შოუბიზნესი

რა სიურპრიზი გაუკეთა ვარლამ წიკლაურს სიდედრმა და რას უკონტროლებს ის ფეხმძიმე ცოლს

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 29.08, 2021 წელი

ვარლამ წიკლაური
დაკოპირებულია

ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური მალე მამა გახდება. „დისნეილენდში“ გადაღებული ულამაზესი ფოტოთი ვარლამმა საყვარელ ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა – იანვარში ქვეყანას მისი და ხატია კობერიძის გოგონა მოევლინება.

ვარლამ წიკლაური: დაქორწინების დღიდან გვინდოდა, ბავშვი გვყოლოდა, მაგრამ გაიწელა ეს დრო. რამდენიმე თვის წინ, სააღდგომო გადაღებებიდან, ისრაელიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და ხატია მეუბნება, სამსახურიდან სახლში რომ წამოხვალ, ტესტი წამომიღეო. მანამდეც არაერთხელ ჰქონია ეჭვი, მაგრამ არა და არა. ჰოდა, ამჯერად რომ გააწითლა ტესტმა და გავიგეთ, ფეხმძიმედ იყო, სიხარულისგან ჭკუიდან გადავედით. რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. წელიწადი და რამდენი თვეა, დაქორწინებულები ვართ და ყოველ თვეში ბავშვს ველოდით (იცინის). იმ დღიდან სრულიად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ექოზე რომ მივედით და ჩვენი პატარა წერტილი დავინახეთ, სიხარულისგან ლამის გავგიჟდით. დღეებს ვითვლიდით, წუთებს და წამებსაც (იცინის). ჩვენთან ერთად გაუხარდათ ჩვენს დედებს.

ხატია კობერიძე: საოცარი ემოციები გვქონდა. ძალიან გვინდოდა ბავშვი და ერთი სული გვქონდა, როდის მოხდებოდა ეს ამბავი, მაგრამ როცა გავიგეთ, ფეხმძიმედ ვიყავი, შოკი გვქონდა. ორი დღე არ გვჯეროდა ტესტის და მერე ექიმმაც რომ გვითხრა, მართალიაო, დავიჯერეთ. მაშინვე დავიწყეთ ყველა დეტალზე ფიქრი, საჭირო ნივთებისა და ტანსაცმელების არჩევა. გადმოვიწერეთ აპლიკაცია, რომელიც ყოველდღე გვიჩვენებს, როგორ გამოიყურება ბავშვი. ყოველდღიურად გვეზრდება მოლოდინი და ემოციებიც მატულობს.

– ამ პროცესში ბევრი დეტალია. ვაკო, ყველაფერში ხარ ჩართული?

ვარლამი: აბსოლუტურად ყველა დეტალში ვარ ჩართული, ექიმთან ვიზიტი გვაქვს? რა საქმეც უნდა მქონდეს, ყველაფერს გადავდებ და ერთად მივდივართ. კოვიდრეგულაციების გამო ზოგი გიშვებს, ზოგი – არა, მაგრამ უკვე იციან, რომ უნდა შევიდე და ვსო, ყველაფერი უნდა ვნახო. ბავშვის გულისცემა რომ მოვისმინე, პირბადიდანაც კი მიჩანდა გაღიმებული სახე. ხატიამ რა ვიტამინი უნდა მიიღოს, რა ჭამოს, რა აქტივობებია კარგი და რა ცუდი, პირბადე რომ აუცილებლად უნდა ატაროს და ცხვირზე რომ აწეული უნდა ჰქონდეს – მოკლედ, ათასი წვრილმანია და ყველაფერში თავიდან ფეხებამდე ჩართული ვარ. ხატია მეუბნება, ასე მგონია, რომ შეგეძლოს, ამ ბავშვს შენს მუცელში გადაისვამდი და ატარებდიო (იცინის). ტერმინოლოგია არ ვიცოდი და ახლა ჩემი ტელეფონი რომ აიღოთ და „გუგლის“ ძებნის ისტორია შეამოწმოთ, ორსულობაზე ყველაფერს ნახავთ.

ხატია: იმდენად ჩართულია ყველაფერში, რომ შეეძლოს, მართლა ამოიყვანდა ბავშვს ჩემი მუცლიდან და თავისაში ჩაისვამდა (იცინის). მეუბნება, ბავშვი ცოტა რომ გაიზრდება და ლაპარაკი ეცოდინება, ვეტყვი, მე გაგაჩინეო. ვუთხარი, ბავშვი რომ სკოლაში წავა, იქ არ თქვას, მამაჩემმა გამაჩინაო (იცინის). ჩემს მუცელში რომ ზის, ვერ ისვენებს, უნდა თავისთან ჰყავდეს (იცინის). ხატია, ძალიან არ იხტუნაო, ეს ჭამე, ის არ გინდა – ყველაფრის მიმართ ყურადღებით არის. მაგრამ თან, ორივე ვცდილობთ, ძალიან არ გადავაჭარბოთ.

– საკმაოდ დიდი ხანი საიდუმლოდ ინახავდით ამ ამბავს, არა?

ვარლამი: ვიდრე პირველი ტრიმესტრი ჩაივლიდა, არ ვამბობდით, მხოლოდ ძალიან შინაურებმა იცოდნენ. სქესის გაგების დრო რომ მოვიდა, გადავწყვიტეთ, ეს ჩვენს მეჯვარეს გაეგო და ჩვენთვის სათქმელად განსხვავებული დღესასწაული მოგვეწყო. თან უკვე ყველასთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ბედნიერება. ძალიან მინდოდა, გოგო გვყოლოდა, წარმოდგენაში სულ პატარა გოგო მყავდა და ხატიაც ასე იყო, მაგრამ სქესის პირდაპირ ექიმისთვის კითხვას არ ვაპირებდით. თუმცა, ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ ექოზე ექიმს წამოსცდა გოგოაო და ხომ არ გვინდოდა ასე გაგება, მაგრამ ისე გაგვიხარდა, თვალებით ვულოცავდით ერთმანეთს. მერე გადავწყვიტეთ, ეს ამბავი ორიგინალურად გვეთქვა ნათესავებისა და მეგობრებისთვის. ძალიან კრეატიული სიდედრი მყავს. ბელგიაში გვიწევდა ჩამოსვლა და გვითხრა, „დისნეილენდში“ წადით, იქ გადაიღეთ ლამაზი ფოტო და გაუზიარეთ ეს სიხარული ყველას, თან კარგ დროს გაატარებთ და სამახსოვროდ დაგრჩებათო. მოკლედ, ჩამოვედით ბელგიაში და სიდედრმა დაგვახვედრა საჩუქარი – პარიზსა და „დისნეილენდში“ გასეირნება. გადავიღეთ ლამაზი ფოტო და ასე გავაგებინეთ ყველას, რომ გოგოს ველოდებით, რომელიც იანვარში მოევლინება ქვეყანას.

– ხატია პრეტენზიული ორსული არ არის?

– არანაირად. მხოლოდ დილით აქვს გულისრევის შეგრძნება, მაგრამ მე ისეთი ღრმა ძილი მაქვს, ზოგჯერ ისე დგება და დაამთავრებს ყველაფერს, მე ვერც ვიგებ (იცინის). იმედია, ბავშვი რომ დაიბადება და ღამე იტირებს, მერე მაინც გამეღვიძება, თორემ ახლა ამქვეყნად ვერაფერი მაღვიძებს. გოგო იმიტომ მინდოდა ძალიან, რომ გამზრდელი ბებია მყავდა, რომელსაც ანა ერქვა და ძალიან მიყვარდა. მთელი ბავშვობა ვპირდებოდი, რომ გოგო თუ მეყოლებოდა, მის სახელს დავარქმევდი. სამწუხაროდ, ბებო სამი წლის წინ გარდაიცვალა. ანი, ანია – მსგავსი სახელი მინდა მოვიფიქროთ. ხატიასაც ძალიან მოსწონს ეს იდეა, თორემ ორივეს შვილია და სახელს მარტო მე ვერ შევარჩევ (იცინის).

– ახლა რომ ასეთი აქტიური ხარ, ბავშვი რომ დაიბადება, მერე რა და როგორ წარმოგიდგენია?

– მინდა, რომ მეგობრული ვიყო და შვილთან ძალიან ბევრი დრო გავატარო. მამა და შვილი ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან, მით უმეტეს, როცა ბავშვი პატარაა.

– დაბადების დღეც „დისნეილენდში“ აღნიშნე.

– კი, ეს ყველაფერი ჩემი სიდედრის საჩუქარია, მართლა ძალიან მაგარი სიდედრი მყავს და რეალურად, სიდედრი კი არა, ჩემი მეგობარია. ძალიან ემოციური დღე იყო. „დისნეილენდში“ ხატიას ბავშვობის მეგობრებთან ერთად ვიყავით. ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდით და გადავწყვიტეთ, მალე ბავშვთან ერთად დავბრუნდეთ, თუმცა ხატიას დედამ გვითხრა, არა, „დისნეილენდში“ ბავშვი მე უნდა წავიყვანოო (იცინის).

– როგორც ჩანს, პატარაზე ზრუნვაში ბევრი შეეცილებით ერთმანეთს.

– კი, ასეა. მე დედისერთა ვარ და ამ პროცესში დედაჩემიც ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. ხატიას დედას უკვე ნაყიდი აქვს კაბები და ათასი რამ.

– ხატია, საჭმელი და წონა – აქ როგორ გვაქვს საქმე?

– ვეუბნები, რომ არ უნდა გასუქდეს. ექიმმაც უთხრა, რომ თვეში ერთი კილოგრამი უნდა მოიმატოს და ზუსტად ასე მიდის. თვითონაც ცდილობს, ბევრი არ ჭამოს, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ვაკონტროლებ (იცინის). ძალიან უყვარს „მაკდონალდსის“ საჭმელი, თუმცა ახლა იცის, რომ ბევრი არ შეიძლება.

ხატია: კი, საჭმელსაც მიკონტროლებს. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულად მინდება, მაგრამ ზოგჯერ მადიანად საჭმელად რომ მოვემზადები, ვაკო ისეთი თვალებით შემომხედავს, მაშინვე გადავიფიქრებ ხოლმე (იცინის).

– როგორ ემზადები დედობისთვის?

– ჯერ ვერ წარმომიდგენია, რა იქნება, მაგრამ ვცდილობ, კარგად მოვემზადო. წიგნებიც გამოვიწერე, ყველას რჩევას ვუსმენ, მინდა, სხვების გამოცდილებასთან ერთად სიახლეების შესახებაც ვიცოდე და ყველაფერი გავითვალისწინო. წინასწარ უნდა გავიგო ბევრი რამ და ბავშვი რომ გაჩნდება, მერე არ ვთქვა, უი, არ ვიცი, ეს როგორ კეთდება-მეთქი.

– ორივეს აქტიური ცხოვრება გაქვთ, დაკავებულები ხართ და როგორ აპირებთ დროის გადანაწილებას ბავშვის დაბადების შემდეგ?

ვარლამი: მე და ხატიას ძალიან გვიყვარს მეგობრებთან ერთად სიარული და დარწმუნებული ვარ, ბავშვსაც ასე ეყვარება. ასე რომ, როცა დაიბადება, ყველგან ვატარებთ. სამსახურიდან თავისუფალი ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, შვილთან ერთად ბევრი დრო გავატარო. მე, ფაქტობრივად, მამის გარეშე გავიზარდე, მის სანახავად დავდიოდით, მაგრამ სახლში ყოველთვის მაკლდა. ამაში მამას არ ვადანაშაულებ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, ეს რა გრძნობაც არის და არ მინდა, ჩემმა შვილმა იგივე გამოსცადოს. მინდა, მასთან ერთად ძალიან ბევრი დრო გავატაროთ და ასეც იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა