ბინა, ეს ოცნებაც ავიხდინე და ახლა ვარემონტებ, ცქრიალა მომავალს ვუწყობ ჩემს შვილებს. ყველა დედა, ვინც ემიგრაციაშია, ასე ფიქრობს თავის შვილებზე და არც მე ვარ გამონაკლისი.

– ზაფხულის პერიოდში ყველა ისვენებს შენ კი ბინის გარემონტებით ხარ დაკავებული და ეს სეზონი შემოქმედებითადაც უფრო დატვირთული გაქვს...

– თავისთავად, ასეა. რასაც ვაკეთებ, გულით ვაკეთებ და მიყვარს, როცა ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებ. სხვათა შორის, ბევრი ვიცი, ვინც განსაკუთრებულად ემზადება ზაფხულის სეზონისთვის. მე კი სულ ვმუშაობ. კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღე ვისვენებ და იმ ორ დღეს ყოველთვის გავდივარ მოსკოვის მაღაზიებში და ვშოპინგობ. ამ მხრივ, ჩემს თავს სულ ვანებივრებ. ასე რომ, კვირაში ორი დღე შოპინგი, ჩემთვის აუცილებელია. ნამდვილი შოპაჰოლიკი ვარ (იცინის).

– წარმომიდგენია, რამდენი ნივთი და სამოსი გაქვს დაგროვილი...

– დაგროვილ ნივთებს უცხო ადამიანებს ვჩუქნი. თუ სოციალურ ქსელში ვნახე, ვინმეს რაიმე სჭირდება და მე მაქვს, აუცილებლად ვაჩუქებ. ზოგადად, საქართველოში ჩამოვდივარ დიდი ჩემოდნით და მივდივარ უჩემოდნოდ, რადგან ყველაფერს ჩემი შვილები იტოვებენ (იცინის). უამრავი სამოსი აქვთ, მაგრამ ჩემი გოგოშკური სამოსი მოსწონთ და უკან ცარიელი ხელებით მიშვებენ (იცინის).

– შორენა, ასაკის მატება თუ გაშინებს, თუ ფიქრობ იმაზე, წლების მერე როგორი იქნები?

– არასოდეს ვფიქრობ, რადგან წლების მატებასთან ერთად ვმშვენიერდები. ჩემთვის ყოველი გათენებული დილა ლამაზი და უბედნიერესია. ამას წინათ თვალი გავახილე და ტელეფონი უკან გავწიე, რადგან მოწერილი მესიჯი ვერ წავიკითხე. ვიფიქრე, მხოლოდ დღეს დამემართა-მეთქი. მეორე დღესაც რომ იგივე განმეორდა, მივხვდი, მხედველობის სათვალე უნდა შემეძინა. ანუ, წლების მატებასთან ერთად ის სათვალეც ისე მოვიხდინე, ჩემმა მეგობრებმაც შეიძინეს და ატარებენ (იცინის). პლუს სათვალეს კი ვატარებ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. არც წლების მატების მეშინია, რადგან მყავს უკარგესი შვილები და გვერდით – უსაყვარლესი მეუღლე, რომელიც ზრუნავს ჩემზე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ პაპანაქება ზაფხულში, ერთი კვირის წინ, „შუბა“ მიყიდა (იცინის). ძალიან ძვირიანი იყო, იაფად ყიდდნენ და სახლში ულამაზესი „შუბა“ დამახვედრა. კი მოვიკალი თავი, ასეთი ძვირიანი არასოდეს მცმია, არ მინდა-მეთქი, მაგრამ უკვე ნაყიდი ჰქონდა. მითხრა: ძალიან მოგიხდება და ეს ჩემი საჩუქარიაო. ასე რომ, ჩემი შვილებისა და ქმრის შემხედვარეს, მომავლის არ მეშინია.

– მხიარული, ლაღი და პოზიტიური ადამიანი ხარ. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ საკმაოდ რთული გზა გამოიარე, დღევანდელობამდე რომ მოსულიყავი. რას გრძნობ ახლა, უკან რომ იხედები?

– ყველა იმ გოგოს ვეტყვი, ვისაც იმედი აქვს გაცრუებული თავის ცხოვრებაზე, აუცილებლად უნდა იარონ წინ. დილით რომ ადგებით, საკუთარ თავს უთხარით: მე ყველაზე ძლიერი ვარ, ყველაფერი გამომივა! და ცხოვრებაში მართლა ყველაფერი გამოგივათ, თუ იქნებით მიზანდასახულები. სულ ასე ვფიქრობდი და ყველას ამას ვეუბნები. ხანდახან, საერთოდ არ მემღერება, მაგრამ სცენაზე ისეთ ხასიათზე გამოვდივარ, ტაშით ინგრევა ყველაფერი. ეს არის ჩემი ხასიათი და ის თეატრალურობა, რაც მსმენელს ჩემში მოსწონს. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ისინი ამას გრძნობენ. ჩემი ამ სამსახიობო მონაცემითა და ხასიათით, სცენაზე როცა ვმღერი და მსმენელისთვის ვიხარჯები, ამას მიფასებენ. ყოფილა მომენტი, ჩემ წინ ბევრად კარგი მომღერლები გამოსულან, მაგრამ მე უფრო მეტი ოვაცია მიმიღია და ტაშით დანგრეულა ყველაფერი. ეს ჩემი ენერგეტიკის დამსახურებაა. მირეკავენ: შორე, რამე სამსახური ხომ არ არის, რომ დაგვასაქმოო. ვპასუხობ: გოგოოებო, თქვენნაირი ხმა რომ მქონდეს, იცით, როგორ წავალ წინ-მეთქი. კი მოგეხსენებათ, 10 ლარით წავედი სტამბოლში, სასტუმროში შევედი და ვუთხარი, მე ვარ მომღერალი-მეთქი, თუმცა, არ ვიყავი... თუ შენ ნამდვილად მომღერალი ხარ, მიდი და თამამად შეაღე კარი. თუ გაქვს ნიჭი და მას გამოამჟღავნებ, აუცილებლად გაგიმართლებს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, თავდაჯერებულობა აკლიათ და ესაა უბედურება. დამიჯერეთ, თუ იქნებით თავდაჯერებული იმაში, რაც კარგად გამოგდით, ყველაფერს შეძლებთ.

– ბედისწერას და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრასაც ხომ მიუძღვის წვლილი ადამიანის წარმატებაში?

– ბედს ჩვენ თავად ვმართავთ და ყველა დრო საჭირო დროა. მეც არ გამმართლებია რაღაცებში, წარუმატებლობაც მიგრძნია, მაგრამ ამის გამო უკან არ დამიხევია.

ზუსტად ვიცი, რაღაც თუ მეწყინება, რამდენიმე დღეში, ბედნიერი ვიქნები, გამართლებული და ორი იმდენად გამიხარდება.

– ცხოვრებას არასოდეს შეუშინებიხარ?

– ცხოვრებას არასოდეს შევუშინებივარ, მაშინაც კი, როცა ცუდად ვიყავი. მირეკავდნენ შვილები და ვეუბნებოდი: ძალიან კარგად ვარ-მეთქი. არც ფული მქონდა, არც არაფერი, მაგრამ არ შემშინებია. საკუთარი თავი მომიტყუებია, რომ კარგად ვარ და ამას კარგად უმუშავია. არასოდეს არავისთან მიწუწუნია, რომ მე რაღაც არ მაქვს, არასოდეს არავისთვის მითხოვია ფული – მიჭირს და დამეხმარეთ-მეთქი. თუმცა, ბევრი მირეკავს, მწერს და დახმარებას მთხოვს. მე კი, როგორც შემიძლია, გვერდით ვუდგავარ და ვეხმარები. გეფიცებით, უკვე ესემესების გახსნისაც მეშინია, იმდენი უცხო ადამიანი მთხოვს დახმარებას. ვცდილობ, ყველას დავეხმარო, ჩემს სოციალურ გვერდზე ვაზიარებ და რაც შემიძლია, ვაკეთებ. ზოგი ისეთი ადამიანი მთხოვს ფულს, მეც რომ მიკვირს, მაგრამ ასე ყოფილა ეს ცხოვრება. კიდევ ვამბობ, უფალს ყოველ დილით მადლობას ვეუბნები, რომ გავიღვიძე, ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან და საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს. და, ჩემი წარმატების ყველაზე მთავარი საიდუმლო ჩემი ხასიათია. ცუდს კარგი მოჰყვება და წარუმატებლობამ არ უნდა შეგაშინოთ. ერთხელ მოვედით ამქვეყნად და უნდა ვიყოთ ბედნიერები, ლაღები და კარგები, თორემ ცხოვრებას პრობლემები და ბარიერები მუდამ ახლავს. ამას უნდა გაუძლო და მომავალ სიხარულზე და ბედნიერებაზე იფიქრო.

– რუსეთში ცხოვრობ და მოღვაწეობ. ამის გამო ნეგატიური დამოკიდებულება არ გიგრძნია?

– სოციალური ქსელით „ფეიქს“ თუ დაუწერია, მაგრამ პირში მაგას ვერავინ მეტყვის. გავსულვარ რუსულ შოუებში და ნანახი გექნებათ, როგორი აპლოდისმენტებით მხვდებიან რუსები. ყველა ერშია ცუდი და კარგი. ჩვენმა ფეხბურთელებმა რომ გვასახელეს, სამ რესტორანში ვმღეროდი იმ დღეს და უნდა გენახათ რუსი ახალგაზრდები როგორ გულშემატკივრობდნენ საქართველოს. ყვიროდნენ: საქართველოს გაუმარჯოს! ქართულ სიმღერებს რომ მღერი რუსეთში და ამდენი ადამიანი გესწრება, ყველას თვალში სიკეთეს ხედავ, ყველამ ზეპირად იცის ტექსტი და გყვება, როგორ შეიძლება, ნეგატივი იგრძნო.

– ყველაზე მეტად რომელი ქართული სიმღერის მოსმენა უყვართ?

– „თბილისო“, „ჩიტო გვრიტო“, „სულიკო“... ახალმა თაობამ ზეპირად იცის სიტყვები და თავადაც მღერიან ჩემთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული