შოუბიზნესი

რას საყვედურობენ ქართლოს ნატროშვილს მიხეილ სააკაშვილის ქალებთან მიმართებაში და ვინ გადაიკიდა მის გამო ბიძინა ივანიშვილმა

№51

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 28.12, 2022 წელი

ქართლოს ნატროშვილი
დაკოპირებულია

ძალიან ბევრი წელია, მიხეილ სააკაშვილის პაროდიებს აკეთებს და ბუნებრივია, რომ მის დანახვაზე, ყველას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახსენდება. სიყვარულსაც მის მიმართ გამოხატავენ და საყვედურებსაც იღებს, თუმცა ურთიერთობის დალაგებას ყველასთან ახერხებს.

ქართლოს ნატროშვილი: სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეც არ იყო, პოლიტიკოსებს შორის რომ ამოვირჩიე და მისი პაროდიის კეთება დავიწყე. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ რაც შენია და რაც შენშია, ის არ გღლის. შეიძლება დაგღალოს პროთეზმა, მაგრამ არა საკუთარმა ხელმა. ამიტომ მე არასდროს დავიღლიები ჩემში მიშას ხასიათით. ყველაზე მეტ ენერგიას ზუსტად ამით ვიღებ. ქუჩაში „სტაიანშიკი“ რომ დამიძახებს „მიშაო“ და მთხოვს, გეხვეწები, რამდენიმე სიტყვა მიშას ხმით მომასმენინეო, შემიძლია, დავდგე და 40 წუთი ვესაუბრო. იქიდან რომ მოვდივარ, ისეთი ენერგია მაქვს, ვერც აღვწერ. იმ მომენტში იმ „სტაიანშიკს“ მხოლოდ მიშას ხმით კი არ ვესაუბრები, ვესაუბრები ისე, როგორც მიშა დაელაპარაკებოდა. მეტროდან რომ ამოვდივარ, ქალბატონი რომ პურს ყიდის და დამიძახებს, მაგრამ თან ჰგონია, რადგან ტელევიზორში ვჩანვარ, მასთან ხუთი წუთით არ გავჩერდები, საათ-ნახევარი ვდგები და ველაპარაკები. ჩემთვის ეს განასხვავებს მიშას სხვა პოლიტიკოსებისგან, ის უბრალო ხალხს ეკუთვნის და ის მომენტი – „მე პაროდისტი ვარ და თქვენთან ვერ გავჩერდები“, ჩემთვის წარმოუდგენელია, იქ უკვე ამთავრებ მიშას. არადა, ჩემი და მიშას ბმა ჩემში იმდენად დიდი დოზით არის, რომ დღე, როდესაც პატრული არ მაჩერებს, ყველაზე უხასიათოდ მხდის. ძმაკაცები მეუბნებიან, რად გინდა ეს პატრულის გაჩერება, ჯარიმა არ დაგიწერონო ან მანქანიდან არ გადახვიდე, დაგაჯარიმებენო, მაგრამ მე გადავდივარ მანქანიდან, სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები მათ, მიშას გამბედაობით ვუკაკუნებ ფანჯარაზე და მიშას ხმით ვესაუბრები. უნდა ნახოთ იმ მომენტში პატრულის თანამშრომლის თვალები. პატრული ხედავს, რომ მე ქართლოსი ვარ, მაგრამ ისეთ ემოციას იწვევს, რიდი უჩნდებათ – ჩემ მიმართ არა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

- მიშას გაცნობა როდის მოახერხე?

– მიშას ყველა გამოსვლა ნანახი მაქვს. გადაცემები და სერიალები რომ წყდებოდა მოულოდნელად და მისი ჩართვა იწყებოდა, აბსოლუტურად ყველა – დაგეგმილი თუ დაუგეგმავი. აქედან გამომდინარე, მოხარშულს ვიცნობდი. მისი პრეზიდენტობის დროს თვალით არ მინახავს. მე 2013 წელს გამოვჩნდი „ვანოს შოუში“ და ორ კვირაში დამიბარა თვითონ. პირველად მაშინ ვნახე პირადად და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა, ნიუანსების დონეზე. თვითონაც უკვირდა და ჩამაცივდა, ასე ერთი ერთში როგორ აკეთებო?! ერთხელ ყვარელში ვიყავით, სუფრასთან ვსხედვართ, მიშა ადღეგრძელეს და სამადლობელის სათქმელად მიშაზე ადრე მე წამოვდექი.

– ერთი წლის წინ, როცა მიშა საქართველოში შემოვიდა და დააკავეს, იმ დროიდან მოყოლებული, გვერდით უდგახარ. მისი თანამებრძოლი როგორ გახდი?

– რუსთავშიც ძალიან ხშირად ჩავდიოდი და „ვივამედთანაც“ ხშირად მივდივარ. ზოგჯერ დილის 5-ის 15 წუთზე მივსულვარ ციხესთანაც და კლინიკასთანაც. ნახევარი საათით გავჩერებულვარ და წამოვსულვარ, იქ სულ სხვა ემოციებია. იმ მომენტში ვგრძნობ, რომ მიშას არ სძინავს, ამას ყველა ვერ გაგიგებს, მაგრამ მე ჩემს თანაგრძნობას გამოვხატავ. არიქა, მიშა, აქ ვარ-მეთქი, – ყვირილი არ დამიწყია, გამთენიისას ამას ვერც ვერავინ გაიგებს, უბრალოდ, მინდა და მივდივარ, სხვის დასანახად – არა. როცა შიმშილობდა და ცუდად იყო, მე მაშინ გადაღებაზე ვთქვი უარი – ეს ჩემი პროტესტის ფორმა იყო.

– ერთია პაროდია, მეორე – ასეთი გულშემატკივრობა. როდის გახდი მისი ასეთი გულშემატკივარი?

– მიშას მთელი მუღამიც ისაა, რომ ყოველთვის უნდა გაუფრთხილდე მის იმიჯს, პატივი უნდა სცე პრეზიდენტს. მე უამრავი ადამიანისგან მომისმენია მიშას გინება, ვიღაც საერთოდ ვერ იტანს მას, ეზიზღება, მაგრამ როცა ასეთ ადამიანს ვხვდები, იუმორს ვურთავ. მიშას ხმით ვებოდიშები ყველა იმ შეცდომისთვის, რომელიც „დამიშვია“. იმდენად შემოტრიალებულა მდგომარეობა, ვინც აგინებდა, მერე თბილად მოვუკითხივარ: მიშა, როგორ ხარო და ჩემი პასუხია: „ყველაფერი ახია ჩემზე“ (მიშას ხმით). ჩემს უბანშიც ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც სულ სწყევლიდა მიშას, მაგრამ ახლა სადარბაზოში რომ მხედავს, ხაზს ვუსვამ – 22-წლიანი ნაცნობობის შემდეგ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შემოვარდება და მეუბნება: მიშა, როგორ ხარ, უნდა გადარჩეო და მე ლიფტიდან ვეპასუხები – „ბიძინა, შენი დედა ვატირე იმისთვის, რომ ეს ქალბატონიც გადაიკიდე-მეთქი“ (იცინის). სულ ვცდილობ, მისი ხმით ხალხთან ურთიერთობას. მაგალითად, ბოლო დღეებში, უცებ თავში მომივიდა, ჩემი მანქანით „გლოვერობა“ დამეწყო. არაფერია იმაზე მაგარი ემოცია, როცა კარზე გიკაკუნებენ, აღებ და ხედავ, მიშას მოაქვს შენთვის საჭმელი. ვერ გეტყვით, ხალხს რა ემართება, პირდაპირ კართან მეკეცებიან (იცინის).

– „მიშას ქალები“ – ვნებათაღელვებით სავსე თემაა. თუ გქონია რომელიმესთან ურთიერთობა?

– არაჩვეულებრივად ვიცნობ სანდრას, სოფოსაც – ბუნებრივია. „რუსთავი 2-ში“ მხვდებოდა ხოლმე და ყოველთვის – ძალიან პოზიტიურად. ხანდახან მიშას ხმით გავძახებდი რამეს და იყო მთელი ამბები (იცინის). ლიზა იასკოს არ ვიცნობ, საერთოდ არ მყავს ნანახი. ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება სანდრა ელისაბედ რულოვსი. ორმა ქალმა დამიყვირა ბაზარში: მიშა, გაჩერდი და გვიპასუხეო. გავჩერდი და მეკითხებიან: რატომ დაშორდი სანდრას? მე დავიწყე თავის მართლება... მაგრამ გააგრძელეს: რას ჰქვია, რატომ დაშორდი, რად გინდოდა ლიზა იასკოო. მოკლედ, დიდი იუმორისტული ამბავი გამოვიდა. სოფოსთან დაკავშირებით, ძირითადად, პატარაზე მეუბნებიან ხოლმე, რა მაგარი გოგო გყავსო. ცოტა დაიბნენ, ორად გაიყო აზრები, ცოტა კიდევ დაულაგებლობა გვჭირს და საყვედურებს ვიღებ, მაგრამ „ბოლოს მაინც ყველა გზა სანდრასთან მიდის“ (მიშას ხმით).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა