შოუბიზნესი

რა საოცარი დამთხვევები მოხდა ნუკა მარგველაშვილის ჯვრისწერის დღეს და რას გადაარჩინა ის მეუღლემ

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 30.09

ნუკა მარგველაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობმა და მუსიკოსმა ნუკა მარგველაშვილმა საყვარელ მამაკაცზე ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერის რიტუალი ისედაც ამაღლებული და განსაკუთრებულია, ნუკას შემთხვევაში კი ეს დღე ორმაგად გამორჩეული აღმოჩნდა.

ნუკა მარგველაშვილი: 29 აგვისტო ჩვენთვის განსაკუთრებულ თარიღად იქცა. ეს ამბავი ძალიან დაუგეგმავად მოხდა. დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ საშველი ვერა და ვერ დავაყენეთ. ამასობაში უკვე მეშვიდე წელია, ჯვარდაუწერლები ვართ. არადა, ძალიან გვინდოდა, ეს ნაბიჯი გადაგვედგა და აი, ესეც მოხდა.

– არაკანონიერი მეუღლე რამდენ ხანს იყო?

– 2016 წლიდან. დიდხანს ვიყავით არაკანონიერ ქორწინებაში (იცინის). ჯვრისწერა ისეთი რიტუალია, რომელიც კარგად დაფიქრებას მოითხოვს, მაგრამ იმდენი ხანი გავიდა, ეჭვები ნამდვილად აღარ გვქონდა (იცინის).

აგვისტოში ოთხი დღით წავედით აჭარაში მე, ჩემი ახლა უკვე ნამდვილად მეუღლე, მისი ძმა და მეუღლე. ერთი კი ვთქვით, ბარემ ჯვარი ხომ არ დაგვეწერაო, მაგრამ იმ მომენტში ძალიან არარეალური იყო, რადგან ბევრი რამ არის წინასწარ მოსამზადებელი, თუმცა, ვგრძნობდი, რომ ამისთვის ყველაზე კარგი დრო იყო.

აჭარაში სასულიერო პირსაც კი არ ვიცნობ და ვერ წარმომედგინა, რამის გაკეთება თუ იქნებოდა შესაძლებელი. მეგობარმა მამა შიოსთან, წმიდა ბარბარეს ტაძრის მოძღვართან დამაკავშირა. მას ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ, 29-ში მობრძანდითო.

გადავწყვიტეთ, მეჯვარეები ჩემი მეუღლის ძმა და მისი მეუღლე ყოფილიყვნენ, თუმცა, გაირკვა, რომ ცოლ-ქმრის მეჯვარეებად დაყენება არ შეიძლება. 28-ში საღამოს, ვფიქრობ, ხვალ, შუადღეს მამაო გველოდება, რომ ჯვარი დაგვწეროს და მე მეჯვარე არ მყავს. ვურეკავ ისევ მამაოს, რომ ამაზე დაველაპარაკო, მაგრამ მარიამობა იყო, როგორც ჩანს ვერ მოიცალა და ტელეფონი არ აიღო.

ამ დროს ჩვენ გონიოში ვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა იყო ბათუმში და ვიფიქრე, იქნებ ძმები დავიყენოთ მეჯვარეებად მე და ჩემმა მეუღლემ-მეთქი. ამ კითხვით უკვე მამა საბას (ჭიკაიძე) მივმართე. როცა მისგან დადებითი პასუხი მივიღე, ისიც ვუთხარი, სად ვიყავი. მეუბნება, ხვალ მეც ბათუმში ვიქნები და თუ მოვახერხე შემოგივლითო, რაც ძალიან გამიხარდა. ამასობაში მამა შიომაც გადმომირეკა, ჯვრისწერისთვის საათი კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ და ჩემი ძმაც შევამზადე მეჯვარეობისთვის.

ჯვრისწერის დილითაც პლაჟზე გავედი. სად წავსულიყავი სხვაგან? დიდად ვერც ვაცნობიერებდი, რომ ქორწილი მქონდა (იცინის). მეუღლის ძმამ და მისმა მეუღლემ ულამაზესი ბეჭედი მაჩუქეს, ჩავიცვით, მივდივართ ჯვრის დასაწერად და ამასობაში, ჩემს მეუღლეს გაახენდა, რომ მას არ აქვს ბეჭედი და რომ საერთოდ, ჯვრისწერისთვის ბეჭედი საჭიროა (იცინის).

– და თეთრი კაბა პატარძლისთვის?

– საერთოდ, ძალიან პრანჭია ვარ. ამიტომ ორი დღითაც რომ მივდიოდე სადმე, ათი ჩემოდანი მიმაქვს. აბრეშუმის თეთრი გრძელი კაბა ზღვისთვის მქონდა შეძენილი, ფეხზეც ზღვისთვის შესაბამისი სანდლები მეცვა. ქვებიც მქონდა წაღებული, ვიფიქრე, პლაჟზე რომ მოვიწყენ, ყელსაბამს ავაწყობ-მეთქი და ჯვრისწერაზე გამომადგა (იცინის).

კიდევ ერთი სასიამოვნო დამთხვევა ის იყო, რომ ჩემმა ქმარმა უბრალოდ მოიკითხა მეგობარი და აღმოჩნდა, რომ ისიც გონიოში იყო და ჯვრისწერაზე მოსვლას შეძლებდა. ასე თუ ისე, ყველაფერი მოვამზადეთ, რამდენიმე მეგობარ-ნათესავიც აღმოჩნდა ჩვენ გვერდით, მაგრამ ბეჭედი არ გვაქვს. ამაშიც გამიმართლა, უცებ ვიგებ, რომ ჩემს ძმას ჰქონია ნაყიდი იქვე, საეკლესიო მაღაზიაში (იცინის). თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა. უცებ გამახსენდა, რომ პატარძალს თაიგულიც სჭირდება (იცინის).

ჩვენი ჯვრისწერის შესახებ ოფიციალურად თქმა არავისთვის მინდოდა. მხოლოდ ჯვრის დაწერას ვაპირებდი და ცოტა მეუხერხულებოდა კიდეც, მეთქვა: მოდით, ჯვრისწერას დაესწარით და მერე დავიშალოთ-მეთქი. ძალიან მოკრძალებულად ვეუბნებოდით ყველას, მაგრამ ერთმა მეგობარმა რომ გაიგო, მეორეს უთხრა და ასე, ვიწრო წრემ გაიგო ჩვენი გეგმის შესახებ. მეც ვეუბნებოდი ყველას, ვისთანაც საუბარი მქონდა, თუ არ დაგეზარებათ, მოდით-მეთქი. ვიცოდი, რომ ნიკა წულუკიძეს ჰქონდა კონცერტი იქ და მასაც ვუთხარი, 2 საათზე წმიდა ბარბარეს ტაძართან გამოიარე-მეთქი. ბოლოს ვუთხარი რაშიც იყო საქმე.

საერთო ჯამში, ჩემი ქმარი უფრო მსუყედ იყო წარმოდგენილი. ძმა და ძმის მეუღლე იქ ჰყავდა, მისი დაც კვარიათში ისვენებდა და მოვიდა, ასე, რომ ნათესაურ ამბავში მე ცოტა ვიჩაგრებოდი (იცინის). ჩემი ძმა და მისი მეუღლე იყვნენ მხოლოდ, პირდაპირ პლაჟიდან ამოვიდნენ ჯვრისწერაზე (იცინის).

ასე იყო თუ ისე, მივედით, თაიგული არ მაქვს და ამის გამო სადღაც, გულის სიღრმეში ცოტა დანაკლისს ვგრძნობ, მაგრამ თაიგულს ვინ ჩივის, როცა ასეთ ფორსმაჟორში ამდენი რამ გამოგვივიდა.

გადმოვედი მანქანიდან და უცებ ვხედავ ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელიც ყოველთვის მინდოდა, ჩემი მეჯვარე ყოფილიყო, თუ ოდესმე ჯვარს დავიწერდი და ეს მისთვისაც ნათქვამი მქონდა. წინა დღეს ვესაუბრე და რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ჯვარს ვიწერდი, მაგრამ წინა ღამით მობილიზება ასე მარტივი ხომ არ არის. მითხრა, ვაიმე, როგორ მინდა, შენ გვერდით ვიყო, მაგრამ აბა, სამსახურიდან არ გამომიშვებენო? სადღაც ღამე გულის სიღრმეში კი ვიფიქრე, როგორ დავიჯერო, ვერ მოახერხებს-მეთქი, მაგრამ ისე აღმიწერა მდგომარეობა, რომ გასაგები იყო, ვერ ახერხებდა. მერე მომწერა, დამენახეო, როგორ ნერვები მეშლება, რომ მანდ არ ვარო და მსგავსი სიტყვები. მეც ვამშვიდებდი, არა უშავს, მერე ხელს მოვაწერთ და იქ იქნები მეჯვარე-მეთქი. ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, გადმოვდივარ მანქანიდან და უცებ ვხედავ ამ ჩემს მეგობარს, გამოპრანჭულს, თაიგულით ხელში ეკლესიასთან. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, მართლა მეგონა, რომ ლაპარაკის უნარს დავკარგავდი.

ამასობაში, გავიხედეთ და მამა საბაც მოვიდა, რაც ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ მამა შიო, ვისაც ჩვენთვის ჯვარი უნდა დაეწერა, ჯერ არ ჩანდა. საშინელ საცობში იყო და აგვიანდებოდა. ამ დროს, მამა საბა მეუბნება, მამა შიო ჩემი მეგობარია და პრობლემა არ არის, მაგრამ მეუფე დიმიტრის უნდა დავურეკო და კურთხევას თუ მომცემს და სურვილი თუ გაქვთ, მე დაგწერთ ჯვარსო.

რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რადგან თბილისში რომ დამეწერა ჯვარი, აუცილებლად მამა საბასთან დავიწერდი. მეუფე დიმიტრიც მაშინვე დათანხმდა და მოკლედ, დაიწყო ჯვრისწერა. ტაძარში, დაახლოებით, 12-13 ადამიანი ვიყავით. მამა საბა ფანტასტიკურად ქადაგებს, ყველა სიტყვა რომ გასაგებია, ყველაფერს რომ საუკეთესოდ გიხსნის. მერე ვამბობდი, აუცილებლად უნდა დაგვეწერა ჯვარი-მეთქი, ეს მართლა საოცარი შეგრძნება იყო. მე თვითონ მეორე ქორწინებაში ვარ და პირველადაც დავიწერე ჯვარი. სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არაფერი მახსოვს. მაშინ პატარაც ვიყავი და ალბათ, ამ რიტუალს ამხელა ყურადღებას არ ვაქცევდი. არც იმას მოვიტყუები, სხვის ჯვრისწერას ვუსმენ გულით-მეთქი, მაგრამ ეს ისეთი ქადაგება იყო, ყველა სიტყვა რომ გესმის და სრული პასუხისმგებლობით რომ იაზრებ, რამხელა რამეა ეს რიტუალი და რამდენი უნდა იფიქრო ამ ნაბიჯის გადადგმაზე.

თუმცა, ისე ცხელოდა, ტაძარში ყოფნის დროს, ყველას ვეხვეწებოდი, ჩადით პლაჟზე, მე არ მეწყინება-მეთქი (იცინის). ჯვარი დავიწერეთ, ფოტოები გადავიღეთ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადეთ და ჯვრისწერის შემდეგ, ისევ გონიოში წამოვედით, ისევ საცურაო კოსტიუმები გადავიცვით და სანაპიროზე გავედით (იცინის). საღამოს, რა თქმა უნდა, აღვნიშნეთ, თუმცა, აღვნიშნეთ ზუსტად ისე, როგორც აღვნიშნავდით ყველა საღამოს, ჯვრისწერის გარეშე.

ხომ იცით ქართული ამბავი – ასეთ დროს მაინც გერიდება, რომ არაფერს აკეთებ. მეც უხერხულობას ვგრძნობდი, არ იფიქროთ, რომ რამე გავაკეთეთ და ვინმე გამოგტოვეთ-მეთქი. ნამდვილად ვიცი, რომ ამ ამბავში მართალი ვარ (იცინის). სამწუხაროდ, მერე ფოტოს გადაღება დამავიწყდა, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო, სამ საათზე ჯვრისწერა დამთავრდა და 5-ის ნახევარზე ოთხი კაცი სიმინდს ვჭამდით პლაჟზე (იცინის).

ჯვრისწერა დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუდმივად ვდებდით, ეს იყო, რომ მინიმუმ, 150-კაციანი ქორწილი უნდა გაგვეკეთებინა და ამისთვის თავის მობმა გაგვეწელა. ახლა, ბათუმში სანამ წამოვიდოდით, მეგობარი მეუბნება, შენ არ აპირებ ჯვრის დაწერას? რას ელოდები, ახლა ხომ მიდიხარ რამდენიმე დღით. მაინცდამაინც 200 კაცია საჭირო? დაიწერე და მერე თუ რამის გაკეთება მოგინდება, როცა გინდა, გააკეთეო. ბევრი გოგო ვიყავით ერთად და რომ მიხვდნენ, დავფიქრდი, ძალიან შემომიტიეს, მიდი, მიდიო და საბოლოო ჯამში, მათმა შეგულიანებამ კარგი შედეგი გამოიღო.

ახლა ხელის მოწერაზეც ვფიქრობ. იმდენი ადამიანი მილოცავს, თან, იმდენი წელია, ერთად ვართ, რომ მილოცავენ, უცებ დავფიქრდები ხოლმე (იცინის). ხელის მოწერა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ჯვრისწერა, მაგრამ ალბათ, მალე გავაკეთებთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენ გვერდით. რატომაც არა, მთავარია, საშუალება გქონდეს და კარგი მიზეზით შეკრებას რა ჯობს?!

– მეუღლეზეც მოვყვეთ ცოტა...

– ეს ის ადამიანია, რომელზეც სულ ვამბობ, თუ რამე კარგი გამიკეთებია, მისი სახით დამიბრუნა ღმერთმა-მეთქი. ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიცანით. გაცნობის დღეს, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ წნევა დამივარდა და ცუდად გავხდი. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, მაშინ „ვიღაც ბიჭმა“ და დღეს უკვე ჩემმა მეუღლემ, ჩამიყვანა სასწრაფომდე. მაშინ ისე ცუდად ვიყავი, სახელიც ვერ დავიმახსოვრე და როგორც თვითონ ამბობს, არც თვითონ უფიქრია რამე. მერე მეგობრობით დავიწყეთ და ერთმანეთის მიმართ ძალიან მალე განვეწყვეთ კარგად. პანდემიის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გადავედით ერთად საცხოვრებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიტუაციაში, რომ არა ეს ადამიანი, მე მართლა საგიჟეთში მოვხვდებოდი. ენით აღუწერელმა შიშმა შემიპყრო, პანიკაში ვიყავი. მისმა ძალიან ადეკვატურმა მიდგომამ და სწორმა მესიჯებმა მომცა ძალა, რომ შიში გადამელახა. იმ ჩაკეტილობამ კიდევ უფრო კარგად გაგვაცნო ერთმანეთი და ეს პერიოდი ჩვენი ურთიერთობისთვის ძალიან კარგის მომტანი აღმოჩნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა