შოუბიზნესი

რა წარმატებას მიაღწია გიორგი გოგიძემ ამერიკაში და რით გაახარა მან ქართველი ემიგრანტები

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:37 03.10

გიორგი გოგიძე
დაკოპირებულია

გიორგი გოგიძე მომღერალ გოგიტა გოგიძის შვილი გახლავთ. გიორგი ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, ის პროფესიით იურისტია და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, არაერთ ქართველ ემიგრანტს ეხმარება.

გიორგი გოგიძე: საქართველოში მამასთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ წინა ჩამოსვლაზე დავაარსეთ ორგანიზაცია „იცოდე, მომავალი შენია“, რომელსაც მრავალი პროფილი აქვს, კერძოდ, საგანმანათლებლო, კულტურული და იურიდიული მიმართულებით.

ჩვენი ორგანაზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში გოგიტა გოგიძის სახელობის ფესტივალის დაარსებაა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ. რადგან გოგიტა წარმოშობით სურამიდან არის, ფესტივალს საფუძველი სურამიდან დაედება. ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლება რეგიონში მცხოვრებ ყველა ბავშვს, ვისაც სიმღერის ნიჭი და მუსიკალური მონაცემები აქვს. შემდეგ კი ეს ფესტივალი სხვა რეგიონებზეც გაიშლება. ვფიქრობთ, რომ ეროვნულ მასშტაბზე გავალთ და სამომავლოდ გვინდა, გამარჯვებულები უცხოეთშიც გავუშვათ.

მე ამ საქმეში მამასთან ერთად ვარ ჩართული, თუმცა, თავად პროფესიით იურისტი გახლავართ. ამერიკაში, ნიუ-იორკში ვსაქმიანობ. როგორც იურისტს, უამრავი ქართველი კლიენტი მყავს, ვისაც ექსტრაორდინარი ვიზების მიღებაში ვეხმარები. ჩემი კლიენტები არიან მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები, იუმორისტები, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს და მინდა, გითხრათ, რომ მამაჩემის იურისტიც მე ვარ – გოგიტასაც მე გავუკეთე ექსტრაორდინარი ვიზა.

გარდა ამისა, ვმუშაობ საემიგრაციო კუთხით, რაც საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს და ძალიან საინტერესოა.

ასევე, მონაწილეობა მივიღე პარიზის, ლონდონის, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გამართულ კონფერენციებში, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა საჯარო გამოსვლების, დებატებისა და საზოგადოებასთან უთიერთობის კუთხით.

– მონატრებულ სამშობლოში ჩამოსვლას თან განსაკუთრებული ემოციები ახლავს...

– საქართველოდან პირველად 2018 წლის დეკემბერში წავედი. სამშობლოსთან განშორება ძალიან რთული იყო. მშობლიურ გარემოსთან და მეგობრებთან მოწყვეტა გამიჭირდა. საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ცხოვრება მქონდა, სტუდენტი ვიყავი. მქონდა განცდა, რომ ჩემს ქვეყანაში უკვე რაღაცას წარმოვადგენდი პროფესიული კუთხით თუ სოციუმში თავის დამკვიდრების თვალსაზრისით. მაშინ 20 წლის ვიყავი. ამერიკაში რომ ჩავედი, მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ მაშინვე ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება. ჯერ საბუთების მოწესრიგება გახდა საჭირო. ანუ, რაღაც დროით ჩავარდნა მქონდა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. მანამდე, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ვსწავლობდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, უნივერსიტეტშიც უმაღლესი შეფასებები მქონდა, ამიტომ აკადემიური გარემო ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო.

პირველი ერთი წელი მიჭირდა, მაგრამ როცა საბუთები მოვაწესრიგე, სწავლაც გავაგრძელე და საქართველოშიც დავრუნდი. პირველად 2022 წელს ჩამოვედი. ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, ოთხწლიანი განშორების შემდეგ უკან მომავალს თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. მეც ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა. ეს მოლოდინი ძალიან ემოციური იყო.

ამერიკაში ჩვენ გვაქვს ქართული დიასპორა – „წარმატებული ქართველები ამერიკაში“, რომელიც მართავს ხოლმე დაჯილდოების ცერემონიას, საკუთარი პროფილით გამორჩეულ ქართველებს აჯილდოებენ. ადამიანებს, რომლებიც თავადაც წარმატებულები არიან და სხვა ქართველებსაც გვერდით უდგანან. დიასპორა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობს და მათ მეც დამაჯილდოვეს, როგორც ახალგაზრდა, წარმატებული იურისტი ამერიკაში, რომელიც ქართველების სამსახურში დგას. დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა, სადაც სიტყვითაც გამოვედი. ჩემი ერთ-ერთი ჩამოსვლა სწორედ ამას უკავშირდებოდა, რაც ძალიან მეამაყება.

– ამერიკაში როდის დაიწყო წარმატებული პერიოდი?

– პირველი ურთულესი წლის შემდეგ, მეორე წლიდან, ნელ-ნელა ალღო ავუღე ამერიკული აზროვნების პრინციპებს, ამერიკულ მენტალობას, იუმორს. სწავლა გავაგრძელე და პარალელურად, შანსი მომეცა, მემუშავა სადაზღვევო კომპანიაში, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა, რაც ჩემს სწავლასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფდა. სადაზღვევო კომპანიაში ძალიან დიდი წარმატებები მხვდა წილად, არაერთხელ დავწინაურდი და ბოლოს ნიუ-იორკის შტატის რეგიონულ დირექტორად გადამიყვანეს. ამ წარმატებულმა ნაბიჯებმა დიდი ცოდნა შემძინა.

ბუნებრივია, ამ წარმატებების ფონზე, ამერიკული ცხოვრება ბევრად სასიამოვნო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში ძალიან მძიმე შრომის გაწევა მიწევდა, შემდეგ ეს ყველაფერი ისე გატკბილდა, რომ ძალიან სასიამოვნოდ იქცა. იმ პერიოდიდან დავიწყე ძალიან ბევრი მოგზაურობა, პროფესიული განვითარების პარალელურად, ორმოცზე მეტი ქვეყნის მონახულება შევძელი. ჩემმა შრომამ გაამართლა.

როდესაც ადამიანის წარმატებაზე საუბრობენ, ხშირად ხაზს უსვამენ ხოლმე, რომ ამ წარმატების უკან „მდიდარი მამის“ ან მდიდარი ბიძის“ ხელშეწყობა დგას. არც მე და არც მამაჩემს, არ გვყოლია ადამიანი, ვინც „ხელს წაგვიკრავდა“, ვინც ჩვენი „ზურგი“ აღმოჩნდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი შრომის, ნებისყოფისა და მონდომების ნაყოფია. ეს თვისებები შვილებს გოგიტამ ჩაგვინერგა.

– როგორია გოგიტა მამის ამპლუაში?

– შეიძლება, ითქვას, რომ გოგიტა თინიჯერი მამაა. მას შეუძლია, გახდეს შვილების ასაკის, იმეგობროს ჩვენთან, აგვყვეს ისეთ გართობაში, როგორიც შეიძლება, მის ასაკთან შესაბამისობაში არ მოდიოდეს (იცინის). ძალიან მეგობრული და მზრუნველია. როგორც მამას, არასდროს დაუშურებია ფინანსები ჩემი განათლებისთვის და დღეს უკვე მე ვაფინანსებ მის პროექტებს. ინვესტიციას ვდებ მის ევროპულ და ამერიკულ ტურნეებში – როლები გავცვალეთ (იცინის).

– თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მუსიკისადმი?

– საფორტეპიანო დავამთავრე. საყვირს ვსწავლობდი, გატაცებული ვარ მხატვრული კითხვით, სწავლის პერიოდში ვხატავდი კიდეც. სამოდელო კუთხითაც მიმიღია მონაწილეობა სარეკლამო რგოლებში თუ მუსიკალურ ვიდეოებში. მუსიკალური კუთხით, გარდა იმისა, რომ ფორტეპიანოზე კლასიკური და ჯაზის მიმართულებით ვუკრავ, მე და გოგიტას სურვილი გვაქვს, დუეტიც ჩავწეროთ.

– როგორც ვიცი, ინტელექტუალური პროექტის – „რა? სად? როდის?“ – ორგანიზება ამერიკაში სწორედ თქვენ მოახერხეთ.

– აქამდე ნიუ-იორკში არ არსებობდა „რა? სად? როდის?“ ქართულ ენაზე. მოგეხსენებათ, აქ ძალიან ბევრი ემიგრანტია და სურვილი დიდი იყო. მოაზროვნეები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს და ძალიან გაიხარეს, როცა ეს მოხდა. მე, ჩემი ძმა და მამა დავსხედით, დებულება გავწერეთ, ორი თამაში ჩავატარეთ და მესამეზე, ანუ ფინალზე, ქართული ელიტარული კლუბის კორიფეები – ბატონი წამყვანი-გიორგი მოსიძე და მთავარი რედაქტორი ლაშა კილაძე – მოვიწვიეთ. აქამდე ასეთი რამ არ არსებობდა და მიხარია, რომ მნიშვნელოვანი აგური დავდეთ ქართული ემიგრაციის სასიკეთოდ.

– რა მოგწონთ ამერიკული ცხოვრების წესში და ქართული რა გენატრებათ?

– ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ამერიკაში ადამიანის შრომა ფასდება და ეს ძალიან მომწონს. თუ ცოდნა გაქვს, შეუცვლელი ხარ, პროფესიონალს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლის ხელს. სამწუხაროდ, საქართველოში შესაძლებლობების გამოვლენის ნაკლები საშუალებაა. არადა, ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, რაც არაერთგზის დაგვიმტკიცებია.

ის, რაც ჩემი ქვეყნის მომწონს და რაც ამერიკას არ აქვს, ჩვენი მენტალიტეტი და გაგებაა, რაც უნიკალურებს გვხვდის. მარტივად რომ ავხსნა, „ქართული ჯიგარი“, ანუ ადამიანური ელემენტი, ამერიკელებისთვის უცხოა. იქ ყველაფერი კანონის მიხედვით ხდება, ყველაფერს ვიწრო ჭრილიდან უყურებენ, რაც მე არ მომწონს, რადგან ცხოვრება გაცილებით რთული და მრავაფეროვანია. ყველაფერს ერთ წიგნს ან კანონს ვერ მოარგებ. ქართველებს უფრო მეტი გაგება და პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. მათთან შედარებით, ძალიან თბილი ხალხი ვართ.

– ალბათ, ხშირად გეკითხებიან, ქართველი უნდა იყოს თქვენი მეუღლეო?

– ამას მართლა ხშირად მეკითხებიან, განსაკუთრებით ჩემი სკოლის მასწავლებლები, ძალიან არიან დაინტერესებულები რომ ქართველი მეუღლე მყავდეს. მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად ქართველი უნდა იყოს. მთავარი, რასაც ადამიანში ვაფასებ, პატივისცემა და ერთგულებაა. ეროვნებას მაინცდამაინც არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ჩემი ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს და შესაბამისად, ხალხიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა