შოუბიზნესი

რას სთავაზობენ სალომე კაპანაძეს ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდ და რა ეშლებათ მასთან მიმართებაში მამაკაცებს

№5

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 09.02, 2021 წელი

სალომე კაპანაძე
დაკოპირებულია

ინფლუენსერი სალომე კაპანაძე საკუთარი ჩაცმის სტილით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელში უამრავი სექსუალური ფოტო უდევს, რაც ბევრს ძალიან მოსწონს, თუმცა ბევრი საკმაოდ უხეში ფორმით გამოხატავს საკუთარ ანტიპათიას მისდამი. 
 

სალომე კაპანაძე: ერთ დღეში არ გადამიწყვეტია, ინფლუენსერი გავმხდარიყავი. რამდენიმე წელია, „ინსტაგრამის“ მომხმარებელი ვარ და ყველაფერი ნელ-ნელა აეწყო. თავიდან მხოლოდ ჩემს ფოტოებს ვაქვეყნებდი, შემდეგ საჩუქრებს, ჩემს ყოველდღიურობას, საკვებს – ამ ყველაფრის გაზიარებაც დავიწყე გამომწერებისთვის და კომპანიები ამის შემდეგ დაინტერესდნენ ჩემით, რადგან ჩანდა, რომ ხალხს აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება. ახლა 71 ათასი გამომწერი მყავს.
– რამდენად შემოსავლიანია ეს საქმიანობა, ყოველთვიურად რა თანხას გამოიმუშავებ?
– ფინანსურად ამაზე დამოკიდებული ვერ ვიქნები. ბევრისთვის ეს სამსახურია, ჩემთვის – არა მხოლოდ, სიამოვნების წყაროცაა. შეიძლება, ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ძალიან ცოტა კომპანიამ გთხოვოს რეკლამის გაკეთება, მაგრამ მეორე თვეში ყველა შენთან მოვიდეს. არაპროგნოზირებადი საქმეა. თან ყოველთვის ფინანსებზე არა, გართობაზეც ხომ ფიქრობ. ზუსტი ციფრის დასახელება ძალიან რთულია, მაგრამ მიახლოებით რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს თვე, როცა ამ საქმით ხუთას ლარს გამოვიმუშავებ და თვე, როცა – სამიათას ლარს.
– შენი „ინსტაგრამი“ საკმაოდ „ცხელია“. თამამი ფოტოები გიდევს და ხუმრობდი კიდეც – დამკვეთებს რომ ვეუბნები, დაათვალიერეთ ჩემი გვერდი და მითხარით, გადაღებისთვის რომელი ტანსაცმელი მოგწონთ, რომ ის ჩავიცვა, მერე მახსენდება, რომ ტანსაცმელი არსად მაცვია და ყველა ფოტოზე საცურაო კოსტუმით ვარო. ამას იმიტომ აკეთებ, რომ ბევრი გამომწერი გყავდეს თუ ასეთია შენი ცხოვრების სტილი?
– რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ის მაცვია. ყოველდღე როლინგითა და ჯინსებით რომ ვიარო, ვერ ვიქნები კომფორტულად. ყოველდღე საცურაო კოსტუმით არ დავდივარ, მაგრამ ამ სტილის ფოტოებს გამომწერების მოსაზიდად ნამდვილად არ ვდებ. საქართველოში როცა ვიდეორგოლის გადაღება უნდათ და ეძებენ გოგოს, რომელიც აუზიდან უნდა ამოვიდეს საცურაო კოსტუმით, ყველა უარს ამბობს და ბოლოს ჩემთან მოდიან ხოლმე. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვთანხმდები ასეთ გადაღებებს.
– სამი წლის წინ, ძალიან ბევრს საუბრობდნენ შენს დეკოლტეზე. დღეს კიდევ უფრო თამამი ფოტოები გაქვს. შეიცვალა რამე თუ ისევ ისე აშფოთებთ სიშიშვლე და შენი სითამამე?
– სამი წლის წინ მართლა ბუმი იყო ამაზე. ოჯახის წევრები და მეგობრები მეუბნებოდნენ, კომენტარები წაიკითხე? წააშლევინე მაინც, ნახე რას გიწერენო. არც მაშინ მიმქონდა გულთან ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მძაბავდა. ახლა საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. ვფიქრობ, რომ ჩემგან მიეჩვია საზოგადოება ასეთ თამამ ნაბიჯებს.
– წერდი, რომ ეს სტერეოტიპების მსხვრევაა – რა არის შენი მიზანი?
– ზოგი ამას ისე უდგება, როგორც უბრალოდ, სიშიშვლეს. კიდევ კარგი, ამ ეტაპზე შვილები არ მყავს, თორემ, ალბათ, უარეს კომენტარებს დამიწერდნენ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ესთეტიკურ საქმედ აღიქვამენ. მე სტერეოტიპად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ ვიღაცას აღიზიანებს, როცა გოგოს ლამაზად ჩაცმულს უყურებს. სიშიშვლე კიდევ სხვაა. ბევრი გოგო იღებს ლამაზ ფოტოს, მაგრამ ეშინიათ მისი გამოქვეყნების და კარგი იქნება თუ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ამაში სასირცხვილო არაფერია, ყველაფერი განვითარდა და ცოტა წინ გავიხედოთ (იცინის).
– პირადში რას გწერენ ხოლმე?
– პირად მიმოწერაშიც, დაახლოებით, ისე მწერენ, როგორც კომენტარებში – აქაც სტერეოტიპებს ვხვდები. ძირითადად, კაცებისგან მომდის ხოლმე სასწაული მესიჯები. ერთხელ გამოვაქვეყნე კიდეც სახელებისა და გვარების დაუფარავად, როგორ უტაქტოდ და უხამსად მწერდნენ. ბიჭებზეც არ ვსაუბრობ, ცოლშვილიან კაცებს ვგულისხმობ. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ ვპასუხობ.
– ფიქრობენ, რომ თუ სოციალურ ქსელში თამამ ფოტოს დადებ, შენთან ყველაფრის მიღწევა ადვილია?
– კი და ძირითადად ერთსა და იმავე ფრაზას იყინებენ „ძალიან თამამი გოგო ხარ“, ამაზე უკვე მეცინება. რატომღაც თვლიან, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი თუ როგორაა, არ ვიცი. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი უფრო რთულადაა – აქ გვერდს ვერ აუვლი მსგავს მომენტებს და ვერც დააიგნორებ, მაგრამ ამ მხრივაც ბევრი ვისწავლე. სხვათა შორის, უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავს, ვიდრე გოგო და მათ ჩემდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე თავს დავდებ. ვაღიარებ, რომ ჩემთან მეგობრობა უფრო კარგია, ვიდრე პირადი ურთიერთობა. იმიტომ, რომ საშინელი ხასიათი მაქვს, რის გამოც ვარ მარტო ამდენი ხანი (იცინის). უტაქტო შეტყობინებების გარდა, რეალურ ცხოვრებაში, არ მქონია შემთხვევა, ვინმეს უხამსად მოემართა და ამის დამსახურებაცაა, რომ სოციალურ ქსელში ვაგრძელებ საქმიანობას. ფაქტის წინაშე რომ დავმდგარიყავი, შეიძლება, დავფიქრებულიყავი. მარტივი არაა, როცა ვიღაც შეურაცხყოფას გაყენებს. თავს ვერ დავდებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა, მსგავსს არაფერს ვაკეთებ და ვინც რეალურად მიცნობს, მგონია, რომ ასეთ რამეს არ მაკადრებს. არ ვიძლევი საბაბს, რომ ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს.
– ბევრს ჰგონია, რომ ფულით ან ძვირფასი საჩუქრებით „იყიდის“ ქალს. შემოუთავაზებიათ შენთვის ფული სექსის სანაცვლოდ ან ძვირფასი საჩუქრები?
– კი. თუმცა, პირადად რომ დამიდგეს ადამიანი და მსგავსი რამ შემომთავაზოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ მოუწერიათ და „სტავკაც“ აქვთ. კონკრეტული თანხის შემოთავაზებით იწყებენ და მერე უმატებენ და უმატებენ – აბა, თუ წამოვეგები. მაგრამ ამ შეტყობინენებსაც უპასუხოდ ვტოვებ. ეს არც არის და არც არასდროს იქნება ჩემი ინტერესი. ერევათ ერთმანეთში ის საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ და ის, რასაც ისინი მთავაზობენ – ძალიან ეშლებათ.
– ვინც „ინსტაგრამზე“ გაკვირდება, წარმოუდგენია, რომ ბიჭს ბიჭზე იცვლი და ამ დროს ამბობ, არაფერი ხდებაო. რატომ?
– არ ვიცი, ეს ჩემი პრობლემაა თუ ბიჭების, რომლებიც ჩემთან ურთიერთობას ცდილობენ და მეც ვცდილობ, მაგრამ მართლა ძალიან რთული ვარ ურთიერთობაში. ეჭვიანი ვარ, ეგოისტი ვარ, თუ ჩემია, ჩემი უნდა იყოს (იცინის). ყველას არ უყვარს, როცა ბოჭავენ. მე თვითონ ვერ ვიტან, როცა თავისუფლებას მიზღუდავენ და არც ჩემი მხრიდან არის სწორი. არადა, მიყვარს როცა ყველაფერი ვიცი: სად დადის, როდის გაიღვიძა, როდის დაიძინა – ბეზრდებათ ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ.
– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ შეგიყვარდეს?
– ვაიმე, არ დაბადებულა ჯერ ისეთი ბიჭი, როგორიც თავდავიწყებით შემიყვარდება (იცინის). რომ იყოს, ალბათ, მომაგნებდა.

– ქორწინებაზე რას ფიქრობ?
– ყველაზე ნაკლებად გათხოვებაზე ვფიქრობ. თუ კონკრეტულად ამ თემაზე არ ჩამოვარდება ლაპარაკი, არც მახსენდება. ჯერჯერობით არ ვაპირებ. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და გათხოვების შემდეგ ისინი, ალბათ, ოცნებებად დარჩება. ამიტომ მინდა, ჯერ ჩემს თავს მივხედო, საქმიანობა უფრო განვავითარო. მით უმეტეს, ჯერ არავინ არ ჩანს (იცინის).
– ძალიან რომ შეგიყვარდეს ბიჭი და გითხრას, ასეთი თამამი სტილი აღარ გინდაო, რას იზამ?
– ყოფილა ასეთი შემთხვევაც, მაგრამ თუ ყველაფერს ამიკრძალავს, აბა, ვინ შეუყვარდა? ხომ იცის ჩემი საქმიანობის შესახებ და ამდენი წელი რომ ამას ვაკეთებ, ასე უცებ ვერ დავასრულებ. გამოცდილია, რომ თავიდან ყველა ანგელოზია და მერე გამოაჩენენ ბრჭყალებს, მაგრამ მგონია, რომ არ შემიყვარდება ადამიანი, ვინც ჩემს საქმეს პატივს არ სცემს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ვინც ჩემს საქმესთან ახლოს იქნება, იმას უფრო სერიოზულად შევხედავ, რომ კარგად გამიგოს. დრო რომ გადის და მერე გაპარებენ, რაღაც თუ არ მოსწონთ, უკვე გვიანია. სრული უფლება გაქვს, მარტივად დაასრულო ყველაფერი და დამისრულებია კიდეც.
– როგორ ცდილობენ ბიჭები შენთვის თავის მოწონებას?
– წარუმატებელი მცდელობა ძალიან ბევრია, თუმცა ჭეშმარიტებამდე ჯერ ვერავინ მივიდა (იცინის). ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობენ ბიჭები, გოგოს რომ მისწერენ, რას შვებიო, ამაზე პასუხი უნდა მიიღონ, შემდეგ ბრაზდებიან კიდეც (იცინის). სოციალურ ქსელებს რომ თავი დავანებოთ, პირადად არ ცდილობენ, თავი მომაწონონ. ჰგონიათ, რომ ჩემთან შანსი არ აქვთ, რომ ძალიან მიუწვდომელი ვარ და თავს ვერ მომაწონებენ, ვერაფრით გამაკვირვებენ. ამიტომაც, ხელს ჩაიქნევენ და ვრჩები მარტო (იცინის). თუმცა, მე პირიქით ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია ჩემთან კონტაქტში შემოსვლა. სხვათა შორის, ბიჭთან პირველი ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს და ვფიქრობ, რომ არც გადავდგამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა