შოუბიზნესი

რა სირთულეები გადალახა ლიკა რეზაკოვამ და როგორ გახდა ის საქართველოს სახელით - Miss Deaf World 2025

№48

ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00

ლიკა რეზაკოვა
დაკოპირებულია

„საქართველოს ტრიუმფი მსოფლიო სცენაზე! Miss & Mister Deaf World 2025 კონკურსზე, რომელიც ჩატარდა პრაღაში, საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა: ლიკა რეზაკოვა გახდა Miss Deaf World 2025...“ – ივლისში ეს სასიხარულო ამბავი ამცნო ქვეყანას გვერდმა – „საქართველოს ყრუთა კავშირი Union of the Deaf of Georgia’s post“.

ლიკა რეზაკოვა თავის ცხოვრებასა და წარმატებებზე ვრცლად გვიამბობს:

– თბილისი – ეს ის ქალაქია, სადაც გავიზარდე, პირველი ნაბიჯები გადავდგი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები მაქვს. თბილისი ჩემთვის უბრალოდ ქალაქი არ არის, ეს არის ემოცია, სახლი, ის გარემო, რომელმაც ჩამომაყალიბა. თბილისი ჩემი ქალაქია და ახლაც აქ ვცხოვრობ. ჩემს გეგმებში თბილისის დატოვება არ შედის. როცა კონკურსზე საქართველოს სახელით გამოვედი, ზუსტად ამ ქვეყნის სიყვარული მედგა გულში. სცენაზე რომ იდგები და იცი, რომ შენს ქვეყანას, შენს ქალაქს წარმოადგენ, საოცარი პასუხისმგებლობაა.

– თბილისში დაიბადეთ და აღიზარდეთ, გვიამბეთ, როგორ გარემოში?

– თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან თბილ, ოჯახურ გარემოში. ულამაზესი ბავშვობა მქონდა, მშობლებთან და ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, სახლში ყოველთვის მშვიდი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო გვქონდა, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჩემს ხასიათზე და იმაზე, როგორი ადამიანიც გავხდი... სკოლის პერიოდში რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში ვსწავლობდი. იქ მიღებულმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. გარემო, მასწავლებლები, სწავლის სტილი, ყველაფერი ერთად დამეხმარა, რომ ფართო ხედვა და პასუხისმგებლობა მეტად ჩამომყალიბებოდა. სკოლის ასაკამდე კი ყველაზე მშვიდი და ნათელი მოგონებები ისევ ოჯახს უკავშირდება იმ თბილ, უსაფრთხო გარემოს, სადაც ბავშვი თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.

– სკოლა როგორ გახსენდებათ, როგორც გამორჩეულად ლამაზი ბავშვი, განებივრებული იყავით?

– სკოლაში ჩემზე ხშირად ამბობდნენ, ლამაზი ბავშვიაო და ალბათ, ცოტა დამატებით სიყვარულსაც ვიღებდი ამის გამო. მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც მეგობრული გარემო იყო – მასწავლებლები, თანაკლასელები, საერთო აქტივობები. ამ წლებში ნამდვილად ბედნიერი და დაცული ვიყავი.

– სირთულეები თუ გახსენდებათ?

– სკოლის პერიოდი, მთლიანობაში, ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე იყო, მაგრამ იქაც, როგორც ყველგან, უსიამოვნო მომენტების გარეშე არ ყოფილა. ვფიქრობ, არც ერთი სკოლა არ არსებობს პატარა ბულინგის გარეშე და ეს, სამწუხაროდ, თითქმის ყველგან ხდება. ჩემს შემთხვევაში ორი ბავშვი იყო, ვინც ხშირად მეუბნებოდა, რომ ვერაფერს მივაღწევდი, არაფერი გამომივიდოდა და მსგავსი ფრაზები, რაც მაშინ გულზე ძალიან მხვდებოდა. ბავშვი ვიყავი, ყველაფერს პირდაპირ ვიღებდი და მეგონა, რომ სხვების სიტყვები რეალობაა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. მივხვდი, რომ სხვისი შეფასება ვერ წყვეტს, რა შემიძლია და სადამდე მივალ. მსგავსი ფრაზები არც უნდა მივუშვა გულთან ახლოს. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია! რაც მომინდა, ყველაფერი შევძელი, ყველა ოცნება და მიზანი, რაც მაშინ ყველაზე მიუღწევად მეჩვენებოდა, რეალობად გადაიქცა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მივაღწევ, რადგან ერთ რამეს მივხვდი: როცა საკუთარ თავს უჯერებ, ძალა სულ სხვანაირად გეძლევა. სირთულეები ყოველთვის იქნება, მაგრამ ცხოვრებას რთულად არ უნდა შევხედოთ. ყველაფერი გამოსადეგია, მთავარია, არ დაუჯერო ადამიანებს, ვინც გეუბნება, რომ ვერ შეძლებ. მე ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ დავამტკიცე, რომ წინ დიდი გზა მაქვს.

– სამოდელო სფერომ როდის მიგიზიდათ?

– სამოდელო სფერო არასდროს ყოფილა ის, რასაც ბავშვობაში ან თინეიჯერობაში ვგეგმავდი, პირიქით, არანაირი განსაკუთრებული კავშირი არ მქონდა და არც სურვილი, მე თვითონვე დავდგომოდი ამ გზას. საინტერესო ის იყო, რომ ჯერ ბევრი ცნობილი ადამიანი დამიკავშირდა სხვადასხვა პროექტით – სერიალში თამაში, გადაღებები, სხვადასხვა შეთავაზებები ჰქონდათ. მაგრამ მაშინ სულ უარს ვამბობდი.

– გადასაღებად გიწვევდნენ?

– დიახ, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთდროულად სხვადასხვა ცნობილი ადამიანი მიკავშირდებოდა. იყვნენ როგორც სერიალების რეჟისორები, ისე პროდიუსერები, მოდელები და ტელევიზიის სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც მთავარ როლებს, გადაღებებს, ინტერვიუებს ან პროექტებში მონაწილეობას მთავაზობდნენ. უბრალოდ, იმ მომენტში შინაგანად მზად არ ვიყავი. ჩემი პრიორიტეტები სხვა იყო, ამიტომ თითქმის ყველა შეთავაზებაზე უარი ვთქვი. ეს გადაწყვეტილებები იმაზე არანაირად არ მიუთითებდა, რომ არ მიყვარდა ეს სფერო, უბრალოდ, ჩემთვის დრო არ იყო სწორი. მაინც საინტერესო იყო, რომ სანამ თავად არ ვფიქრობდი მოდელობაზე ან საჯარო სფეროზე, სხვები უკვე იქ მხედავდნენ. ეს ჩემთვის ერთგვარი სიგნალი გახდა, რომ ადამიანს ზოგჯერ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე თავად წარმოუდგენია. თითქოს შინაგანად არაფერს ვგრძნობდი, რომ ეს შეიძლებოდა, ჩემი გზა ყოფილიყო. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია მეტონიძემ და პრეზიდენტმა ბატონმა ამირან ბატატუნაშვილმა მირჩიეს, რომ წავსულიყავი პრაღაში, მსოფლიო სილამაზის კონკურსზე. მათ ეს იდეა იმდენად გულწრფელად და რწმენით მითხრეს, რომ თავიდან ძალიან გამიკვირდა. არ ვიცოდი, საერთოდ შევძლებდი თუ არა. ძალიან ბევრი ფიქრი დამჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ამ შანსს ვერ გამოვტოვებდი. პრაღაში ათი დღე გავატარე და ეს გამოცდილება სიტყვებითაც კი ძნელად გამოსათქმელია. პირველივე დღიდან ფინალამდე ყველაფერი იყო სავსე ემოციებით, ყოველდღიური შრომით, რეპეტიციებით, მეგობრებითა და უზომო მოტივაციით. ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ხან გამოწვევა იყო, ხან – სიხარულით სავსე მომენტი, მაგრამ ერთი საერთო ჰქონდა: მთელი გულით ჩავერთე და ბოლომდე ჩავდე ენერგია. საოცარი იყო ადამიანებთან შეხვედრა – სხვადასხვა ქვეყნიდან უნიჭიერესი, ულამაზესი, გოგონები იყვნენ.

ამ ყველაფრის მერე განსაკუთრებული კულმინაცია იყო ის, რომ კონკურსზე „მის მსოფლიოს“ ტიტული მოვიპოვე. ეს არის შეუდარებელი განცდა, როდესაც სცენაზე შენს ქვეყანას ამაყად წარმოადგენ და გრძნობ, რომ შენი შრომა ნამდვილ შედეგად იქცა... აქ აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მაია მეტონიძე და ამირან ბატატუნაშვილი განსაკუთრებული ადამიანები არიან. ისინი არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, არამედ მთლიანად საქართველოს ყრუთა კავშირში ქმნიან იმ გარემოს, სადაც ადამიანებს რეალურად ეძლევათ შესაძლებლობა, გაიზარდონ, იბრძოლონ და საკუთარი ადგილი იპოვონ. მათი მხარდაჭერის გარეშე ჩემი გზა ამ სფეროში, უბრალოდ, ვერ დაიწყებოდა. ეს ადამიანები მისაბაძები და შესაფერისი მაგალითები არიან იმ სითბოსა და ძალის, რაც ადამიანს წინ წასწევს.

საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი, მაია მეტონიძე: ორგანიზაცია, რომელისგანაც მოწვევა მივიღეთ, 25 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამ ორგანიზაციასთან – Miss Deaf World – წლებია, ვთანამშრომლობთ. გვაქვს პირველი ადგილი – „მის ევრობა და მისტერ ევროპა“. გვსურდა, ლიკას ამ სფეროშიც მიეღო გამოცდილება. მას სხვა ბევრი შესაძლებლობაც აქვს – საუკეთესოდ ცეკვავს და ასრულებს სიმღერებს ჟესტურ ენაზე. კონკურსზე ქართული ცეკვა შეასრულა. ჩემთვის გამარჯვება არ იყო მთავარი, მთავარი მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოს მონაწილეობა იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი