შოუბიზნესი

რა საშინელებების გამოვლა მოუხდა „ბოშა ქალის“ შემსრულებელ მზია გეწაძეს და როგორ გაუმკლავდა ის ბინძურ ჭორებს

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 08.05, 2023 წელი

მზია გეწაძე
დაკოპირებულია

„ბოშა ქალო“ – ეს სიმღერა, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, ყურადღების ცენტრში მოექცა ამ სიმღერის შემსრულებელი, მომღერალი მზია გეწაძე. ქალბატონმა მზიამ საკუთარი ცხოვრებისა და პროფესიის შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო.

მზია გეწაძე: 7 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანა. ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა დავამთავრე. სიმღერის სიყვარული ბაღის ასაკში გამოვავლინე. სულ ვღიღინებდი, კონცერტებზე გამოვდიოდი. ხუთი წლის ასაკში ბაღის ზეიმიდან ოპერის თეატრში მოვხვდი. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ ანსამბლ „პირველ ალიონში“ მივედი, რომელიც იმ დროს ძალიან ცნობილი იყო ქუთაისში. იქ მივხვდი, რომ მინდოდა, მთელი ცხოვრება ეს საქმე მეკეთებინა. ათი კლასის შემდეგ ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. შემდეგ კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სასწავლებლად ჩემი თბილისში გადაყვანა ითავა. დავამთავრე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სასწავლებელი და შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი. სწავლის ვასრულებდი, როცა გავთხოვდი და ჩემი მუსიკალური კარიერა დასრულდა.

– როდის შეიქმნა სიმღერა „ბოშა ქალო“, რომელიც ახლა გახდა ძალიან პოპულარული?

– 1992 წელს. მაშინ კონკურსზე, რომელსაც მანანა თოდაძე და ბორია შხიანი ატარებდნენ ამ სიმღერით მეორე ადგილი ავიღე. სიმღერის ტექსტი დალი ყარაულაშვილს ეკუთვნის. ახლა ხუთი შვილის დედა და უკვე ბებიაა, მაგრამ როდესაც ეს ტექსტი დაწერა, მეათე კლასში იყო. ალბათ, ამიტომაც არის ახლა განსაკუთრებით აქტუალური ახალგაზრდებისთვის. ეს სიმღერა, რომელიც ახლა გაჰიტდა, ვოვა მაჩიტაძემ შექმნა. 30 წელი ელოდა ჩემი „ბოშა ქალი“ ამ წარმატებას. მსგავსი რამ არც კი დამესიზმრებოდა. ეს სიმღერა რომ დაიწერა, სულ სხვა პერიოდი იყო, მათ შორის სარწმუნოების მხრივ. ახლა სხვა დროა, სარწმუნოებისკენ მოვექეცით, ტაძარში დავდივართ, ვლოცულობთ და ვცდილობთ, ჩვენი სარწმუნოების წესებს მივყვეთ, რომ უკეთესები ვიყოთ. ამიტომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ „მიმკითხავე“ ასეთი პოპულარული გახდებოდა. კიდევ ბევრი სიმღერა მაქვს და რაზედაც ხელი მიმიწვდება, ყველაფერს განვაახლებ.

– ეს სიმღერა მართლაც ძალიან პოპულარული გახდა და რა ხდება ამ დროს თქვენს თავს?

– მე საერთოდ არ შევდიოდი „ტიკ-ტოკზე“. სოციალური ქსელებიდან მხოლოდ „ფეისბუქს“ მოვერგე. ერთხელაც, სამსახურში ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა ამ სიტყვებით მომმართა: „ქალბატონო პოპულარულო მზია, იცით, რა ხდება „ტიკ-ტოკზე“ თქვენს სიმღერაზე ბუმია“. მან მაჩვენა ყველაფერი და გავგიჟდი. მას შემდეგ იზრდება და იზრდება ნახვები, ეს სიმღერა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უკვე სადაც წავედი, ყველა მცნობს. ბევრგან მიწვევენ. ცოტა ხნის წინ კონცერტი გავაკეთე. უამრავი ახალგაზრდა მიყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით. „ბოშა ქალზე“ კი, საერთოდ, ჩემი ხმა გადაფარეს, ზეპირად იცოდნენ ტექსტი. უდიდეს ბედნიერებას განვიცდი ამის გამო. მე ეს მაკლდა და ახლა ვივსებ დანაკლისს. ახლა გამოიღო ნაყოფი ჩემმა შრომამ. ეს გვიან მოხდა, მაგრამ ხომ მოვესწარი?! ძალიან ბედნიერი ვარ.

– ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან დიდი სირთულე გაქვთ გამოვლილი. ნათქვამი გაქვთ, მეუღლე მე და ჩემს შვილს ტანსაცმელს გვაყრიდა თავზე კორპუსიდან ეზოშიო. რატომ მოხდა ასეთი რამ?

– მან ასე გამოხატა ბრაზი. კარგი, შეიძლება რაღაც დავაშავე მე და არ ვარ მართალი, მაგრამ ეს შენს ოჯახში უნდა მოაგვარო, მთელი კორპუსი კი არ უნდა აცინო.

– როგორ შექმენით ოჯახი?

– ოჯახი ისე შევქმენი, რომ არც ვიცოდი, თუ ეს ხდებოდა. სხვა ქალაქში ჩავედი ნაცნობ გოგონასთან და ღამის გასათევად დავრჩი, მაგრამ მასთან ბევრი სტუმარი მოვიდა და ჩემი ადგილი აღარ დარჩა. იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. გამოვედი და ავტობუსების გაფიცვა დამხვდა. ქუჩაში ვიდექი, ვერსად მივდიოდი. ბიჭმა, რომელიც შემდეგ ჩემი ქმარი გახდა, გამომაცილა. რომ ნახა ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მასთან წასვლა შემომთავაზა. რა მექნა, უცხო ქალაქში ქუჩაში ხომ ვერ დავრჩებოდი. თან, ჯიბეში ტაქსის ფულიც არ მქონდა. წავყევი და მორჩა, დამტოვეს.

– საიდან იცნობდით?

– ამხანაგი იყო. მანამდე მხოლოდ სამი თვე ვიცნობდი. პაემანზეც კი არ ვიყავი ნამყოფი. რომ გავთხოვდი, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი ხოლმე, გაიპრანჭე, წადი და დამირეკე, პაემანზე დამპატიჟე-მეთქი, ძალიან მინდოდა, ეს ყველაფერი განმეცადა, მაგრამ მას ამის საშუალება არ ჰქონდა, ძალიან რთული პერიოდი იყო.

– რატომ დასრულდა თქვენი ოჯახური ურთიერთობა ასე ცუდად?

– ჩემს ქმარს საზღვარგარეთ გამოუჩნდა სამსახური და მთელი წლით მიმატოვა უცხო ქალაქში, უცხო ოჯახში და უცხო მეზობლებში. იქაური მეზობლები მე არ მიცნობდნენ. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ მე მომღერალი ვიყავი. მომღერლობა ახლა არის პრესტიჟული, მაშინ ასე არ იყო. თუ მომღერალი იყავი, წესიერების თვალსაზრისით კარგი თვალით არ გიყურებდნენ. არ მინდოდა, მარტო დარჩენა, უცხო ქალაქს ძლივს მივეჩვიე, მაგრამ რას ვიზამდი, ამ მდგომარეობაში ასე იყო საჭირო. ის რომ წავიდა, დიდი სიცარიელე დარჩა, სულ ვფიქრობდი, ღმერთო, რა დავაშავე, აქ რა მინდა-მეთქი. მარტო რომ ვიყავი, ხან ამას დაველაპარაკე, ხან ის გავიცანი. კორპუსის მეზობლებთან შევედი კონტაქტში. მანამდე ძალიან არ მომწონდა მისი მეზობლები. როგორ გითხრათ, არ იყო მაინცდამაინც კულტურული ხალხი. საშინელება იყო ჩემი იქ ცხოვრება. მაგრამ მარტო რომ დავრჩი, უკვე დავიწყე მათი გაცნობა, დავუმეგობრდი კიდეც. ჩემი პატარა შეუყვარდათ, ხან ერთს ეკავა ხელში, ხან მეორეს. მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელსაც ვემეგობრებოდი და ვემეზობლებოდი, შევატყვე, რომ სხვანაირად მიყურებდა, როგორც ქალს და არა როგორც მეგობარს. ამ დროს ჩემზე გაცილებით პატარა იყო. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა და ისე ვიქცეოდი, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი. მერე ქუთაისში წავედი მშობლებთან. იქაც პრობლემები იყო და დიდხანს ვერც იქ გავჩერდი. ერთი წელი რაღაცნაირად გავაჩანჩალე. ვიცდიდი, როდის ჩამოვიდოდა ჩემი ქმარი. ჩამოვა და ვეტყვი, რომ ასეთი სიტუაციაა და ვთხოვ, იქნებ თბილისში წავიდეთ-მეთქი. ასე მქონდა გადაწყვეტილი. ჩამოვიდა, დავსხედით, ვისაუბრეთ, მაგრამ მივხვდი, რომ უკვე გაციებული ვარ, მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ. მაინც ვუთხარი, თბილისში უნდა წავიდეთ და ვიმუშაოთ-მეთქი, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. ამ დროს დაიწყო შემოტევა იმ პატარა ბიჭისგან. პირდაპირ ასე დამისვა საკითხი: ქმარი დატოვე და დღესვე წაგიყვან ცოლად შენი შვილიანადო. ამაზე საშინელი რეაქცია მქონდა. ვუთხარი, რომ ქმარს არასდროს დავტოვებდი და მისი არ გავხდებოდი. ერთხელ გავთხოვდი, ჯვარი მაქვს დაწერილი და თავს არავის დავაცინებინებ-მეთქი. კატეგორიული უარი მიიღო ჩემგან და ამის შემდეგ გაგიჟდა. ერთხელ ჩემმა ქმარმა თბილისში წამიყვანა. ტელევიზიაში მქონდა საქმე. ეს ბიჭი, თურმე, უკან გამოგვყოლია და ტელევიზიიდან რომ გამოვედი, ამ დროს ჩემი ქმარი სადღაც იყო გასული და მე რომ მარტო დამინახა, ისევ იმავენაირად დამიწყო ლაპარაკი. ძალიან გავბრაზდი. ახლა რომ ვინმემ დაგვინახოს, ხომ იტყვიან, რომ მე დაგიბარე, რატომ გამოგვყევი-მეთქი, ვუთხარი და ხელი აიქნია. ცოტა სხვანაირი ბიჭი იყო, არავინ და არაფერი აინტერესებდა. არასწორი გზებით ცდილობდა ჩემს მოპოვებას, თორემ, როდესაც ადამიანი შეგნებულია და მას ეუბნები, რომ ქმარი გიყვარს, შვილი გყავს და ოჯახს არ დაანგრევ, ცოტა თავი ხომ უნდა დაიჭირო და გაჩერდე, მერე რა, რომ ვიღაც შეგიყვარდა?! მეც შემყვარებია ვიღაც, მერე მეც მქონდა ანალოგიური სიტუაცია, მაგრამ სხვისი ოჯახი კი არ დამინგრევია. კისერზე არავის ჩამოვკიდებივარ. როგორ ვიკადრებდი, კაცისთვის მეთქვა, ცოლს გაშორდი და მე წამიყვანე-მეთქი. არც კაცი უნდა მოიქცე ასე. ქალს არ უნდა აკადრო, ქმარი დატოვე და მე წამომყევიო.

– ამ შეხვედრამ გააბრაზა თქვენი ქმარი?

– კი, თურმე, დავუნახივარ ამ ბიჭს რომ ველაპარაკებოდი და პირდაპირ სახლში წასულა. მე როდისღაც ჩავაღწიე სახლამდე ტრანსპორტით. გზაში ვლაპარაკობდი ამ ბიჭთან და ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა.

– მასთან ერთად წახვედით?

– კი, ის ქუჩაში ხომ არ დამტოვებდა, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა და ამისთვის ტრანსპორტი გამოიყენა. სახლში რომ მივედი, ჩემმა ქმარმა კარი გამიღო და მკითხა, რა ქენი, ის ნახეო? ხომ არ ვეტყოდი არა-მეთქი, ქმარს ხომ არ მოვატყუებდი. კი-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი. არაფერი, განა რამე მითხრა. ჩემი ქმარი ეჭვიანიც არ იყო. რომ იტყვიან, ბულკივით ბიჭი იყო. არ იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ არ ვიცი, რატომ მიიღო ასე. არ ვიცი, რატომ არ დამიჯერა. თუ საკუთარი ცოლის არ გჯერა, რატომ ტოვებ ერთი წელი უპატრონოდ უცხო ქალაქში?!

– არ დაიჯერა, რომ არ გქონიათ ურთიერთობა ამ ბიჭთან?

– არ დაიჯერა და როგორ უნდა დამერწმუნებინა, აბა, მითხარით, როცა უკვე ქმარი გყავს და აღარ ხარ ქალიშვილი?! მე 25 წლამდე მივიტანე ჩემი სისპეტაკე და ჯვარი ქალიშვილმა დავიწერე. ყველაფერი ტრადიციულად, წესების მიხედვით გავაკეთე. 3 დეკემბერს გავთხოვდი, ჯვარი კი 28 იანვარს დავიწერე და ტაძარში ქალიშვილი გოგო შევედი, იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ამას. სხვანაირი რომ ვყოფილიყავი, მანამდე ვერაფერს ვიზამდი? 19 წლის შემდეგ თბილისში ვცხოვრობდი და ვერ მოვახერხებდი ამას?! თუმცა, არ მენდო, იეჭვიანა ჩემმა ქმარმა. მეორე დილით ხელი დამარტყა და ეს უკვე პიკი იყო. პირველ ღამეს, როდესაც მე მასთან დავრჩი, ჩვენ ვისაუბრეთ და მან მკითხა, რას ვერ აპატიებ მამაკაცსო. ვუპასუხე, რომ ვერ ვაპატიებდი ფიზიკურ ხელყოფას. იმ დღეს მან ხელი იმიტომ დამარტყა, რომ მე უნდა წავსულიყავი. მივხვდი ამას, ავდექი და იმ დღესვე დავტოვე მისი სახლი. დავტოვე ის ქალაქი და ყველაფერი წარსულში დავტოვე. გულში ჩავიკარი ჩემი პატარა შვილი და წამოვიყვანე. მშობლები და ძმა დამიდგნენ გვერდით, შვილი მათ გამაზრდევინეს. არ ვიყავი კარგად, ამის შემდეგ ძალიან რთული ფორმის ნევროზი დამემართა. წარმოიდგინეთ, როდესაც მართალი ხარ და ათას ტალახს გესვრიან. ამას საშინელი ჭორები მოჰყვა. ისეთი ხმები მომდიოდა, გახსენებაც არ მინდა.

– ის კაცი, ვის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, აღარ გამოჩენილა?

– ვაიმე, როგორ არა? მის მერე წლები დამდევდა, წამომყევი, წამომყევიო. არაფრით არ წავყევი. ჯერ იმიტომ, რომ არასწორი ხერხებით აკეთებდა ყველაფერს, მერე იმ ქალაქს, სადაც ვცხოვრობდით სამასხარაოდ გაახდევინა ჩემი სახელი. შენ თუ მე გიყვარვარ, განა ჩემზე ვინმეს რამე ცუდს ათქმევინებ?!

– სინამდვილეში ხომ არ გქონდათ მასთან ასეთი ურთიერთობა ან გრძნობა?

– არა, მე მის მიმართ სიყვარული არ მქონია. უბრალოდ, ის ცოტა უფრო ვაჟკაცური ბიჭი იყო, ვიდრე ჩემი ქმარი. ჩემი ქმარი უფრო რბილი ხასიათის და თავმდაბალი იყო. ჩემი ქმარი არ იყო ცუდი ადამიანი, ასე რომ ყოფილიყო, მასთან არ დავრჩებოდი. ის ბიჭი ცოტა „ბლატაობის“ მოყვარული და „ჟილკიანი“ იყო და ეს რაღაც მომენტში მომწონდა, რაღაც მხრივ, მამაც ძალიან „ჟილკიანია“ და ალბათ, ამიტომ, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი იყო. გულწრფელად ვამბობ, ასეთ ბიჭებთან მეგობრობა მომწონს. მე უკვე წლებია, ქუთაისში რესტორანში ვმუშაობ და აქ დაქალები არ მყავს, ძმაკაცები მყავს. კაცებისგან იმდენი რამე ვისწავლე, ვერ წარმოიდგენთ.

– მეუღლე თქვენზე იყო გაბრაზებული, გასაგებია, მაგრამ შვილთან რატომ გაწყვიტა ურთიერთობა?

– ეგ ვერ გავიგე. მესმის, მეუღლეზე ასე ფიქრობ. მთელი წელი არ ხარ ჩემ გვერდით და როგორ დაგიმტკიცებ სიმართლეს, მაგრამ შენს შვილს რას ერჩი?! საზღვარგარეთ რომ მიდიხარ და ორი წლის შვილს ტოვებ, ერთი წლის შემდეგ ბრუნდები და დედამისს ურტყამ, ეს პატარა ბავშვი კი გიყურებს, ამას რა ჰქვია?! მე რომ იქ დავრჩენილიყავი, როგორ გაგრძელდებოდა ყველაფერი და რას ნახავდა ჩემი შვილი, როგორი ადამიანი გაიზრდებოდა? მე რომ წამოვედი, მან შვილთანაც გაწყვიტა ურთიერთობა. ჩემმა შვილმა კონსერვატორია დაასრულა, დანიაში მოხვდა გაცვლითი პროგრამით. დანიის სამეფო აკადემიის სტიპენდიატი გახდა და იქიდან რომ ჩამოვიდა, მითხრა, მამა უნდა ვნახოო. სხვათა შორის, ძალიან კარგად შეხვდა ოჯახში ყველა.

– თქვენს ცხოვრებაში რა მოხდა, აღარ გიფიქრიათ ოჯახის შექმნაზე?

– მიფიქრია, მაგრამ ვეღარავის ვენდე. ვინმე რომ გამოჩნდებოდა, მაშინვე ჩემს თავს ვეკითხებოდი, ამანაც რომ იგივე გაგიკეთოს, მერე რაღას იზამ-მეთქი? მეორედ გაშორებას ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი, ამიტომ აღარ გავთხოვდი. მყავს შვილი, ძალიან კარგი რძალი, ულამაზესი შვილიშვილი და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი