შოუბიზნესი

რამ შეუქმნა ქეთი ჩხაიძეს „საშიში ქალის“ იმიჯი და როგორ დარჩა მას ბავშვი სკოლაში

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 10.10

ქეთი ჩხეიძე
დაკოპირებულია

ახალგაზრდა მომღერალი ქეთი ჩხაიძე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ქეთიც საკუთარ გულშემატკივრებს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით.

ქეთი ჩხაიძე: ეს ზაფხული შემოქმედებით სიახლეებს დავუთმე. სიმღერები შევქმენი და ჭერში შემოვაწყვე (იცინის). ძალიან მიყვარს ზაფხულის შემოქმედებითად გამოყენება და ყველაზე კარგი ის არის, რომ მე ამ პროცესში ვისვენებ, ეს არ მღლის. ფინჯან ყავასთან ერთად ვწერ და სიამოვნებას ვიღებ. რამდენიმე საავტორო სიმღერა შევქმენი და ერთ-ერთის პრემიერა ცოტა ხნის წინ მქონდა. ეს სიმღერა ჩემი სულის ამოძახილია და უბედნიერესი ვარ, რომ მსმენელმა ძალიან შეიყვარა და ემოციები, რომელიც მასში ჩავდე, ძალიან სწორად იგრძნო. ცოტა ვნერვიულობდი, რადგან დღეს უფრო მხიარული სიმღერები „ვარდება“ და არ ვიცოდი, ამას რამდენად მიიღებდა მსმენელი. მსგავსი სიმღერები უფრო 2000-იანების დასაწყისში იწერებოდა – რომანტიკული, გულში ჩამწვდომი, დრამატული, მაგრამ მსმენელის რეაქციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ დღეს უზომოდ დამუხტული ვარ დადებითი ემოციებით.

– მუდმივი კითხვა - როგორ მოახერხე ამის გაკეთება ოთხი შვილის დედამ, რომელსაც პარალელურად სკოლა და ბაღი გეწყებოდა?

– ეს ჩემთვის მართლა მტკივნეული თემაა (იცინის). ჩემი ორი შვილი სკოლაში უკვე დადიოდა, მესამე ახლა შევიყვანეთ პირველ კლასში და მეოთხე – ბაღში. ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ერთი ბავშვი სკოლაში დამრჩა (იცინის). სხვადასხვა ცვლებში არიან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიწევს სკოლაში მისვლა. ერთ დღესაც, ბავშვი მივიყვანე სკოლაში, დავტოვე და მეორე უნდა წამომეყვანა, მაგრამ დამრჩა (იცინის). ალბათ, ვინმეს გიჟი ვეგონები, მაგრამ თუ ოთხი შვილის დედა არ ხარ და მსგავსი მომენტები არ გამოგიცდია, ვერ მიხვდები. რთული წარმოსადგენია სხვის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ სხვისკენ თითის გაშვერა ძალიან მარტივია.

– არადა, გარეგნულად ნამდვილად არ გეტყობა, რომ გადაღლილი ხარ, საოცრად გამოიყურები.

– ხშირად მეუბნებიან იგივეს. ყველა მეუბნება, რა კარგია, თავს რომ უვლიო და სინამდვილეში ასე სულაც არ არის, თუმცა, მეუხერხულება ამის თქმა, რადგან არავინ მიჯერებს (იცინის). ჩემს ფოტოებს რომ ვუყურებ, მეც ვხვდები, რომ არ ვგავარ მოუვლელს. ძალიან მშურს იმ გოგონების, დილის და ღამის რუტინა რომ აქვთ, მე ასეთი არასდროს მქონია. ერთადერთი, სახის დაბანის შემდეგ ბავშვის კრემს ვისვამ, რადგან ძალიან მშრალი კანი მაქვს, მეტს მართლა არაფერს ვაკეთებ. სხვათა შორის, ზედმეტი მაკიაჟი მაუშნოებს, ტონალურსაც არ ვიყენებ. პუდრი, თვალი და ტუჩი – ძალიან ელემენტარულ მაკიაჟს ვიკეთებ. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა და როცა სახლში ვარ, უნდა ნახოთ როგორ გამოვიყურები (იცინის). ძალიან სასაცილოდ მაცვია და ვინმემ რომ მნახოს, ალბათ, ვერ მიცნობს, ვერ დამაკავშირებს იმ ქეთისთან, რომელსაც ტელეეკრანებზე ან სოციალურ ქსელებში ხედავს (იცინის).

– სოციალურ ქსელებში აქტიურობას როგორღა ასწრებ?

– გურული ვარ, ზოდიაქოთი მორიელი და ალბათ, ეს მეხმარება, აბა, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი (იცინის). განაწყენებული ახლობლები რომ მეუბნებიან ხოლმე, რატომ დაგვივიწყე, რატომ არ გვნახულობო, მეღიმება, იმიტომ, რომ მართლა არაფრის დრო არ მაქვს. სოაციალურ ქსელებში ფოტოს ატვირთვას, სულ ორი წუთი უნდა და ამას ვახერხებ. ალბათ, ამიტომ იქმნება განცდა, რომ ამ სივრცეში აქტიური ვარ, შესაბამისად, გასაპრანჭი დრო მაქვს და ასე შემდეგ. ამ დროს, შეიძლება, სადღაც ისე მიმეჩქარებოს, რომ ქუჩაში გავრბოდე, ერთი წამით შევჩერდე, ფოტო გადავიღო და ავტვირთო. ამისთვის დროს ვპოულობ, იმიტომ, რომ ძალიან ვარ დამოკიდებული ემოციურად კომენტარებზე. ჩემთვის კომპლიმენტები ენერგიის წყაროა. გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს არ ვგულისხმობ, მაგრამ რომ მეუბნებიან, როგორი უბრალო ხარ, როგორი ბავშვური ხარ, ჩემი ძალიან ახლობელი მგონიხარ, თითქოს, ძალიან დიდი ხანია, გიცნობო, ამას რომ ვკითხულობ, იმ დღეს შემიძლია, მთები გადავდგა ისე მიხარია.

– როგორც ვიცი, ყურადღება ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება...

– ეს ძალიან მაკვირვებს, შოკში მაგდებს. დავჯდები და ვფიქრობ, ღმერთო, რა ხდება-მეთქი. გულშემატკივრების რაოდენობა თვიდან თვემდე კი არა, ძალიან მოკლე დროში იზრდება.

– რამდენად მოგწონს ეს ყველაფერი?

– მე ჩემი უბრალოებით შემიყვარეს. არ ვარ ბრენდომანი, ძალიან მინიმალისტური ვარ ჩაცმულობაშიც და აბსოლუტურად ყველაფერში. ვფიქრობ, რომ ამიტომ შემიყვარეს ასე ძალიან, თორემ მოწონებით შეიძლება, ბევრი მოეწონოთ და ბევრი მათგანი ჩემზე უკეთესიც იყოს. სიყვარული, რომელიც მე მოვიპოვე, კიდევ სხვა არის – რაც ვარ, ეს ვარ, ძალიან უბრალო. მაგრამ ვაღიარებ, რომ ყურადღება ძალიან მსიამოვნებს. სანამ ამ გზას დავადგებოდი, ჯერ კიდევ პატარა ბავშვი რომ ვიყავი, ჩემდაუნებურად მქონდა განცდა, რომ მოვიდოდა დრო და მე ყველა გამიცნობდა. მინდოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ამას შინაგანად ვგრძნობდი. ეს ოცნება ამიხდა და პატარა ბავშვივით მიხარია, მაგრამ ეს ამპარტავნობაში არ გადამზრდია. სითბოს რომ მაჩვენებენ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, მეც ყველას ანალოგიური განწყობა დავუბრუნო. ეს რთულიცაა, სიყვარული და სითბო ორმხრივი უნდა იყოს, შენც აუცილებლად უნდა გასცე და ორმაგად საპასუხისმგებლოა, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნოა. განდიდების მანია არ მიჩნდება, ვაფასებ და მიკვირს კიდეც, რით დავიმსახურე ეს ყველაფერი. ჩემდაუნებურად უხერხულობის განცდა მაქვს.

– სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად ხუმრობ ხოლმე „გველივით“ ხასიათზე და როგორია რეალობა, როგორი ხასიათი გაქვს?

– ეს ჩემი იდეა იყო (იცინის). ძალიან თავისუფალი იუმორი მაქვს და თამამად შემიძლია, ხუმრობა, მაგრამ მართლა გველური ხასიათი რომ მქონდეს, ალბათ, ასე არ ვიხუმრებდი (იცინის). კარგი იქნებოდა, ამაზე გიორგის ესაუბრა, მაგრამ ის ჩვენს საუბრებში ხშირად ამბობს, რომ ძალიან მარტივი საურთიერთობო ვარ. შორიდან ბევრს ცოტა წარბაწეული ტიპაჟი და ურთიერთობაში დომინანტი ვგონივარ. ერთმა ისიც კი მითხრა, მგონია, შენ მაგიდაზე რომ ხელს დაარტყამ, აბა, შენმა ქმარმა რამე არ გიყიდოსო (იცინის). ძალიან გამიკვირდა. 13 წელია, მე და გიორგი ცოლ-ქმარი ვართ და არ გვახსენდება, მე მისთვის რამე მომეთხოვოს. მე რომ არ ვარ ასეთი, გიორგი თვითონ არის ძალიან ყურადღებიანი და არაფერს მაკლებს. გარედან სხვანაირად ჩანს. სინამდვილეში გიორგი მთიულია, ჰოროსკოპით თხის რქა და თუ გაბრაზდა, უნდა „აორთქლდე“ (იცინის). შესაბამისად, დამთმობი ყოველთვის მე უფრო ვარ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს სხვებისთვის, ეს ასეა. მეგობრულ ურთიერთობებშიც დამთმობი ვარ. ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდები, მაგრამ ისეთი ბედი მაქვს, რომ ზოგ შემთხვევაში, ბოლოს მაინც გარდაუვალია ხოლმე კონფლიქტი.

– კი, საჯარო კონფლიქტებიც იყო და როგორც ვხვდები, ისეთიც არ ხარ, თუ შენთვის რამე მიუღებელია, ჩუმად იყო და ხმა არ ამოიღო.

– ურთიერთობაში დამთმობი ვარ, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ვერ გავჩუმდები, ეს არის უსამართლობა და ადამიანის გამოყენების მცდელობა. ვერ ვიტან, როცა ჩემს მოტყუებას ცდილობენ და უნდათ, სათავისოდ გამომიყენონ, როცა გჩაგრავენ, ვფიქრობ, რომ ასეთ დროს არ უნდა გაჩუნდე. ხმამაღლა საუბარი ყველას არ შეუძლია და ვფიქრობ, ბევრისთვის მაგალითიც გავხდი. ბევრი მწერდა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მივხვდი, რომ მეც არ უნდა გავჩუმდე და ხმა უნდა ამოვიღო, შენ ბიძგი მომეცი და მადლობა ამისთვისო. ვფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ, როცა საჭირო დროს ხმის ამოღება შეგიძლია. ამან ცოტა საშიში ქალის იმიჯი შემიქნა... მოვიდა ეს ამბავი ჩემს ყურამდე (იცინის). არადა, არავინ იცის, რამდენი ვითმინე, სანამ ავფეთქდებოდი. შეიძლება, წლები ვითმინო და მერე ამოვაფრქვიო, მაგრამ მხოლოდ ეს ჩანს. მე არ ვარ მარტივად ფეთქებადი ადამიანი, ძალიან დიდხანს შემიძლია მოთმენა, მაგრამ თუ ყველა საზღვარს გადაკვეთ, მერე ჩემი მოთმინების ფიალა ივსება. 30 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი სათნოება და ბავშვური გამომეტყველება ის თვისებებია, რომლის სათავისოდ გამოყენებაც არაერთხელ უცდიათ. ამიტომაც დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ჯობს ვიღაცას შენი ეშინოდეს, ასე მეტი რიდი ექნებათ, სინამდვილეში როგორი ვარ, ეს ჩემი ახლობლებისთვისაც ნაცნობია და ჩემი მსმენელისთვისაც. ჩემმა მსმენელმა რომ შემიყვარა, ესე იგი, ჩემგან გულწრფელი ემოცია მოდის. უამრავი ემიგრანტი მწერს, რომ უმძიმესი დღეების გადატანაში ჩემი სიმღერები დაეხმარათ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე თუ მათ ვაძლიერებ, ისინი ასეთი უკუკავშირით მეც ძალიან მაძლიერებენ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა