რა წარმატებებით დაბრუნდა ნათია თოფჩიძე პარიზის მოდის კვირეულიდან და რატომ არ აძლევს თავს ის პირად ცხოვრებაზე ფიქრის უფლებას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:56
პიარმენეჯერ ნათია თოფჩიძეს სოციალური ქსელებიდან ძალიან ბევრი იცნობს. ბათუმში მის გარეშე, ფაქტობრივად, არაფერი ხდება. ნათია ცოტა ხწნის წინ კულინარიულ პროექტშიც მოგვევლინა და არც მეტი, არც ნაკლები – ახლახანს პარიზის მოდის კვირეულიდანაც დაგვატკბო საკუთარი სილამაზით.
– ნათია, ცოტა ხნის წინ პარიზის მოდის კვირეულიდან დაბრუნდი. გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები და ემოციები.
– არ მეგულება გოგო, რომელსაც ბავშვობაში არ უოცნებია მოდელობაზე; ზუსტად იგივე გრძნობაა, როცა ბავშვობის ოცნებას აიხდენ. ალბათ, რთულია, სიტყვებით გადმოვცე ის, რასაც იმ წუთას ვგრძნობდი.. მოდა პარიზთან ასოცირდება და წარმოიდგინეთ, იქ ხარ ზუსტად მაშინ, როცა მსოფლიოს ყველა ქალაქიდან ყველაზე ცნობილი ხალხი იყრის თავს. ბევრისთვის ოცნებაა მოდის კვირეულზე დასწრებაც კი და მე როგორ არ მეგონოს ზღაპარში თავი, როცა მოდელის ამპლუაში მიწევს ყოფნა და ქართველი დიზაინერის, ნინი ჯულაყიძის ულამაზესი კაბის წარდგენა წითელ ხალიჩაზე, უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე. უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა – უშეცდომოდ უნდა გამევლო გზა. სანამ იქ გაივლი, გულში ათასი რამ გიტრიალებს. იცით, პოდიუმი ჰგავს ცხოვრებას, თითქოს იქ მყოფი ხალხი ის ადამიანებია, რომლებიც ელოდებიან შენს შეცდომას, ფეხს როდის წამოჰკრავ, რომ თითი შენკენ გამოიშვირონ ან კიდევ ის ხალხი, ვისაც შენი არ სჯეროდა, რომ ოდესმე რამე გამოგივა ან მიაღწევ. მე არ ვარ მოდელი, მაგრამ რადგან ვარ პიარმენეჯერი და ხშირად მიწევს ყოფნა საჯარო გამოსვლებზე, ივენთებზე და ცნობილი ხალხის გარემოცვაში ყოფნა, არც კომპლექსი მქონია, წარვმდგარიყავი იმ ხალხის წინაშე, ვინც მოდის ინდუსტრიას ქმნის და აფასებს. პირიქით, ვიაზრებდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი წარმომეჩინა საკუთარი შესაძლებლობები და ამაყად თავაწეული, უშეცდომოდ გამევლო. ისე ვიქცეოდი, თითქოს სულ იქ ვარ (იცინის). ჩვენება ჩატარდა პარიზის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში – hotel plaza athenee-ში, რომელსაც სასახლესაც ეძახიან და იყო კიდეც შესაბამისად მორთული. ულამაზესი ჭაღები, რომლებიც პოდიუმს ანათებდნენ უფრო ზღაპრულს ხდიდა იქაურობას... მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს დავალებასაც ღირსეულად გავართვი თავი. დაუვიწყარი შეგრძნება იყო და შეფასებებმა და ქათინაურებმაც არ დააყოვნა.
მე ვარ ერთი უბრალო გოგონა აჭარიდან, რომელსაც არასდროს არავინ დახმარებია. არ მყავს გავლენიანი არც მეგობარი, არც სელებრითი, რომ სიტყვა ან რეკომენდაცია ოდესმე გაეწია. თუნდაც, თქვენს ჟურნალ „თბილისელებში“ რომ დაიბეჭდებოდა ჩემი ინტერვიუ, ოდესმე გავიფიქრებდი? არასდროს. ყველა მიღწევა ჩემს ცხოვრებაში ჩემი მშობლების დამსახურებაა, რადგან განათლება მომცეს და ჩემი დაუღალავი შრომის, ნიჭისა და გულწრფელობის შედეგია. კი გულწრფელობით დავიმსახურე უამრავი ადამიანების სიყვარული, რომ არა ისინი, რაც მაქვს არაფერი იქნებოდა, რადგან ნებისმიერი სფერო თუ სამსახური დამოკიდებულია ხალხზე. ხალხს თუ უყვარხარ და ხარ ღირსი მათი გულშემატკივრობის, ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. ჯერ ადამიანი უნდა იყო კარგი და მერეა პროფესია.
დიზაინერი, რომლის კაბასაც წარვადგენდი, შარშან გავიცანი და სიკეთემ გაგვაერთიანა. ის თავისი ლუქებით ანებივრებდა ონკოპაციენტ ქალებს, რომლებსაც სიცოცხლის ძალას მატებდა, უნერგავდა, რომ ისევ ლამაზები არიან, შეუძლიათ პოდიუმზე დგომაც და ერთად ყველაფერი შესაძლებელია. ასევე მეხმარებოდა მეც – გვერდში დგომით ცნობადობის ამაღლებით და საქველმოქმედო საღამოს გამართვით. პირველად ნინის კაბა მეცვა საქართველოს მოდის კვირეულზე, რასაც ისეთი შეფასება და გამოხმაურება მოჰყვა და იმდენად ბედნიერი იყო, მითხრა: უშენოდ ვერ ჩაივლის ეს პარიზის მოდის კვირეული და ჩემ გვერდით უნდა იყო. შენ დაგინახე ამ კაბაში და მხოლოდ შენთვის შევქმენიო. კაბას, რომლითაც მე წარვსდექი პარიზის მოდის კვირეულზე, შავი გედი დაარქვა. დანარჩენი უკვე იცით. ჩემთვის ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში ყოველი წამი ძვირფასია და ყოველი გამოწვევით ვტკბები, ვაფასებ და ვბედნიერობ.
– მოდელის კარიერაზე ხომ არ დაფიქრდით?
– არა, მოდელის კარიერის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ჩემი პროფესია უფრო მეტია. ვიქნები იქ, სადაც მინდა ყოფნა. არ არის ეს როგორც უმრავლესობას ჰგონია – პოდიუმზე რომ დაინახავენ ლამაზი გოგოა და რა უნდა მოდელობასო. ძალიან შრომატევადი და გადამღლელი პროფესიაა. ჯერ სულ ამ მაკიაჟებითა და ვარცხნილობებით ზიანდება კანიც, თმაც... ქუსლებზე მუდმივად ყოფნა ცალკე ტანჯვაა და უამრავი ნიუანსია, რაც არ ჩანს. მე მაქვს საოცნებო პროფესია – ვაპიარებ რესტორნებს, სილამაზის ცენტრებს, სასტუმროებს და ასე შემდეგ. რა გამოდის? ვჭამ, ვლამაზდები, ვისვენებ და ვერთობი და თან, ამაში ფულს მიხდიან.
– საკმაოდ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში და ფართო საზოგადოებამ აქედან გაგიცნო, როგორ მოგწონს ცნობადობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა თავის პლუსებიან-მინუსებიანად?
– იქიდან გამომდინარე, რომ დღეში რამდენიმე ადგილას ვარ, სოცქსელშიც აქტიურად მიწევს მასალის ატვირთვა, რადგან ტელეფონი ვეღარ იტევს (იცინის). კიდევ კარგად მიძლებს. გამოდის ყველგან მე ვარ (იცინის) ცნობადობას აქვს მინუსი? ალბათ, გააჩნია, როგორს გაგიცნობენ. ჩემთვის მხოლოდ დადებითი აქვს. როცა უცნობი ადამიანი მხვდება მცნობს, უნდა, რომ რაღაცით მასიამოვნოს... ისეთი ხასიათი მაქვს, მართლა ცნობილი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავიც რომ გავხდე, არასოდეს დავაყენებ საკუთარ თავს ვინმეზე მაღლა. ჩემთვის ადამიანობაა უპირველესი. ეს იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერი გამოვიარე და სხვანაირად ვარ გაზრდილი.
– როგორ მოხდა ეს ამბავი – რაღაც მომენტში გადაწყვიტე „ინფლუენსერი“ გამხდარიყავი თუ ეს ყველაფერი თავისთავად მოვიდა?
– ინფლუენსერობა არ გადამიწყვეტია და არც ახლა მივიჩნევ თავს ინფლუენსერად. ეს სიტყვა ახლა გახდა ტრენდული, იქიდან გამომდინარე, რომ 17-წლიანი გამოცდილება მაქვს და სხვადასხვა ობიექტი გამიპიარებია ყველა სამსახურიდან თუ ივენთიდან, ცნობადობაც იმატებდა, ნაცნობობაც და ასე მიგროვდებოდა გამომწერებიც. დღეს ვისაც ბევრი გამომწერი ჰყავს, ყველას ინფლუენსერს ეძახიან.
– პროფესიით პიარმენეჯერი ხარ. როგორც ვიცი, ბევრი წელია, ამ საქმით ხარ დაკავებული. განსაკუთრებით რა მოგწონს შენს პროფესიაში?
– სხვისთვის ეს საქმეა და ჩემთვის ყოველდღიურობა, რაც მაბედნიერებს, რითიც ვსულდგმულობ. არაფერს ვაკეთებ მხოლოდ ანგარების გამო. ძალიან ბევრი რეკლამა გამიკეთებია უფასოდ. ამას წინათაც გადავწყვიტე, ჩემი კუთხის ყველა ნიჭიერ ქალს დავხმარებოდი ცნობადობის ამაღლებაში და უანგაროდ გამომედო მათი გვერდი და გამეწია რეკომენდაცია, რომ გამომწერები და გაყიდვები მომატებოდათ. პიარში, ასევე, მომწონს ის, რომ ბევრი სწავლობს მთელი ცხოვრება და არ გამოსდის და მე ეს ყველაფერი თანდაყოლილი მაქვს. ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, მათი მოსმენა და რომ მათ განსაკუთრებულად ვაგრძნობინო თავი, იყვნენ ლაღები, ბედნიერები, იღიმებოდნენ და ყველა პრობლემა ავიწყდებოდეთ, როცა ჩემთან ერთად ერთ სივრცეში იქნებიან.
– „ადამიანი დღესასწაული“, გავიგე რომ ასე გეძახიან. როგორ ფიქრობ, რატომ?
– კი, მართლაც ასე მეძახიან. ჩემს ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ, სხვა გავაბედნიერო. ისედაც იმდენი ცუდი ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში და მე როცა მხვდება ადამიანი, მინდა, ჩემი სიურპრიზითა თუ რაიმე სხვა ჟესტით დადებითად დავამახსოვრო თავი ან კიდევ, თუ რამე პრობლემა აქვს და მე შემიძლია ის მოვუგვარო. ბედნიერი ადამიანის ყურება მეც მაბედნიერებს და ეს ყველას როდი შეუძლია.
– „შეფების ლიგა“ – კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. როგორ აღმოჩნდი ამ პროექტში?
– ჩემს მეგობრებს ვაპიარებდი და ბათუმში ვაწყობდი მათ კონცერტებს, ალბათ, იმდენად მოზღვავებული ენერგიით, რომ შემამჩნიეს, დამიკავშირდნენ, შემომთავაზეს ქასთინგზე გასვლა და ცდა. ოღონდ მართლა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მე და მზარეული… მე კი მთელი ცხოვრება რესტორნებს ვაპიარებ და მიჩვეული ვარ, როცა სხვის მომზადებულს ვაგემოვნებ და არა საკუთარს. კი მოსწონთ ჩემს მეგობრებს ჩემი მომზადებული კერძები, მაგრამ მე ვარ უბრალოდ მოყვარული. ეს მისვლისთავანავე გავაჟღერე. ასევე, ისიც, რომ მე არც არასოდეს მექნება გამარჯვების პრეტენზია, რადგან იქ არის ხალხი, ვინც მთელი ცხოვრება კულინარიას მიუძღვნა. ეს იყო დიდი გამოწვევა ჩემთვის და არც და ვერც წარმოდგენდი, რომ ამდენ ეტაპს გავივლიდი და ცნობილი შეფები შემაფასებდნენ ან მათ გვერდით ვიდგებოდი.
– როგორ დაითანხმე გიას აჭარული ხაჭაპურის ავტორი პროექტისთვის საიდუმლო რეცეპტის გამხელაზე?
– გია ცნობილია თავისი საფირმო ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურით, რომელიც თავად მოიგონა. წლებია, ეს ადამიანი ანებივრებდა ხალხს ამ ხაჭაპურით სხვადასხვა რესტირნებში და როგორც იქნა, გახსნა საკუთარი. აქედან გამომდინარე, მასთან ერთად არაერთხელ ჩამიწერია მასტერკლასი სამზარეულოდან, თუ როგორ მზადდება ცნობილი ხაჭაპური. ჩვენ ვმეგობრობთ ოჯახებით და ნამდვილად არ გამჭირვებია მისი დათანხმება. პირველივე ჩემს კითხვაზე – გია, მასწავლი? გაიღიმა და აბა, რას ვიზამო?! მისი ხაჭაპურის რეცეპტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ თბილისშიც გავეცანი ყველას. მეუბნებიან, როცა გხედავთ, აჭარული ხაჭაპური გვახსენდებაო (იცინის).
– როგორია შენი ცხოვრება და ყოველდღიურობა ბათუმში?
– ბათუმში ჩემი ცხოვრება ძალიან აქტიურია. ვოცნებობ, რომ ბევრი ვიყო, რადგან დღეში იმდენი ობიექტი მაქვს მონიშნული, სადაც აუცილებლად უნდა ვიყო, ყველგან სხვადასხვა ლუქითა და საუკეთესო ენერგიითა და განწყობით, თითქოს არც ვარ დაღლილი. ამიტომ ყოველთვის, დილის 7-ზე ვდგები და დროს სწორად ვანაწილებ.. აჭარულ ხაჭაპურში კვერცხი, ხომ იცით, რისი სიმბოლოა? მზის. ასევეა ბათუმი ჩემთვის – მზე. ყოველი დღე ახალი გამოწვევა, ახალი შანსი და ახალი მიღწევა.
– ალბათ, ამას ბევრი გეკითხება, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა ჩემს ცხოვრებაში და ასევე – ასეთ გოგოს ვინმე არ გყავს? (იცინის) ჩემს პირადში ვერაფერი მოხდება, რადგან ამის უფლებას არ მაძლევს ჩემი ხასიათი – ვარ ზედმეტად ერთგული პირადშიც და საქმეშიც. მიუხედავად იმისა, წლებია დავშორდი საყვარელ ადამიანს, ვერავინ იტყვის, ოდესმე მე ვინმეს ვწერ ან ვეფლირტავები ან ვესაუბრები სამსახურის გარდა სხვა თემაზე. ეს ჩემი გადატვირთული დღეებიც... ალბათ, სამსახურით სპეციალურად ვიღლი თავს იმ დონეზე, რომ არ მქონდეს პირადზე ფიქრის დრო. ჩემი გული მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, იმსახურებს ის ამას თუ არა. რადგან მე ვარ პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ გრძნობასა და არჩევანზე და არა სხვისაზე. ერთგულება არ ისწავლება, ეს ადამიანს ან გაქვს, ან არა.
– როგორც ვიცი, დიდი შვილი გყავს, რაც ცოტა რთული დასაჯერებელია, ისე საოცრად გამოიყურები. როგორია თქვენი დედაშვილობა?
– როცა შვილს ვუყურებ, უფლის სიყვარულსა და წყალობას ვგრძნობ. ალბათ, ვინც წაიკითხავს, ბევრს გაეღიმება, ყველა აქებს თავის შვილსო, მაგრამ ვინც ამ ბიჭს იცნობს, იცის, რომ არცერთ სიტყვას არ ვამეტებ. იშვიათია დღეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ქუჩაში დგომას, გარჩევებს, გართობასა და კლუბს სწავლას ამჯობინებს. მისთვის დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი წიგნია. ვამაყობ, რომ ასეთი წესიერი, გაწონასწორებული და განათლებული ბიჭია. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ზოგჯერ დაძმასავით ვკინკლაობთ. ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა. შევეჩვიეთ უცხო ხალხის გაკვირვებას – არავის სჯერა, რომ დედა-შვილი ვართ, რადგან ახალგაზრდულად გამოვიყურები. მე მისთვის ყველაფერი დავთმე. ის არის ჩემი მთავარი მოტივატორი და ენერგია, რომ ყველაფერი შევძლო, გადავლახო და ჩემით ამაყობდეს. მადლობა უფალს, ამ ბიჭის დედობა რომ მარგუნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





