შოუბიზნესი

რა საოცარი ისტორიების შემსწრეები არიან ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილის რომელმა სიმღერამ შეარიგა დაშორებული წყვილი

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 13.05

გიორგი შოშიტაშვილი
დაკოპირებულია

გიორგი შოშიტაშვილისა და „ქსოვრელების“ ტანდემი, ალბათ, ბევრისთვის კარგად არის ნაცნობი. გიორგი „ქსოვრელების“ გარემოცვაში გაიზარდა და ბუნებრივია, რომ ამ ანსამბლის ჟანრი მისთვის ძალიან ორგანული და განსაკუთრებით საყვარელია.

გიორგი შოშიტაშვილი: ოჯახიდან გამომდინარე, მუსიკასთან კავშირი ბავშვობიდანვე მქონდა. როგორც მოგეხსენებათ, მამა ელდარ შოშიტაშვილი უფროსი თაობის „ქსოვრელების“ ხელმძღვანელია. რა ასაკიდანაც იწყება ჩემი მეხსიერება, იმ ასაკიდან მახსოვს განსაკუთრებული ჰანგები, ანუ ქალაქური ფოლკლორი. ალბათ, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მეც ხელოვნებას გავყოლოდი. რამდენად კარგად გამომდის, ეს უკვე მსმენელმა უნდა შეაფასოს.

– თვითონ როდის გახდით დიდი ისტორიის მქონე „ქსოვრელების“ ნაწილი?

– როცა პირველად ინსტრუმენტი დავიჭირე ხელში, 7-8 წლის ვიყავი. ეს მამაჩემისთვის სიურპრიზი იყო. მან არ იცოდა, თუ მე რამეს ვცდილობდი. ბევრი საქმე ჰქონდა და სახლში ბევრ დროს ვერ ატარებდა. ერთ დღესაც, როდესაც სახლში წვეულება გვქონდა, მასთან მაშინ გამოვამჟღავნე – ორი სიმღერა შევასრულე დუდუკზე. გაოცებაც იყო და ცრემლიც; როგორც ხდება ხოლმე ასეთ მომენტებში მშობლის მხრიდან. მამას ჰქონდა სკოლა, სადაც ბავშვებს ასწავლიდა და მოსწავლეები ერთ-ერთ ტელევიზიაში მიგვიყვანა. პირველად ზუსტად მაშინ ჩავიცვი „ქსოვრელების“, ყარაჩოღელების ფორმა და ტელევიზიით მიხილა მაყურებელმა. საკმაოდ პატარა ვიყავი, დაახლოებით, ათი წლის და მაშინ მოვიწამლე ამ სამყაროთი. „ქსოვრელების“ პატარა თაობად ვითვლებოდით, თუმცა, მათგან მხოლოდ მე დავრჩი „ქსოვრელებთან“.

– „ქსოვრელებთან“, გემრიელი ქართული მუსიკის გარდა, სუფრა, სადღეგრძელო, კარგი მოლხენა ასოცირდება. თქვენ რამდენად გიყვართ და გამოგდით ეს ყველაფერი?

– დიახ, „ქსოვრელები“ და ქართული ტრადიციები ერთმანეთისგან განუყოფელია. სადაც ქართული სუფრა იშლება, „ქსოვრელებიც“ იქ არიან. ქალაქური მოლხენა, კოლორიტები, კარგი სიტყვა-პასუხი, სუფრის კულტურა და „ქსოვრელები“ განუყოფელია. სანამ „ქსოვრელები“ და დუდუკი იარსებებს, იქამდე იარსებებს თბილისი – მე ასე ვფიქრობ. ჩვენ იმას ვემსახურებით, რაც თბილისურია და ქართულია. ქართველობასა და ქალაქურობაში შედის თამადობაც. არ არის პატარა საქმე, როცა ამხელა პასუხისმგებლობას გაბარებენ. ქართული სუფრის თამადობა დიდი აკადემიაა. მეც ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ასეთი ქალაქური სუფრები იშლება. ჩემი ყველაზე დიდი გამოცდილება ჩემი მეგობრის 250-კაციანი ქორწილში თამადობა იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი თავისით მოვიდა. ქართული სუფრაც ხომ ესაა, სადღეგრძელოები სიტუაციიდან გამომდინარე ითქმება. შინაურ წრეში კი ძალიან ხშირად ვთამადობ.

– ალბათ, ძალიან ბევრი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის გვერდით ყოფილხართ „ქსოვრელები“, მათთვის მნიშვნელოვანი, რომანტიკული და სიყვარულით სავსე ცხოვრებისეული მოვლენის დროს...

– ძალიან ტრენდული გახდა „ქსოვრელების“ მიწვევა დაბადების დღის მისალოცად, ქორწილში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოთხოვნაა და ეს ძალიან მახარებს. იგრძნობა, რომ ახალგაზრდობასაც შევაყვარეთ ძალიან მივიწყებული ქალაქური ფოლკლორი, რომელსაც ფანოღს ეძახდნენ. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა ასე ადაბლებენ ჟანრს. ეს ჟანრი ფსკერამდე იყო ჩასული, აღარავინ უსმენდა. საბედნიეროდ, წინ წამოვწიეთ. დღეს მას ბავშვებიც კი უსმენენ, ორი, სამი წლისები. ჩემს გვერდზე ყოველდღე უამრავ ვიდეოს მიგზავნიან, როგორ მღერიან ან უსმენენ პატარები ჩვენს სიმღერებს.

დიახ, ძალიან ბევრი განსაკუთრებული მოვლენის მონაწილეები ვყოფილვართ, ბევრი საინტერესო ისტორიაც ყოფილა, თუმცა ერთს განსაკუთრებულად გამოვარჩევდი. ჩვენმა ერთ-ერთმა სიმღერამ „მინდოდა, მეთქვა“, რომელიც მე ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, დიდი ხნის დაშორებული წყვილი შეარიგა. ეს რომ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ სიმღერით ბევრი წყვილი დაგვიქორწინებია. ეს სიმღერა მე თვითონაც ძალიან მიყვარს. ყოველთვის, როცა ქორწილში ვარ, ტორტის გაჭრის ცერემონიაზე ზუსტად მის შესრულებას გვთხოვენ ხოლმე.

– საკუთარი მეუღლის გასანებივრებლად თუ იყენებთ ამ შესაძლებლობას ან შეყვარებულობის პერიოდში თუ უმღეროდით სერენადებს?

– ჩემი მეუღლე ზუსტად ამ ხელოვნების დამსახურებით გავიცანი. ჩემი პირველი საჯარო გამოჩენიდან მადევნებდა თვალს. ძალიან მოსწონდა ჩვენი ჟანრი და სულ ყურადღების ცენტრში ვყავდი. შემდეგ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ყველაფერი იქიდან დაიწყო. დღეს ჩემი მეუღლე ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში. ჩვენი პიარმენეჯერი და პროდიუსერია. ამ საკითხს ოჯახურად ვუდგებით.

სიმართლე გითხრათ, მეუღლისთვის სერენადა არ მიმღერია. თუმცა, ყოველდღე გვქონდა მეგობრული საღამოები. „ქსოვრელებთან“ ერთადაც დიდ დროს ვატარებდით და ვანებივრებდი ჩვენი ჰანგებით, იმ სიმღერებით, რომელიც ძალიან უყვარდა. დღესაც, ფაქტობრივად, 24 საათი ერთად ვართ – გასტროლზე ვიქნებით, წვეულებაზე თუ სხვაგან, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

– თქვენს ოჯახში რამდენად ხშირია მუსიკასთან ერთად ტრადიციული სუფრები და გემრიელი მოლხენა?

– რა თქმა უნდა. კვირა არ გავა, რომ ერთი დღე მაინც არ შევიკრიბოთ და მეგობრული საღამოები არ გავმართოთ. ძალიან კარგ დროს ვატარებთ ხოლმე, როგორც ხდება ქართულ სუფრაზე. ყოველ კვირაში თუ არ გამოგვივიდა, ორ კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებთ და არ ვკარგავთ ერთმანეთს და ტრადიციებს.

– პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის შოუში როგორ აღმოჩნდით? თითქოს, ასეთი გადაცემების ფორმატში სხვა ტიპის ბენდებს ვართ მიჩვეულები. ეს სიახლე იყო.

– ეს პაატას იდეა იყო, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ის უყურებდა ჩვენს სტარტს, ჩვენს სიმღერებსა და კლიპებს იცნობდა. ჯერ იყო სატელეფონო საუბარი, შემდეგ შევხვდით და დავგეგმეთ, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და შევჯერდით იმაზე, რომ ამ შოუში მთავარი ბენდი ვიქნებოდით ჩვენ, ის რაც დღეს ხალხს უყვარს. ეს არის ერთადერთი გადაცემა, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერა ისმის და ქალაქური ფოლკლორი ჟღერდება. ეს ძალიან მოთხოვნადი და ყურებადია. რეიტინგი ძალიან მაღალია. ზუსტი გეზი ავიღეთ და კარგად მივხვდით, დღეს ხალხს რა უყვარს. ვხედავთ, რომ ეს მოსწონთ, ძალიან ბევრი გვისმენს და მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ დამფასებელს, რომ „ქსოვრელების“ ჰანგები ასე შეიყვარეს. – ხშირად დადიხართ ემიგრანტებთან შესახვედრად სხვადასხვა ქვეყანაში და გასახსენებელიც ბევრი გექნებათ, თუნდაც, თქვენი დაბადების დღე, რომელიც მათთან ერთად აღნიშნეთ.

– ეს იყო საბერძნეთში, ათენში. სრულიად შემთხვევით მოითხოვეს მარტის თვე და კონცერტი ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა. იქაც მინდოდა, დიდი წვეულება გამემართა მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ დავთანხმდით ამ შემოთავაზებას და სიმართლე გითხრათ, ღირდა. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან საოცარი ემოციები იყო. რამდენადაც სასიხარულოა შენი ქვეყნის შვილებთან შეხვედრა, იმდენად მტკივნეულია ამდენი ემიგრანტის ნახვა სხვა ქვეყანაში. თითოეული სიმღერის ბოლოს ვეუბნებოდი, რომ ძალიან მალე შევხვდებოდით ერთმანეთს საქართველოში. ყველას მინდა, ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაბრუნდნენ სამშობლოში ასრულებული სურვილებით. ჩემი დაბადების დღე მათთან ერთად კონცერტის მსვლელობის დროს აღვნიშნეთ. ყველამ ერთად მომილოცა და უამრავი ტორტი მივიღე საჩუქრად „ქსოვრელების“ თუ მხოლოდ ჩემი სურათებით. ეს სასწაული საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. 600 კაცი რომ ერთად გილოცავს, საკუთარი თანამემამულე, თან სხვა ქვეყანაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ემოციები მექნებოდა?!

კიდევ განსაკუთრებულად გამოვყოფდი ირლანდიაში, დუბლინში ჩატარებულ კონცერტს. არაჩვეულებრივი ხალხი დაგვხვდა იქ. კონცერტს, დაახლოებით, 1 200 ქართველი ესწრებოდა. არ მეგონა, თუ იქ ამდენი ემიგრანტი გვყავდა. საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. გვეუბნებოდნენ, რომ მსგავსი მასშტაბისა და ემოციების კონცერტი დუბლინში არ გამართულა. მიხარია, რომ ჩვენმა ემიგრანტებმა ასე ძალიან შეიყვარეს „ქსოვრელები“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა