შოუბიზნესი

რა წარმატებებს მიაღწია ელენა ლეშკაშელმა თურქეთსა და ინდოეთში და როგორ დაუფრთხო მას შეყვარებულმა ყველა თაყვანისმცემელი

№30

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 02.08, 2023 წელი

ელენა ლეშკაშელი
დაკოპირებულია

19 წლის მოდელი ელენა ლეშკაშელი ჩინეთში გასამგზავრებლად და იქ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. მოლოდინებსა და აქამდე მიღწეულ წარმატებებზე ელენა თავად მოგვიყვება.

ელენა ლეშკაშელი: წარმოშობით კახეთიდან ვარ, თელავიდან. პირველი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე „მის თელავი“ იყო და „ვიცე-მის თელავი“ გავხდი. ამის შემდეგ ბევრი შემოთავაზება მივიღე, დიდი დაინტერესება წამოვიდა. მაშინ 14 წლის ვიყავი. შემდეგ ეკა მგალობლიშვილის სამოდელო სააგენტო „კატრინში“ მოვხვდი. ქალბატონი ეკა ჩემი კარიერის წარმატებულად განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს, მას მეორე დედას ვეძახი. პირველი შეთავაზება სტამბოლის ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოდან მივიღე. სამთვიან ანაზღაურებად კონტრაქტს მთავაზობდნენ. იქ უნდა მეცხოვრა და მემუშავა. დავთანხმდი და წავედი. ძალიან ბევრ სარეკლამო გადაღებაში ვიღებდი მონაწილეობას. ცნობილ ბრენდებთანაც ვთანამშრომლობდი, მაგალითად, „ლევისთან“ და ასე შემდეგ. შემდეგ ინდოენთიდან მივიღე ძალიან კარგი შემოთავაზება და სამი თვე იქ ვმუშაობდი. ყოველდღე გადაღებები მქონდა. დიდი გამოცდილება დავაგროვე.

– გამოცდილების მიღება წარმატებული, თუმცა, საკმაოდ რთული იქნებოდა.

– 17 წლის ვიყავი, როდესაც თურქეთში წავედი. იქ ერთადერთი ქართველი ვიყავი. უკრაინელ, რუს და ბრაზილიელ გოგოებთან ერთად ვცხოვრობდი. ინდოეთშიც ასე იყო, საქართველოდან ერთადერთი ვიყავი. ინდოეთში წელს ვიყავი. ორივეგან იყო სირთულეები, მომიწია დამოუკიდებლად ამეღო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები. სამოდელო სააგენტოები უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას, მაგალითად, ცხრა საათზე კარი იკეტება და გარეთ გასვლა აღარ შეიძლება, სახლში კამერებია და ასე შემდეგ, უსაფრთხოდ ხარ, მაგრამ სხვა ქვეყანაში ხარ მარტო და მაინც ყველაფერზე თვითონ ხარ პასუხისმგებელი. საბედნიეროდ, ყველაფერს გავუმკლავდი. თუმცა, ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო საერთაშორისო კონკურსებია. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ახლა ჩინეთში მივდივარ. კონკურსს International Tourism Queen – 2023-ზე 50 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა, მეტიც. საქართველოს სახელით მე გამოვალ. ეს არ იქნება საერთაშორისო კონკურსზე ჩემი პირველი გამოცდილება. შარშან მალაიზიაში ვიყავი. „მის აზია გლობალზე“ სრულიად მარტო წავედი. 80 ქვეყნის წარმომადგენელი ულამაზესი გოგონები იღებდნენ მონაწილეობას. ორი კვირის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგი შედეგი მქონოდა და საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი. აქედან გამომდინარე, ახლა უფრო მომზადებული და დიდი იმედებით მივდივარ. ძალიან კარგად ვიცი, რომ სილამაზის კონკურსებზე მარტო გარეგნობას არ აფასებენ. იმასაც კი აკვირდებოდნენ, სუფრასთან როგორ ვისხედით და როგორ მივირთმევდით, რამდენად კომუნიკაბელურები, ყურადღებიანები და თბილები ვიყავით, როგორ ვმეტყველებდით და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ხუთეულში მოვხვდი, ამ კონკურსიდან რამდენიმე ტიტული ჩამოვიტანე. მალაიზიის ერთ-ერთი მინისტრის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ცეკვა შევასრულე, კონკრეტულად აჭარული და ფინალის დღეს „მის ტალანტის“ გამარჯვებულადაც დამასახელეს. ჩვენმა ნაციონალურმა სამოსმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ნომინაციაც მიიღო. ასევე, გადმომეცეს „ყველაზე კომუნიკაბელურის“ ტიტული. ასე რომ, ხუთეულში დასახელებასთან ერთად სამი ნომინაციაც ავიღე. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.

– ახალი კონკურსისთვის როგორ ემზადები?

– ცხოვრებაში გამართლებით არაფერი ხდება, ყველაფრისთვის კარგად უნდა მოემზადო. მალაიზიაში ყოფნისას მნიშვნელოვანი კონტაქტები შედგა. მაგალითად, როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე ჩინეთის წარმომადგენელზე, ამ ქალბატონს ძალიან შევუყვარდი, დიდი მოწონება დავიმსახურე მისგან და დამპირდა, ერთი წლის შემდეგ ჩინეთში წაგიყვან ჩვენს კონკურსზე სრული დაფინანსებითო. ამ დაპირების მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ ამ შემოთავაზების მიღება მაინც მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. ფსიქოლოგიურად რთულია, სტრესულია მოსამზადებელი პერიოდი. უამრავი დეტალია, რომელზეც ზრუნვა მიწევს, გარდა იმისა, რომ რეჟიმიც განსაკუთრებულად უნდა დავიცვა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, ფორმაში ვიყო და იმედი მაქვს, რომ დიდ წარმატებას მივაღწევ.

– ცეკვავ კიდეც?

– ცხრა წელი ვცეკვავდი, მაგრამ დროის უქონლობის გამო უარის თქმა მომიწია. ახლა კონკურსისთვის თუ დამჭირდება, წინასწარ ვამზადებ ხოლმე. ამ კონკურსზეც თუ იქნება „ტალანტ შოუ“, ამჯერად ვფიქრობ, ვიმღერო, რადგან ჩემს ოჯახში ყველა მუსიკოსია და მეც კარგად ვმღერი.

– მოდელობასთან ერთად, რით ხარ დაკავებული?

– ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე. ამ სფეროშიც დიდი გამოცდილება მაქვს, ბევრი კომპანიის პიარსა და მარკეტინგში მიმუშავია. ჩემთვის ორივე პროფესია მნიშვნელოვანია და მინდა, ერთმანეთს წარმატებულად შევუთავსო. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მიზანი ისაა, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო მაღალი დონის საერთაშორისო კონკურსებზე. ამ გზაზე ჩემი ოჯახი ყველანაირად გვერდში მიდგას. ახლა უკვე საქმროც მყავს და ისიც ყველაფერში მიჭერს მხარს. გარშემო ყველა ხელს მიწყობს იმაში, რომ წარმატებებს მივაღწიო.

– როგორია შენი და შენი საქმროს სიყვარულის ამბავი?

– ქალბატონმა ეკამ „კატრინის“ სახელით გამგზავნა ფედერაცია GAMA-ში. ჩემი შეყვარებული კი MMA-ის მებრძოლი ბექა კორტავაა. პირველივე შეხვედრაზე საინტერესო რამ მოხდა. არსებობს საკმაოდ ცნობილი ვიდეო, სადაც ჩემი შეყვარებული თვალს მაყოლებს რინგზე და მწვრთნელი თავში წამოარტყამს (იცინის). სახალისო ვიდეოა და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ჩვენ შორის რამე მოხდებოდა. თავიდან საერთოდ არ მოგვწონდა ერთმანეთი, ორივე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მერე უცებ დავახლოვდით. ახლა რომ ვიხსენებთ, გვეცინება, ვინ წარმოიდგენდა, ჩვენ შორის თუ ასეთი რამ მოხდებოდა.

– როგორ გამოუტყდით ერთმანეთს სიყვარულში?

– ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ბექამ ბრძოლა მოიგო. მე იქ სხვა მეგობრებიც მყავდა და გამარჯვებულები და მოდელები, ყველანი, ერთად წავედით აღსანიშნავად. იქ შედგა ჩვენი პირველი საუბარი და მაშინვე მივხვდი, რომ ის, ის იყო. თვითონაც – ანალოგიურად (იცინის). მას შემდეგ აეწყო ჩვენს შორის სხვა ურთიერთობა. თავიდანვე სიყვარული გაჩნდა, რამდენიმე დღეში. რომ ამბობენ, ეს შეუძლებელია, ჯერ უნდა გაიცნო ადამიანიო, ჩვენ ასე არ ვყოფილვართ, თვალებში რომ ვუყურებდი, თავიდანვე ყველაფერი გასაგები იყო. თავიდან სიყვარულში ვერ ვუტყდებოდით ერთმანეთს, ორივე ცოტა მორიდებულები ვიყავით, თუმცა ვიცოდი, რომ ბექას ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. სომხეთში ვიყავი „ფეშენ-უიკზე“ და დასრულების შემდეგ, ტელეფონზე საუბრისას, შემთხვევით ვუთხარი, უფრო სწორად, წამომცდა: კარგი, წავედი, მიყვარხარ-მეთქი (იცინის). ამის შემდეგ აღარ გვიჭირს ამის თქმა (იცინის).

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება და არ ეჭვიანობს?

– სხვათა შორის, ჩემი შეყვარებულის დამსახურებით, თაყვანისმცემლები აღარ მყავს (იცინის). ყველამ იცის, როგორი მოჩხუბარი და მებრძოლიცაა, უროს მუშტებიანს ეძახიან და საპირისპირო სქესის წარმომადგენლები რომ მხედავენ, თავს დაბლა ხრიან, საერთოდ აღარ მიყურებენ (იცინის). თუმცა, მე ვარ ძალიან ეჭვიანი, იმიტომ რომ გოგოები ძალიან აქტიურობენ მასთან მიმართებით და ვხუმრობ ხოლმე, მეც MMA-ის მებრძოლი უნდა გავხდე-მეთქი (იცინის).

– რამდენი ხანია, ერთად ხართ და ქორწინებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

– ორი-სამი თვეა, ერთად ვართ. უკვე ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. დეკემბერში ვაპირებთ დაქორწინებას. დედაჩემი იტალიაშია, ბექას მამაც იქაა და სანამ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები არ ჩამოვლენ, მანამდე არ გამოვა. გვინდა, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყოს და ნელ-ნელა ვემზადებით ამისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა