შოუბიზნესი

რამ გააოგნა ხატია სიჭინავა პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტის დროს და როგორ დაიკლო მან 24 კილოგრამი

№1

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 13.01, 2021 წელი

ხატია სიჭინავა
დაკოპირებულია

ხატია სიჭინავა და მისი დიდი ოჯახი ახალ წელს ზღაპრულ გარემოში, კიკეთში, საკუთარ აგარაკზე შეხვდა. როგორც თავად გვიყვება, იქ ყველაფერია საახალწლო განწყობის ასამაღლებლად – თოვლი, ნაძვები, ბავშვების ჟრიამული... ხატიამ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, რასაც საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. როგორ გამოიყურება ოპერაციის შემდეგ და როგორ გრძნობს თავს, ამის შესახებ ,,თბილისელებს" ესაუბრა.

ხატია სიჭინავა: დიდი ხანია, უკვე კიკეთში ვართ მთელი ოჯახი. ჩვენი სახლი ტყეშია და ზღაპრულ სამყაროში ვართ – ირგვლივ თოვს, ნაძვები, სახლის მორთულობები, მოკლედ, გადასარევი, სრული საახალწლო განწყობა გვაქვს. ახალ წელს შევეგებეთ ისე, რომ არ ვიმჩნევთ, რა ხდება ირგვლივ და რეალობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი შვილი მყავს, ჩემთვის განწყობის გაფუჭება აკრძალულია. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოწვეულ სტრესს ჩემს შვილებს არანაირად არ ვაგრძნობინებ, ისე გადაგვაქვს ეს ყველაფერი, თითქოს არაფერი ხდება კარგის გარდა.
– ოჯახური საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?
– კი, ოჯახური ფოტოსესია და თითქმის ყოველ ახალ წელს ოჯახს ახალი ბავშვი ემატება (იცინის). დღესასწაულს აუცილებად ოჯახში აღვნიშნავთ, გარეთ შეზღუდვებამდეც არ გავდიოდით, შესაბამისად, განსხვავებული წელსაც არაფერი ყოფილა. უბრალოდ, ახალ წელს, ამჯერად, თბილისის ნაცვლად კიკეთში შევხვდით. აქ მართლა საოცარი სილამაზეა, გადათეთრებულია ყველაფერი და სახლი სულ ნაძვებშია.
– სანტასგან საჩუქრებს შენც ელოდები ხოლმე?
– უკვე დიდი ხანია, მივხვდი, რომ ჩემი სანტა ჩემი ქმარია და, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ველოდები (იცინის). ეს რიტუალიც გვაქვს – ნაძვის ხის ქვემოთ მთელს ოჯახს, ყველას, მათ შორის ჩემს ძიძას და მის შვილს, ხვდება საჩუქარი და აუცილებლად 12 საათზე იხსნება. საჩუქრები მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ის სიძვირესთან არ ასოცირდება. გინდა თუ არა, რაღაც საოცრება დამხვდეს, ძვირად ღირებული ნივთი და ასე შემდეგ, ასე არაა. შვილების გაჩენის მერე უფრო რეალისტი გავხდი და ცოტა ოჯახური საჩუქრები მიხარია, მაგალითად: ღუმელი, ახალი გაზქურა, ახალი საძინებელი. ჩემი ქმარი დამცინის, ადრე თუ ვიცოდი „სვაროვსკი“ ან რაღაც მსგავსი გაგიხარდებოდა, ახლა საოჯახო ტექნიკაში უნდა ვეძებო რამეო (იცინის).
– მიქაელი უკვე დიდი ბიჭია და ალბათ, ახლა უფრო გააცნობიერე ოთხი შვილის დედობა.
– იმდენად სწრაფად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ეს ცვლილებები და ისე მიჰყვა ერთი, მეორე, მესამე ბავშვი ერთმანეთს, რომ ალღო ისედაც აღებული მქონდა. მიქაელი უფრო ჩვენი დიდი ოჯახის დაგვირგვინებაა. ვცდილობ, ყურადღება არავის მოაკლდეს და ჩემი შვილები იმდენად მიჩვეულები არიან, სითბოს და სიყვარულს არც მოიკლებენ. ვცდილობ, ირგვლივ რა ისტერია და ფონიც არის, ბავშვები ავარიდო. ეს ყველაფერი ყველა ბავშვის განათლებაზე აისახა, ჩავარდნილი წელია და არავის არაფერი უსწავლია. სანამ სკოლები არ დახურეს, ჩემი შვილები ბოლო დღემდე დადიოდნენ, შესაბამისად, ხვალ რომ გაიხსნას, პირველები მივალთ.
– სოციალურ ქსელში ხშირად წერ ხოლმე არსებულ რეალობაზე...
– ვირუსი, რა თქმა უნდა, არსებობს და იარსებებს მომავალშიც, მე არ მჯერა სიკვდილიანობის. ყველა ვირუსს აქვს სიკვდილიანობა. კარგი იმუნიტეტი ვისაც აქვს, იოლ ფორმებში გადააქვს, ცუდი იმუნიტეტის დროს – რთულდება. ეს ყველა ვირუსის დროს ასეა. ქუჩაში არ ვიკეთებ პირბადეს, ჯარიმის მიუხედავად, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ვერავინ ამიკრძალავს. მთელი ეს პერიოდი უამრავ ადამიანთან მქონია შეხება, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი, მათთან პირბადის გარეშე მქონდა ახლო კონტაქტი, თუმცა არაფერი გადამდებია. საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია, გითხრათ, ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, ვისაც ეშინია მისი, მას სტუმრობს და ვისაც არა – მასთან არ მოსწონს თანამშრომლობა (იცინის).
– ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთე, როგორ ჩაიარა?
– მეოთხე შვილის შემდეგ, ორივე თვალზე ასპროცენტიანი ფტოზი მქონდა – კანი ჩამოვიდა ზემოდან და წამწამებზე მედო. მანქანა ვეღარ დამყავდა, ამიტომ ოპერაცია გახდა საჭირო, თუმცა არაფერი საოცარი ქირურგიული ჩარევა ეს არ ყოფილა. არ ვიცი, როგორ გაჟღერდა ეს ამბავი, სრულიად საქართველო მირეკავდა და მეკითხებოდა, როგორ ვიყავი. ოპერაცია 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგადაც მაშინვე სახლში დავბრუნდი. ჩაქცევები მაქვს თვალებზე და ესაა მხოლოდ. სამსახურში ჩვეულებრივად დავდივარ. რაც შეეხება ოპერაციას, გაოგნებული დავრჩი, როცა პლასტიკურ ქირურგთან კილომეტრიანი იმ ადამიანების რიგი დამხვდა, რომლებიც მხოლოდ პლასტიკას იკეთებდნენ. ასეთი მოთხოვნა უპანდემიო პერიოდში არასოდეს შემინიშნავს, ამდენი ადამიანი ერთად გადაირია საკუთარ სილამაზეზე და აღვნიშნე კიდეც, ხომ მშვიდობაა-მეთქი (იცინის). ეტყობა, ასე გამოხატავენ ამ სტრესს და მძიმე ფონს. ვერ აღგიწერთ რამხელა რიგი იყო. 20-წუთიანი ოპერაცია რომ გამეკეთებინა, ძლივს ჩამსვეს სიაში.
– გოგონები ხომ არ ეჭვიანობენ მიქაელზე?
– ეჭვიანობის მომენტი არ აქვთ, პირიქით, სულ უნდათ, დამეხმარონ, მაგრამ პატარები არიან და ვცდილობ, ბავშვთან ძალიან ახლოს არ მივუშვა. მესამეს ჰქონდა ცოტა ეჭვიანობის მომენტი და ეს გამოხატა იმით, რომ მაყიდვინა თოჯინა და გადაწყვიტა, თუ მე მყავს პატარა შვილი, მასაც უნდა ჰყოლოდა. დაარქვა სახელი და როგორც მე ვუვლილდი, ისე უვლიდა თავადაც. თუმცა, ამანაც მალევე გადაუარა. გიჟდებიან თავიანთ ძმაზე და სულ იმას ფიქრობენ რა გაუკეთონ.
– დაუბრუნდი საკუთარ წონას?
– 18-საათიან დიეტაზე ვარ დღემდე და ეს უკვე ხასიათშიც მაქვს გადასული – 6 საათის მერე საერთოდ აღარ ვჭამ. არაჩვეულებრივი დიეტაა, ცოტა ნელა იკლებ, მაგრამ შედეგი არის. ექვსი თვის განმავლობაში 24 კილოგრამი დავიკელი და ჩემს ტანსაცმელებში დავბრუნდი. სპეციალურად არ ვყიდულობდი ახალ ტანსაცმელს, რომ წონას არ მივჩვეოდი. მოხდა ისე, რომ 6 თვეში ისევ ვიცავამ ჩემს ძველ ტანსაცმელებს (იცინის). საერთოდ, ტვინში რასაც ჩააპროგრამებ, ის ხდება, ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც მიუდგები საკუთარ თავსა და ცხოვრებას, ისე იქნება ყველაფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი