რა ტკივილებს გაუმკლავდა ბავშვობაში გიორგი მახარაშვილი და როგორ შეიცვალა ყველაზე რთულ პერიოდში მისი ცხოვრება უკეთესობისკენ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 05.10

გიორგი მახარაშვილი, რომელსაც ყველა „ზინაიდას“ სახელით ვიცნობთ, რამდენიმე წელია, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. გამორჩეული იუმორის მქონე და პოზიტიური ენერგიით სავსე ადამიანის მიღმა, როგორიც „ტიკ-ტოკზე“ გავიცანით, რეალურად მშვიდი და საკმაოდ სევდიანი პიროვნებაა.
გიორგი მახარაშვილი: პანდემია ყველას ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგისთვის ძალიან ტრაგიკული, ზოგისთვის კი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ჩემთვის ბევრის მომცემი პერიოდი გამოდგა. როცა სახლებში ყველა უსაქმურად ვიყავით ჩაკეტილები და ამ ვერაგ დაავადებას ვებრძოდით, ზუსტად მაშინ დავიწყე სოციალურ ქსელში აქტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი კომპლექსები მქონდა ჩემი ხმისა და ვიზუალის გამო. ორ ადამიანთან თუ მოვხვდებოდი, სიტყვას ვერ ვიტყოდი, არამცთუ ვიდეოები დამედო, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი. მაშინ მე „ტიკ-ტოკი“ არ მეგონა საჯარო სივრცე. ვფიქრობდი, რომ ვიდეოების დასამუშავებელი პროგრამა იყო და სრულიად შემთხვევით, ორი კვირის თავზე აღმოვაჩინე, რომ ვიდეოები, რომელსაც დასამონტაჟებლად ვტვირთავდი, თურმე, საჯარო იყო. ასე გავხდი აქტიური სოციალურ ქსელში და მალე გამომწერებიც გაჩნდნენ.
– რამდენად სასიამოვნოდ გახსენდებათ პირველი ეტაპი, სანამ ამ ცვლილებებს შეეგუებოდით?
– მე ახლაც ვერ ვიაზრებ ამ ფაქტს. ქუჩაში რომ მესალმებიან და სითბოს გამოხატავენ ან ჩაილაპარაკებენ, „ეს ის არ არის“?! ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ იღებენ ფოტოს ჩემთან (იცინის).
– სახელი „ზინაიდა“ – ესეც სოციალურმა ქსელმა მოიტანა. შეიძლება, საკუთარი სახელი და გვარით ვერა, მაგრამ ამ სახელით, ალბათ, ყველა გცნობთ.
– მეგობრებიც ზინოს მეძახიან. ყველა ასე მომმართავს. ტურიზმშიც, როგორც ჩემს საქმიანობაში, ასე მიცნობენ. ის ძალიან ორგანული გახდა ჩემთვის. ვინც საერთოდ არ იცის, ვინ ვარ, მეკითხებიან, ქალის სახელი რატომ გქვიაო. მე გიორგი მახარაშვილი გახლავართ, ხოლო ზინაიდა, როგორც პერსონაჟი, მაშინ შევქმენით, როცა სოციალურ ქსელში აქტიურობას ვიწყებდი – ცოტა კომუნისტი, სტერეოტიპებზე გაზრდილი ქალი. არ ვიცი, რატომ დავარქვით მას ეს სახელი, მაგრამ მე ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი არ ხდება. ახლა ჩემთვის ეს სახელი არის უხილავი პიროვნება, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც ბევრი რამ მომცა. დღეს რომ ამ ეტაპზე ვარ, ესეც ზინაიდას დამსახურებაა. ჩემს კომპანიასაც ზინოთრეველი ქვია.
– როცა საზოგადოებამ გაგიცნოთ, სარესტორნო სფეროში იყავით, ტურიზმში როგორ გადმოინაცვლეთ?
– 30 წლის ვხვდები და მთელი ეს წლები მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი. ძალიან ბევრი სფერო შევიცვალე, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც სარესტორნო საქმიანობა იყო. პროფესიით მზარეული ვარ. ამ საქმეს შევეშვი ერთი მარტივი მიზეზის გამო – მე მქონდა საკუთარი კვების ობიექტი და გავკოტრდი. ამ ფაქტმა ეს საქმე შემაძულა. შეიძლება, ცუდად ჟღერს, მაგრამ რესტორნისკენ გახედვაც აღარ მინდოდა. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, ტურები ხომ არ გავაკეთოთო და პირველი, რაც ვუთხარი, იყო – მე ტურში ვინ გამომყვება-მეთქი (იცინის).
– მოგზაურობა გიყვარდათ?
– არა, არა! არანაირი განათლება არ მქონდა ამ სფეროში, არც მოგზაურობა მიყვარდა. მე ვარ წოლის ადამიანი. დამაწვინე და ბედნიერი ვიქნები. პანდემია ჩემთვის ყველაზე კომფორტული იყო. ორი თვე ჩემს გემოზე ვიწექი. ახლა თვეში სამი ფრენა მაინც მაქვს. დიდი იმედგაცრუების შემდეგ ახალი საქმის დაწყება ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მანამდე ორი თვე დეპრესიაში ვიყავი. უიმედოდ ვგრძნობდი თავს, არაფრის ხალისი აღარ მქონდა. თუმცა ისე მოხდა, რომ დავიწყეთ. პირველი იყო მესხეთის ტურები და დღეს შიდა ტურები ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია. საქართველოში უნიკალური კუთხეები გვაქვს, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველი არ იცნობს და ჩემი ნიშა და მთავარი იდეა ქართველებისთვის სამშობლოს სხვა კუთხით გაცნობა გახდა. მერე შემთხვევით ეგვიპტეში მოვხვდი ინფოტურში და ნელ-ნელა გარე ტურებსაც გავურისკეთ. აღმოჩნდა, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია, მთებს გადადგამ. მთავარია, გვერდით გყავდეს ვიღაც, ვინც შენსას ირწმუნებს და ხელს გკრავს. მე ბილეთის გამოწერა არ ვიცოდი და ახლა შემიძლია, აეროპორტები კოდების მიხედვით დაგისახელოთ.
– ახლა ვისაუბროთ ეკრანსმიღმა ცხოვრებაზე და ბავშვობის გახსენებით დავიწყოთ. როგორი იყო ის წლები?
– ამწუთას მთელმა ცხოვრებამ წამში გამირბინა გონებაში. ძალიან მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. ხშირად იყო იმედგაცრუებაც და ბედნიერი მომენტებიც. მრავლისმომცველი წლები იყო, ოჯახთან და ოჯახის გარეშე. ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ბებიამ გამზარდა. დედა – ემიგრაციაში, მამაც – ემიგრაციაში. გაშორებულები. ცოტა რთულია ემიგრანტის ოჯახის შვილობა და პლუს, გაშორებული მშობლები.
– ჯერ დაშორება იყო და შემდეგ ემიგრაცია?
– მე ძალიან პატარა, 5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ. ამის შემდეგ დედა და ბებო მზრდიდნენ. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ დედამ მაშინ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მათი გზები გაიყარა.
– მამასთან განშორებას როგორ მიეჩვიეთ?
– ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ მამას მანამდეც ვერ ვხედავდი ხშირად, იშვიათად იყო სახლში. მანამდე ცხოვრება ძალიან არასტაბილური იყო. ოჯახური კონფლიქტები, დაძაბულობა, მამა ხან იყო, ხან – არა, რაც ბავშვისთვის ძალიან რთულია. ამიტომ, როცა მშობლები დაშორდნენ, ყველაფერი უფრო დასტაბილურდა. ბავშვისთვის მშვიდი და სტაბილური გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მე მთელი ბავშვობა ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი.
– მამასთან დაკავშირებით მტკივნეული ისტორია გაქვთ. შეცვალა დრომ ეს ემოციები?
– კი და როცა ეს მოხდა, მაშინ მეწყინა, თორემ მასზე არასდროს ვყოფილვარ გაბრაზებული. ახლა ეს წყენაც „გაშვებული“ მაქვს. გულწრფელად ვიტყვი, მამა მიყვარს, თუმცა ჩვენ ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს.
ის, რაც ჩემს დაბადების დღეზე მოხდა, ჩემთვის, როგორც ბავშვისთვის, ძალიან რთული იყო. ამის გამო საკუთარი დაბადების დღე წლების განმავლობაში მძულდა. ყველაზე მეტად, რაც ჩემში დაილექა და წლების შემდეგაც მოქმედებდა, ეს არის უარყოფა. საკუთარი მშობლისგან უარყოფა ისე ილექება ბავშვის ცნობიერში, რომ რთულია მისი კვალი წაშალო. როცა მშობელს არ უნდიხარ, ეს დიდი იმედგაცრუებაა და მერე სხვისგანაც მუდმივად უარყოფას ელი. გიჭირს თავის დამკვიდრება. თითქოს არსად არავის უნდიხარ. მაგრამ წლებთან ერთად ეს შეგრძენებებიც გავუშვი ჩემგან.
– ფილმის კადრივით სცენაა, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა...
– ავლაბრის მეტროს წინ მდგომი მე საკუთარ დაბადების დღეზე, მამის მოლოდინში და არმოსული მამა...
ია-ვარდით მოფენილი გზა არავის აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფრისგან ვსწავლობთ. მძიმე გამოცდილებებმა არ უნდა გაგვაბოროტოს. მე ჩემმა დაცემებმა, წარუმატებლობამ თუ უარყოფამ ბევრი რამ მასწავლა და მეტად მიმტევებელი გამხადა.
– რამდენი წლის იყავით, დედა რომ ემიგრაციაში წავიდა?
– 13 წლის. იმ მომენტში ვერ იაზრებ რა ხდება, სად მიდის დედა ან რამდენი ხნით. მშობელიც იმედოვნებს, რომ ერთი-ორი წლით მიდის, მაგრამ ცხოვრება ასე მარტივი არ არის, გადის მრავალი წელი, ემიგრაცია გრძელდება, თითქოს ნორმა ხდება და ამას მოჰყვება გაუცხოება დედა-შვილს შორის. მე მქონდა დედასთან გაუცხოვება. როგორია, დედას ათი წელი მხოლოდ ერთი მოწყობილობით ეკონტაქტო?! ბუნებრივია, ეს აჩენს ბარიერებს. დედაჩემი პირველად რომ ვნახე, მეგონა, უცხო ადამიანს შევხვდი. ათი წელი ათი დღე არ არის და ეს ძალიან ბუნებრივი იყო. ხელს ვჭიდებდი იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენი შეხვედრა ნამდვილად რეალური იყო. ეს ძალიან რთულია. საბედნიეროდ, დღევანდელობამ მოგვცა იმის საშუალება, წელიწადში ორჯერ ჩამოვიდნენ ან ჩვენ ჩავიდეთ დედებთან ემიგრაციაში, რაც დიდი ბედნიერებაა.
დედა ჩემთვის ღმერთია, ის ჩემი სამყაროს ცენტრია. მე კარგად გავიაზრე რისთვის წავიდა ის ემიგრაციაში. მისი დამსახურებაა, რაც ვარ. მთლად ანგელოზი ვერ ვარ, მაგრამ... მინდა, კარგი ადამიანი ვიყო. როგორ გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ.
– დაბოლოს, როგორც ვიცი, მალე საყვარელ ადამიანზე დაქორწინებას აპირებთ.
– საერთოდ, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ ჩემთვის ოჯახის შექმნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან დიდი ხანი ამაზე არ ვფიქრობდი, მზად არ ვიყავი არც ფსიქოლოგიურად, არც, მორალურად და არც ფინანსურად. ახლა გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო, გვყავდეს საერთო შვილები და დავაგროვოთ უამრავი მოგონება. დიახ, ახლო მომავალში ვაპირებთ ოჯახის შექმნას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან