რას ეძახიან სახელის ნაცვლად თემო ნიქაბაძეს ქუჩაში და როგორ შეცვალა მან საკუთარი ცხოვრება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:01 13.12
ბოლო პერიოდში იუმორისტ თემო ნიქაბაძის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი სიახლეა. თემომ ტელევიზიიდან ინტერნეტივრცეში გადაინაცვლა და იუმორისტობას „ინფლუენსერობაც“ დაუმატა, რითაც საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.
– თემო, ეკრანიდან სოციალურ ქსელში გადანაცვლება როგორ გადაწყვიტე?
თემო ნიქაბაძე: ეს გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ ყოფილა. 7 წელი ვმუშაობდი ტელევიზიაში და მიჩვეული ვიყავი. მით უმეტეს, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რაც ძალიან მიყვარდა და ორმაგად რთული დასათმობი იყო, თუმცა, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ცხოვრებაში სიახლეები ძალიან კარგია და საჭიროცაა. ახლა სხვა მუხტს ვგრძნობ, ბოლო პერიოდში ვატყობდი, რომ ტელევიზიაში ისეთი „მუღამი“ აღარ მქონდა, როგორიც მანამდე, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი და ტელევიზიის გზები მომავალში ისევ გადაიკვეთოს. კარგ გასართობ შოუში მომავალშიც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
– თავისთავად მოხდა, რომ ინტერნეტსივრცეში დაიმკვიდრე ადგილი თუ ასეც გქონდა დაგეგმილი?
– დაგეგმილი არ მქონია. ტელევიზიაში მუშაობის დროსაც მქონდა სოციალური ქსელები, მაშინაც ვაქტიურობდი, უბრალოდ, მაშინ ეს არ იყო ჩემი შემოსავლის წყარო. როცა ტელევიზიიდან წამოვედი, მაშინ ამ საქმეს კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედე. ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტსივრცე გახდა კომპანიებისთვის ინფორმაციის გავრცელების მთავარი საშუალება, შესაბამისად, დაინტერესებული არიან რეკლამით, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ და თან, ამ პროცესში მეც ვხალისობ. არ მიყვარს რეკლამის დროს მხოლოდ პროდუქტზე საუბარი, ვცდილობ ხოლმე, რომ ასეთ ვიდეოში, იუმორიც იყოს და რა თქმა უნდა, კომპანიაც კმაყოფილი იყოს. ჩემი მიზანია, ეს საქმე შემოსავლის წყაროც იყოს და გართობის საშუალებაც, რაც მგონი, გამომდის.
– გაგიჭირდა გადაწყობა?
– გამიჭირდა. ტელევიზიაში ყველას თავის საქმე აბარია. მე მივდიოდი გადაღებაზე და მხოლოდ ჩაწერა მევალებოდა, ყველა დეტალი გათვლილი იყო. ახლა მე თვითონ მიწევს კომპანიებთან ურთიერთობა, რაც ჩემთვის სიახლეა. ბევრი სწავლა მჭირდება. ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობა საინტერესოა, თუმცა, თავიდან ძალიან გამიჭირდა. არ მქონდა შესაბამისი გამოცდილება. ნელ-ნელა ვსწავლობ და მომწონს. ადამიანებთან კომუნიკაცია ისედაც მიყვარს და მით უმეტეს, როცა ეს საქმეს ემსახურება.
– მგონია, რომ ეკრანზე უფროსი თაობის მაყურებელი მეტი გყავდა, ახლა უფრო „გაახალგაზრდავდა“.
– ასეც ვერ ვიტყოდი, იმიტომ, რომ ჩემი სკეტჩები ორ კომედიურ არხზე ყოველდღიურ რეჟიმში ტრიალებს და არ იგრძნობა, რომ მე ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ. თან დღეს „ტიკ-ტოკის“ პლატფორმა ისეთი აქტუალური გახდა, ყველა უყურებს. სოფელში გადავიღე ვლოგი, დილით დავდე, საღამოს სოფლის ცენტრში რომ მოვხვდი, ყველა ამ ვლოგზე მელაპარაკებოდა და მაშინ მივხვდი, რომ მას მხოლოდ ბავშვები ნამდვილად აღარ უყურებენ. ორი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ მამაჩემი „ტიკ-ტოკს“ „ასქროლავდა“, მაგრამ დღეს ეს გასაკვირი სულაც აღარ არის. პატარა თუ დიდი, მას ყველა უყურებს.
– ძალიან კარგად გამოგდის „ტრენდების“ გადაკეთება. თუნდაც „ერთი დღე“ ავიღოთ, ყველამ ვიცით, ზოგადად როგორებს იღებენ და როგორს იღებ შენ...
– ამ ვიდეოების გადაღება, დაახლოებით, ერთი წლის წინ დავიწყე. ჩემი ვიდეოებით არავის დავცინი, უბრალოდ, „ერთი დღის“ შესახებ ვიდეოები რომ მხვდებოდა, ვხედავდი, ყველა რამდენად სერიოზულად უდგებოდა და როგორ დეტალურად აღწერდა თავის დღეს. წყალი დავლიე, მაცივარი გამოვაღე და ათასი წვრილმანი, მსგავს ვიდეოებში ყველაფერი ჩანს. ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა განსხვავებულ სტილში ჩამეწერა, რაზეც მეც ძალიან ვხალისობ და მაყურებელიც, ვგრძნობ, რომ ძალიან მოსწონთ. რომ ვთქვა, სცენარზე დიდხანს ვფიქრობ-მეთქი, მოვიტყუები. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე „გავარდნადი“ იდეა, უცებ რომ დაგარტყამს თავში, ისაა. მერე განვაახლე ჩემი ვიდეოები და ახლა ინგლისურ-ქართულად ვაკეთებ. ხალხს მოსწონს და მეც ძალიან მიხარია, არ მინდა, მოსაწყენი იყოს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ცვლილებები საჭიროა.
– „გენაცვაალეე“, ეს საიდან გაჩნდა?
– ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებდი ამ სიტყვას. ნაკრების ბიჭებთან ვმეგობრობ და ჩემმა ძმაკაცმა საბა საპანაძემ თამაშის შემდეგ ჩააწერინა ბიჭებს ვიდეო, რომელშიც ამ სიტყვას ჩემსავით ამბობენ და ამის შემდეგ ძალიან „გავარდა“. ყველგან ეს მესმოდა და დღესაც, ქუჩაში რომ მივდივარ, სახელით იშვიათად მომმართავენ, პირდაპირ „გენაცვალეს“ მეძახიან და მეც მაშინვე ვიხედები (იცინის). სასიამოვნოა, როცა ერთი კონკრეტული სიტყვა შენთან ასოცირდება და პოზიტიურ ხასიათზე აყენებს ადამიანებს.
– საერთოდ, სპორტთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გქონდა...
– სპორტს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ფეხბურთს. პატარაობიდანვე ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. რამდენიმე წელი ვთამაშობდი კიდეც, მაგრამ ჩემი კარიერა, ამ მხრივ, ვერ განვითარდა. ჩემთვის ფეხბურთის ყურებაა განტვირთვა. სახლში დაღლილი რომ მოვდივარ და მესის თამაშს ვუყურებ, ამაზე უკეთ როგორ უნდა დავისვენო და ვისიამოვნო?! ახლა, როცა დრო გვაქვს, იუთუბელები ვთამაშობთ ხოლმე ფეხბურთს და ეს ძალიან კარგი გართობის საშუალებაა.
– დარწმუნებული ვარ, ბევრი გეუბნება, აწყობილი გაქვს ცხოვრებაო, კვება გინდა, დასვენება, გართობა, ყველაფერი უფასოდ გაქვსო.
– კი, მეც, ბავშვობაში, ვისაც ტელევიზორში ვხედავდი, ყველა მილიონერი მეგონა და ალბათ, სხვებისთვისაც ასეა. არადა, ტელევიზიაში პრობლემები ძალიან ხშირია. ქუჩაში მოწყენილს რომ დამინახავს ვინმე, შეიძლება, უკვირს, არადა იმდენი პრობლემაა შიგნით, გადაცემის დახურვა იქნება თუ სხვა რამ. თუმცა, არ მიკვირს, რადგან ბავშვობაში მეც სხვანაირად წარმომედგინა. რეალურად, ვინც ტელეეკრანებზე ვჩანვართ ან სოციალურ ქსელებში, ჩვენც ისეთივე პრობლემები გვაქვს, როგორც ყველა დანარჩენს (იცინის). თუმცა, როცა ინფლუენსერი ხარ და ბევრგან გეპატიჟებიან, ამის გამოც იქმნება გარკვეული წარმოდგენები.
– ბოლო პერიოდში გარეგნულადაც საკმაოდ შეიცვალე. ესეც თავისთავად მოხდა, თუ იზრუნე, რომ ეს შედეგი გქონოდა?
– 92 კილოგრამი ვიყავი. სიმაღლეში 184 სანტიმეტრი ვარ და არც ისე ბევრი იყო, მაგრამ უკვე აღარ მომწონდა ჩემი თავი. თან ფეხბურთის სიყვარული ვახსენე და რამდენიმე თვეში „იუთუბლიგა“ იწყებოდა. 24 დეკემბერი იყო – შარშანდელ ამბავს ვყვები, ავდექი და ჩემს თავს ვუთხარი, თუ ვარჯიში და დაკლება მინდა, ახლა უნდა ვძლიო თავს და ახალი წლების სუფრებს გვერდი უნდა ავუარო, კვების რეჟიმი არ უნდა დავარღვიო, ვივარჯიშო, თორემ მერეც ისე მოხდება, როგორც აქამდე არაერთხელ – „მოდი ამანაც ჩაიაროს და მერე დავიწყებ“, რაც არასდროს სრულდება. ამიტომ დავიწყე 25 დეკემბერს ვარჯიში და მარტის დასაწყისში უკვე 12 კილო მქონდა დაკლებული, კვებითაც ვუწყობდი ხელს და ამაზე მეტი სიამოვნება არ არსებობს. ახლა კვირაში 4-5 ჯერ თუ არ ვირბინე, მგონია, რომ დანაშაულს ჩავდივარ. ეს ჩემთვის რელაქსია. ცხოვრების ხალისი შემმატა, შრომის შედეგიც დავინახე და შარშანდელ და ახლანდელ ფოტოებს რომ ვადარებ და ღიპი აღარ მაქვს, ძალიან მომწონს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან