შოუბიზნესი

რა თვისებებზე უარის თქმამ მოუტანა ია დუდაშვილს ბედნიერება და როგორ იქცა იდეალურ მეუღლედ მასთან ირაკლი ნოზაძე

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.01, 2023 წელი

ია დუდაშვილი
დაკოპირებულია

ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის ოჯახმა ბევრი სირთულე გამოიარა, თუმცა, სწორედ ამ სირთულეების შედეგად, დღეს მათი ურთიერთობა ძალიან მყარი და ორივესთვის ბედნიერების მომტანია.

ია დუდაშვილი: 2023 წელი ძალიან პოზიტიურად, დადებითი ემოციებით დავიწყეთ. ირაკლი ახალ წელს თბილისში არ შეხვედრია, ისრაელში ჰქონდა კონცერტი და დაბრუნებით ძალიან გაგვახარა. ოჯახურად აღვნიშნეთ ეს დღესასწაული.

- ორ პატარასთან ერთად, ალბათ, სასიამოვნო აურზაური გექნებოდათ ოჯახში...

- ჩვენთან ყოველდღიურად ასეა, მაგრამ ახალ წელს ბავშვებისგან კიდევ უფრო მეტად გადმომედო ემოციები. დღეს გარეთ გავედით და თოვლი რომ დაინახეს, იმდენად გაოცებულები და გახარებულები იყვნენ, ფანტელებისა და ლოლოების დანახვამ ისე გააბედნიერათ, შეუძლებელია, ამის შემხედვარე, ავტომატურად მეც ბედნიერი არ ვიყო. იმდენად აბედნიერებთ, ერთი შეხედვით წვრილმანები, მათი დამსახურებით, მეც კარგად ვხვდები, რომ ნეგატივს საერთოდ არ უნდა დავუთმო დრო და ბავშვებივით, მეც უნდა ვისიამოვნო ცხოვრებით.

- რადგან ახალ წელს ირაკლი სახლში არ იყო, მარტო მოგიწევდათ ყველაფერთან გამკლავება, არ გაგიჭირდათ ორ პატარასთან ერთად?

- მე არ მივეკუთვნები ქალბატონების იმ კატეგორიას, მუდმივ მზადებაში რომ არიან და ახალ წელს დაღლილები ხვდებიან. ვამჯობინე, მზა კერძები გამომეძახებინა. მარტივად მივუდექი ამ საკითხს. მინიმალური რაღაცები იყო, რაც ჩემი ხელით მოვამზადე და პრინციპში, არაფრის ორგანიზება არ გამჭირვებია. მინდოდა, ახალ წელს დასვენებული და ბედნიერი ვყოფილიყავი. ასეც გამოვიდა. ოჯახში ყველა ბედნიერია, თუ დედა არის ბედნიერი ამიტომ, უპირველესად, ამაზე ვზრუნავ. არ მინდა, ზედმეტად გადავიღალო, რომ ჩემგან ნეგატიური ენერგია არ წამოვიდეს ბავშვების ან ირაკლის მიმართ. მგონი, გამომდის და ისინიც არ არიან უკმაყოფილოები ამით (იცინის). სულ ვცდილობ, აქტიური ვიყო, ვეთამაშო, დავპატარავდე, მათი ასაკის გავხდე. ზოგჯერ ისე ვესაუბრები, თითქოს ისინიც ჩემი ტოლები არიან და საერთო ჯამში, მგონია, რომ ძალიან კარგად გამოგვდის ურთიერთობა.

- ირაკლი როგორ ცდილობს, მეუღლე ბედნიერი იყოს?

- მთავარი საიდუმლო ისაა, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ვალდებულებები. როცა რაღაც არის გასაკეთებელი და ირაკლის არ სცალია, ვცდილობ, მე გავაკეთო. ანალოგიურად იქცევა ირაკლი, თუ დაინახავს, ბავშვს გამოცვლა ან სხვა რამე სჭირდება, შეუძლია, თვითონ გააკეთოს. ერთმანეთს არ ვაბარებთ პასუხისმგებლობებს და როცა ყველაფერს ასე უდგები, უკმაყოფილება ნაკლებად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად ძალიან აქტიურია, ახერხებს, ოჯახს სათანადო ყურადღება დაუთმოს. როცა ირაკლი გასტროლზე მიდის, მეც უფრო აქტიური ვხდები. სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, უფრო მეტად გამყავს ბავშვები სხვადასხვა ადგილზე. როცა ირაკლია, უფრო მეტად მიყვარს მასთან ერთად სახლში ყოფნა. როცა ის არ არის სახლში, მაშინ არც მე ვარ, მე და ბავშვებიც მივდივართ ხოლმე სადმე (იცინის).

- როცა პატარები ჩნდებიან, წყვილს შორის რომანტიკული მომენტები იკლებსო, სინანულით აღნიშნავენ ხოლმე. როგორია თქვენი გამოცდილება, მით უმეტეს, რომ ბევრი ქარტეხილი გამოიარეთ?

- ძირითადად, რაც აუფერულებს და აბანალურებს ურთიერთობას, არის ის, რომ მშობლების როლს ვირგებთ და გვავიწყდება, ამ როლის გარეთ ჩვენი პირადი ცხოვრება. როცა ამას აცნობიერებ, ცდილობ, როგორღაც შეცვალო ეს მდგომარეობა. ვერ გეტყვით, რომ მე და ირაკლის ხშირად გამოგვდის ბავშვებისგან დამოუკიდებლად, მარტოებს სადმე გასვლა და დასვენება, მაგრამ ვცდილობთ. ვერ ვიტყვი, რომ გაუფერულდა ან გაბანალურდა ჩვენი ურთიერთობა. ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემსა და მის, ასევე, ჩვენსა და ბავშვების ურთიერთობაში, ჩვენი ტერმინოლოგია შედგება სასიყვარულო, თბილი სიტყვებისგან და ესეც თავისას შვრება. გარდა ამისა, სირთულეებმა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, სხვა ღირებულებები შესძინა ჩვენს ურთიერთობას. ორივემ კარგად დავაფასეთ ის, რაც გვაქვს და მივხვდით, რომ ეს არის ჩვენი ბედნიერება. პრობლემები და ორწლიანი კრიზისი რომ არ ყოფილიყო ჩვენს ურთიერთობაში, აქამდე ვერ მოვიდოდით.

- დღეს, როგორი გოგოა ია ამ გამოცდილებებით?

- რამდენიმე წლის წინ, უფრო ეგოისტი, ამბიციური და ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ეს სამი თვისება ყველაფერს ძალიან აფუჭებდა. დღეს ეს თვისებები აღარ მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ (იცინის).

- ირაკლი როგორი მეუღლეა ახლა?

- ირაკლი სუპერკომფორტული ადამიანია. თუ არ შეზღუდავ, საზღვრებსა და ჩარჩოებს არ დაუწესებ, ძალიან თბილი, კომფორტული და მოსიყვარულე მეუღლე და მამაა. მე და ჩემს შვილებს ძალიან გაგვიმართლა ირაკლიში. ჩვენ არ ვართ ისე, სოციალურ ქსელში ერთნი რომ არიან და რეალურ ცხოვრებაში, საერთოდ სხვანაირები. ჩვენ მოჩვენებითი ბედნიერი ოჯახი არ გვაქვს, რასაც გამომწერებს ვუზიარებთ, ყველაფერი ნამდვილია. მე მგონი, ზუსტად ამიტომ ვუყვარვართ მათ. საერთოდ, მოჩვენებითობა აუბედურებს ადამიანს.

- რომელი უფრო რომანტიკულია თქვენ შორის?

-ალბათ, თანაბრად, მაგრამ ახლა უფრო ირაკლი. ადრე, ურთიერთობის დასაწყისში, ახალი ცოლ-ქმარი რომ ვიყავით, მეგონა, მე ვიყავი უფრო რომანტიკული, მაგრამ ბოლო პერიოდში ირაკლი უფრო აქტიურია და ძალიან მიხარია (იცინის). მე უფრო მეტად ვარ გადართული ბავშვების ყოფით საჭიროებებზე, ბევრ წვრილმანზე და ბუნებრივია, ზოგჯერ რაღაცები მავიწყდება (იცინის). პატარ-პატარა სიურპრიზები და საჩუქრები ერთ-ერთი შემადგენელია რომანტიკულობის. ვცდილობთ, ამას ხშირი ხასიათი ჰქონდეს. ბოლოს ახალ წელს გავუკეთე საჩუქარი. ირაკლის თებერვალში აქვს დაბადების დღე და ვაპირებდი, მაშინ მეჩუქებინა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ახალ წელს ვაჩუქე. აქედან გამომდინარე, თებერვალში კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება (იცინის). 12-ში არის ირაკლის დაბადების დღე და 14-ში ჩვენი ქორწინებიდან 7 წელი სრულდება.

- ვინ არის უფრო ბუტია, ია თუ ირაკლი?

- არც ერთი საერთოდ, არ ვიბუტებით. არც ვჩხუბობთ. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა (იცინის). გვქონდა პერიოდი, როცა ბევრს ვჩხუბობდით და ვიბუტებოდით, მაგრამ მე ისეთი ხასიათი მაქვს, რომ ვიჩხუბებდით და გავიბუტებოდით, მეორე წუთს შემოვბრუნდებოდი და ვითომც არაფერი, ისე ვაგრძელებდი ურთიერთობას. არანაირი გაბუტვა, ორ წუთში ვივიწყებდი და ირაკლი ამაზე ბრაზდებოდა, მე კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამაში ცუდი (იცინის). აბა, თვეობით გაბრაზებულ მდგომარეობაში ყოფნა ხომ არ არის კარგი!? მაგრამ, ახლა მგონი, ცოტა უინტერესო ხდება მაგის გარეშე და ზოგჯერ უნდა გავებუტო ხოლმე (იცინის). მაგრამ რა გავაკეთო, არ მაბრაზებს, არ მიტოვებს მიზეზს, რამეზე უკმაყოფილო ვიყო და გავბრაზდე.

- საერთოდ, სხვა იმიჯი ჰქონდა ირაკლის, როგორ მოხდა, რომ დღეს რადიკალურად სხვა ადამიანია?

- უბრალოდ, ირაკლიმ თავის ადამიანი იპოვა. სხვებს კი არა, მეც არ მეგონა, რომ შეიძლებოდა, ირაკლისგან ასეთი მეოჯახე დამდგარიყო, მაგრამ, როცა ზედმეტად არ ეჭვიანობ, არ ზღუდავ, მერე საერთოდ სხვანაირი ხდება. მართლა ძალიან შეცვლილია და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, მე რომ გავიცანი. შეცვლილსაც ვერ დავარქმევ, მგონია, რომ ის გახდა, ვინც იყო რეალურად, ნამდვილი სახე გამოავლინა. მართლა არაჩვეულებრივი მამაა და ყოველდღიურად ვტკბები მისი ბავშვებთან ურთიერთობით.

- ბავშვებთან რომელი უფრო მომთმენია?

- უფრო ირაკლი. რაღაცას რომ ვეუბნები და არ ესმით, ბევრჯერ ვუმეორებ და მაინც არ ესმით, მერე ტონალობა მეცვლება, ირაკლის კი - არა (იცინის). შეუძლია, ოცჯერ, ძალიან მშვიდად, უთხრას ერთი და იგივე, სანამ შედეგს არ მიაღწევს.

- ბავშვების ურთიერთობის ყურება ერთი სიამოვნებაა, არა?

- ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ მართლა საოცრებაა მათი ურთიერთობა. დანიელს ნიაკოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. რა თქმა უნდა, ნიაკოსაც ძალიან უყვარს, მაგრამ ზოგჯერ მგონია, დანიელს საკუთარ თავზე მეტად უყვარს ნიაკო. „ვერ გაბედავ“, ნიაკოს შენიშვნა მისცე, დანიელი აუცილებლად გამოესარჩლება. ზუსტად ვიცი, ნიაკოს რამეს რომ ვეტყვი, დანიელი მეტყვის, ჩემს დაიკოს შენიშვნას რატომ აძლევო (იცინის).

- დანიელი ჯერ ძალიან პატარაა, ნიაკო თუ ამბობს უკვე, რა უნდა გამოვიდეს, რომ გაიზრდება?

- ორი დღის წინ მეუბნებოდა, დამლაგებელი და მომვლელი უნდა გამოვიდეო (იცინის). ვიდეოს ვუყურეთ, სადაც შვილი უვლიდა მოხუც ბებოს. ამის ნახვის შემდეგ მოუნდა დამლაგებლობა და მომვლელობა. სერიოზულად რომ მივუდგეთ, მეც ვამჩნევ და ირაკლიც მიდასტურებს, რომ ვოკალური მონაცემები აქვს. კამერები და სცენაც განსაკუთრებულად უყვარს და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ჩვენ მშობლების იმ კატეგორიას მივეკუთვნებით, მის არჩევანს რომ დავუჭერთ მხარს. მანამდე კი მაქსიმალურად შევეცდებით, ბევრი რამ ვაჩვენოთ, რომ არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი