შოუბიზნესი

რა შემთხვევაში აღიზიანებს ნუცა თოფურიას ბიჭების ყურადღება და როგორ გაუმკლავდა ის ექსტრემალურ სიტუაციას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.02, 2022 წელი

ნუცა თოფურია
დაკოპირებულია

ნუცა თოფურია 22 წლის უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო.

ნუცა თოფურია: ძალიან გახარებული ვარ, რადგან დავასრულე სოლო ალბომზე მუშაობა, რაც პანდემიის გამო გაიწელა. პრეზენტაცია, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება, რასაც მოუთმენლად ველი. პანდემიის მიუხედავად, ვცდილობ, ვიაქტიურო და იმედია, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება.

– ცოტა ხნის წინ, გიორგი ცხადაძესთან ერთად, უკრაინაში იყავი მხარდაჭერის გამოსახატავად.

– კი და მე და ცხადოს უკრაინაში ბევრი რამ გადაგვხდა. იქ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის კონცერტის ჩასატარებლად ჩავედით, მათთვის ჩვენი მეგობრობისა და გვერდით დგომის გამოსახატავად. დიდი სიამოვნებით წავედით ამ მიზნით და იქიდან ისეთი ამბებით დავბრუნდით, რომ ყველგან ვყვებით. კონცერტი საზღვართან ძალიან ახლოს, კულტურის ცენტრში უნდა ჩაგვეტარებინა. შემოგვთავაზეს, თუ გინდათ, კონცერტის შემდეგ სანგრებში წაგიყვანთ და ვინც აქ მოსვლა ვერ შეძლო, ექსპრომტად კონცერტი მათაც ჩაუტარეთო. მე და ცხადო, ორი ექსტრემალი, არც დავფიქრებულვართ, ისე დავთანხმდით და წავედით სანგრებში. შემდეგ გვითხრეს, თუ არ გეშინიათ, შეგვიძლია, საზღვრის უკიდურეს წერტილთან, ფაქტობრივად, ცეცხლის ხაზთან მიგიყვანოთ, რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვითო. წავედით და იქ მართლა ძალიან შეგვეშინდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. რომ მოვდიოდით, ზუსტად მაშინ გაისროლეს. ბოლო ხმაზე ვმღეროდით და ალბათ, გაიგეს, მიხვდნენ, კონცერტი აქვთო და ამიტომაც გაისროლეს. ჩვენ დაგვამშვიდეს, გვითხრეს, უკრაინელმა სნაიპერმა ისროლაო, მაგრამ მე და ცხადომ დღემდე არ ვიცით, მართლა უკრაინელმა ისროლა თუ უბრალოდ, დაგვამშვიდეს.

– ორივესგან გამბედავი ნაბიჯი იყო, მაგრამ შენსავით სიფრიფანა გოგოსგან განსაკუთრებით არ გაუკვირდათ?

– ყველას გაუკვირდა, როცა ვთქვი, მეც წამოვალ-მეთქი. სერიოზულად არც მიუღიათ. შემდეგ მივედი და თვითონ ჯარისკაცს ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა წასვლა და მან საკუთარ თავზე აიღო ჩემი წაყვანა. ძალიან მადლობლები იყვნენ ჩვენი ამ ნაბიჯის გამო. ჟურნალისტები თუ სამხედროები სულ ჩვენზე ლაპარაკობდნენ – ესენი ვინ ყოფილანო (იცინის). ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დღეიდან ჩვენი მეგობრები ხართ და ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, ყველა ფესტივალსა და კონცერტზე ჩვენ გვერდით იქნებითო.

– წინასწარ მომზადება თუ გაიარეთ?

– თავიდან გაგვაფრთხილეს, რომ დროის ის მონაკვეთი სახიფათო არ იყო. როცა წავედით, გზაში ჯარისკაცი გვეუბნება, როცა გეტყვით, დაწექით, დაწექით! როცა გეტყვით, გახოხდით, გახოხდით! როცა გეტყვით, გაიქეცით, გაიქეცითო... ძალიან დაგვზაფრა ამ სიტყვებმა, მაგრამ შუა გზაში ვიყავით და უკან ვერ დავბრუნდებოდით. გზა გავაგრძელეთ და საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

– მოდი, ბავშვობა გავიხსენოთ. როგორი იყო მუსიკალური კარიერის დასაწყისი?

– მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა, პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია. ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცლები იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი.

– ათი წლის ასაკში ამას დამოუკიდებლად მიაღწიე და ეკრანზე რომ საკუთარ თავს ხედავდი, ალბათ, ძალიან ბედნიერი იყავი.

– ჩემს მშობლებთან პატარაობიდანვე ძალიან კატეგორიული ვიყავი. კონკურსებზე რომ გავდიოდი, ვეუბნებოდი, თუ გავიგე, რომ ვინმე ჩარიეთ ჩემს დასახმარებლად, არასდროს გაპატიებთ-მეთქი. მინდოდა, თუ რამეს მივაღწევდი, ეს ჩემით გამეკეთებინა. „ანა-ბანაში“ გავიმარჯვე და აქედან დაიწყო კონკურსები საზღვარგარეთ.

– სკოლაში შენი სიმღერის გამო დედას საყვედური მიუღია...

– სკოლაში ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. გაკვეთილზეც ვერ ვჩერდებოდი. სულ ვღიღინებდი, მაგრამ ისე, რომ ვერც ვაცნობიერებდი, სანამ მასწავლებელი შენიშვნას არ მომცემდა. ზოგჯერ ღიღინთან ერთად ვცეკვავდი კიდეც. ჩემი ცუდი ქცევის გამო დედაჩემი სკოლაში არასდროს დაუბარებიათ, მაგრამ ერთხელ დაიბარეს და უთხრეს: ქალბატონო, თქვენი შვილი გაკვეთილზე მღერის და ცეკვავს, იქნებ ყურადღება მიაქციოთო (იცინის). მასწავლებელიც და დედაც სიცილით კვდებოდნენ, მაგრამ ფაქტი იყო, საყვედური უთხრეს (იცინის).

– ძალიან ბევრმა „მხოლოდ ქართულით“ გაგიცნო და სიმღერის ნიჭთან ერთად, შენი განსაკუთრებული გარეგნობაც შეამჩნიეს. ასპარეზი დიდია და თუ უთავსებ მომღერლობას სხვა რამეს, თუნდაც მოდელობას?

– „მხოლოდ ქართულმა“ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ამჯერად, პირიქით, მასში ჩემი მშობლებისა და ოჯახის ძალდატანებით მივიღე მონაწილეობა (იცინის). კომენტარებში რომ გარეგნობას უსვამდნენ ხაზს, არ მომწონდა, სიმღერა შემიფასეთ-მეთქი (იცინის). ბევრი შემოთავაზება მქონდა ფოტოსესიებიდან და გადაღებებიდან. მოდელობას რაც შეეხება, მე ძალიან ბევრს ვხუმრობ საკუთარ თავზე და სააგენტოებიდან კონკრეტული შემოთავაზებებით რომ დამკავშირებიან, პირველ რიგში, ვეკითხები: თქვენ ჩემი სიმაღლე იცით?! (იცინის). თუმცა, ფოტოგრაფებთან და ვიზაჟისტებთან მითანამშრომლია და ძალიან შემიყვარდა ეს საქმე. არადა მაკიაჟი ჩემგან ძალიან შორს იყო. დედაჩემი რომ მეტყოდა, წამწამები მაინც აიპრიხეო, ვპასუხობდი: დედა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრიობა არის-მეთქი. ესეც პროექტის შემდეგ შეიცვალა, მას შემდეგ სულ ფორმაში ყოფნა მინდოდა, რადგან ხშირად მიწევდა გადაცემებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა. მოდელობას რაც შეეხება, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ყველაზე დაბალი ვიყავი და ამაზე მეც და ჩემი კლასელებიც ბევრს ვხუმრობდით. მერე ცოტა გავიზარდე და ახლა მგონია, რომ ნორმალური სიმაღლე მაქვს, მაგრამ მოდელობისგან მაინც ძალიან შორს ვარ (იცინის). მეუბნებიან ხოლმე, რომ მარტო სიმაღლე არ არის გადამწყვეტი, მაგრამ მე მაინც ასე ვფიქრობ. მე მომღერალი ვარ და მოდელობას ან სხვა საქმეებს რომ მოვედო, მგონია, ჩემს მთავარ საქმეში ხელი შემეშლება. შეიძლება, მოახერხო და ერთმანეთს შეუთავსო რამდენიმე საქმე, მაგრამ არ მინდა, მაყურებელს გაუჩნდეს განცდა, რომ ყველაფერს მოვედე. მინდა, სრულიად მუსიკასთან ვასოცირდებოდე და ყველა მიცნობდეს ნუცა თოფურიას, როგორც მომღერალს.

– დარწმუნებული ვარ, სკოლიდან მოყოლებული, განებივრებული იქნებოდი თაყვანისმცემლებით. როგორი ისტორიები გაქვს?

– პატარა რომ ვიყავი, ჩემს კლასელ გოგონებს ვეჩხუბებოდი, ჩვენი კლასელი ბიჭები როგორ გიყვარდებათ, მე ყველას ძმასავით ვუყურებ, ჩვენ ხომ კლასელები ვართ-მეთქი (იცინის). ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ თუ მე ბიჭის მიმართ არ მქონდა ინტერესი, მაღიზიანებდა მისი ჩემდამი ყურადღება. წესით, ალბათ, უნდა გსიამოვნებდეს, ვინმეს რომ მოსწონხარ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, დღემდე ასეა. ბიჭმა თუ ჩემში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, მასთან საერთოდ არანაირ კონტაქტს არ ვამყარებ.

– სიურპრიზებსა და საჩუქრებს როგორ პასუხობ?

– პროექტის დროს ბევრ საჩუქარს ვიღებდი. რეპეტიციებიდან რომ გამოვდიოდი, საჩუქრებით მხვდებოდნენ ან არ ვიცოდი, ვისგან იყო კონკრეტული საჩუქარი. რამდენჯერაც გავიგე გამომგზავნის ვინაობა, მითქვამს, უხერხულია, ამ საჩუქარს უკან ვერ გაგატანთ-მეთქი და თუ მპასუხობდნენ, კი უხერხულია, ვერ წავიღებო, მაგ შემთხვევაში ვიტოვებდი (იცინის). ყოველდღე დიდ თაიგულს მიგზავნიდნენ, მაგრამ ვინ, არ ვიცოდი და სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობებს ვიხდიდი. ვისთვის უნდა დამებრუნებინა, არ ვიცოდი და ამიტომ ვიტოვებდი.

– ბავშვურად ან სერიოზულად შეყვარებული არ ყოფილხარ?

– კი, მგონი, ახლა ვარ შეყვარებული. ეს ჩემი პირველი სიყვარულია. ამაზე არასდროს მისაუბრია და ცოტა მიჭირს (იცინის). ბოლომდე არ ვიცნობ ამ გრძნობას, მაგრამ განსაკუთრებული განცდა მაქვს და მგონია, რომ ეს სიყვარულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა