შოუბიზნესი

რა შემთხვევითობებმა განსაზღვრა ვახო გაფრინდაშვილის ცხოვრება და რატომ არ გამოვიდა მისგან მეკარე

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00

ვახო გაფრინდაშვილი
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი ვახო გაფრინდაშვილი, ალბათ ყველასთვის სპორტთან ასოცირდება, რადგან მისი კარიერა, სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. ეს ის სფეროა, რომელიც ბავშვობიდანვე ძალიან მოსწონდა და ფეხბურთელობასაც გეგმავდა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზით წაიყვანა.

ვახო გაფრინდაშვილი: როგორც მახსოვს, კარგი ბავშვი ვიყავი და ბევრი მეთანხმება ამაში, მაგრამ ზოგი სხვანაირად ამბობს – ცელქი და ცოტა მაიმუნი იყავიო. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა ცელქიც ვიყავი, მაგრამ თან, ვცდილობდი, კარგად მესწავლა. ბევრს ვხუმრობდით და ვმაიმუნობდით სკოლის პერიოდში. მაშინ ჩვენი სკოლა – მეხუთე გიმნაზია – საკმაოდ ავტორიტეტული იყო და ყველაფერში განსაკუთრებული სიმკაცრე იგრძნობოდა, თორემ განსაკუთრებულს არაფერს ვაშავებდით. ჩვეულებრივი 90-იანების ბავშვი ვიყავი. ვთამაშობდით ეზოში, გვიხაროდა შუქის მოსვლა და მით უმეტეს, თუ ამ დროს ტელევიზორში ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში დაემთხვეოდა, ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო. გვაძალებდნენ, მხატვრული ლიტერატურა წაგვეკითხა, მაგრამ მე მხოლოდ გაზეთებს ვკითხულობდი, რომ გამეგო, რა ხდებოდა მსოფლიო სპორტში. დიდი ხნის განმავლობაში ბევრ სპორტის ვარსკვლავს ვიცნობდი გაზეთებიდან, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდნენ.

– ხიფათებიც იყო ბავშვობაში?

– ერთადერთხელ მოვიტეხე სამი თითი ერთდროულად, ისიც იმიტომ, რომ ფეხბურთზე მეკარე ვიყავი და შეჯახების დროს ცუდად ჩამყვა. წამიყვანეს და „გიფსი“ დამადეს. სახლში რომ მოვედით, ერთი საათი არ იქნებოდა გასული, წავიქეცი და ეს „გიფსიც“ გავტეხე (იცინის).

– ესე იგი, სპორტი მაშინვე იყო ინტერესის სფერო.

– კი. ჯერ ხომ ისედაც ძალიან მაგარი იყო სპორტსმენობა და მერე მაშინ ამით ჩვენი ნაცრისფერი ცხოვრების ცოტა გაფერადება შეიძლებოდა. ძალიან მინდოდა, მაგარი ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ ალბათ, არ მქონდა შესაბამისი ტალანტი და მეც რაღაცები დავაკელი. თამაშიც მიყვარდა და ყურებაც. ყველაზე კარგად მახსენდება, ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიადაზე რომ ერთი თვის განმავლობაში გადაბმულად მიდიოდა ასპარეზობები. ამ დროს შეგეძლო, დილიდან ღამემდე ტელევიზორთან მჯდარიყავი და სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის გეყურებინა, რაც ჩვენთვის მაშინ ფუფუნება იყო. იმხელა სიყვარული და ინტერესი გვქონდა სპორტისადმი, რომ 15 წლის წინ ნანახი სპორტული ასპარეზობა გაცილებით უკეთ მახსოვს, ვიდრე გუშინწინდელი.

– როგორი იყო მცდელობები ფეხბურთთან დაკავშირებით?

– ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი. ჩემი მწვრთნელი ამბობდა, კარგი მეკარე გამოხვალო და მეც ეს სურვილი მამოძრავებდა, მაგრამ გარდატეხის ასაკში გართულდა ფეხბურთზე სიარული. მერე, სკოლის დამთავრების წლებში, მეტი მეცადინეობა იყო საჭირო. პირობებიც არ იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაფერმა ერთად იქონია გავლენა, თორემ ბავშვურ დონეზე გარკვეული წარმატებები მქონდა.

– ქუჩა, გარჩევები... – ამას როგორ აარიდეთ თავი იმ წლებში?

– მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ დისტანცირებული ვყოფილიყავით ამისგან. პრობლემა ყველას შექმნია ამ ასაკში, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების სხვა გზებიც არსებობდა. ძალიან ბევრმა მშვიდად დავაღწიეთ თავი იმ პერიოდს. ეს მაინც შენზეა დამოკიდებული. როცა რაღაც ინტერესები გაქვს, მის დასაკმაყოფილებლად შესაბამის გზებს ეძებ. იმ პერიოდშიც შეიძლებოდა, მშვიდად ყოფილიყავი, თუმცა ეს ვნებათაღელვა, რაღაც დოზით, ყველას ცხოვრებაში იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილი იყო, რაც შეიძლება, ნაკლები ყოფილიყო.

– პროფესიასთან დაკავშირებით რა სურვილები გქონდათ?

– მაშინ დიდად ვერ ვხედავდი პერსპექტივებს. ძალიან ცოტა იყო გარშემო ისეთი ადამიანი, ვინც ძალიან კარგად ისწავლა და ცხოვრებისგან შესაბამისი სიკეთე მიიღო. ამიტომ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მშობლებმა მირჩიეს, იურისტი გავმხდარიყავი. იურიდიულს იმდენი განხრა აქვს, რომელიმე მოგეწონებაო, მითხრეს და მეც ჩავაბარე. მათი მადლობელი ვარ, საინტერესო იყო, მაგრამ პარალელურად, სხვა საქმითაც ვიყავი დაკავებული. მხიარულად გავატარე სტუდენტობა, მაგრამ თავიდანვე მივხვდი, რომ მე იურისტი ვერ გამოვიდოდი.

– რა ხდებოდა იურიდიულის პარალელურად?

– რომ ჩავაბარე, სანამ უნივერსიტეტში მივიდოდი, მეგობარმა მითხრა, საზოგადოებრივ მაუწყებელს შერჩევა აქვს იუმორისტული გადაცემებისთვისო. მივედით ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით და დაგვიტოვეს. ბაკურ სვანიძეს გადავუხდი დიდ მადლობას, ძალიან პატარა ასაკში შანსი მოგვცა და ჩვენც გამოვიყენეთ. ვმუშაობდით გასართობ გადაცემებზე, შემდეგ ბაკურ სვანიძის სტუდიაშიც ვმუშაობდით სატელეივიზიო პროდუქციის წარმოებაზე. მერე კი, შემთხვევით ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში მოვხვდი და სამი წელი იქაც ვიყავი. გასტროლები გვქონდა, აქტიურები ვიყავით. ამ თეატრის რეჟისორისა და პედაგოგებისაც ძალიან მადლიერი ვარ. ისეთი გარემო იყო, ერთი თუ „შეგითრევდა“, მერე თავის დაღწევა რთული იყო. სწავლის პარალელურად, ამ ყველაფერთ ვიყავი დაკავებული.

– ესე იგი სტუდენტობისას შეიცვალა თქვენი ცხოვრება და ტელევიზიასა და ხელოვნებას დაუკავშირდა.

– სწავლა რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა გამეკეთებინა. მაშინ ტელეკომპანია „მაესტრო“ დგამდა პირველ ნაბიჯებს, როგორც საინფორმაციო არხი და კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა – პრაქტიკანტად. ძალიან არ მომწონდა, როცა პოლიტიკურ პარტიებთან და პრესკონფერენციებზე მიშვებდნენ. მერე ისე მოხდა, რომ ბიჭი, რომელიც სპორტზე მუშაობდა, წავიდა. სანამ ახალს მოიყვანთ, მე ვიქნები-მეთქი, ვთქვი და მერე კი დამტოვეს და დამტოვეს.

– თითქოს ერთმა ჩვეულებრივმა მომენტმა განსაზღვრა ყველაფერი...

– საერთო ჯამში, დღემდე ასე მოვედი. ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა. შემთხვევით მოვხვდი „პირველ არხზე“, შემთხვევით მოვხვდი თეატრში, მივედი ტელეკომპანია „მაესტროში“ და მართლა შემთხვევით დავრჩი, რადგან თავიდან რასაც ვაკეთებდი, არ მომწონდა. მერე სრულიად შემთხვევით, სპორტის კორესპონდენტობიდან სპორტის ბლოკის ხელმძღვანელი და მერე უკვე წამყვანი გავხდი. ერთ დღეს სამსახურში მივედი და მამუკა ღლონტმა და ხატია ქვათაძემ მითხრეს, დღეს ბევრი ამბები თუ გაქვს, ბარემ ეთერში შედი, რას იტყვიო. კი ბატონო-მეთქი და სუფლიორი პირველად პირდაპირ ეთერში წავიკითხე.

ვინერვიულე, ერთი შეცდომა დავუშვი წაკითხვის დროს და დანარჩენი ნორმალურად გამოვიდა. გახარებული გამოვედი, მაგრამ მეგონა, რომ დიდი ვიყავი და ეს სიხარული არ უნდა შემემჩნია. რეალურად პატარა ვიყავი, 21-22 წლის. ხალხი რაზეც ოცნებებს, მე ეს ყველაფერი ძალიან შემთხვევით მივიღე. მადლობა ყველას, ვინც შანსი მომცა. მე შემთხვევითობას ვარქმევ, მაგრამ როგორც ამტკიცებენ, შემთხვევითობები არ არსებობს, ყველაფერს თავისი წინაპირობები აქვს.

– ბევრი წელია, „იმედის“ გუნდის ნაწილი ხართ, ეს ამბავი როგორ დაიწყო?

– ესეც – ეგრე. დიმა ობოლაძემ დამირეკა, მითხრა „იმედის დილა“ კეთდება, სპორტი სჭირდებათ და მოდი, ნახეო. მარტივად გავიგე, რა სჭირდებოდათ და მიუხედავად იმისა, ვიცოდი ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი იყო, დავთანხმდი. როგორც ჩანს, მათაც მოეწონათ ჩემი მუშაობა, თორემ აქამდე მანიშნებდნენ (იცინის). ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და გუნდი. ეს რომ არა, გამორიცხულია, დილის გადაცემაზე წლების განმავლობაში იმუშავო.

– ალბათ, სადაც მიდიხართ ყველგან სპორტზე გეკითხებიან, როგორც პოლიტიკის ჟურნალისტებს – პოლიტიკაზე.

– ძალიან ხშირად და ეს კითხვა ასე იწყება: „შენ გეცოდინება... ის თამაში ხომ ჩაწყობილი იყო? რატომ ვერ მოიგეს? რატომ წააგეს?“ ისეთ კითხვებს მისვამენ, რომელზეც ზუსტი პასუხი ბუნებაში არ არსებობს. ვცდილობ, პასუხი გავცე, მაგრამ დავამატო, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. რაც შეეხება თხოვნას – „ორი კუში გვითხარი, შენ გეცოდინება“, იგნორს ვუკეთებ. არ ვარ მომხრე ამ ტიპის აქტივობების.

– მეუღლე და ორი შვილი გყავთ. როგორ შეხვდით მეუღლეს, როგორია თქვენი ისტორია?

– ჩემთვის ფანტასტიკური. ჩემი მეუღლე, თამარ ლომთაძე, შემთხვევით დავინახე ქუჩაში. პირველივე დანახვისას ძალიან მომეწონა. გავეცანი. გარკვეული დრო გვქონდა ურთიერთობა და შემდეგ დავოჯახდით. მაგარი გოგოა, რომელიც ჩემს არყოფნაში ჩვენი შვილებისთვის დედაცაა და მამაც. ყველას გვივლის, გვპატრონობს, გვერდში გვიდგას. ამ ამბავშიც იღბლიანი ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი, რაც გამაჩნია და ალბათ, თამუნაც როგორც საჩუქარი, ისე უნდა მივიღო და მივიღე კიდეც.

კლასიკური ოჯახი გვაქვს. არ ვიტყვი, რომ ჰარმონიული, რომ ერთხელ არ გვიჩხუბია, ოჯახს ყველაფერი უხდება და სჭირდება, მათ შორის ჩხუბიც, მაგრამ ჩემი ბედ-იღბლის მადლობელი ვარ.

– კარგი მამა ვერ ვარო, ნათქვამი გაქვთ. რას გულისხმობთ?

– ისეთი ინტენსივობით არ ვარ ჩართული მათ აქტივობებში, როგორითაც კარგი იქნებოდა. მაგალითად, სკოლაშიც ვერ დამყავს, ძალიან იშვიათად თუ მოვახერხებ ამას. მათი მეცადინეობის პროცესში არ ვარ ჩართული. ვცდილობ, სხვა მხრივ დავაკონპენსირო, მაგრამ ყოველდღიურობაში ბევრი რამ არის საჭირო. ამიტომაც უფრო საშუალო სტანდარტული მამა გამოვდივარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი