რა წარმატებებს მიაღწიეს გოგიტა გოგიძის შვილებმა ამერიკაში და რომელი ქართული პროექტი წამოიწყო შტატებში მომღერალმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 10.06

მომღერალ გოგიტა გოგიძის ამერიკული ცხოვრება ძალიან აქტიური, წარმატებული და ქართული პროექტებითაა დატვირთული. ჩვენი ინტერვიუდან ბევრ საიტერესო ამბავს შეიტყობთ.
გოგიტა გოგიძე: ჩემმა შვილმა და მე ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ – ნიუ-იორკის ლიგა დავაარსეთ. გასული წლის დეკემბერში გვქონდა ფინალი, რომელზეც მოვიწვიეთ ბატონი წამყვანი გიორგი მოსიძე და ბატონი რედაქტორი ლაშა კილაძე. ძალიან კარგი დასკვნითი ღონისძიება გამოვიდა. ამის დაგვირგვინება იყო ჩემი საშობაო კონცერტი, სადაც ჩემი ახალი ნამუშევრები გავაცანი მსმენელებს. ღონისძიება იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მისი გაგრძელების სურვილი გამოითქვა. დიდი მხარდაჭერა გვაქვს ბატონი გიორგი მოსიძისგან, შეგვპირდა, რომ საფინალო პროექტისთვის ყოველთვის ჩამოვა და თვითონაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამან დიდი მუხტი მისცა ემიგრანტებს. დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი ემიგრანტი ბიზნესმენებისგანაც და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ საქმეში წვლილის შეტანისთვის. ემიგრანტებში ინტელექტუალურმა პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
– საიდან გაჩნდა ეს იდეა და როგორ მოახერხეთ ორგანიზება?
– ჩემს შვილს ჰქონდა ძალიან კარგი გამოცდილება. ის ჯერ კიდევ სკოლის ასაკში თამაშობდა და მისი სკოლა ქალაქის ჩემპიონი გახადა. თბილისში პირველ ლიგაში იღებდა მონაწილეობას. ურთიერთობა ჰქონდა ბატონ გიორგი მოსიძესთან და ძალიან იყო მოწადინებული, რომ ეს შესაძლებლობა ამერიკაშიც ყოფილიყო. ამისთვის შემოიკრიბა გარშემო ძალიან კარგი ადამიანები. უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა იყვნენ ასაკოვნებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მონაწილე 70 წლის მამაკაცი გახლდათ. მან გვითხრა, რომ ამ პროექტში მონაწილეობაზე დიდი ხანი ოცნებობდა და იმდენად მოინდომა, რომ საკუთარი გუნდი გამარჯვებამდეც მიიყვანა, რითაც ძალიან ბედნიერი იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება. სამომავლოდ, გვინდა, ამერიკის სხვა რეგიონებიც ჩავრთოთ, სადაც ქართული დიასპორა საკმაოდ დიდია.
– თქვენი შვილი რა პროფესიის არის?
– ჩემი ამერიკაში ემიგრაციის მთავარი მოტივი შვილების მომავალი იყო. ვხედავდი, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვები იყვნენ და მინდოდა, კარგი მომავალი ჰქონოდათ. ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ამერიკა იყო. ამიტომაც ვიბრძოლე აქ მოსახვედრად, რომ მათთვის გზა გამეკვალა. ჩემი უფროსი შვილი გახლავთ გიორგი, ახლა ზუსტად მასზე ვსაუბრობდი. გიორგიმ თბილისში ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. შემდეგ შავი ზღვის უნივერსიტეტში ინგლისურ სექტორზე საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა. ორი კურსი საქართველოში დახურა, შემდეგ აქ დაამთავრა უნივერსიტეტი. ისწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. ახლა მაგისტრატურას გადის, მალე ჩააბარებს გამოცდას და სრულფასოვანი ამერიკელი ადვოკატი გახდება. უკვე მუშაობს კიდეც ამ მიმართულებით. გარდა ამისა, არის ერთ-ერთი სერიოზული ამერიკული სადაზღვევო კომპანიის რეგიონური მენეჯერი, რასაც თავისი შრომით მიაღწია. პარალელურად აკეთებს კარგ საქმეს, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ და ამის გარდა, მუშაობს საემიგრაციო იურისპრუდენციაში, ძალიან ეხმარება ემიგრანტებს საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლის მისია განხორციელებულია.
ამ პროექტში ჩართულია მეორე შვილიც – ფოტო-ვიდეო მიმართულებით. მას თავისი სერიოზული ფროდაქშენი აქვს და უკვე გასულია ამერიკულ ბაზარზე. ძალიან აქტიურია, როგორც დაბადების დღეების, ქორწილების თუ სხვა კერძო დღესასწაულების მხრივ, ასევე ფილმოგრაფიაშიც, იქნება ეს დოკუმენტური კინომატოგრაფია თუ სხვადასხვა ტიპის ფოტოპროექტები.
მესამე შვილი, გოგონა, 13 წლისაა. ის სკოლაში აქ შევიდა და იმის მიუხედავად, რომ ენობრივი ბარიერი ჰქონდა, დღეს სანიმუშო მოსწავლეა, სკოლაში – საუკეთესო, ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და დიდი გეგმებით.
– ემიგრანტებთან სიმღერის დროს ყოფილა მომენტი, რომ ემოციებისგან სიმღერის გაგრძელება გაგჭირვებიათ?
– ამერიკის გარდა, ისრაელშიც ვიყავი, იტალიაშიც, ჰოლანდიაშიც, ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა და პირიქით, განა გამიჭირდა, დამთავრება აღარ მინდოდა, იმდენად ბედნიერები იყვნენ მსმენელები, ისე ენერგიულად გაგრძელდა კონცერტი, რომ ვეღარ ვამთავრებდი. ემიგრანტები ძალიან არიან მონატრებული მსგავს საღამოებს. აქაც და ევროპაშიც სულ დროის პრობლემაა. თუ მუდმივად არ იმუშავებ, გადასახადებს ვერ გადაიხდი, როცა ასეთი გამონათებაა ღონისძიების სახით, ყველა მაქსიმალურად ცდილობს, განტვირთვის დღე მოიწყოს და ემოციები ბოლომდე გამოუშვას გარეთ. ეს ნამდვილი ზეიმია ხოლმე. განსაკუთრებით იტალია მახსენდება, დაინგრა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მართლა საკმაოდ ასაკოვანი იყო, არ გაჩერებულან და აღფრთოვანებული ვიყავი მათი ენერგიულობითა და შემართებით. აქაც და ევროპაშიც ასაკი მხოლოდ ციფრებია. აქ არ არსებობს ზღვარი, რის შემდეგაც შენ ბუხართან უნდა დაჯდე და ნაცარი ქექო. რა ასაკისაც არ უნდა იყო, შენთვის არსებობს სპეციალური პროგრამები, გასართობები და ასე შემდეგ. ისრაელში ვიყავი საახალწლო კონცერტზე. საავტორო საღამოს მიკეთებდნენ, მოლაპარაკებული ვიყავი აშდოდის მერთან, მაგრამ სამწუხაროდ, ომი დაიწყო. თუმცა, იმ ჩასვლაზე არაჩვეულებრივი კონცერტი გვქონდა, რის შემდეგაც შემომთავაზეს კრუიზზე მემღერა. სამდღიანი ტური იყო. ამ კრუიზზე ძირითადად, ქალბატონები იყვნენ და ყველაზე პატარა ასაკის ადამიანი, ჰოი, საოცრებავ, 70 წლის გახლდათ. დაახლოებით, 60 ქალბატონი ბრძანდებოდა, ქართველი ებრაელობა. საოცარი დრო ატარეს. გულწრფელად გეუბნებით, მე დავიღალე, ისინი –არა, სამი დღე არ გაჩერებულან. ჩემთვის ვფიქრობდი, სამყაროში რაღაც შეიცვალა-მეთქი. ჩემს ბავშვობაში ბებო წელში მოხრილი, ნაჯაფარი და დაღლილი წარმოგვედგინა. ისეთი მხიარულება იყო, მათი შემხედვარე იტყოდი, რომ 25-30 წლის ახალგაზრდები ცეკვავდნენ. ეს ძალიან კარგია და მე მჯერა, რომ საქართველოც მალე მივა ამ ეტაპამდე. როცა დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობ, გარშემო ყველაფერი მოგვარებულია და ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ გაშინებს, გეცეკვება კიდეც.
– წელიწად-ნახევრის წინ პირველად ჩამოხვედით საქართველოში, ალბათ, განსაკუთრებით ემოციური იყო.
– კი, ექვსწლიანი განშორების შემდეგ პირველად ჩამოვედი. შეიძლება, ექვსი წელი ერთი შეხედვით ბევრად არ ჩათვალოთ, მაგრამ როდესაც პირველად მიდიხარ ემიგრაციაში, ემოციების მხრივ, ეს ძალიან ბევრს უდრის. რომ ჩამოვედი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა მენახა, ყველას მოვფერებოდი. სკოლაში ჩემი პირველი მასწავლებელიც კი მოვინახულე. მერე კონცერტიც გავაკეთე, რომ ვისი ნახვაც ვერ მოვასწარი, იქ მომესიყვარულებინა, გადაცემებსაც ვესტუმრე, მაქსიმალურად გამოვიყენე დრო. უბრალოდ, გადაჩვეული ვიყავი ამდენ ქეიფს და ქართულ ღვინოს, რის გამოც, ცოტა არ იყოს დამძიმებული და გემრიელი ქართული კერძების დამსახურებით, ამერიკაში წონაში მომატებული დავბრუნდი (იცინის).
– ახლა თუ გამარტივდა მისვლა-მოსვლის ამბავი?
– კი, საბუთების მხრივ, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, დროის უქონლობაა პრობლემა, ამიტომ ვცდილობ, ისეთი პროექტი მოვიფიქრო, რომელიც მაიძულებს საქართველოში ჩამოსვლას წელიწადში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც. მე და ჩემი შვილი აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენ დავაარსეთ ორგანიზაცია „იცოდე, მომავალი შენია“ და აუცილებლად გავაკეთებთ კარგ პროექტს მუსიკალური მიმართულებით. ზოგადად, ვფიქრობ და ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ქართულ ემიგრაციას მოვახმარო გამოცდილება და კონტაქტები, რომელიც აქ გატარებული წლების განმავლობაში დამიგროვდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან