შოუბიზნესი

რას აღარ უყურებს თაკო ჭანუყვაძე ვარდისფერი სათვალით და როგორ ინარჩუნებს ის სიმშვიდეს ნებისმიერ სიტუაციაში

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 30.04

თაკო ჭანუყვაძე
დაკოპირებულია

იღბალი, შრომისმოყვარეობა თუ ორივე ერთად – რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და როგორია ამ მხრივ, მსახიობ თაკო ჭანუყვაძის გამოცდილება, ამაზე ის თავად მოგვიყვება.

თაკო ჭანუყვაძე: ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. პროფესიაშიც გამიმართლა და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებშიც. მოგეხსენებათ, თეატრში ვმუშაობ, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი ყველა სამუშაო დღე მაბედნიერებს. თამამად ვამბობ, რომ მე ჩემი პროფესიით ადამიანებს ვემსახურები. თუკი ჩემი მაყურებელი დარბაზიდან კმაყოფილი და ემოციებით სავსე გადის, მით უმეტეს, თუ განცდები რამდენიმე დღე მიჰყვება, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იღბლიანი ვარ პირად ცხოვრებაშიც. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი, მშობლები, ძმა, მეგობრები. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ გარშემო ასეთი ადამიანები მყავს, მე ისინი ყოველდღიურად მაბედნიერებენ. ვფიქრობ, რომ ეს ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ არ უნდა ჩავთვალო თავი იღბლიანად?!

– რამდენად შრომისმოყვარე გოგოა თაკო?

– ძალიან დაუზარელი და შრომისმოყვარე ვარ. არასდროს მეზარება შრომა განვითარებისთვის. ჩემს თავს სხვადასხვა პროფესიაში ვცდი. მაინტერესებს, რამდენად გავართმევ თავს და ამიტომ. ახალი გამოწვევები ჩემთვის დიდი სტიმულია. ახალი როლის მორგება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დღის განმავლობაში უამრავ საქმეს ვაკეთებ და მჯერა, რომ თუ ადამიანი მიზანს დაისახავს, მას აუცილებლად მიაღწევს. მიზანი და შრომა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ვფიქრობ, რომ ამ ორის არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი გამოდის.

– „ამდენი შრომა წყალში ჩამეყარა“ – ეს განცდა არ გქონიათ?

– არა. შეიძლება, ყველაფერი წარმატებული არ გამოსულიყო, მაგრამ ესეც ბუნებრივია. წარმატებას ბევრი სირთულე ახლავს, მაგრამ დაბრკოლებები ცხოვრებისეული გამოცდილებაა და ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დავყაროთ. პესიმისტურად არ უნდა განვეწყოთ. პირიქით, ეს უნდა იყოს სტიმული ჩვენთვის, რომ უკეთესები გავხდეთ. უფრო მეტი ვიშრომოთ, სხვა გზებით ვცადოთ. სხვანაირად არ გამოვა. ყოველთვის ისეც არ გამოვა, როგორც ჩვენ გვინდა. ცხოვრება ასეთია – ბევრი წარმატებაც შეგხვდება და ბევრი დაბრკოლებაც. მთავარია, ფსიქოლოგიურად ვიყოთ ძალიან მშვიდები და ძლიერები. ყოველთვის არის აღმავალი და დაღმავალი სვლები, ამას არ უნდა შევუშინდეთ. საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა. ამაში სხვა ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. მთავარია, თავიდანვე გააზრებული გვქონდეს, რომ გზაზე მხოლოდ წარმატებები არ გვექნება და თუ სირთულეებისთვისაც მზად ვიქნებით, უფრო გაგვიმარტივდება. სიმშვიდე და კარგი ნებისყოფა ყველაფერს ალაგებს, მე ასე მგონია.

– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– აგვისტოში, როდესაც ვიცი, რომ ერთი თვე ვისვენებ (იცინის). ძალიან მიყვარს შრომა. მოგეხსენებათ, თეატრებისთვის ორშაბათი დასვენების დღეა, მაგრამ მე ამ დღესაც ვერ ვაძლევ ჩემს თავს სიზარმაცის უფლებას და დროს ჩემს სხვა საქმეებს თუ გატაცებებს ვუთმობ.

– წელიწადში ერთი თვე საკმარისია ძალების სრულად აღსადგენად?

– ერთი თვეც ძალიან ბევრია ჩემთვის (იცინის). იმდენად მიჩვეული ვარ ყოველდღიურ რეჟიმში შრომას, რომ ერთი თვე ნამდვილად მებევრება ხოლმე.

– გარეგნობაზე ზრუნვა ბევრ დროს და შრომას მოითხოვს?

– გულწრფელად რომ გითხრათ, ამას საერთოდ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ (იცინის). მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, გარეთ გადის თუ არა, სახლშიც ფორმაში უნდა ვიყო. ჩემთვის ამას ძალიან დიდი დრო არ სჭირდება. სახლის პირობებში შემიძლია, ნებისმიერი ვარცხნილობის დამოუკიდებლად გაკეთება. ასევე, შემიძლია, თვითონ გავიკეთო მაკიაჟი. ჩემი პროფესია მოითხოვს სხვადასხვა გრიმს სხვადასხვა სპექტაკლში, ეს ჩვევაში მაქვს გამჯდარი და ძალიან ცოტა დრო მჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო.

– მაგრამ ამას ხომ დრო სჭირდება?

– მე უფრო სწრაფად გავიკეთებ, ვიდრე სხვა, რა თქმა უნდა, თუ რამე კონკრეტული არ მჭირდება. ყოველდღიურობაზე ვსაუბრობ, თორემ თუ სერიოზული ივენთია, სადაც წამყვანი ვარ და კონკრეტული დრესკოდია საჭირო, მაშინ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც წესი მოითხოვს. ყოველდღიურობაში ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდ დროს ვახმარ ან თავს განსაკუთრებულად ვუვლი. კი, ყოველთვის ფორმაში ვარ, მაგრამ ეს იმდენად გამჯდარი მაქვს ჩვევაში, ყველაფერს იმდენად სწრაფად ვაკეთებ, რომ დიდი დრო საერთოდ არ მჭირდება. თან, ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონს ჩემი გაკეთებული. ნებისმიერი ვარცხნილობა შემიძლია, ძალიან მარტივად გავიკეთო ზუსტად ისე, როგორც მე მომწონს. ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვენდობი, რადგან ვფიქრობ, შენზე უკეთ არავინ იცის, შენ რა გიხდება და რა – არა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვწესრიგდები და სულ იმ ფორმაში ვარ, როგორიც მე მომწონს და მიყვარს. სახლშიც ისეთი შრიალა და ფერადი უნდა ვიყო, როგორიც გარეთ. ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. ეს ჩემთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც სხვა ადამიანებისთვის ყოველდღე ჯინსისა და მაისურის ჩაცმა. ჯინსი და მაისური წლის განმავლობაში ორჯერ მაცვია და ისიც მეგობრების ხათრით (იცინის).

ჩემი ყოველდღიურობა ისეთია, როგორსაც მხედავთ ეკრანზე, ფოტოებში თუ ნებისმიერ სხვა მოცემულობაში და მე ეს მაბედნიერებს. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ შოპინგი არ მიყვარს. თუ მაღაზიაში შემხვდებით, ალბათ, სხვისთვის ვყიდულობ საჩუქარს. მე არ ვშოპინგობ, მხოლოდ ნაჭრებისა და აქსესუარების მაღაზიაში დავდივარ. ამ ორ მაღაზიას გვერდით ნამდვილად ვერ ჩავუვლი, იქ შემიძლია, ძალიან დიდი დრო გავატარო.

– ორგანიზმზე ზრუნვა, კვება, ვარჯიში – ამას თუ აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?

– არაფერს ვაკეთებ. ყველას ჰგონია, რომ ამასთან დაკავშირებით საოცრებებს ვიტყვი, მაგრამ არა. არ ვვარჯიშობ. ისედაც ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ თეატრში, ისედაც აქტიურად ვცხოვრობ და ვარჯიშისთვის აღარ მცალია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეა და იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ამის საჭიროება არ მაქვს (იცინის).

რაც შეეხება კვებას, ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, „ფასთ ფუდითაც“ ძალიან ხშირად ვიკვებები (იცინის).

– ცოტა შესაშური იღბლიანობაა. ალბათ, გენეტიკის ამბავია...

– (იცინის) მართლა ასე ვარ. რა გავაკეთო, არ მიყვარს ვარჯიში. მირჩევნია, დამატებით ცეკვაზე ვიარო, ვიდრე, უბრალოდ, ვივარჯიშო, ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, ჩემთვის ასეა. თეატრში ისედაც ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვაა, ვარჯიშიც გამოგდის და ფორმაშიც ხარ. იმდენად დატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ ყველაფერს ძალიან სწრაფად ვაკეთებ. ძალიან ბევრი საქმე რომ მქონდეს და ღამე მხოლოდ ორი საათი დამრჩეს ძილისთვის, დილით სამსახურში მაინც ფორმაში მყოფი მივალ.

– თქვენი თვისებები, რომლის გამოსწორებასაც ცდილობთ?

– საერთოდ, საკუთარ თავთან ბევრ რამეზე ვმუშაობ. თუმცა, მომწონს ის, რომ ვარ ძალიან მშვიდი და გაწონასწრორებული ადამიანი, რაც ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ნერვები მარტივად არ მეშლება. უმნიშვნელო დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, მოგვარებადი იყოს. მგონია, რომ ძირითადად, ყველაფერი მოგვარებადია თუ მსუბუქად შეხედავ და არ გააპრობლემებ. მიყვარს ეს თვისება ჩემში.

ძალიან თვითკრიტიკული ვარ, შეიძლება ითქვას, ზედმეტად და ასევე, ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, თუმცა, მირჩევნია, ასეთი ვიყო. ამას არ შევცვლიდი.

ძალიან მიმდობი ადამიანი ვარ. მგონია, რომ ყველა ძალიან გულწრფელი და ნამდვილია. ვისურვებდი, რომ მართლა ყველანი ასეთები ვიყოთ ყველანაირ ურთიერთობაში. თუმცა, წლებმა გამოცდილება მომიტანა და დღეს ვიცი, რომ არ შეიძლება, ყველას და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით შევხედო. ცხოვრება და ჩემი პროფესია ძალიან ბევრ რამეს მასწავლის.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორები არიან: ლევან (ლეკო) ჭყონია და თიკო ჭიღლაძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული