რამ მოუტანა განსაკუთრებული პოპულარობა ეკატერინე გურგენიძეს და ვისი კრიტიკა ეხმარება მას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 26.08

ეკატერინე გურგენიძეს ზოგი სიმღერით იცნობს, ზოგი – ცეკვით, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი კი სოციალურ ქსელებში აქტიურობითა და სხვადასხვა სახალისო ვიდეოთი. მისი ცხოვრება ძალიან აქტიური და მრავალფეროვანია.
ეკატერინე გურგენიძე: ძალიან პატარა ასაკიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ცეკვა, სიმღერა და საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა იყო. მამა სუხიშვილების მოცეკვავეა და აქედან გამომდინარე, მუსიკა, ცეკვა და ზოგადად, ხელოვნება, ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. 4-5 წლის ასაკიდან ვიპოვე საკუთარი თავი ამ სამყაროში და ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს.
ყველაფერი ცეკვით დაიწყო. 4 წლის ვიყავი, როდესაც სცენაზე დავდექი. მივედი მამას ანსამბლში და დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა. დაახლოებით, 15-16 წლიდან ჩემს ცხოვრებაში უკვე მუსიკაც შემოვიდა. მალე კი რამდენიმე ინსტრუმენტიც შევისწავლე. კოვიდის დროს კი კონტენტკრეატორი გავხდი, რაც თავისთავად „შემომეპარა“.
– მოდი, გავიხსენოთ პირველი წარმატებები ცეკვასა და სიმღერაში?
– თუ მცირე წარმატებებს არ ჩავთვლით, ცეკვის მხრივ, ალბათ, აქ, ბათუმში, ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება იყო ის, რომ ქასთინგით მივედი ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიაში. ბათუმში ეს აკადემია იგივეა, რაც თბილისში სუხიშვილები. როგორც მოცეკვავეები იხსენებენ, ერთი ცეკვის ყურება საკმარისი გახდა ჩემს მისაღებად და მაშინვე დავიდე ბინა ამ ანსამბლში, რომელიც ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა. დღემდე აქ ვმოღვაწეობ და ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს ვემსახურები.
– ალბათ, მამის გამო, ბევრი გეკითხება, რატომ არ აირჩიე სუხიშვილები?
– ალბათ, სიშორის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მამამ ეს გზა გაიარა და დიდი სურვილი ჰქონდა, მეც იგივე გამეკეთებინა. ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, რომ გაიზრდები, აუცილებლად წაგიყვანო. თუმცა, მოგეხსენებათ, სცენას აქვს თავისი ესთეტიკა და ჩარჩოები, ითხოვს სიმაღლეს, სისუსტეს, ძალიან დიდ შრომას და ამიტომ, რადგან ბათუმში დავრჩი და ჩემი ცხოვრება ამ ქალაქს დავუკავშირე, ბათუმის წამყვან ანსამბლში მოღვაწეობა გადავწყვიტე და მიხარია, რომ ენვერ ხაბაძის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ახლაც მოცეკვავე-მსახიობი ვარ.
– სიმღერა როგორ დაიწყე?
– ერთ დღესაც, ცეკვის ფორმის ჩაცმის დროს, ჩემთვის ვღიღინებდი და ერთ-ერთმა ძალიან კარგმა მუსიკოსმა, რომელიც იმ მომენტში მისმენდა, აღმოაჩინა, რომ კარგი ხმა მქონდა. მაშინ 15 წლის ვიქნებოდი. კონკრეტული სიმღერა შემასრულებინეს და გამოვიდა. მერე მივედი პედაგოგთან და სიმღერის ნიჭიც აღმომაჩნდა, თუმცა, ეს უფრო ხალხის შესაფასებელია. მერე გიტარაც ვისწავლე, ცოტა პიანინოზეც ვუკრავ და მინდა, კიდევ ბევრ ინსტრუმენტს დავეუფლო. თან ჩემებურად მუდმივად ვღიღინებ.
– რომელს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
– ზოგადად, ხელოვნება ძალიან მიზიდავს. თუმცა, სულ ვამბობ, რომ სიმღერა ჩემთვის ჰობია. ბევრი მეუბნება, რომ ეს ჰობიზე მეტად გამოგდისო და ამ საქმეს მეც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცეკვა იმდენად ადრეული ბავშვობიდან მომყვება, რომ უფრო მჭიდროდ მასთან ვარ დაკავშირებული. თან, ეს ნიჭი გენეტიკურად გადმომეცა მამისგან და მით უფრო განსაკუთრებულად ვაფასებ. ეს, იმავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა.
როცა მამის პროფესიას ირჩევ, პლუსებთან ერთად, ამას თავისი მინუსებიც აქვს. ამ პროფესიით სადაც არ უნდა გამოვიდე, ყველამ იცის, რომ ბატონი გიორგის შვილი ვარ. მამის გზის გაგრძელება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, მამის ფაქტორი მაინც გარკვეულ როლს თამაშობს და მის შვილად მოგიხსენიებენ. არის მომენტები, როცა ვფიქრობ, დროა, საკუთარი იდენტობა უფრო წინა პლანზე წამოვიდეს, საკუთარი შევქმნა, მაგრამ არსად დაიკარგება ის, რომ მამა ყოველთვის ყველას ახსოვს და ეს ძალიან საამაყოა.
– მამა როგორი შემფასებელია?
– ძალიან კრიტიკული და მიხარია, რომ ასეთია, რადგან ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში მეხმარება. ჩემი გადადგმული ყველა ნაბიჯი რომ მოსწონებოდა, ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. სწორი რჩევები და სამართლიანი კრიტიკა ახასიათებს. მე ბათუმში მაქვს სტუდია ცეკვა- თერაპია და ყოველი წლის ბოლოს, როცა მამა მოდის საანგარიშო კონცერტებზე, მისგან ბევრ რჩევას და კრიტიკასაც სიამოვნებით ვიღებ, რადგან ვიცი, რომ მათი გათვალისწინებით, წლის ბოლოს ძალიან კარგი შედეგი გვექნება.
– როდის მოვიდა პოპულარობა ჯერ ბათუმის, შემდეგ საქართველოს მასშტაბით?
– მიხარია, თუ საქართველოს მასშტაბითაც მოვიდა. ალბათ, კოვიდის დროს. ამ პერიოდში ძალიან სპონტანურად ავიღე გიტარა ხელში და დავიწყე სიმღერების ჩაწერა. ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი ვიდეო რომ ავტვირთე და საღამოს მობილური ავიღე ხელში, ბუმი დამხვდა ამ ვიდეოს გარშემო. აქტიურობა გავაგრძელე, ხალხს ძალიან მოეწონა ჩემი კონტენტი ცეკვა-სიმღერა და აიტაცეს. ამის შემდეგ გიტარა ხელიდან არ გამიგდია. შემდეგ საქველმოქმედო ლაივები დავიწყეთ ზუსტად სიმღერის მეშვეობით და შეგროვილი თანხით გაჭირვებულებს ვეხმარებოდით.
– სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება გაქვს, თუმცა ამ სივრცეს არც ნეგატიური კომენტარები აკლია და როგორია შენი გამოცდილებები ამ მხრივ? როგორ რეაგირებ ამ ყველაფერზე?
– ზოგადად, ვიტყვი, რომ არ მივესალმები სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას და მით უმეტეს, ნეგატიური კომენტარების წერას, რადგან ეს ყველაზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე შეიძლება კიდევ უფრო მძიმედ აისახოს და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
სანამ სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეოების გარშემო ბუმი ატყდებოდა, მე, პირადად, მიჭირდა ვინმეს მიმართ ჩემი სიმპათიები გამომეხატა. მერე, როცა ხალხისგან საოცარი სითბო ვიგრძენი, ამ კუთხითაც შევიცვალე. მით უმეტეს, ბათუმი ისეთი ქალაქია, ისედაც ყველა ყველას იცნობს, მერე სოციალურ ქსელში რომ გავრცელდა ვიდეოები, მით უმეტეს, როცა ყველამ გაიგო, მოდიოდნენ, მეხუტებოდნენ, ფოტოებს იღებდნენ. ამან დადებითი ენერგია შემმატა. მე თვითონაც კიდევ უფრო დადებითად განვეწყვე სხვების მიმართ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.
რაც შეეხება უარყოფით კომენტარებს, თავიდან ამაზე მტკივნეული რეაქცია მქონდა. ვფიქრობდი, რატომ, როცა ცუდს არაფერს ვაკეთებ? ცეკვა-სიმღერა, ეს ყველაფერი ადამიანის გუნების გაუმჯობესებას, დღის განწყობის შექმნას ემსახურება და მიკვირდა, რატომ უნდებოდათ უარყოფითი კომენტარების დაწერა. დროთა განმავლობაში შევეჩვიე. ახლაც არიან ასეთები, მხოლოდ კეთილმოსურნეები არ მყავს, ჰეითერებიც არიან და მოწმენდილ ცაზე შეიძლება, საოცარი კომენტარი დაგიწერონ. თუმცა, დღეს ცუდ ხასიათზე აღარ მაყენებს მათი კომენტარები, აღარ ვრეაგირებ.
– და ბოლოს, მოვყვეთ სიყვარულის ამბავიც...
– ჩვენ, დაახლოებით, ორწელიწად-ნახევრის წინ ბათუმში გავიცანით ერთმანეთი, ისიც აქაურია. ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ქორწინებით დაგვეგვირგვინებინა. უკვე ერთი წელია, ოჯახი გვაქვს. მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ძალიან რთულია-მეთქი. ჯერჯერობით მარტო ჩვენ ვართ და ალბათ, როცა შვილი გვეყოლება, მერე კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ. მეკითხებიან ხოლმე, როგორია გათხოვილი გოგოს ცხოვრება, სახლში ფუსფუსიო და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩემი ყოველდღიურობა იმდენად დატვირთულია, ფუსფუსის დროც არ არის, მაგრამ როცა თავისუფალი დრო მაქვს და ნიკოლოზი, ჩემი მეუღლეც, სახლშია, ერთმანეთს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. თვითონაც ძალიან დაკავებულია, დღეს ეს აღარავის უკვირს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთისთვის დრო გვქონდეს. ოჯახი მძიმე პასუხისმგებლობაა, რამაც ცოტა შემაშინა-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ, ძალიან მოგვწონს თანაცხოვრება და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
– ხელოვანი ადამიანები რომანტიკულ მეორე ნახევრებად წარმოგვიდგენია და ხარ ასეთი?
– ყოველ საღამოს ყანჩელის ფონზე ვაძინებ ჩემს ქმარს და ასე რომ, მგონი, ვარ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან