შოუბიზნესი

რა სირთულეები გამოიარა ბავშვობაში ჯოზიმ და რა დაუმტკიცა მან საკუთარ თავს „მასტერშეფში“ გამარჯვებით

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 22.05, 2023 წელი

ჯოზი
დაკოპირებულია

„მასტერშეფის“ მე-9 სეზონის გამარჯვებული ჯოზი გახდა. მისთვის ეს კულინარიულ კონკურსში წარმატების მიღწევის მეოთხე მცდელობა იყო და დღეს ყველაზე ბედნიერი იმის გამოა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარა და საკუთარ თავს დაუმტკიცა, მონდომების შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია.

ჯოზი: სიხარულის და ზოგადად, ჩემი ემოციების სახალხოდ გამოხატვა მიჭირს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან სასიამოვნოა ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ჩემი გულშემატკივრებისგან ვიღებ. ამ გამარჯვებამ დიდი ემოციები მომიტანა, ეს იმ მომენტშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს.

- კომენტარებში ვნახე, რომ ზოგი სხვას უსურვებდა გამარჯვებას, მაგრამ ძირითადად, ყველა ძალიან ბედნიერია შენი წარმატებით და ეს ალბათ, განსაკუთრებით სასიხარულოა.

- დიახ, 90-95 პროცენტი იზიარებს ჩემს სიხარულს და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ათასობით ადამიანი რომ სიყვარულით გაფასებს, ეს დიდი ბედნიერებაა. დასაწყისში, „მასტერშეფის“ ქასთინგის დროს, იყო რამდენიმე კომენტარი, რომელიც გულზე მომხვდა, მაგრამ შემდეგ იმ დადებითმა ენერგიებმა, რომელსაც მე ვუშვებდი საკუთარი თავისა თუ მაყურებლის მისამართით, ყველაფერი გადაფარა. მე არ ვარ ბოროტი, მიყვარს, როდესაც ადამიანს კარგ ემოციას ვანიჭებ და ზუსტად ეს გავაკეთე „მასტერშეფშიც“. მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, რაც არ უნდა ცუდი პერიოდი გქონდეს, ერთადერთი ხარ, ვისაც ყოველთვის შეუძლია სხვისი გაცინებაო. მგონია, რომ ეს ძალაა და ვფიქრობ, ეს ყველამ დაინახა.

- თავიდან რა არ მოეწონათ?

- საზოგადოებაში უჭირთ მიღება თუ საყურე გიკეთია ან რამე მსგავსი. იმიჯით გადაწყვიტეს ჩემი შეფასება და ჩემი აზრით, ეს არასწორია, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

- კონკურსებში მონაწილეობის როგორი ისტორია გაქვს?

- საკმაოდ დიდი (იცინის). კულინარიულ შოუში ჩემი გამარჯვება მეოთხე მცდელობის შედეგია. 5-6 წლის წინ დაიწყო ჩემი მცდელობები. გარკვეულ ეტაპამდე მივდიოდი, მაგრამ ძალიან მინდოდა გამარჯვება. იმიტომ კი არა, უბრალოდ, გამარჯვებული მრქმეოდა, მინდოდა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ არ უნდა გავჩერდე. საკუთარი თავისთვის მინდოდა, სიახლეებისკენ სწრაფვის სტიმული მიმეცა. არ მიყვარს ერთ დონეზე გაჩერება. ასეთ დროს არ მომწონს ჩემი თავი და ცოტა დეპრესიაც მეწყება. ახლა შოუ მოვიგე და დავრწმუნდი, რომ თუ არ დავნებდები, აუცილებლად მივაღწევ შედეგს. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მეოთხე მცდელობაზე შევძელი გამარჯვება. ბრძოლის უნარი მაქვს, დანებება არ მახასიათებს. წინააღმდეგობები და უარი არ მაშინებს, პირიქით, ჩემზე ეს ძალიან კარგად მოქმედებს.

- როგორ დაინტერესდი კულინარიით?

- მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც უკვე კულინარიის შესწავლა მქონდა გადაწყვეტილი. დედა ემიგრაციაში იყო. მე და ჩემი ძმა ვიყავით სახლში და დეიდა გვეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, მათ შორის, კერძების მომზადებაში. როცა ის ვერ ახერხებდა, ვურეკავდი და გულმოდგინედ მასწავლიდა, როგორ უნდა მომემზადებინა ესა თუ ის კერძი. ის არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, ვინც ამ სფეროსკენ მიბიძგა. სამწუხაროდ, დეიდა ახლა გარდაცვლილია. 2016 წელს გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც კულინარიის აკადემიაში ვაბარებდი. მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე კლასიდანვე ვიცოდი, სად უნდა გამეგრძელებინა სწავლა, სკოლიდან არ გამოვსულვარ. მინდოდა, საშუალო განათლება სრულყოფილად მიმეღო. პროფესია ერთია, მაგრამ ზოგადი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო საჭმლის კეთება არ არის საკმარისი. ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში და ინტერესი პროფესიად ვაქციე.

- საკმაოდ დიდი სირთულეები გაქვს გამოვლილი. ორი წლიდან ბავშვთა სახლში იზრდებოდი...

- ჩემი ბავშვობა იმ წლებს ემთხვევა, რომელიც მთელი საქართველოსთვის რთული იყო. მატერიალური მდგომარეობის გამო, დროებით ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი. 2 წლიდან 12 წლამდე იქ ვიზრდებოდი. დედამ გადაწყვიტა, ჩვენთვის ის პირობები შეექმნა, რაც ახლა გვაქვს. წავიდა და ძალიან ბევრი იშრომა, ბინაც იყიდა და ოჯახის ფეხზე დაყენებაც შეძლო.

სამწუხაროდ, ბავშვთა სახლში, ბავშვების უმეტესობას მშობლები წელიწადში ერთხელ აკითხავდნენ. მე ყოველკვირა მნახველი მყავდა. დედაც, თურქეთიდან რომ ჩამოდიოდა, მაშინვე მოდიოდა ხოლმე. ანუ, ბავშვთა სახლში იმიტომ არ აღმოვჩნდი, რომ დედამ მიმატოვა. უბრალოდ, ჩემთან ერთად ვერ წავიდოდა თურქეთში, შესაბამისად, ვერ მიაღწევდა იმას, რასაც მიაღწია. მე მგონია, რომ სწორად დაისახა მიზანი. დღეს ის, რომ მე ძლიერი ვარ, დიდწილად დედაჩემის დამსახურებაა, მაგალითს მისგან ვიღებ. მან საკმაოდ რთული ეტაპები გაიარა ცხოვრებაში.

- ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ბავშვთა სახლში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. როგორ გახსენდება იქ გატარებული პერიოდი?

- მე ძალიან კარგად ვიხსენებ იქ გატარებულ დროს. კარგის მეტი მართლა არაფერი მახსოვს. ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი სიტუაცია იყო და ჩემი დროებით იქ ცხოვრებაც გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. დედას მოსვლის საათები არ ჰქონდა შეზღუდული და ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ვინ როგორ გადაწყვეტს ცხოვრების გაგრძელებას. მე გადავწყვიტე, ჩემი მომავალი შემექმნა.

- ამას როგორ ცდილობდი?

- ადამიანი დაახლოებით 12-13 წლის შემდეგ იწყებს რაციონალურ აზროვნებას. ამ ეტაპიდან გადავწყვიტე, სკოლაშიც კარგად მესწავლა, კარგი ურთიერთობები მქონოდა ბავშვებთან და ასე შემდეგ. 25 წლის ვარ და ამ ასაკამდე, ალბათ ბიჭების უმეტესობას ძალიან ბევრჯერ უჩხუბია სკოლაში, თუ მის გარეთ. მე კი ბავშვობიდან მოყოლებული ყველას ძალიან დიპლომატიურად ვუდგები. ყველასთან დადებითი ენერგიები მიმაქვს, ალბათ, ცუდი არავისზე მითქვამს, ჭორიც არავისზე მომიგონია. 25 წლის ვარ და არ ვიცი რა არის ჩხუბი. მე მგონია, ეს დიდი უაზრობაა. თუ ადამიანი ხარ, შეიძლება, ყველაფერი მოაგვარო ადამიანურად. შეიძლება ვიღაცის შეხედულება არ მომწონდეს, მაგრამ ვიცი, რომ ეს მისი შეხედულებაა და არა ჩემი. ისიც ვიცი, რომ ჩხუბით ვერაფერს შევცვლი. ერთადერთი, რითაც რამის შეცვლა შეგიძლია, საკუთარ პიროვნებაზე, საკუთარ განვითარებაზე ფიქრი და ზრუნვაა. მე ძალიან გამიმართლა მეგობრებშიც. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე მაგარი მეგობრები არავის ჰყავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვი, რომ დედამ ძალიან ბევრი გააკეთა შენთვის. როდესაც გაიზარდე, თვითონ როგორ ცდილობდი მის მხარდაჭერას?

- ყველაფრით, რითაც შემეძლო. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგი სამსახური მქონოდა და საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფა შემძლებოდა. მინდა, თანხა, რომელსაც დედა გამოიმუშავებს, მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ სიამოვნებას მოახმაროს და არა მე. მატერიალური მდგომარეობა ყველაზე დაბლა დგას, მთავარი გრძნობებია, მაგრამ პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე თუ შევხედავთ, ფინანსები აუცილებლობას წარმოადგენს. ამიტომ, უკვე 7 წელია, სამზარეულოში ვმუშაობ და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელფასი დიდი არ იყო, აღებისთანავე, პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ დედას ვუთხარი, დღეიდან ჩემს თავს თვითონ მივხედავ-მეთქი.

- დაბოლოს, არაჩვეულებრივი პრიზები მიიღე შოუში...

- ყველაზე მთავარი - ბინა მოვიგე, რაც ძალიან სასიხარულოა. ერთი ბინა უკვე ნაყიდი მაქვს დედაჩემის დახმარებით, რომელიც ნაწილობრივ მან, დანარჩენად კი მე უზრუნველვყავი. ძალიან რისკიანი ვარ. საკმაოდ დიდი თანხის სესხი ავიღე ამ ბინისთვის, მაგრამ რისკი საერთოდ არ მაშინებს. ხვალ რომ უსამსახუროდ დავრჩე, არც ამის მეშინია, ზეგ ახალს ვიპოვი. არაფერი მეთაკილება, ცხოვრებას დადებითად ვუყურებ. თუმცა ეს მოგებული ბინა, ძალიან სასიხარულოა. იტალიაშიც მიშვებენ, ეგვიპტეშიც და ძალიან მიხარია, ეს გამარჯვება ნამდვილად ღირდა, არა ამ პრიზებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მეოთხე ცდაზე გამომივიდა და მიზანს მივაღწიე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი