შოუბიზნესი

რამდენ ხანში დაენგრა სიყვარულით შექმნილი ოჯახი მაგდა ვასაძეს და ვისთან ერთად ცხოვრობდა გარდაცვალებამდე მისი ყოფილი ქმარი უკრაინაში

№11

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 23.03, 2022 წელი

მაგდა ვასაძე
დაკოპირებულია

უკრაინაში მიმდინარე ომი მომღერალ მაგდა ვასაძეს განსაკუთრებულად მტკივნეულად შეეხო, რადგან მისი შვილის მამა, ასლან ბოლქვაძე, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ზურგში ნასროლმა ტყვიამ მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ, ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ, მაგდას ყოფილ ქმართან, შვილის გამო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში არაერთი დარტყმა, ტკივილი და განსაცდელი იყო, თუმცა, ცდილობს, ძლიერი იყოს და ყველა წინაღობა, განსაცდელი თუ პრობლემა, ღირსეულად გადაიტანოს.

მაგდა ვასაძე: ჩემი ცხოვრების დასაწყისიდან ბევრი რთული პერიოდი მქონდა, თუმცა, ამ ბოლო დროს, ბევრი ცუდი რამ გადამხდა, მაგრამ მაინც ძლიერი ვარ, რადგან, სხვაგვარად ამდენ დარტყმას ვერ გავუძლებდი. თავად მიკვირს ჩემი თავის, საიდან – ამის ძალა?! მადლობა ღმერთს, მყავს საუკეთესო მეგობრები და რთული პერიოდის გადატანაში ისინიც მეხმარებიან, არასოდეს მტოვებენ მარტო. ასევე, ოჯახის წევრები. ყველაფერს ვუზიარებ მათ, არც მათ უჭირთ ჩემი მოსმენა და ეს ძალიან მეხმარება.

– თქვი, ცხოვრების დასაწყისიდან ბევრი რთული პერიოდი გავიარეო. როდის დაიწყო შენი წინაღობებით, პრობლემებითა და ბარიერებით სავსე ცხოვრება?

– გათხოვებიდან და შემდეგ ოჯახის დანგრევიდან. ოჯახი რომ დამენგრა, ეს ჩემთვის დიდი სტრესი და პირველი დიდი დარტყმა იყო. ოჯახი რომ შევქმენი 19 წლის ვიყავი, 20 წლისას კი, უკვე შვილი მყავდა. როცა გავთხოვდი, მეგონა, დიდი გოგო ვიყავი, მაგრამ წლების მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე, ძალიან პატარა ვყოფილვარ.

– სად გაიცანი ყოფილი მეუღლე, ასლან ბოლქვაძე, რამდენ ხანს გასტანა რომანტიკულმა შეხვედრებმა და რამდენ ხანში გადაწყვიტეთ დაოჯახება?

– მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. იმ პერიოდში ვსწავლობდი. მაკითხავდა, ერთად ვატარებდით დროს და ისე გაღვივდა გრძნობა, რომ ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახიც შევქმენით. თუმცა,, გაცნობიდან მალევე არ დავოჯახებულვართ, ორი წლის მერე. მანამდე, შეყვარებულები ვიყავით. ლუკა ოთხი წლის იყო, რომ დავშორდით და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, კიდევ ვამბობ, ცხოვრების პირველი დიდი დარტყმა. მეორე დიდი დარტყმა მამის გარდაცვალება იყო. მივხვდი, რომ ტკივილი არ ქრება, ადამიანი უნდა შეეგუო ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. ეს ტკივილი არსად მიდის, უბრალოდ, გადის დრო და ეჩვევი. დამიკარგავს მეგობარი, მაგრამ ოჯახის წევრის დაკარგვა სულ სხვა ტრავმაა.

– კიევში მიმდინარე ომი შენც მტკივნეულად შეგეხო – უკრაინაში შენი შვილის მამა იმსხვერპლა ტყვიამ. როგორც ვიცი, მას იქ ცოლი ჰყავდა. თუ გქონდა მასთან ურთიერთობა და ომი რომ დაიწყო, თუ ურეკავდი და კითხულობდი მათ მდგომარეობას?

– მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინაში ოჯახი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ვკონტაქტობდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლო პერიოდი ბავშვს ხშირად ესაუბრებოდა. ლუკა 15 წლისაა. ომი რომ დაიწყო, მივწერე, მოვიკითხე. დღეში, სამჯერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა: კარგად ვართ, სახლში ვზივართო. ისიც არ ვიცოდი, ზუსტად რომელ ქალაქში იყო, ვიცოდი, რომ კიევის შემოგარენში ცხოვრობდა, სადაც ინტენსიური დაბომბვები განხორციელდა. მოკლედ, რომ მივწერე და ესემესზე არ მიპასუხა, ცოტა ავნერვიულდი და საღამოს გავიგე, რომ მძიმედ დაჭრილი იყო. როგორც ვიცი, ზურგში ესროლეს, მენჯ-ბარძაყისა და კუდუსუნის მიდამოში. მიიყვანეს საავადმყოფოში, ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა, ფიზიკურად სისხლიც ვერ იშოვეს და ალბათ, ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. არადა, იმ დღეს დილით წვერი გაუპარსავს, სიგარეტის მოსაწევად გარეთ გასულა და ზურგში იმ დროს მოხვდა ტყვია. საელჩოში რომ დავრეკეთ, ვერ გვითხრეს ზუსტი ვითარება და დეტალები, რა მოხდა, ვინ ესროლა და ასე შემდეგ.

– რამდენი წლის იყო და გადმოსვენებაზე თუ ესაუბრეთ საელჩოს წარმომადგენლებს? როგორც ვიცი, ასლანს დედ-მამა აქ ჰყავს.

– ასლანი 36 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდა. აქ დედ-მამა და ექვსი და დარჩა. გადმოსვენებაზე თავიდანვე ვიფიქრეთ, მაგრამ ამ პერიოდში ეს ვერ მოხერხდება. ამიტომ, ერთადერთი, რაც მოახერხეს დებმა, გაიგეს ის ადგილი, სადაც დაიკრძალა და როცა სიტუაცია დამშვიდდება, ჩამოასვენებენ. მთავარია, მისი საფლავი ცნობილია.

– ყოფილ დედამთილ-მამამთილთან, მულებთან და ასლანის ახლანდელ ცოლთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ჩემი ყოფილი ქმრის დედ-მამასთან და დებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, მის ცოლთან კი – არანაირი და არც მაქვს სურვილი, რადგან მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი. ასლანს მასთან შვილი არ ჰყავს. ლუკასთვის დიდი დარტყმა იყო მამის გარდაცვალება. მე თბილისში ვიყავი, ლუკა კი – ბათუმში, მამის სახლში იყო. რომ უთხრეს ეს ამბავი, გაქვავდა და მერე ატირდა. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა მოხდა. პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდა და ლუკას მამამისი სამი წელი არ უნახავს. სულ რომ ვიდეოთვალით კონტაქტობდნენ, ვფიქრობ, დიდი ხანი ექნება შეგრძნება, რომ მამა მალე დაბრუნდება. მიცვალებული რომ არ უნახავს, სულ მოლოდინის რეჟიმში იქნება, როდის დაურეკავს. მითხრა, ფოტოებს რომ დავხედავ, მაშინ ვხვდები, რომ მამა აღარ არისო. ლუკამ ამ ორ წელში ორი დარტყმა მიიღო, ორი საყრდენი ძალა გამოეცალა ხელიდან – მამაჩემი, რომელმაც შვილივით გაზარდა და მამობა გაუწია და ახლა, ბიოლოგიური მამა, რომელიც მთელი ცხოვრება ენატრებოდა. მისი გარდაცვალება რომ გავიგე, ბევრი რამ

გამახსენდა – ჩვენი სიყვარულის ისტორია, თანაცხოვრებიდან მომენტები, თუმცა ბრაზიც მომერია – უკრაინაში რომ არ წასუულიყო, შესაძლოა, ახლა ცოცხალი ყოფილიყო. ლუკა იმ ასაკშია, მამა ძალიან სჭირდება, ძმაკაცებივით იყვნენ და მამა-შვილი ახლა იწყებდა ერთად ცხოვრებას. ადრე ლუკა პატარა იყო, ახლა კი უფრო მეტად უგებდა მამას. უკვე დიდი ბიჭია, ასლანიც ახალგაზრდა იყო და მათი ურთიერთობა და მამაშვილური ცხოვრება ახლა იწყებოდა. მენანება, რომ მეტი დრო ვერ გაატარა მამასთან და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული.

– თავად არაფერს ნანობ?

– მე რასაც ვაკეთებ, არაფერს ვნანობ. რომც ვინანო, ამით ცხოვრებაში წინ ვერ წავალ. ვცდილობ, ვიყო ძლიერი, თუმცა არ ვიცი, როდემდე შევძლებ, „გავქაჩო“. ახლა, ლუკასთვის ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელზედაც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული და არ მაქვს მოდუნების უფლება. ორმაგი პასუხისმგებლობა დამეკისრა – დედობაც და მამობაც ერთობლივად უნდა შევითავსო. ასე რომ, არაფერს შევცვლიდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან. შესაძლოა, ის გადადგმული ნაბიჯები არ იყო ჩემთვის კარგი გადაწყვეტილება და ვფიქრობდი, ასე არ უნდა მექნა, მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, სწორედ ისე უნდა გადამედგა ყველა ნაბიჯი, როგორც გადავდგი.

– ქმართან გაშორების შემდეგ არ გიფიქრია მეორედ დაოჯახებაზე? ვიცი, გყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ არ ეწყობოდა ურთიერთობა, არ ვითარდებოდა სიყვარული და უარს ამბობდი. ხომ არ იყო ეს პირველი ოჯახის დანგრევის შიშიდან გამომდინარე?

– ზოგადად, პირადი ურთიერთობები და ქმედებები დიდ კვალს ტოვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო შიში და კომპლექსი უნდა გვქონდეს. უბრალოდ, იზრდები და სხვანაირად უყურებ ყველაფერს. თან, შვილი მყავს და უფრო მეტი დაფიქრება მმართებს. თუმცა, შვილის გამო პირად ბედნიერებაზე არ მითქვამს უარი, რადგან ლუკა ყოველთვის მეუბნება: შენი ცხოვრებაა და თავად უნდა გადაწყვეტო, რა იქნება შენთვის კარგიო. დედა-შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

– მაგდა, ბედისწერის თუ გჯერა?

– ბედისწერის არ მჯერა, უფრო ინტუიციას ვენდობი. მიმაჩნია, რომ ადამიანები თავად ვქმნით ჩვენს ბედისწერას. რას უფრო ცუდად „შეტოპავ“, მით მეტად ჩაიძირები. ერთადერთი, ბუმერანგის პრინციპის მჯერა – ადამიანს ყველა მისი ჩადენილი საქციელი უკან უბრუნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი