რა სასწაულები ხდება ნანა მელქაძის ცხოვრებაში და როგორ გრძნობს ის წინასწარ მნიშვნელოვან მოვლენებს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 24.06

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა ადგილი უჭირავს დიზაინერ ნანა მელქაძის ცხოვრებაში, რა ეხმარება მას ყველაზე მეტად რთული პერიოდების გავლისას.
ნანა მელქაძე: მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩემს ცხოვრებაში სასწაულები ხდება. როცა პრობლემის წინაშე ვდგავარ, სასწაულ ღვთისწყალობას ვგრძნობ. როცა მგონია, რომ გამოუვალი მდგომარეობაა და ვცდილობ, შევეგუო, უცებ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
მე სამედიცინო განათლება მივიღე, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, ბავშვობიდან მიზიდავდა. ვოცნებობდი, რომ მექნებოდა ჩემი საკუთარი საქმე, ამბიციაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ თავი ყოველთვის მაღალ საფეხურებზე წარმომედგინა. ერთი მხრივ, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ მაინც ვოცნებობდი. ვხატავდი, რადგან ძალიან მიყვარს ეს პროცესი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი დიდი საამქრო და მაღაზიათა ქსელი მქონოდა. 2025 წელი ძალიან დიდი გამოწვევების წელია ჩემს ოცნებებთან და იღბალთან მიმართებით. წლევანდელი წლის ბოლოს მოგიყვებით, სად მიმიყვანა იღბალმა, ოცნებებმა თუ ღვთის წყალობამ.
– შრომისმოყვარე ხართ?
– მე ძალიან დიდი შრომა გავწიე ჩემი საქმისთვის. მყავს თანამშრომლები, მაგრამ ყველაზე მეტი შრომა მაინც მე მიწევს. შეიძლება, რაღაც მომენტში ცოტა წავიზარმაცო, მაგრამ ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმე მაქვს და გაუკეთებელს არაფერს დავტოვებ. ზუსტად იმ დროს, როცა მეზარება, უფრო მეტს ვაკეთებ და ვხვდები, რომ ეს ასმაგად წინ მწევს.
– რა გეხმარებათ რთულ პერიოდებში?
– საკუთარი თავი. ოპტიმისტი ვარ. დიდი შინაგანი ძალა მაქვს, ზოგჯერ ჩემი თავი მაკვირვებს ხოლმე. თუ რთულ პერიოდს გავდივარ, ისტერიკაში არ ვვარდები. ვიწყებ ფიქრს, თუ როგორ ვიპოვო გამოსავალი. პარალელურად, საქმეს ვაკეთებ. უამრავი ფიქრის შემდეგ, რომ დავიძინებ და გავიღვიძებ, უკვე ჩემი გონება მაწვდის სამოქმედო გეგმას რთული მდგომარეობის დასაძლევად. ემოციურად რომ მიჭირს, მაშინაც ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ღიმილიანი ვარ. ამას ვერავინ მამჩნევს.
გარდა ამისა, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ეს ძალა ბავშვობიდან მეხმარება. ყველაფერს ვგრძნობ, მათ შორის ადამიანის ხასიათს, მოქმედებებს, ჩემდამი განწყობას. რას ფიქრობს, როცა მესაუბრება, ამასაც კი ვხვდები. საქმეში თუ კრიზისული სიტუაციაა, ჩემი ინტუიცია ზუსტ გამოსავალს მკარნახობს, რაც ყოველთვის ამართლებს.
– ვისაც კარგი ინტუიცია აქვს, სიზმრების მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
– ნამდვილად ასეა. მე ჩემს სიზმრებს ხილვებს ვეძახი. სიზმარს იშვიათად ვხედავ, მაგრამ თუ ვნახე, ის უკვე ხილვაა. მას რომ ვნახავ, ზუსტად ვიცი, რა უნდა მოხდეს. ხანდახან ვაპროტესტებ, იქნებ ეს ასე არ მოხდეს, იქნებ გადავარჩინო მდგომარეობა-მეთქი, მაგრამ რასაც ვხედავ, ის ყოველთვის სრულდება. ზუსტად ვიცი, რა მოხდება სამომავლოდ ჩემს ცხოვრებაში, როგორ იქნებიან ჩემი შვილები... ისიც ვიცი, მე როდის გარდავიცვლები. მე ყველაფრის მიღება და შეგუება შემიძლია, ეს დეპრესიაში არ მაგდებს.
ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გადავიტანე. ათასიდან ერთი ქალიც კი ვერ გაუძლებდა, რაც მე ავიტანე. ვინც იცის ჩემი ისტორია, ყველა აღიარებს, რომ იშვიათი ვარ, ყველა განსაცდელს მშვიდად ვხვდები. თუ ვინმე მიპირისპირდება, არ ვეკამათები, საქმით ვცემ პასუხს. ზოგს ჩემი ვიზუალი ატყუებს. კი ბატონო, ნაზი და მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან დიდ ძალას ვატარებ და ამას საქმით ვამტკიცებ. თავის დაცვა ძალიან კარგად შემიძლია.
– რამდენად ზრუნავთ საკუთარ თავზე?
– რა თქმა უნდა ვზრუნავ, წინა პლანზე ჩემს თავს ვაყენებ. 14 თებერვალს ავარია მომივიდა და ერთი თვე ვიწექი ტვინის შერყევით. ყვრიმალი – გაბზარული, მხარი – ნაღრძობი, კისრის ტრავმა და ასე შემდეგ. ავარიის დროს პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, იმდენად შევინარჩუნე სიმშვიდე, რომ მეორე მანქანის მძოლს ეგონა, ძალიან კარგად ვიყავი. მანქანის მიმალვას აპირებდა, რომ პატრულს არ დაენახა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მშვიდად ვეუბნებოდი ამის შესახებ. ტელეფონი მომაძებნინეთ-მეთქი, ვუთხარი და ზუსტად ამ დროს დამირეკა ჩემმა მეგობარმა, მადონა კოიძემ, რომელსაც იმ მომენტში უნდა შევხვედროდი. რომ შემაგვიანდა, მომიკითხა და მისმა ზარმა მაპოვნინა სადღაც ჩავარდნილი ტელეფონი. ვუთხარი, რომ ავარიაში დავილეწე, მოვიდა და კლინიკაში გადამიყვანეს. მიუხედავად ყველაფრისა, მე ისევ მშვიდად ვიყავი, რა თქმა უნდა, ყველანაირი ანალიზი და გამოკვლევა ჩავიტარე. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გავიარე კონტროლი. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ავარიამ თუკი რამე დისკომფორტი დამიტოვა, ბოლომდე აღმოვფხვრა. თუმცა, ზოგადადაც, ჩემს თავზე ზრუნვა არასდროს მავიწყდება. ცხოვრებამ მასწავლა, რომ პირველ რიგში, მე უნდა იყო კარგად და ჯანმრთელად. მოვლილიც უნდა ვიყო და კარგადაც გამოვიყურებოდე. სხვებს ვაცმევ და თვითონაც კარგად უნდა მეცვას, სამკაულიც უნდა მეკეთოს და საერთოდ, ყველანაირად მოწესრიგებული უნდა ვიყო. ჩემს მომხმარებელს ერთხელაც კი არ ვუნახივარ მოუწესრიგებელი. რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ჩემს თავს უნდა მივხედო. სარკეში რომ ჩავიხედავ, უნდა მომეწონოს, ვისაც იქ დავინახავ. თუ რამე არ მომეწონება, აუცილებლად გავაკეთებ რამეს იმის გამოსასწორებლად, იქნება ეს კანის მოვლა, თმის ფერი, მასაჟი სხეულისთვის თუ ასე შემდეგ.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და დღევანდელი რეალობა რამდენად ახლოსა თქვენს წარმოდგენებთან?
– მე საკუთარ თავს ბევრი რამ შევუქმენი იქიდან, რაც ბავშვობაში ჩემს წარმოსახვაში მქონდა. თითქმის ბოლომდე მივიყვანე ჩემი ოცნებები. მეამაყება ჩემი თავის და ხანდახან თავადაც მიკვირს, როგორ ვახერხებ ამდენ რამეს. ფენომენალური მეხსიერება მაქვს, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ოცნებები მომავალთან დაკავშირებით და დღეს უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ ფიქრებსა და წარმოდგენებს ძალიან დიდი ძალა აქვთ, რაზეც მალე შემეძლება საუბარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან